თაკო მათეშვილი
12.10.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ახლა პარლამენტში არ შევა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მათი შანსი იმდენად შემცირდება, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ.

პარლამენტში არშესვლით, მისი თქმით, ისინი უზარმაზარ ფინანსურ რესურსს დაკარგავენ, რაც პარტიას დიდ კვალს დაამჩნევს.

"რეზონანსთან" ინტერვიუში ცინცაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგს აფასებს და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ოპოზიციური პარტიების მეტ წარმატებას ელოდა.

სოსო ცინცაძე: ამ არჩევნებმა ოპოზიციის კრახი აჩვენა. ცხადი გახდა, რომ საქართველოში ძლიერი ოპოზიცია არ არის. იგი მზად არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მმართველი პარტიისათვის სერიოზული კონკურენცია გაეწია.

ასევე, ამ არჩევნებმა ისიც კარგად აჩვენა, თუ რას ნიშნავს საკუთარი პროპაგანდისტული იარაღი. პარლამენტში სამი პარტია გავიდა და სამივეს საკუთარი ტელევიზია გააჩნია. რა თქმა უნდა, დაფინანსებაც მათ ყველაზე მეტი ჰქონდათ და სხვა რესურსიც.

"რეზონანსი": "თავისუფალი დემოკრატების" ამგვარ ნაბიჯს თუ ელოდით, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის არჩევნებიდან ორ დღეში ალასანიას და სხვა ლიდერების პოლიტიკიდან წასვლა?

ს.ც: ეს, რა თქმა უნდა, უცნაურია. ესეთი რამ ხშირად არ ხდება. მით უმეტეს, რომ "დემოკრატებს" კატასტროფული მარცხი არ განუცდიათ. ბარიერის გადასალახად ცოტა დააკლდათ, ამიტომ პარტია უნდა დარჩენილიყო. საინტერესოა, რა მოხდა იქ.

მიუხედავად ალასანიას პარტიისადმი ჩემი არცთუ პოზიტიური დამოკიდებულებისა, ვფიქრობ, ქვეყნის დემოკრატიისათვის ცუდია, როცა ოპოზიციური სპექტრი ასე იკუმშება. ისეთი პერსპექტიული ლიდერიც კი, როგორიც ალასანია იყო, გაქრა.

საერთოდ, ეს არჩევნები თავიდანვე ძალზედ გაუმჭვირვალე იყო. ძალზედ გაურკვევლად იქმნებოდა პარტიები, მიდიოდა გადაჯგუფებები. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას ბადებდა, რაც ქვეყნის დემოკრატიულ კურსს ღირსებას ნამდვილად არ მატებს.

ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო და არის. ამ ჭორების ხოლოდ ნახევარიც რომ იყოს მართალი, ძალზე ცუდი დასკვნის გასაკეთებლად ესეც საკმარისია.

"რ": "ოცნებაში" არ უარყოფენ, რომ რამდენიმე ოპოზიციურ ფიგურასთან, მათ შორის ვიქტორ დოლიძესთან და ვახტანგ ხმალაძესთან შესაძლოა ითანამშრომლონ, თუმცა არ აკონკრეტებენ, თუ რა ტიპის თანამშრომლობას გულისხმობენ...

ს.ც: მე ვახტანგ ხმალაძეს ვიცნობ და არანაირი ეჭვი და კითხა არ გამიჩნდება, თუკი მან რაიმე თანამდებობა მიიღო. ის მართლაც უზომოდ პატიოსანი და ბრწყინვალე პროფესიონალია. თანაც წინასაარჩევნო კამპანიაში ხმალაძე აგრესიული პროპაგანდისტული ტონალობით არ გამოირჩეოდა.

რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს" და თუნდაც დოლიძეს, ისინი ერთი პერიოდი ძალიან აგრესიულები იყვნენ. თუკი დოლიძე მართლაც საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ბევრი კითხვა დაიბადება. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ მხრივ გამოცდილება აქვს. კითხვები იმიტომ გაჩნდება, რომ "ოცნების" ხელმძღვანელი ოპოზიციასთან თანამშომლობის დიდი სურვილით არასოდეს გამოირჩეოდა.

