გვანცა ღვედაშვილი
17.10.2016

 "საზოგადოების პასუხისმგებლობა იზრდება, რადგან სწორედ მათი არჩევანი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც ჩვენთან პარტიის მომავალ გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ლევან ბერძენიშვილი: "რესპუბლიკური პარტია" მეორე ტურში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ჩვენ რაიმე სპეციალური შეხვედრა ამასთან დაკავშირებით არ გვქონია. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა მხარი იმ ადამიანს უნდა დაუჭიროს, ვინც მას მოსწონს. რაიმე სხვა ტიპის მოწოდება თუ კონკრეტულად ვისი მხარდამჭერი უნდა იყო და ვისი არა, ჩვენ არ გვექნება.

ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც "თავისუფალი დემოკრატები" არიან გასული მეორე ტურში, ვგულისხმობ ჭიათურის რეგიონს, ჩვენ შევეცდებით, რომ მხარი აუცილებლად მათ დავუჭიროთ, რადგან ეს მონათესავე და ახლობელი იდეოლოგიის პატია გახლავთ.

სხვა შემთხვევაში კი ყველა ინდივიდუალურად გადავწყვეტთ, რომელი პერსონა სჯობს, რადგან, არც ერთ სახელისუფლებო პარტიასთან განსაკუთრებით ახლოს არ ვართ. ხოლო რაც შეეხება კოალიციას, ერთთანაც ვყოფილვართ და მეორესთანაც, ამიტომ ამ პრინციპით ვერ ვიხელმძღვანელებთ.

მგონია, რომ საფრთხე, რომელსაც ვიღაცები ხედავენ, რომ "რესპუბლიკელებმა" ვიღაცას მხარი არ დაუჭირონ, არარეალურია. ჩვენ ვიცით, რამდენი მხარდამჭერი გვყავს. ვიცით, რომ არ ვწყვეტთ ამ ეტაპზე ხელისუფლებაში არაფერს. შესაძლოა, მეორე ტურზე ჩვენი ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდეს, რადგან ინტერესი დაკარგოს, მაგრამ თუ მივა, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რომელი კანდიდატიც სჯობს და არა რომელი პარტია, რადგან ჩვენ არც ერთი პარტია არ მოგვწონს.

"მთელი კვირა": რაც შეეხება მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს, რა მოლოდინი გაქვთ და რას აპირებს ამ არჩევნებზე "რესპუბლიკური პარტია"?

ლ.ბ.: ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ყველა იმ არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის თვითმმართველობისაშიც. ჩვენ შევეცდებით, მივაღწიოთ წარმატებას და გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც ახლა დავუშვით.

ჩვენი ხაზი იქნება პარტიის იმიჯის გაუმჯობესება, მეტი ქალის, მეტი ახალი სახისა და ახალგაზრდის წარმოჩენა, რათა მოსახლეობას დავანახვოთ, რომ ჩვენ მომავლის პარტია ვართ.

"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებში წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი გექნებათ?

ლ.ბ.: ტრადიციულად ყოველთვის ასე იყო. თვითმმართველობის არჩევნებში ყოველთვის უფრო მეტ წარმატებას ვაღწევდით, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს. ფიქრით ჩვენ ვალდებულნი ვართ, ასე ვიფიქროთ. დიახ, ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში შედეგების გაუმჯობესებას ვაპირებთ.

"მ.კ.": როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას?

ლ.ბ.: ეს არც ერთი პარტიისთვის არ არის სასურველი. "რესპუბლიკური პარტიაც" რომ იყოს კონსტიტუციური უმრავლესობით, ეს თავის თავში მოიცავს ინსტიტუციონალურ საფრთხეს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა უკონტროლო გახდეს, ვინაიდან მათ ვერავინ ხელს ვერ შეუშლით, შესაძლოა, გადაწყვეტილებები გაუაზრებლად მიიღონ. მაგრამ თუ ასეთ ძალას იღებ, მაშინ, ბუნებრივია, საზოგადოება უნდა დაირაზმოს, რათა ხელისუფლებამ არ დაუშავს შეცდომები და ქვეყანას უფსკრულისკენ არ ვუბიძგოთ.

"ქართულ ოცნებას" განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილმა უნდა მოსთხოვოს პასუხი, რომელმაც მას მხარი დაუჭირა, რათა არ გადადგას მძიმე და გაუაზრებელი ნაბიჯები, ვინაიდან მათ ახლა გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და შეუძლიათ ქვეყანა სრულიად შეცვალონ როგორც კონსტიტუციონალურად, ისე სხვა მხრივაც.

