პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს თბილისში; პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ის მომავალში არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს; ქვეყანა უნდა გახდეს მთლიანად საპარლამენტო და პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდოს; უნდა განისაზღვროს ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი - ეს ის საკითხებია, რომლის კონსტიტუციაში ცვლილება სურს "ქართულ ოცნებას", მას შემდეგ, რაც მეორე ტურით საკონსტიტუციო უმრავლესობას, 113 მანდატს მოიპოვებენ, რაშიც უკვე სრულად დარწმუნებულებიც არიან.
კონსტიტუციონალისტები კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ერთპარტიული მმართველობაა, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციის საკუთარ თავზე და ნება-სურვილზე მორგებას იწყებს და ავტორიტარიზმის დიდი საფრთხე არსებობს.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ და ქორწინების დეფინიციაზე, პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილებასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე განხილვები აუცილებლად იქნება, თუმცა ჯერ საბოლოო პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, რა რიგითობით და როდის მოხდება ამ ცვლილებების განხილვა. უფრო მეტიც, შესაძლოა კონსტიტუციაში ბევრად მეტი ცვლილება ვიხილოთ, ვიდრე ეს სამი საკითხია. "ყველა საკითხი ძალიან ფართო ფორმატში უნდა განვიხილოთ. სავარაუდოდ, კომისიის ფორმატში განიხილება, სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. ეს განხილვები შეეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს, კონსტიტუციის ყველა თავს, მათ შორის, პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის თავებს და შესაბამისად, თითოეული მუხლი იქნება განხილვის საგანი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომპლექსურად. ასეთი ფართო განხილვისა და კონსესუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილებები", - ამბობს კობახიძე.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის სურვილია, ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთდეს და თუ მას ეს გაუვა, არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, არამედ ქვეყნის პირველი პირი აღარ იქნება პრეზიდენტი და მას დღეს შემორჩენილი უფლებებიც კიდევ უფრო შეეზღუდება და დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან არცთუ ცოტა საკონსტიტუციო ცვლილება გველოდება.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოლოდინი
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე პირველი განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"ჩვენი კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოეპოვებინათ გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, "ქართული ოცნება" მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით", - არჩევნების მეორე დღეს, 9 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა კობახიძემ.
შემდეგ კი უკვე "ოცნების" სხვა წევრებიც ალაპარაკდნენ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატით შევლენ. 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების - 48%, "ნაციონალურმა მოძრაობამ," - 27%, "პატრიოტთა ალიანსმა," - 5%. ამ შედეგებით 77 პროპორციული მანდატიდან "ოცნება" მიიღებს 44 ადგილს, "ნაციონალები," - 27-ს, ირმა ინაშვილის პარტიას - 6 ადგილს.
ამას ემატება მაჟორიტარული მანდატები და 73 მაჟორიტარული მანდატიდან 23 ადგილი აიღო "ოცნებამ" პირველივე ტურში. სხვა პარტიებმა ვერცერთი მაჟორიტარი ვერ გაიყვანეს. 50 ოლქში დანიშნულია მეორე ტური.
ამდენად, 150-კაციან პარლამენტში პირველივე ტურიდან შედის ხელისუფლების 67 დეპუტატი და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად მმართველ პარტიას 46 მაჟორიტარული ოლქის მოგება სჭირდება. მეორე ტური ტარდება 50 ოლქში - 18 თბლისში და 32 რეგიონებში და ყველგან ხმების რაოდენობით ლიდერი "ოცნების" კანდიდატია. ამიტომაც უკვე პოლიტოლოგებიც პროგნოზირებენ იმას, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვება არ გაუჭირდება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, სრულიად უნიკალურ შემთხვევას მივიღებთ, რომლის პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა და 73-ვე მაჟორიტარი ხელისუფლების იქნება.
ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, რომ მეორე ტურში გასულებიდან პირველები ყველგან "ქართული ოცნებაა", მეორე - "ნაციონალური მოძრაობა" აბსტრაქციაა, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურში ოპოზიციის, "ნაციონალების კანდიდატს მისცეს ხმა, ამდენად "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის შანსი დიდი აქვს.
რას შეცვლის "ოცნება" კონსტიტუციაში
"ქართული ოცნების" უკვე გაცხადებული ცვლილებები მინიმუმ უნდა შეეხოს კონსტიტუციის სამ - 36-ე, 48-ე და 70-ე მუხლს. პირველი საკითხი ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანაა, ცვლილება 48-ე მუხლში უნდა შევიდეს, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფველია ქალაქი ქუთაისი.
ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ძალიან ბევრი დროის დაკარგვა და ხარჯია ქუთაისში პარლამენტის ყოფნა.
"ქუთაისს პარლამენტის იქ ყოფნით არაფერი შემატებია, პირიქით, იყო ხარჯი იქ სიარული. ეს საკითხი კენჭისყრამდეა მისული და თუ დროულად მოგვარდა და მივიღეთ ეს კანონი, ნოემბერში შემდეგი საშემოდგომო სესია თბილისში გაიმართება. მე სურვილი მაქვს, პარლამენტი დაუბრუნდეს თბილისს", - განაცხადა ქანთარიამ.
