"ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალების გამოჩენის დროა"
თაკო მათეშვილი
14.10.2016

 სპეციალისტებს პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიების ბედი და მომავალი არცთუ სახარბიელოდ ესახებათ. ნაწილი მიიჩნევს, რომ გაერთიანების გარეშე ოპოზიციურ პარტიებს წარმატების მიღწევის იმედი არც მომდევნო არჩევნებში უნდა ჰქონდეთ.

თუმცა ნაწილი იმასაც დასძენს, რომ გაერთიანება უბრალოდ გაერთიანებისათვის იგივენაირად წამგებიანი იქნება და ეს უახლოეს წარსულში არაერთხელ დადასტურდა.

თითოეული მათგანი აცხადებს, რომ პარტიებს თავიანთი პოლიტიკისა და სტრატეგიის სერიოზული გადახედვა და ახალი ინოვაციური მიდგომის შემუშავება მოუწევთ. სხვა შემთხვევაში, მათი აზრით, ამომრჩევლისთვის მომხიბვლელი შეთავაზების გაკეთება მომავალშიც ისევე გაუჭირდებათ, როგორც ახლა გაუჭირდათ.

პარტიებში არჩევნების დასრულებისთანავე ძალიან საინტერესო და მოულოდნელი პროცესები განვითარდა. მოგეხსენებათ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა - ირაკლი ალასანიამ და რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ დატოვა. ხოლო სხვა პარტიებმა, ირიბად თუ პირდაპირ, გაერთიანებაზე დაიწყეს საუბარი.მაგალითად, "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ პრესკონფერენციაზე "რეალური, ნამდვილი, სერიოზული, ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანების" ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმ შედეგების შეცვლას, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებამ აჩევნა, პარტიები ცალ-ცალკე ვერ შეძლებენ.

როგორც აღმოჩნდა, პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც, თუმცა, კოალიციის ან საერთო პარტიის ჩამოყალიბებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

პოლიტოლოგები პარტიების ამ ახალი ინიციატივის შეფასებისას განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებენ. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი საჭირო და დროულია, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ გაერთიანება გამოსავალი არაა.

პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ მათ უკეთესი პერსპექტივა არც გაერთიანების შემთხვევაში ექნებათ. ერთი და იგივე ადამიანები, მისი თქმით, როგორი კონფიგურაციითაც უნდა გადააწყო, უკეთეს შედეგს მაინც ვერ დადებენ. პოლიტიკოსები, ფირალიშვილის თქმით, უნდა მიხვდნენ, რომ ძირეული ცვლილებებია საჭირო.

პარადიგმები, ამომრჩეველთან მიდგომაა შესაცვლელი. გარდა ამისა, მისი აზრით, არიან ფიგურები, რომლებიც პოლიტიკის განვითარებას უფრო ამუხრუჭებენ, ვიდრე ხელს უწყობენ.

"არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ, როგორც ეს "თავისუფალმა დემოკრატებმა" გაკეთეს. თუმცა, "თავისუფალ დემოკრატებზე" ნაკლებად ვიტყოდი იმას, რომ მათი წასვლა აუცილებელი იყო.

"არ დავასახელებ, კონკრეტულად ვისი წასვლის დროა. ვეჭვობ, ეს თავადაც კარგად იციან. ჩვენ ხომ მით უმეტეს ვიცით, ვინ არიან ადამიანები, რომელთა გავლენაც პოლიტიკურ პროცესებზე უარყოფითია", - აცხადებს ფირალიშვილი.

აქვე იგი გამოთქვამს სურვილს, რომ პარტიებს რაც შეიძლება მძაფრად შეეფასებინათ არსებული სიტუაცია და ისეთი გადაწყვეტილებები მიეღოთ, რაც მათ უკეთეს პერსპექტივას მისცემდათ.

"დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ დავარწმუნებთ ამომრჩეველს, რომ უმრავლესობაში ჩვენ მოგვიყვანონ," - ამით თუ დაიმშვიდეს თავი, უნდა ესმოდეთ, რომ პოლიტიკაში ასეთი რაღაც არ ხდება. როცა პარტია ერთხელ ვერ შედის პარლამენტში, მეორედაც ძნელია მან ხმების გადამწყვეტი რაოდენობა მოიპოვოს. თუკი იმის იმედზე არიან, რომ ვინმე ძლიერს მიეკედლებიან, მაშინ გამოდის, რომ საქმე პოლიტიკურ პარტიებთან არც გვქონია", - ამბობს იგი.

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პარტიებმა ძირეული რეორგანიზაცია უნდა განახორციელონ, პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძეც იზიარებს.

