მისი აზრით, ამისთვის საკმარისია, "ნაცმოძრაობამ" პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას
თაკო მათეშვილი
10.10.2016

 არჩევნების შედეგებმა, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" დელეგიტიმაციის საფრთხე შეუქმნა. ფიქრობს, რომ შედგება თუ არა პარლამენტი, ეს სათუო საკითხია და შეიქმნა კრიზისი, რომლის განჭვრეტაც წინასწარვე შეიძლებოდა.

"რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ის კონფიგურაცია, რაც არჩევნების შედეგად მივიღეთ, "ქართული ოცნებისათვის" ყველაზე სახიფათოა, რადგან ახლა "ნაცმოძრაობას" შეუძლია პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს, გამოაცხადოს, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ფაქტიურად მთელი პოლიტიკური ელიტა დაეთანხმება იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ," - თქვა მან "მთელ კვირასთან" საუბრისას.

მისი აზრით, პოლიტიკურ პარტიებს თავისუფლად შეუძლიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ და "ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო.

გია ხუხაშვილი: იმაზე, რომ "ქართული ოცნება" პირველ ადგილზე გავიდოდა, ყველა ვთანხმდებოდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის წინააღმდეგი "ნაციონალური მოძრაობაც" კი არ იყო. თუმცა, ამ პროცესის მთავარი ინტრიგა ის იყო, მოახერხებდა თუ არა "ოცნება" საკონტროლო პაკეტის აღებას. ანუ, შეძლებდა თუ არა უმრავლესობის დამოუკიდებლად შეკვრას.

საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც აგრეთვე პროგნოზირებადი იყო - ორი განსხვებული ეგზიტპოლი, რომლიდან ერთის მიხედვითაც "ოცნება" საკონტროლო პაკეტს იღებს, ხოლო მეორეს მიხედვით -ვერა. ორი განსხვავებული ეგზიტპოლი უკვე ძალიან გაუგებარ ვითარებას ქმნის.

გარდა ამისა, ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკა მივიღეთ. "ნაცმოძრაობას" მოგების ილუზია არ ჰქონია და მათი ამოცანა არჩევნებში გამარჯვება არ ყოფილა. მათი ამოცანა სხვადასხვა სცენარით "ოცნების" დამარცხება იყო და არის.

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ის კონფიგურაცია, რაც არჩევნების შედეგად მივიღეთ, "ქართული ოცნებისათვის" ყველაზე სახიფათოა, რადგან ახლა "ნაცმოძრაობას" შეუძლია პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს, გამოაცხადოს, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ფაქტიურად მთელი პოლიტიკური ელიტა დაეთანხმება იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

შედეგად, შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როცა "ქართულ ცნებას" პოლიტიკური ლეგიტიმაციის შეძენა ძალიან გაუჭირდება.

"პატრიოტთა ალიანსიც" საკმაოდ დაძაბულია და არ ვიცით, როგორ მოიქცევა. ამ დღეებში ისინი აცხადებდნენ, რომ მატ ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდათ. არაა გამორიცხული, ამ რედაქციით პარლამენტში შესვლაზე მათაც უარი განაცხადონ და არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადონ. აღარაფერს ვამბობ ბარიერსმიღმა დარჩენილ პარტიებზე.

ანუ, "ოცნებამ" შეიძლება პოლიტიკური კრიზისი მიიღოს. არა ქუჩის აქციების სახით, არამედ პოლიტიკურ ელიტაში სრული დელეგიტიმაცია და უნდობლობა, რაც ძალიან უხნაურ ვითარებას შექმნის. ყველას ესმის, რომ ერთპარტიიანი პარლამენტი ვერ გვეყოლება.

ასე რომ, ის ორპოლუსიანი ნეგატიური კამპანია, რასაც "ქართული ოცნება" აწარმოებდა, მისთვის ხაფანგი აღმოჩნდა, რომელიც შეიძლება დაიხუროს. წესით, ახლა "ოცნება" უნდა ლოცულობდეს, რომ რომელიმე პარტიამ, რომელიც მასთან თანამშრომლობს, პარლამენტში შეჰყვება და ფასადს შეუქმნის, ბარიერი გადალახოს. მაგალითად "თავისუფალმა დემოკრატებმა", თორემ ახლა გამოდის, რომ "ოცნებას" უპატარძლო ქორწილი აქვს.

"მ.კ": რა რომ თამაშობს ამ კუთხით განსხვავებული ეგზიტპოლები?

გ.ხ: ბუნებრივია, "ნაცმოძრაობა" "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლს უფრო ენდობა. შესაბამისად, ეს მას კრიზისის შექმნის საფუძველს აძლევს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ელიტას, ის არც ერთ ეგზიტპოლს არ ენდობა და ამით უკვე კრიზისის ფორმირების პლატფორმას იქმნის.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - "ოცნების" მთავარი პრობლემა კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ თუკი ბარიერგადალახული პარტიები, ანუ, მისი საპარლამენტო ოპონენტები პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, ამით მთელი საარჩევნო პროცესის პოლიტიკური დელეგიტიმაცია მოხდება.

"მ.კ": ქუჩის აქციებს არ ელოდებით?

გ.ხ: პრინციპში, ესაა სცენარი, რომელსაც ქუჩის აქციები დიდად არც სჭირდება. ეს არაა სცენარი, რომელსაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს. "ნაცმოძრაობა" შეხედავს რა საბოლოო სურათი ჩამოყალიბდება მაჟორიტარებში და ამის მიხედვით გადაწყვეტს თავის ტაქტიკას. "პატრიოტთა ალიანსიც" ჩამოყალიბდება.

"მ.კ": "პატრიოტთა ალიანსი", თქვენი აზრით, იმდენად უკმაყოფილო შეიძლება იყოს, რომ პარლამენტში შესვლაზე ხელისუფლებამ ვერ დაითანხმოს?

გ.ხ: არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებასთან კონსულტაციები დაიწყონ და კომპრომისი მოიძებნოს, მაგრამ იმ მოცემულობიდან ამოვდივარ, რაც ბოლო დღეების მდგომარეობით გვაქვს - ბოლო დღეებში ისინი აცხადებდნენ, რომ ასეთი შედეგი დამაკმაყოფილებელი არ იყო. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მოსაზრება შეცვალონ.

მე არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ის სცენარი განვითარდება, რომელზეც გელაპარაკებით, უბრალოდ ასეთი სცენარის განვითარების რისკი გაჩნდა და ამ რისკების ჩამოყალიბებას ხელი თავისი არასწორი პოლიტიკით თავად "ქართულმა ოცნებამ" შეუწყო.

პუტინსაც კი, რომელსაც ვიცით, როგორი დემოკრატია აქვს, ესმის მარტივი რაღაც - მას დემოკრატიული დასი სჭირდება. შეუძლია თავისი პარლამენტი ერთპარტიული, ან ორპულისიანი გახადოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. რამდენიმე პარტია ჰყავს, მართვადი ოპოზიცია, რომელიც რუსულ პოლიტიკას ჩემ მიერ ნახსენები რისკებისაგან აზღვევს.

"ქართული ოცნება" კი ამას ვერ მიხვდა და მთლიანად ორპოლუსიანობაზე ითამაშა, რამაც, ჩემი აზრით, მას დელეგიტიმაციის საფრთხე შეუქმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×