გია ვოლსკის განცხადებით კი, მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც დაიწყებენ მუშაობას, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იქნება. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს პირდაპირ არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს.
უნდა შეიცვალოს 70-ე მუხლი, სადაც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.
"გვაქვს გარკვეული ნონსენსი, ისინი ერთმანეთთან ლოგიკაში არ ჯდება. პრეზიდენტი ისეთი დიდი ლეგიტიმაციითაა არჩეული, როგორც უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკებში. ამ დროს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მის უფლებებსა და მოვალეობებში და ეს ასევე გასასწორებელია. თუ ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, გარკვეული ხაზი უნდა გაივლოს", - ამბობს ნუკრი ქანთარია.
ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში განსაზღვრებაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე. 36-ე მუხლში წერია: ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. "ქართული ოცნების" ინიციატივაა სიტყვა "მეუღლე" შეიცვალოს "ქალითა და მამაკაცით".
"ქორწინება არის ერთადერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ სპეციალური ინიციატივა გვაქვს გაცხადებული. ეს ინიციატივა შესაბამისად იქნება მხარდაჭერილი ჩვენ მიერ", - აღნიშნავს კობახიძე.
საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოწვევა - ავტორიტარიზმი
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა რთულია, რადგან ამ დროს ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან, რომ ყველაფრის კეთება მარტივია და უშვებენ შეცდომებს. ამიტომაც თვლის, რომ ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია.
ის ამბობს იმასაც, რომ კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული, ვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, ყველა შეცდომებს უშვებდა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებში ვხედავ აღტკინებას, სიამაყით ამბობენ, რომ საკონტიტუციო უმრავლესობა ექნებათ. თითქოს ამით ევერესტზე ავიდნენ, მაგრამ ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი, იქედან ჩამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად", - ამბობს უსუფაშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ საფრთხეები არსებობს და ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისას ხელისუფლება კონსტიტუციის სათავისოდ და არა ქვეყნის საკეთილდღეოდ ცვლილებას იწყებს.
"ეს ძალიან რეალური საფრთხეა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ხდებოდა კონსტიტუციის გადასინჯვა და ეს პრობლემაა", - აღნიშნავს ძაბირაძე.
ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, უკვე დაანონსდა კიდეც და პირველი, რა თქმა უნდა, შეიცვლება ის, რომ პარლამენტი გადმოვა თბილისში, ეს უკვე აბსოლუტურად გადაწყვეტილია. მეორე - თუ გავითვალისწინებთ "ოცნების" დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ, შეეცდებიან მისი უფლებამოსილების შეკვეცას.
"ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგი კონსტიტუციონალისტია, საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა და თუ გაიტანს, კონსტიტუცია გადაისინჯება იმ მიმართულებით, რომ სრულიად საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს ჩამოყალიბებული. ეს გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტს ხალხი არ აირჩევს, არამე მთელი რიგი უფლებამოსილების შეკვეცასაც. თუმცა ეს ცვლილებები მარგველაშვილს არ შეეხება", - ამბობს დემეტრაშვილი.
მისი თქმით, რაც უნდა ეჩქარებოდეს "ოცნებას" ცვლილებების განხორციელება, ამას ამ წელს მაინც ვერ მოახერხებს.
"ისე არ არის, როგორც "ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა თქვა, შემოდგომიდან ჩვენ უკვე თბილისში ვიქნებითო. გადასინჯვისთვის საჭიროა, რომ ორმა თანმიმდევრულმა სესიამ სამი თვის ინტერვალით მიიღოს კონსტიტუციაში ცვლილება", - აღნიშნავს დემეტრაშვილი.
დემეტრაშვილის განცხადებით, ერთპარტიული მმართველობა საერთოდ კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ავტორიტარული რეჟიმის შექმნის საფრთხე იქმნება.
"ჯერ დათო უსუფაშვილის პარლამენტიც აბსოლუტურად უსუსური იყო და კონტროლის რა უფლებებიც ჰქონდა, იმასაც ვერ ახორციელებდნენ. მით უმეტეს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით შექმნილი მთავრობა იქნება, მისი გაკონტროლების არც სურვილი და არც შესაძლებლობა იარსებებს.
"ამ შემთხვევაში შემაკავებელი ძალა შეიძლება იყოს ან საკონსტიტუციო სასამართლო, თუ კონსტიტუციურ საკითხებს ეხება, ან პრეზიდენტი, თუ პოლიტიკურ საკითხებს ეხება. პრეზიდენტი ნულიფიცირებული იქნება, საკონსტიტუციოში კი კაცმა არ იცის, ვის აირჩევენ თავმჯდომარედ და მომავალში რა შემადგენლობა იქნება და რა პოლიტიკას დაიჭერს.
"პირველად ეს 2004 წელსაც ვთქვი, რის გამოც სახელმწიფო სამსახური დავკარგე და ამჯერადაც ვიტყვი, ავტორიტარული რეჟიმის შექმნის საფრთხე იქნება", - ამბობს დემეტრაშვილი და იმედს იტოვებს, რომ ასე ხელაღებით ავტორიტარული რეჟიმის გამყარებისკენ "ოცნება" არ წავა.