მისი აზრით, მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებში განვითარებული კრიზისი უკვე არაერთხელ ვიხილეთ, მათ სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანეს. სწორედ ამის შედეგია ის მწირი პროცენტები, რაც მათ არჩევნებში აჩვენეს.

"თუკი ამ პარტიებში მართლაც სერიოზული განახლება და "რებრენდინგი" არ ჩატარდა, ან მომავალი არჩევნებისთვის რომელიმე ძლიერ პოლიტიკურ ძალას თუ არ მიეკედლნენ და მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღეს, გარწმუნებთ, რომ იგივე შედეგს დადებენ.

"თუმცა, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც ახლა აკეთებენ, მათში სერიოზული განახლების პოტენციალს ვერ ვხედავ. იმის მაგივრად, რომ პარტიები ახლა ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ისხდნენ და აანალიზებდნენ, თუ რატომ მიიღეს ასეთი შედეგები, იმით არიან დაკავებულები, რომ ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" ლანძღავენ და ტელეეკრანებზე გულს იოხებენ.

"თუკი საქმიანობას ასეთ სტილში გააგრძელებენ, მათი პერსპექტივა საკმაოდ მძიმედ წარმომიდგენია", - აღნიშნავს ანჯაფარიძე.

მისი აზრით, ამგვარი ჩამოუყალიბებელი ნაბიჯები და ორაზროვანი განცხადებები პარტიებს ამომრჩევლებს კიდევ უფრო უმცირებს.

"იგივე პროცესები მიდის ბურჭულაძის პარტიაშიც. უცნაურ განცხადებებს აკეთებს, თითქოს მიდის, თითქოს რჩება... თუნდაც ალასანიას განცხადება დროებით წასვლის შესახებ. რას ნიშნავს დროებით წასვლა? როცა მოგინდება დაბრუნდები? მაშინ, როცა შენს პარტიაში ყველაფერი მოგვარებული იქნება? გამოდის, რომ პარტია ყველაზე მძიმე მომენტში დატოვა. ალასანიას წასვლა ამომრჩეველზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედებდა. პარტიას დიდი სამუშაო ექნება გასაწევი მათი ისევ შემობრუნებისათვის", - დასძენს იგი.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ანჯაფარიძე გაერთიანებას გამოსავლად არ მიიჩევს და ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში ყველა გაერთიანებამ კრახი განიცადა. ოპოზიციურ პარტიებს, მისი თქმით, რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ წარმატებით არც ერთი მათგანი არ დამთავრდა. ეს კი, პოლიტოლოგის აზრით, იმიტომ მოხდა, რომ გაერთიანება გაერთიანებისათვის არ შეიძლება.

"ეს რაღაც პრინციპების ირგვლივ უნდა ხდებოდეს და არა იმისათვის, რომ როგორმე პარლამენტში შეძვრე. სანამ პარტიები ამის შეგნებამდე არ მივლენ, ნებისმიერ მათგანი განწირულია", - მიიჩნევს ანჯაფარიძე.

იმ შემთხვევაში კი, თუ პარტიები სწორ ტაქტიკას აირჩევენ და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ, იგი დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევის შანსი გაერთიანების გარეშეც ექნებათ.

"ამას ყველა პარტიაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ის პარტიები, რომელთაც პოლიტიკურ ველზე თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს, თავიანთ ნიშას მიაგნეს, უნდა შეეცადონ, რომ ეს ნიშა გააღრმავონ. როგორც ეს "პატრიოტთა ალიანსმა" გააკეთა", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი, პროფესორი): "ამ ოთხი წლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალების გამოჩენის დროა. პარტიების პერსპექტივას რაც შეეხება, ეს ფინანსებზეა დამოკიდებული.

"ჩვენთან 200 პარტიაა. მათ უმეტესობაში მხოლოდ 5 წევრია. ამ არჩევნებშიც უამრავმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა და ხმების მიზერული რაოდენობა აიღეს. ისინი რაღაცის გარშემო აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ.

"ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა ისტორიიდან ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს. ვერ გაიგეს, რომ ერთად თუ არ იქნებიან, ცალ-ცალკე არაფრის შანსი არ აქვთ. მაინც დაიფანტნენ და შედეგიც სახეზეა.

"ამომრჩევლისთვისაც მომაბეზრებელია ეს. იმიტომაც არ მოდის უმეტესობა არჩევნებზე. ისიც ელოდება იდეის გარშემო გაერთიანებას. იმ იდეის გარშემო, რომელიც მისთვის მოსაწონი იქნება. ამომრჩეველს პარტიების პროგრამები არ აინტერესებს. იცის, რომ ის მაინც ვერ შესრულდება. ამიტომაც გაერთიანება საჭიროა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×