მოსაზრება
17.10.2016

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, თამაზ კერძევაძე

უმორჩილესად ვთხოვთ მკითხველს, შეაჯეროს რამდენიმე ფაქტი. პირველი ფაქტი. რუსეთმა ცნო საქართველოს ტერიტორიის ნაწილების - აფხაზეთისა და ნახევარი შიდა ქართლის - დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. ამავე დროს ბ-ნი ჯ. გახოკიძე, რომელიც შევარდნაძეს საქართველოს უშიშროების სამსახურთა სათავეში ჰყავდა, გასული არჩევნების წინა კვირებში ყოველდღიურად აცხადებდა, რომ საქართველოს სახელმწიფოში უნდა შედიოდეს აფხაზეთი და "სამხრეთი ოსეთი" (ზედსართავის "ყოფილი" გარეშე!) გაფართოებული ავტონომიის უფლებებით. რუსული ოფიციალური ტერმინოლოგიისა და გახოკიძისეულის ურთიერთშეუთავსებლობა აშკარაა.

იგი ვერ აიხსნება სხვაგვარად, თუ არ როგორც შემდეგის ნიშანი: რუსეთი, იცნობიერებს რა, რომ მსოფლიო არ ცნობს არც აღნიშნული ტერიტორიების "დამოუკიდებლობას" და არც მათ ანექსიას რუსეთის მიერ, რომელსაც რუსეთი აქამდე დაუფარავად გეგმავდა, ახლა ნიადაგს ამზადებს, რათა ამ ტერიტორიებს საქართველოს შიგნით ავტონომიური სტატუსის პირობებში რუსეთს მათ მიმართ "გარანტორის" ან რაიმე სხვა მსგავსი უფლებები მიეცეს, პრაქტიკულად - გეგმავს, რომ აღადგინოს უკანონო "სამხრეთი ოსეთი", როგორც ავტონომია და შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ბაზები იქ.

მკითხველმა უკვე იცის, რომ ეს გეგმა საქართველოსთვის მიუღებელია: რუსეთი უნდა წავიდეს და წავა საქართველოდან მისი ტერიტორიის მიმართ ყოველგვარი პირობებისა და ყოველგვარი უფლებამოსილებების გარეშე.

მეორე ფაქტი. რუსეთი ამ მიზანს ვერ მიაღწევს ისე, თუ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებმა (პარლამენტმა და პრეზიდენტმა) არ ჩაიდინეს პირდაპირი სახელმწიფო ღალატი ანუ არ აღადგინეს უკანონო "სამხრეთი ოსეთი" და არ მიანიჭეს მის მიმართ დიდი უფლებამოსილებები რუსეთს. ამ მოღალატური ნაბიჯების გადადგმას სჭირდება პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობაც, და, გარკვეულ სიტუაციაში, ხმათა 3/4-იც, რაც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლით. "ქოცებს" სადღეისოდ პარლამენტში 3/4 ეყოლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავის გუნდად მიიჩნიეს თავისი და "ნაცების" ჯამური უმრავლესობა. ანუ მათ საკუთარი თავი და "ნაცები" ერთ გუნდად მიაჩნიათ.

მესამე ფაქტი. "ნაცების" ახალი საპარლამენტო წარმომადგენლების რიგებში ამ რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა იდეა, რომ თავისი მხოლოდ 27%-ის უკმაყოფილების გამო და არჩევნების გაყალბების მოტივით უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე. ეს ფაქტი საკმარისად მიგვაჩნია (რადგან მისი სხვა მოტივი ან მიზეზი არ ჩანს) რომ დავასკვნათ: "ნაცების" ამ იდეის გაჩენის მიზეზია მათი მისწრაფება, რომ თავი გაარიდონ იმგვარ საპარლამენტო აქტში (აქტებში) მონაწილეობას, რომელიც მათ სამუდამოდ დაასამარებს საზოგადოების თვალში, მაგრამ რომელზეც უარს ვერ იტყვიან რუსეთის კატეგორიული მოთხოვნის გამო.

ამგვარ აქტად დღეს, მოცემულ მომენტში იგულისხმება ცხინვალის რეგიონის ის "მოგვარება", რასაც ჯ. გახოკიძე გვთავაზობს. :პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში შესული კიდევ ექვსი სული სიტუაციას არ ცვლის არც არითმეტიკულად, არც შინაარსობრივად.

