მორიგე რედაქტორი
გუშინ ასრულდა ბიძინა ივანიშვილის ოცნება და, სავარაუდოდ, მომავალი პარლამენტი შუაში გაკრეფილი გამოვა, თან ისე გაკრეფილი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვერც ერთი პოლიტიკოსი, მიმომხილველი თუ ჟურნალისტი რომ ვერ წარმოიდგენდა. ასე "გაკრეფილი" არც ერთი პარლამენტი მანამდე არ ყოფილა. ახლა "ნაცმოძრაობამ" ბოიკოტი რომ გამოაცხადოს, რისი თეორიული ალბათობა ნამდვილად არსებობს, პრინციპში, ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. რომ არ გამოაცხადოს - მაშინაც არსებითად საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება, რადგან "ოცნება" შეძლებს არა მარტო ნებისმიერი ნორმატიული აქტის გატანას, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში (რაც ასევე ფრიად რეალურია), აბსოლუტურად ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებასაც.
უკვე დღესაც ნათელია, რომ არავითარი ბალანსი ხელისუფლებას მომავალი ოთხი წლის მანძილზე არ ექნება. ეს შეიძლება მავანისთვის "საოცნებო" კომფორტი იყოს. თუმცა თუ "გასაოცარი დემოკრატიის" ჭრილში განვიხილავთ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც ქვეყანას უახლოეს მომავალში, არ არის გამორიცხული, სერიოზული პრობლემა შეუქმნას.
ეს იქნება ყველაზე მორჩილი პარლამენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ისეთი, მიხეილ სააკაშვილსაც რომ არ მოსწრებია. ამიტომ მაშინ, როცა "ოცნება" და მისი კანდიდატები (რომელთა უმრავლესობა პოლიტიკურად საკმაოდ უღიმღამო ფიგურას წარმოადგენს) ზეიმობენ, ჩვენ, მოქალაქეებს, საკმარისი საფუძველი გვაქვს, ეს და მომდევნო ღამეები შფოთსა და "ბედი ქართლისას" ფიქრში გავატაროთ.