ხმალაძე კი გამონაკლისია იმიტომ, რომ ის თავისი ბუნებით არც ექსტრემისტია, არც აგრესიული. მძაფრი კრიტიკა მისი სტილი არაა, ამიტომ ვახტანგი ალბათ მისაღებია, მაგრამ დოლიძის მწვავე განცხადებები კარგად გვახსოვს. ივანიშვილი კი წყენას რომ იოლად არ ივიწყებს და ასეთ განცხადებებს არავის პატიობს, უკვე არაერთხელ ვნახეთ. ამიტომაც აქ უკვე არცთუ სასიამოვნო კითხვები დაიბადება.

"რ": როგორ წარმოგიდგენიათ "ოცნების" და თუნდაც ხმალაძის თანამშრომლობა?

ს.ც: ვინაიდან პარლამენტი გამორიცხულია, ე.ი. სადმე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა აქ უბედურება ისაა, რომ ხმალაძე, როგორც ჩინოვნიკი, წარმოუდგენელია. იგი ძალიან პრინციპული ადამიანია და არ მგონია, ამ ნეპოტიზმის ჭაობში ჩაეფლოს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორ ნაწილდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობები.

ასე რომ, აქ ხმალაძის ადგილს ვერ ვხედავ. მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტშია. ჩინოვნიკი ვახტანგი ძნელი წარმოსადგენია.

"რ": ზოგადად, "რესპუბლიკელების" მომავალი როგორ გესახებათ?

ს.ც: "რესპუბლიკელებისთვის" ოპოზიციაში ყოფნა უცნაური მოვლენა არაა. თავისი არსებობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს პარტია ძირითადად ოპოზიციაში იყო. ასე რომ, საქმიანობას ახლაც ამ მხრივ განაგრძობენ. ამას მიჩვეულები არიან.

მათ ბრწყინვალე ინტელექტუალური რესურსი გააჩნიათ და გარდა ამისა, მართლაც იდეურად პროდასავლური ძალაა. არა სხვებივით კონიუნქტურულად, არამედ იდეურად, პრინციპულად, ფასეულობებით პროდასავლური მხოლოდ რესპუბლიკური პარტიაა. ახლანდელი "ოცნება" კი იმდენად ჭრელია, რომ იბადება ეჭვი იქ მედროვეების ყოფნის შესახებ. კანდიდატების უმეტესობა ბიზნესმენია. პროდასავლურად განწყობილი ბიზნესმენი კი მე იქ არ მეგულება. ეს, მგონი, უფრო "პროსაკუთარი ჯიბის" ხალხია.

"რ": "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლა კითხვის ქვეშ დგას. როგორც ჩანს, ამაზე თავად პარტიაში ვერ თანხმდებიან. რითი შეიძლება დასრულდეს თქვენი აზრით ეს აზრთა სხვადასხვაობა?

ს.ც: არ მჯერა, რომ იქ დაპირისპირებაა და ამაზე სერიოზული კამათი მიდის. ეს ყველაფერი, მგონი, უფრო "გარე მოხმარებისთვისაა".

"რ": რაში შეიძლება სჭირდებოდეთ დაპირისპირების იმიტირება?

ს.ც: არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა "ნაცმოძრაობის" მხრიდან კატასტროფული შეცდომა იქნება.

"რ": რატომ?

ს.ც: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამით ისინი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ რესურსს დაკარგავენ. წელიწადში რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ასევე საგრძნობლად შეუმცირდებათ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაც.

გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ გადაწყდება "რუთავი 2"-ის ბედი. შეიძლება ისიც დაკარგონ. ანუ, ერთი მხრივ, იგი დარჩება ფინანსური რესურსის და მეორე მხრივ - საზოგადოებრივ აზრთან წვდომის საშუალების გარეშე. ეს უკანსაკნელი კი რამდენად მნიშვნელოვანი და მძლავრი იარაღია, ამაზე დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ.

ისიც ხომ კარგად ვიცით, რა ლომის წილი შეიტანა "ნაცმოძრაობის" შედეგებში "რუსთავი 2"-მა. მათი წარმატების 50-60% "რუსთავი 2"-ის დამსახურებაა. მომავალ ოთხ წელიწადში ამის გარეშე და შეზღუდული ფინანსური რესურსებით, პარტია გაქრება. 2020 წლის არჩევნებში მისთვის 5%-ც სანატრელი იქნება. ამიტომ, მგონია, რომ პარტია თვითმკვლელობაზე არ წავა. მით უმეტეს, რომ უკვე გამოჩნდა მესამე პარტია, რომელთანაც "ოცნება" ძალიან კომფორტულად იარსებებს.