ამიტომ გასაგებია, რომ საზოგადოების პასუხისმგებლობაც იზრდება, რადგან სწორედ მათი არჩევანი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა. ვინც ამ პარტიას მისცა ამხელა უფლებამოსილება, პასუხისგებლობაც მას ეკისრება.

"მ.კ.": რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის არჩევასა და ოჯახის ინსტიტუტის განსაზღვრას ეხება, ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება, რამდენად მისაღებია ეს ცვლიებები?

ლ.ბ.: ოჯახის ჩანაწერთან დაკავშირებით ჩვენი აზრი თქვენ იცით. მიგვაჩინია, რომ ეს ჩანაწერი არ არის აუცილებელი და მისი კონსტიტუციაში გაჩენით მოსახლეობა უკეთეს ცხოვრებას ვერ დაიწყებს. ეს არის ფუყე საკითხი, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის. თუკი "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ყველა იტყვის, რომ ამაზე დიდი ბედნიერება მათ არ ჰქონიათ, ეს ასე არ არის.

პრეზიდენტის საკითხზე მე ვერასდროს დავმალავ, რომ ჩვენ, "რესპუბლიკელები" ყოველთვის ვიყავით მომხრე, რომ საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაში პრეზიდენტი ან პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ან პარლამენტმა, აჭარის საბჭომ და სხვა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ერთობლივად. ანუ, იყოს მოდელი რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია ან ავიღოთ გერმანული მოდელი.

ვიღაცები ამბობენ, რომ ეს ძალიან ცუდია, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია ასეთი მოდელი.

საფრთხე არა საპარლამენტო რესპუბლიკაში, არამედ იმაშია, რომ მთელი ძალაუფლება არ ჩაიგდოს ხელში ერთმა პარტიამ. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ეს საფრთხე საფრთხედ არ ჩათვალა. ახლა რაც კარგია და ნორმალურია მთელ მსოფლიოში, იმას ნუ ჩავთლით საფრთხედ.

დიახ, პრეზიდენტი შესაძლოა პარლამენტმა აირჩიოს და ეს არ არის ტრაგედია. მნიშვნელოვანი ის არის, პარლამენტი ვინ და როგორ აირჩია. ერთპარტიული პარლამენტი ცუდია, თუმცა ეს მე არ გადამიწყვეტია, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა.

"მ.კ.": როგორი იქნება "რესპუბლიკური პარტიის" უახლოესი გეგმები?

ლ.ბ.: პარტია გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. აქტივობა არ შემცირებულა და არც შემცირდება. "რესპუბლიკური პარტია" გამოცდილი პარტიაა, ჩვენ ყველაფერი გვინახავს - მოგებაც და წაგებაც და არ ვაპირებთ ახლა მასობრივი გადატრიალება მოვაწყოთ, ან მიღებები. ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ მოღვაწეობას.

ვიღაცებს ეს ძალიან აღიზიანებთ, მაგალითად, გამზარდიამ, რომელიც ექსპერტია, თქვა, კარგი იქნება, "რესპუბლიკური პარტია" თუ დაიშლებაო. ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ არ შეიძლება სხვისი ოჯახის დაშლაზე იოცნებოს. ეს არ არის სამართლიანი.

ვინ ჰკითხავს გამზადიას ჩვენი პარტიის დაშლას და რატომ იქნება ეს კარგი?! ეს არის ექსპერტობა?! ისე მიკვირს საქართველოში როგორ დაუფიქრებლად ისვრიან აზრებს. მეც ვიცი, ვის უნდა დაეცეს თავში აგური, მაგრამ ამას არ ვლაპარაკობ. ცოტა განათლება ხომ უნდა გქონდეს...

არც "რესპუბლიკური" და არც სხვა რომელიმე პარტიის დაშლა არ იქნება კარგი. ძალიან მალე დაინახავს ყველა, რომ უკეთესი იქნებოდა, "ქართული ოცნება" პარტია მაინც ყოფილიყო. ისეთ კრებულს ჩააბარეს ქვეყანა, რომელიც ჯერ არ არის პარტია და ახლა ამბობენ, "რესპუბლიკელები" უნდა დაიშალონო. ასეთი რამ მიუღებელია და არ შეიძლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×