ჩვენ, საქართველოს ეროვნულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მყარი პროგნოზი გვაქვს იმისა, თუ რა შინაარსისაა რუსეთის წეღან ხსენებული დავალება, რომელიც მას თავისი კომბინირებული ლობისთვის ჰყავს საქართველოს ახალ პარლამენტში "ნაცებისა" და "ქოცების" ჯამის სახით. ეს დავალება შედგება ორი სახის საპარლამენტო აქტისაგან:

1. აქტები, მიმართული საქართველოს მრავალმხრივი კაპიტულაციებისაკენ რუსეთის წინაშე. ჯ. გახოკიძის შემოთავაზებული გეგმა ერთი ამათგანია.

2. საქართველოს ხელისუფლების, როგორც მართვის ორგანოს, მაქსიმალურად სრული კანონმდებლობითი პარალიზაცია გარეგანი გავლენების მოგერიების უნარის დათრგუნვის მიზნით.

საქმის არსში გარკვევისათვის საზოგადოებას უნდა მოეხსენებოდეს შემდეგი. "სამხრეთი ოსეთი" ანუ "ოსეთი" კავკასიონის ქედის სამხრეთით შეიქმნა კანონსაწინააღმდეგო (და, ზოგადად, სამართალსაწინააღმდეგო) წესით. რუსეთის შემოსვლისას ოსური მოსახლეობა ძალიან მცირერიცხოვან ცალკე ჯგუფებად გაფანტული იყო მტკვრის მარცხენა შენაკადების რამდენსამე ხეობაში (ოსები საქართველოში პირველად გამოჩნდნენ ანუ ჩამოსახლდნენ ყქ|| საუკუნის დამლევს ჯავაში).

არც ერთ დასახლებულ პუნქტში ოსები არ შეადგენდნენ მოსახლეობის მნიშვნელოვან პროცენტს დაბა ჯავის გარდა. მიუხედავად ამისა, რუსებმა ფართოდ გაავრცელეს ზედსართავების "ოსეტინსკი", "ოსეტინსკაია" გამოყენება ახალი ადმინისტრაციული ერთეულების დასახელებებში. "ოსეტინსკაია დისტანცია", "ოსეტინსკი უჩასტოკ", "ოსეტინსკი უეზდ", რათა შეექმნათ ტერიტორიის ოსურობის ყალბი შთაბეჭდილება.

გამჭოლი გეგმა იყო და დღესაც არის საქართველოში ამ სიყალბით ოსეთის შეკოწიწება და მისი შემდგომი შეერთება ნამდვილ ოსეთთან ანუ მიწაწყალთან, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობდა და მდებარეობს და რომელიც რუსეთს ეკუთვნოდა მაშინაც და ეკუთვნის დღესაც. ამით რუსეთს უნდოდა და კიდევ უფრო უნდა დღეს, გახდეს ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური შედეგით. ყ|ყ საუკუნეში ამას მოტივად ჰქონდა ის, რომ რუსეთი ადვილად ვერ შეეხებოდა ესოდენ უხეშად ბაგრატიონებისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ტერიტორიას.

ოსური მოსახლეობა ქართლში ძირითადად შეიქმნა რუსეთის აქტიური ხელშეწყობის პოლიტიკით ჯერ ხიზნობის სახით (მან განსაკუთრებულად ფართო სახე მიიღო 1864 წლიდან ანუ საქართველოში ბატონყმობის გაუქმებიდან. რუსეთმა კოლონიზაციის ეს საშუალება მაქსიმალურად გამოიყენა). ოსურ ანტიქართულ მოძრაობას 1918-1921 წლებში ხელმძღვანელობდა საბჭოთა რუსეთი, მაგრამ სრულებით უშედეგოდ (ქართულმა სახელმწიფომ წარმატებით ჩაახშო სამივე აჯანყება, რუსი ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული, 1918-1920 წლებში.

ოსებს შორის რუსეთის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული მოძრაობა იყენებდა მხოლოდ რუსულ ენას. მის ორგანზიაციებს ერქვათ "ოსეტინსკი სოვეტ", "ოსეტინსკი კომიტეტ" და ა.შ. ეს რუსული ზედსართავი ნიშნავდა "ოსურს", ანუ ოსების კუთვნილს, და ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი მას ვერანაირ შარს ვერ მოსდებდა: ყველას აქვს უფლება შექმნას თავისი საბჭოც და კომიტეტიც. შემდეგ, საქართველოს მეორე ანექსიის შედეგად (რასაც აფიქსირებს საქ. სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილების ტექსტი "საქართველო არის დაპყრობილი და ანექსირებული ქვეყანა") რუსებმა იგივე ზედსართავი გადათარგმნეს ("გაიგეს") როგორც "ოსეთის კუთვნილი" და არა "ოსების კუთვნილი" და ამგვარად შეთხზეს (გამოიგონეს) სახელი "ოსეთი" იმ ქართული ტერიტორიებისათვის, რომლებშიც კი ოსები ცხოვრობდნენ თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობით.

ამ წესით შექმნეს არარსებული ქვეყანა "სამხრეთი ოსეთი", რაც, რა თქმა უნდა, სრულ გეოგრაფიულ სიყალბეს, ისტორიულ სიყალბეს და დემოგრაფიულ სიყალბეს წარმოადგენდა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ არც ქართველებს (ანუ ხელისუფლებას), არც სეპარატისტ ოსებს, რომლებიც ოსებისთვის სხვადასხვა უსაფუძვლო უფლებებს ითხოვდნენ, 1918-1920 წლებში არ უცდიათ კანონიერების (კონსტიტუციურობის) შელახვა იურიდიული წესით.

პირველი იურიდიული ძალადობა ოსური სეპარატისტული მოძრაობის ისტორიაში მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე 1920 წელს, როცა საქართველო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთს მასთან დიპლომატიური მოლაპარაკება ჰქონდა. ეს ძალადობა იყო რუსეთის ერთ-ერთი პარტიული ორგანოს - რუსეთის კომუნისტური პარტიის - რსდმპ (ბ) - კავკასიის ბიუროს (ქ. როსტოვი) ბრძანება საქართველოში (ანუ უცხო ქვეყანაში) ახალი ერთეულის შექმნის შესახებ.

ამ ტექსტს მოჰყვა ანალოგიური დოკუმენტი რუსეთის ცკ-სი (მოსკოვი) და მთელი რიგი ამავე შინაარსის დოკუმენტებისა, რუსეთისვე ტერიტორიაზე შექმნილის. ხაზგასმით აღსანიშნავია: უკლებლივ ყველა იურიდიული დოკუმენტი (აქტი), რომელიც უდევს საფუძვლად ან ოდესმე სდებია საქართველოში "ოსეთის" შექმნასა და არსებობას, არის კანონსაწინააღმდეგო, ანუ იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მაშინდელი, დღევანდელი და ყველა სხვა დროის ელემენტარულ ნორმებს.

გამონაკლისია ერთადერთი დოკუმენტი იმით, რომ იგი შექმნილია საქართველოში. ეს არის საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ფაქტობრივად აღმასრულებელი ხელისუფლების) დეკრეტი #2 1922 წლის 19 აპრილისა, რომელიც ქმნის საქართველოში "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს" დედაქალაქით ცხინვალში, რომელშიც იმ დროს არც ერთი ოსი არ ცხოვრობს. დეკრეტს ხელს აწერენ ფილიპე მახარაძე, სერგო ქავთარაძე და კალანდაძე.

დედანი რუსულია. იგი იწყება აბსურდული ფრაზით "უსტროიტ იუჟნიუ ოსეტიუ", რაც ფაქტობრივად ნიშნავს არაფრისგან შექმნას, გამოგონებას და შეკოწიწებას იმის მიუთითებლად, თუ რას აკოწიწებთ და რისგან აკოწიწებთ.

ეს დადგენილებაც ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მას ავტომატურად აუქმებს საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის ზემოხსენებული დადგენილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო არის "დაპყრობილი და ფაქტობრივად ანექსირებული ქვეყანა", ხოლო შემდეგ იმავე წლის 19 ივნისის დამატებებით ამ კანონისათვის, განმარტებულია, თუ სახელდობრ რა სახის დოკუმენტები საბჭოთა კანონმდებლობისა უნდა ჩაითვალოს გაუქმებულად ამ კანონის ძალით.

ამგვარად, 1990 წლის 11 დეკემბრის საქართველოს უზანაესი საბჭოს კანონით "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" გაუქმებულია ერთხელ და სამუდამოდ. ასე რომ, ამ გამოთქმის ოფიციალური ხმარება, მით უმეტეს - ამ სახელით საქართველოში დღეს არარსებული ერთეულის შექმნა დანაშაულს წარმოადგენს. თუ ბ-ნ ჯ. გახოკიძეს გულუბრყვილოდ სწამს, რომ რუსეთი ამიეკავკასიაში თავისი გავლენის აღდგენას შეძლებს ან იგი თავის გავლენასა და სტატუსს, რაც დღეს აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში, შეინარჩუნებს, იგი ღრმა პოლიტოლოგიურსა და ფუტუროლოგიურ შეცდომას უშვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×