"რ": "პატრიოტთა ალიანსს" გულისხმობთ?

ს.ც: რა თქმა უნდა. თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირი" გადასარევად იყო მხოლოდ "აღორძინებასთან" ერთად, შემდგომ "ნაცმოძრაობა" "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად და "ოცნებაც" "პატრიოტთა ალიანსთან" ერთად იქნება. ასე რომ, მრავალპარტიულობა, რაც მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა და რასაც მარგველაშვილმა საჯაროდ მისცა ხმა, არ შედგა.

200 პარტია რომ გვაქვს და მათგან 65-ს არჩევნებში მონაწილეობა უნდოდა, იმას არ ნიშნავს, რომ მრავალპარტიული ქვეყანა ვართ. მრავალპარტიულობას პარლამენტში აქვს ფასი.

"რ": როგორ ფიქრობთ, "პატრიოტთა ალიანსი" 2020 წლის არჩევნებს უფრო გაძლიერებული შეხვდება?

ს.ც: "პატრიოტთა ალიანსის" პერსპექტივა თავად მათზეა დამოკიდებული, ვინაიდან პარტია სუსტი ინტელექტუალური პოტენციალით დიდხანს ვერ იარსებებს. ეს ოთხი წელი მათთვის გადამწყვეტი იქნება.

"პატირიოტთა ალიანსი" სხვებს შორის ხომ ყველაზე ახალგაზრდა პარტიაა, რომელმაც ბარიერი ასე უცებ გადალახა. სხვებს ამისთვის 20-30 წელი სჭირდებათ ხოლმე.

მათ უკვე განაცხადეს, რომ რიგ საკითხებში ისინი "ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლებენ. ეს მათ რეიტინგს გაზრდის თუ შეამცირებს, არავინ იცის. ერთიც მოსალოდნელია და მეორეც. ამიტომ, რაიმეს პროგნოზირება ძნელია. მათ კონკრეტული სტრატეგია უნდა შეიმუშაონ, რაც ჯერ მკვეთრად გამოკვეთილი არ აქვთ.

სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ. ახლაც უფრო მეტი ადამიანის შეყვანას ელოდნენ. სიმართლე გითხრათ, მეც ველოდი, რომ 8-9%-ს აიღებდნენ. ჩემთვის ბურჯანაძის 3%-იც მოულოდნელი იყო. უკანასკნელ ორ არჩევნებში მას 10-10%-იანი შედეგი ჰქონდა.

"რ": საბოლოო ჯამში, თქვენი შეფასებით, როგორი პარლამენტი მივიღეთ?

ს.ც: კარგი კანონები კარგ ცხოვრებას ნიშნავს. ცუდი კანონები - ცუდ ცხოვრებას. მე არ ვიცი, რა კანონები უნდა შექმნან ყოფილმა ფეხბურთელებმა, მკლავჭიდელებმა, მოჭიდავეებმა, რეჟისორებმა, მომღერლებმა, ჩინოვნიკებმა და პირველი თაობის ბიზნესმენებმა, რომელთა ინტელექტუალური რესურსიც უცნობია. რა კანონები უნდა შექმნან მათ ისეთი, რაც სოფლის მეურნეობას, ეკონომიკას და სხვა სფეროებს სწორ მიმართულებას მისცემს?

ხაზგასმით ვამბობ, რომ მე "რესპუბლიკელების" ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ ეს პარტია ყოფილ პარლამენტს ინტელექტუალურად აკეთილშობილებდა. იქაც საკმაოდ ბევრი ეზგოტიკური პიროვნება იყო, რომელთა მიკროფონთან მიშვებაც არ შეიძლებოდა. "რესპუბლიკლეები" მათ აკეთილშობილებდნენ, დღეს კი ისინიც აღარ არიან. ამიტომ არ ვიცი, როგორი პარლამენტი გვექნება. დღეს უცნობთა თავყრილობა გვაქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×