დიდი მსჯელობა - უთანხმოების შემდგომ "ნაცმოძრაობა" არჩევნების მეორე ტურშიც იბრძოლებს
სალომე სარიშვილი
12.10.2016

 სამდღიანი კონსულტაციებისა და მოლაპარაკების შემდგომ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა და ისიც განაცხადა, რომ პარტია არჩევნების მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას. 66-წევრიანმა პოლიტსაბჭომ ეს გადაწყვეტილება გუშინ საღამოს 3-საათიანი მსჯელობის შემდგომ მიიღო, "ნაცმოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი ეს შედეგი შექმნილი პოლიტიკური ვითარებით ახსნა და აღნიშნა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ივანიშვილს ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბების ფუფუნებას არ მისცემდა.

პოლიტსაბჭოს 66 წევრიდან რამდენმა დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას, უცნობია, თუმცა უკანასკნელი დღეების განმავლობაში ყველასთვის ნათელი იყო, რომ პარტიაში ამ საკითხებზე საკმაოდ დიდი აზრთა სხვაობა იყო.

გარდა პარტიის რამდენიმე ლიდერისა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო თავად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც თანაგუნდელებს მისი ამ დამოკიდებულების მიზეზს ბიძინა ივანიშვილის წინასწარი განზრახვითა და არჩევნების შედეგის გაყალბებით უხსნიდა.

აზრთა სხვაობა "ნაცმოძრაობაში" და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

მიუხედავად გუნდის მთავარი ლიდერის ამგვარი მოსაზრებისა, პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობის მიღება და საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. არგუმენტები ამგვარი გადაწყვეტილებისა ჟურნალისტებს გუშინ დავით ბაქრაძემ გააცნო.

"შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" პრაქტიკულად, ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად დარჩა, ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდეს და უარის ვერ ვიტყვით ისეთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის ბრძოლაზე, როგორიც პარლამენტის ინსტიტუტია.

"მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, გაყალბებისა და მეორე ტურების მძიმე ბრძოლისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა - მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურებში და გავაგრძელოთ მუშაობა საპარლამენტო ტრიბუნებიდან.

"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, კანონიერ აქციებს და საერთაშორისო კავშირებს, რათა საქართველო საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყანად არ გადაიქცეს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად პარტიაში არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო და გადაწყვეტილება დემოკრატიული პრინციპებით მიიღო.

მომხრე და მოწინააღმდეგე "ნაციონალები"

შეგახსენებთ, რომ გარდა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგობრივი პოზიციისა, მეორე ტურში მონაწილეობის აზრს მის მსგავსად, პარტიის სხვა წევრებიც ვერ ხედავდნენ, თუმცა კი, როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ეს მოსაზრება არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, სწორი არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ერთხმად პარტიის ახალი სახეები უფრო მეტად საუბრობდნენ.

ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუნერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, უაზრობაა." მიუხედავად ამგვარი შეხედულებისა, ექსპრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მაინც ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია.

"მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს ყველა ოლქში გაამარჯვებინებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებული არჩევნებისა. რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან რთული," - განაცხადა სააკაშვილმა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, პარტიის წევრებმა ბრძოლა პარლამენტში უნდა განაგრძონ და ამასთანავე მეორე ტურებშიც აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.

გუშინ, პოლიტსაბჭომდე პარტიაში გამართულ ბრიფინგზე, ბოკერიას არც ის დაუმალავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულ საკითხებზე აზრი ორად იყოფა და შესაბამისად, ძველი თუ ახალი პარტიის სახეები მის შეხედულებას არ ემხრობიან.

ბოკერიამ მისი არჩევანი სხვადასხვა არგუმენტებით ახსნა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია, მათ შორის, იმ 500 ათასი ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც პარტიას ხმა მისცა.

"კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს, მაგრამ მყარად მჯერა და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან, ასევე საფრთხეებიდან გამომდინარეა. "ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ხმა ვერ მოგვცა და დიახ, იმ ადამინების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა," - განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, როგორი რთულიც უნდა იყოს, პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვება ვერ შეძლოს. ამისთვის კი, ბოკერიას თქმით, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის გამოყენებაა საჭირო. "დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკურ ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა ჯერ კიდევ პოლიტსაბჭოს გამართვამდე გიგა ბოკერიამ.

მისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ წევრს, აკაკი მინაშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ პარტიის მეორე ტურში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს, ვინაიდან ივანიშვილი შედეგების გასაყალბებლად კვლავ ყველა მეთოდსა და ღონეს მიმართავს.

მინაშვილის აზრით, "ნაცმოძრაობის" წევრებმა პარლამენტში შესვლაზეც უარი უნდა თქვან - ნიშნად იმისა, რომ ჩატარებულ არჩევნებზე მეტი ფოკუსირება სწორედ ამ გზით მოახდინონ. პრინციპში, მისი აზრი ყველაზე მეტად ემთხვეოდა ყოფილი პრეზიდენტის ამ საკითხისადმი შეხედულებას.

"ჩემი აზრით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ უნდა მიიღოს, ვინაიდან ივანიშვილი გამოიყენებს იმავე თაღლითობის სქემებს, როგორიც 8 ოქტომბერს, როდესაც ქართველ ხალხს არჩევანი წაართვა. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ და ამით არჩევნების გაყალბების უფრო მეტი ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ.

"თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ჩემი პირადი აზრია, დანარჩენს კი პარტიაში პოლიტსაბჭოზე გადავწყვეტთ. პარტიაში გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული წესი არსებობს და შესაბამისად, რა გადაწყვეტილებასაც უმრავლესობა მიიღებს, პარტიაც ისე იმოქმედებს, არავითარი დაშლა "ნაცმოძრაობას" არ ემუქრება და ეს გახლავთ ჭორი," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აკო მინაშვილმა.

საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობდა პარტიის კიდევ რამდენი წევრი, მათგან კი ამ აზრზე ახალი სახეების თითქმის უმრავლეობა იყო. მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და ამასთანავე პარლამენტში შესვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პარტია ყველა გზით უნდა შეებრძოლოს იმას, რომ არაფორმალურ მმართველობას დიქტატი არ დაემატოს.

"რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში შედგა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არაერთი ხმა წაგვართვა. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო პოლიტიკური გზა, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე სალომე სამადაშვილი.

საკააშვილს გამიჯნულები?!

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენების პარალელურად ექსპერტულ წრეებსა და საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაზე გავლენის ბერკეტებს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა გუნდში ახალი ლიდერების გამოკვეთას უნდა ველოდოთ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუშინ ამავე საკითხზე სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრებები თავად პარტიის აქტივისტებშიც კი ვრცელდებოდ.

მაგალითად, "ნაცმოძრაობის" ახალი წევრს, ელენე ხოშტარიას საკუთარი პოზიციის გამო, პარტიის აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. ერთ-ერთმა აქტივისტმა მეგი გოცირიძემ გუშინ "ფეისბუქში" ხოშტარიას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში "სამარცხვინო მარცხი" შეახსენა და ისიც აღნიშნა, რომ მას ამომრჩევლის ნდობა არ გააჩნია.

"თქვენ არ გაქვთ უფლება, როგორც მიშასთან გამიჯნულს, რომ მიშას პარტიისთვის მიცემული ხმებით აღებული მანდატი გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ და ივანიშვილს გაუპრავოთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნები! საინტერსოა ვისი ხმა უნდა იყოთ პარლამენტში?!" - წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.

ნიშანდობლივია, რომ ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად ისაუბრა ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორმა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმაც. როგორც ის საკუთარ წერილში წერს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შეტევების გარდა, "მიხეილ სააკაშვილის მოქსეულების მოგერიებაც უწევს."

"მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს... დილიდან დაგვხვდა შეურაცხყოფების ნიაღვარი, რაც ცხადია პირველი არ არის, ყველაფერს აქვს საზღვარი... შეურაცხყოფაზე პასუხს მიიღებს ყველა. როდესაც მეუბნები, რომ მიშას გარეშე ნული ვარ და როდესაც ზუსტად ვიცი, ვინ გასცა ეს ინსტრუქცია, აუცილებლად გაეცემა ყველაფერს პასუხი. უღირსი საქციელი უნდა შეფასდეს," - წერს საკუთარ "ფეისბუქზე" თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი განცხადებით, მომაბეზრებელი, დამამცირებელი და აღმაშფოთებელია იმის მოსმენა, რომ მიშას გარეშე ნულია.

"ოთხი წელია, არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ - არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ, რომ ის ასე თვლის - დადგეს და დავთვალოთ, ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე. თუ ასე თავხედობთ და დატოლებაზე წავიდა საქმე.... მარტივია - ჩამოვიდეს და დადგეს მიშა მეგი გოცირიძესთან, ნანა ჟორჟოლიანთან და ელისო კილაძესთან ერთად და შეუტიოს. ჩვენ ხომ მოღალატე ნულები ვართ მის გარეშე. შევხედოთ... წადით შექმენით ცალკე პარტია, ერთია და აბსოლუტურად ლეგიტიმური პრეტენზიაა.

"ხო, თუ პარტიის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო შენ მხარეს არ არის და ამას ვერ ეგუები, უნდა წახვიდე. ...მაგრამ "ეს პარტია მიშასია", "მიშას გარეშე ნულები ხართ", "მოღალატეები ხართ" არის სრულიად მიუღებელი... მიშა ვინ არის ჩვენს გარეშე? ამაზე არ გიფიქრიათ," - აცხადებს ჩერგოლეიშვილი და იმასაც უმატებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არა სააკაშვილის, არამედ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გუნდის მიერაა შექმნილი.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, თუ გუნდის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ - პარტია არ შევა. წერს, რომ ასე იქნება წინააღმდეგ შემთხვევაშიც.

"მანდატი სიამ და სიაში მყოფმა ადამიანებმა მიიღეს - ვისი ხათრით, ეს ცალკე საკითხია და ამაზე ვერასოდეს შევთანხმდებით. იმისთვის, რომ მათ მიერ მოგებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას ეღიარებინა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ნაკლები უნდა "ებჟუტურათ" რევოლუციაზე და სისხლისღვრაზე," - აღნიშნავს საკუთარ "ფეისბუქ" ჩანაწერში თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×