"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით პარლამენტში შესვლის ბოიკოტირება მათი მხრიდან მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი და შესაბამისად, ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებაა.
ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს და იმასაც უმატებს, რომ პარტიის პოზიცია დღეს საღამოს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
მანამდე კი, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტია არსად წასვლას არ აპირებს და შესამისად, ბრძოლა გაგრძელდება. გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად გაიმარჯვებს. მიუხედავად ამ განცხადებისა, მან არ დააკონკრეტა, რას მოიმოქმდებს პარტია უახლოეს მომავალში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
უნდა გამოუცხადოს თუ არა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს ბოიკოტი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "გამოუცხადებს თუ არა პარლამენტს ბოიკოტს "ნაცმოძრაობა" და რამდენად გამართლებული იქნება ეს გადაწყვეტილება, ეს თავად პარტიის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში ეს მათი პოლიტიკური ნებაა და აბსოლუტურად მათზე დამოკიდებული.
ისე, თუ გახსოვთ, ჩვენ ასეთი პრაქტიკა გვქონია კიდეც, როცა 2008 წელს გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა კი ხელფასებს კი იღებდნენ.
ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობის" ბოიკოტი "ქართული ოცნებისთვის" მაინც არაფერს ნიშნავს, რადგან "ოცნებას" საკანონმდებლო ორგანოს მუშაობისთვის საკმარისი მანდატი მაინც ექნება."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ვფიქრობ, არ გამოუცხადებს. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება, რადგან ეს ორი ძალა ერთმანეთთან თავს ძალიან კარგად გრძნობს.
სიმართლე გითხრათ, ჩემი სამწლიანი მოლოდინი ზუსტად ასეთი იყო. დღეს ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, ეს სხვა არაფერია თუ არა ავტორიტარიზმი. არ მესმის, როგორ შეიძლება დავით უსუფაშვილისნაირი პოლიტიკოსი პარლამენტსმიღმა დარჩეს? - ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს."
გელა სიორდია (ადვოკატი): "არ მგონია, რომ ბოიკოტი გამართლებული იყო. გვახსოვს კიდევაც, რომ 2008 წელს გარკვეულმა ძალებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რაც მაშინაც არაგამართლებულ ნაბიჯად ჩაითვალა.
ახლაც, როცა ქვეყნის წინაშე არსებობს ბევრი პოლიტიკური პრობლემა, ამაზე სწორედ პარლამენტმა უნდა იმუშავოს. ეს ძალა საკმაოდ დიდი მანდატითაა წარმოდგენილი და ალბათ კეთილი უნდა ინებოს და პარლამენტში შევიდეს. არ მგონია, პრობლემებზე ქუჩიდან საუბარი სწორი იყოს."
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ჩვენ გვაქვს საოცარი ქართული ნაწარმოები: "ბაში-აჩუკი", რომელშიც ერთ-ერთი ეპიზოდის დროს არის ასეთი ფრაზა გამოყენებული: გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიაო.
ახლა "ნაცმოძრაობა" ზუსტად ასეთ სიტუაციაშია - გინდ იქით ყოფილა და გინდ აქეთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა 1990 წლის შემდეგ, პირველად ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და რაც არ უნდა იყოს, მათი არჩევანი დასაფასებელია.
ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობის" ბოიკოტი, მათი პოლიტიკური ხარაკირი იქნება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე