არის თუ არა საქართველოში სოციოლოგიური კვლევები და ეგზიტპოლები მხოლოდ პოლიტიკური იდეოლოგიის იარაღი - ეს კითხვა კიდევ ერთხელ დაისვა მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ტელევიზიებმა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნეს, შემდეგ კი, არჩევნების ღამით, ორი ეგზიტპოლიდან ერთი საერთოდ აცდა ოფიციალურ შედეგს, მეორეში კი მნიშვნელოვანი ცდომილება გამოვლინდა.
საზოგადოების დიდ ნაწილში კვლევების მიმართ ისედაც დიდი უნდობლობაა და როგორც ზოგიერთი სოციოლოგი აცხადებს, რაც მოხდა, ეს არის არა კვლევა, არამედ სოციოლოგიური აზრის კეთება, რადგან როდესაც 8%-იანი ცდომილებაა, ეს უკვე აჩენს პოლიტიკური გარიგებების ეჭვს და სირცხვილია. "არ შეიძლება, პოლიტიკოსებმა მეცნიერება იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად აქციონ, ეს ყველა მხარეს ეხება, რადგან ეს ტენდენცია ჩემს საყვარელ სპეციალობას, სოციოლოგიას სახელს უტეხს და საზოგადოება მომავალში არც ერთ სოციოლოგიურ კვლევას აღარ დაუჯერებს. სანამდე შეიძლება ეს წავიდეს?" - კითხულობს სოციოლოგი, თსუ-ის პროფესორი ამირან ბერძენიშვილი.
მის აზრს არ იზიარებენ ის სოციოლოგები, რომლებიც სხვადასხვა დროს თავად იყვნენ ჩართული პოლიტიკური კვლევების მომზადებაში და ცდომილებას "არაგულწრფელ რესპონდენტებს" აბრალებენ.
8-13%-იანი ცდომილება
არჩევნებამდე უკვე წინასწარვე იყო იმის მოლოდინი, რომ 8 ოქტომბრის ღამის 8 საათზე ორი ურთიერთსაწინააღდეგო ეგზიტპოლი გამოქვეყნდებოდა. მათგან ერთი "რუსთავი 2"-ზე კომპანია ჯი-ეფ-კას მიერ ჩატარებული და ის "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლო მონაცემებს დადებდა. მეორე კი, თი-ენ-ესის მიერ ჩატარებული, გამოქვეყნდებოდა 4 ტელეარხზე - "იმედზე", საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჯი-დი-ესსა და "მაესტროზე" - და "ქართული ოცნების" მაღალ მონაცემებს დადებდა. მოლოდინი ორივე შემთხვევაში გამართლდა. ასევე იყო იმაზე საუბრებიც, რომ ეს ეგზიტპოლები გახდებოდა ერთგვარ ტესტი, ცესკოს მონაცემებს რომლის შედეგებიც მეტად მიუახლოვდებოდა, სწორედ ის კომპანია იქნებოდა კვალიფიციური და სამომავლოდ სანდო. თუმცა ეს ტესტი ვერც ერთმა ეგზიტპოლმა ვერ ჩააბარა. ორივე შემთხვევაში ცდომილება აღმოჩნდა 8%.
ბევრად უფრო გაურკვეველი შედეგი აჩვენა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნებულმა კვლევებმა. "რუსთავი 2"-ზე კვლევაში საერთოდ პირველ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" გავიდა 26%-ით და მეორეზე "ოცნება" - 25%-ით. ამ კვლევაში არათუ პროცენტები, არამედ ტენდენციაც კი არ დაფიქსირდა სწორად.
"იმედის" კვლევაში კი "ნაციონალებს" ჰქონდათ 13% და "ოცნებას" 36%. აქ 14%-იანი სხვაობა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლები და სოციოლოგიური კვლევები არცთუ იაფიანი სიამოვნებაა. რა დაუჯდა გერმანულ-ამერიკულ კომპანია ჯი-ეფ-კას დაქირავება "რუსთავი 2"-ს, ეს საჯაროდ გაცხადებული არ არის, თუმცა 4 ტელევიზიის მიერ თი-ენ-ესთან გაფორმებული ხელშეკრულების ფასი მილიონ დოლარამდეა, კონკრეტულად - 937 635 აშშ დოლარი.
რატომ ვერ გამოიცნეს?
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე, რომლის ორგანიზაცია ენ-დი-აის დაკვეთით საველე სამუშაოებს ატარებს, ამბობს, რომ საქართველოში არც ერთი კვლევა არ ემთხვევა და არ დაემთხვევა არჩევნების შედეგს, რადგან ის რესპონდენტების რაოდენობა, რომელიც ან საერთოდ უარს ამბობს პასუხის გაცემაზე ან ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხმა ვის უნდა მისცეს, ძალიან დიდია - 25%-დან 30%-მდე.
"ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც არ დავობენ, რომ საქართველოში არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის რაოდენობა ძალიან დიდია, ვიდრე ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია მიღებული და ეს ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მხოლოდ ბოლო მომენტში იღებს. მკვლევარებისთვის ეს უნდა იყოს იმის სიგნალი, რომ გაცილებით მეტი ყურადღება მივაქციოთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კვლევას, ცალკე კვლევებიც მივუძღვნათ, რომ გავარკვიოთ, რის გამოა ამომრჩეველი გადაუწყვეტელი და რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში. დღესდღეობით ამაზე ძალიან ცოტა რამ ვიცით," - ამბობს თურმანიძე.
რაც შეეხება ეგზიტპოლს, სადაც ეს არგუმენტი არ მოქმედებს, ამაზე კობა თურმანიძე ამბობს, რომ "სამწუხაროდ, საქართველოში ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს არ სურს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაცხადება და ეს ხდება როგორც გამოკითხვებში, ასევე ეგზიტპოლებში. ამის მიზეზები შეიძლება ვეძებოთ იმაში, რომ ამომრჩეველს არ აქვს კვლევის მიმართ ნდობა ან შეიძლება იყოს რაღაც სიფრთხილე."
"არსებობს საფრთხე, რომ საზოგადოებამ მომავალში საერთოდ არ დაუჯეროს სოციოლოგიურ კვლევებს და აქედან ერთადერთი გამოსავალი მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობაა," - ამბობს თურმანიძე და კომპანიებს ზუსტი მეთოდოლოგიისა და დეტალური მონაცემების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
ზურაბ ბიგვავა, რომლის ორგანიზაცია "ფსიქო-პროექტი" "ქართული ოცნების" დაკვეთით ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს, ამბობს, რომ ეგზიტპოლის გაყალბება უაზრობაა.
"ამას აზრი არ აქვს, რადგან რამდენიმე საათში რეალური შედეგი იდება. მე საქართველოში ძალიან ბევრი არაკვალიფიციურად ჩატარებული, გაყალბებული კვლევები მინახავს. ისეთი გაყალბებები, როდესაც ათობით პროცენტის აცდენა ყოფილა და ეს ნამდვილად მიუთითებს არაკვალიფიციურობაზე და შეიძლება, მიკერძოებულობადაც ჩაითვალოს. ახლანდელი ეგზიტპოლებით კი მყვირალა აცდენა არ ყოფილა. შეიძლება რაღაც შეცდომა მოხდა, მაგრამ ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ამას. მაგალითად, ინგლისში ჩატარდა ეგზიტპოლები ძალიან კვალიფიციურ ორგანიზაციის მიერ და შედეგი ვერ მოარტყეს, იქაც 5%-ზე მეტი გადახრა იყო," - ამბობს ბიგვავა.
თურმანიძის მსგავსად, ბიგვავაც გამოდის ინიციატივით, რომ ძირითადი ფაილი, სადაც პირველადი მონაცემები იკრიბება, გასაჯაროვდეს.
იდეოლოგია და არა მეცნიერება
სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი ღიად საუბრობს იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში სოციოლოგიური გამოკითხვები პარტიების იდეოლოგიური იარაღია და რეალობის დადგენას არ ემსახურება.
"როდესაც პოლიტიკას უკავშირდება რამე, იქ ძალიან მძიმედ მიდის ჭეშმარიტებისა და მეცნიერების საკითხი. 8%-იანი ცდომილება სოციოლოგიაში არ უნდა მოხდეს, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდება, რომ გარიგებებსა და რაღაც-რაღაცებს ჰქონდა ადგილი. სოციოლოგია ძვირად ღირებული სიამოვნებაა დ ფულს ხარჯავენ არა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, არამედ იდეოლოგიისთვის, პოლიტიკაში ხმებია მთავარია," - ამბობს ბერძენიშვილი.
მისი აზრით, წესით, ამ სოციოლოგიურმა კომპანიებმა, რომლებსაც იმიჯი უფუჭდებათ, ხმა უნდა ამოიღონ და თქვან, რატომ არის ამხელა სხვაობა, მაგრამ თვლის, რომ აქ გარიგებებს აქვს ადგილი და ეს სირცხვილია.
"უნდა ამოიღონ ხმა, მაგრამ ეტყობა, სხვა გარიგებებია და სირცხვილია. თან, ამ კვლევებით რომ იწყებს ხალხი ზეიმს. სამწუხაროა და გული მტკივა, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ასეთნაირად იყენებს მავანი მაშინ, როდესაც მაგარი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის, პოლიტიკური პატიებისთვის, რომ შეცდომები არ დაუშვან და ა.შ.
"რაც მოხდა, აქ კომენტარიც ზედმეტია. ეს არ არის საზოგადოებრივი აზრის მეცნიერული გამოკითხვა, ეს არის საზოგადოებრივი აზრის კეთება. რაც არ უნდა ეწყინოთ, უმრავლესობა ჩემი მეგობრები და ნაცნობები არიან, მაგრამ როდესაც ელემენტარულ ობიექტურობას არ იცავს მკვლევარი, არ არის მისაღები. ყველა პარტიამ იცის, რა რეიტინგი აქვს მას, შიგნით მეტ-ნაკლებად ატარებენ ნამდვილ სოციოლოგიურ კვლევებს, რომ გაიგონ, მართლა რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ. საჯაროდ კი ამას არ ამბობენ და იდეოლოგიზირება ხდება, როდესაც იცი, რომ 10%-ზე მეტი გაქვს და იძახი 30%-ს. საჭიროა მენტალურად და კულტურულად შევიცვალოთ. კვლევები მხოლოდ დაინტერესებული, ანგაჟირებული პირებისთვისაა გათვლილი, რომ საკუთარი ამომრჩეველი დაამაგროს, მაგრამ სანამდე შეიძლება ეს წავიდეს?" - აცხადებს ბერძენიშვილი, და დასძენს: "ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ასეთი კვლევების შემოსაღების საშუალებას არ უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ და რა ვქნათ?! როგორც ჩანს, ვიმსახურებთ და იმათაც გასდით."
ცესკოს მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო - 48%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27%, "პატრიოტთა ალიანსმა" - 5%.
GFK-ის ეგზიტპოლით: "ოცნება" - 40%; "ნაციონალები" - 32%; "ალიანსი" 4%. ანუ "ოცნებას" დააკლდა 5% და "ნაციონალებს" მოემატა 8%.
TNS Opinion-ის ეგზიტპოლით: "ოცნება" - 53%; "ნაციონალები" - 19% და "ალიანსი" - 5%. ამ ეგზიტპოლით "ოცნებას" მიემატა 5%, "ნაციონალებს" დააკლდა 8%.