ეკატერინე ბასილაია
17.10.2016

 შესაძლოა, სულ მალე ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში გამოჩნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტურ პოსტს ირაკლი ალასანიას სთავაზობს.

გარდა ამისა, ასევე საუბარია იმაზეც, რომ "თავისუფალი დემოკრატებისგან" წასულმა რამდენიმე მისმა ყოფილმა თანაპარტიელმაც შეიძლება, მიიღოს თანამდებობის შეთავაზება, ოღონდ არა პრეზიდენტისგან, არამედ "ქართული ოცნებისგან" და თუკი ეს ასე მოხდება, ალასანია და მისი ყოფილი თანაგუნდელები აღმასრულებელი ხელისუფლების დაპირისპირებულ ბანაკებში აღმოჩნდებიან.

პოლიტოლოგების თქმით, ალასანიას პრეზიდენტის გუნდში გამოჩენა სასურველია და შესაძლოა, ეს მარგველაშვილის ირგვლივ მომავალი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მიმანიშნებელიც იყოს.

ხოლო თუ პარტიის სხვა ლიდერები ოპოზიციიდან უცებ "ქართული ოცნების" გუნდში თანამდებობებზე გადაინაცვლებენ, ეს არცთუ დადებითად შეფასდება და ამ პოლიტიკოსების იმიჯს დიდი ზიანი მიადგება კიდეც. ალასანიას უშიშროების საბჭოში დანიშვნა კი ცოტა განსხვავებული რამეა, რადგან პრეზიდენტი დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციად აღიქმება....

ვინ სად შეიძლება წავიდეს "თავისუფალი დემოკრატებიდან"

კონკრეტულად რომელი ყოფილი "თავისუფალი დემოკრატი" სად დაინიშნება, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეთანხმება არსებობს და ალასანიას პარტიიდან წასულებს საგარეო საქმეთა სამინისტროში სთავაზობენ დასაქმებას. მაგალითად, ვიქტორ დოლიძეს შესაძლოა, მინისტრის მოადგილის თანამდებობა შესთავაზონ. აღსანიშნავია, რომ პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც ყოფილი "თავისუფალი დემოკრატია" და მან ეს პოსტი პარტიიდან წასვლის შემდეგ მალევე მიიღო.

ასევე საუბარია იმაზეც, რომ უქმდება ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის სახით შეუერთდება და დიდი ალბათობაა, ამ თანამდებობაზე ვიხილოთ რომელიმე ყოფილი "თავისუფალი დემოკრატი".

ასევე ზურაბ აბაშიძეს შესაძლოა შესთავაზონ ელჩის პოსტი, ირაკლი ჩიქოვანს კი ასევე საგარეო უწყებაში რომელიმე დეპარტამენტის უფროსობა.

იმაზე, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან თანაშრომლობა "ოცნებისთვის" მისაღებია, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა განცხადება.

"სამწუხაროა, რომ რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში, რის გამოც საბოლოოდ გაუჭირდა ბარიერის გადალახვა. არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ სიმპათიებს და თანამშრომლობას შესაბამისად არ გამოვრიცხავ, თუმცა ვისთან როგორ და ა.შ. - ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი," - განაცხადა კობახიძემ ამ პარტიიდან ლიდერების წასვლის შემდეგ.

ჯერჯერობით "ქართულ ოცნებასთან" რაიმე სახის მოლაპარაკების დაწყებას არ ადასტურებენ ყოფილი "თავისუფალი დემოკრატები". თუმცა, ნაწილი ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში თანამშრომლობა შესაძლებელია.

ვიქტორ დოლიძის თქმით, პრემიერ-მინისტრს არ შეხვედრია და მოლაპარაკება არ ჰქონია, თუმცა პოლიტიკაში ყოფნისას არ გამორიცხავდა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას და "ბუნებრივია, არც ახლა გამორიცხავს".

ირაკლი ჩიქოვანმა "მთელ კვირას" განუცხადა, რომ ის ამ ეტაპზე პოლიტიკისგან ისვენებს და გეგმებზე არ საუბრობს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება" და მხოლოდ ერთი რამეა გამორიცხული - ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არასდროს არ იქნება.

გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ მას არანაირ განხილვასა და შემოთავაზებაში მონაწილეობა არ მიუღია, სხვამ კი თავისი თქვას.

ალასანიას არჩევანი

ყოფილი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება, მიიღო თუ არა გიორგი მარგველაშვილისგან შეთავაზება და ვნახავთ თუ არა მას ჩვენ არა "ქართული ოცნების", რაც გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილთან მისი დაპირისპირების გამო, არამედ პრეზიდენტის გუნდში.

ალასანია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე საუბარს ხვალ, 18 ოქტომბერს აპირებს.

თუკი ალასანია პრეზიდენტის გუნდში გამოჩნდება, პოლიტოლოგების ნაწილში იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ერთგვარი ნიშანი იმის, რომ მარგველაშვილი ირგვლივ ახალ პოლიტიკურ გუნდს იკრებს, რომლითაც შესაძლოა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მომავალ არჩევნებში ჩაერთოს. თუმცა, მეორე ნაწილის თქმით, პრეზიდენტის სურვილი შესაძლოა იყოს მხოლოდ ის, რომ ალასანიას მსგავსი პოლიტიკური პოტენციალის მქონე ლიდერი არ დარჩეს პოლიტიკის გარეთ და ჯერჯერობით, ახალ პოლიტიკურ ძალაზე საუბარი ნაადრევია.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, არ გაუკვირდება, თუ მარგველაშვილი ალასანიას თანამდებობას შესთავაზებს, თუმცა, ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას იწყებს, რადგან ჯერ ბევრი რამ უნდა "მოიხარშოს" და ეს მხოლოდ შორეული პერსპექტივის თემაა.

"შეიძლება, მარგველაშვილმა ალასანიას ეს თანამდებობა შესთავაზოს. მე თუ მკითხავთ, ალასანია ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ღირსეულად მიიღო მარცხი და მოსახლეობაშიც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ მხრივ. მასთან დაკავშირებით რომ ნებისმიერს და მათ შორის მარგველაშვილს პოლიტიკური პერსპექტივები ჰქონდეს, ეს ლოგიკურია.

"თუმცა, არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი სამომავლო პოლიტიკური ცენტრის შექმნას მიანიშნებდეს. ამ პერსპექტივით რომ დგამდეს მარგველაშვილი ნაბიჯებს, მაშინ ან ფიქრია ჩიხრაძეს რატომ მიიყვანდა თავისთან, ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი აბაშიშვილს. არც ერთი არ არის არჩევნებისთვის გამოსადეგი პირი, ორივე ჩრდილში მყოფი, ნაკლებად პოპულარული ფიგურაა, რომლებსაც მხოლოდ მუშაობა შეუძლიათ და ამა თუ იმ სფეროში საკუთარი აზრის არგუმენტირებულად წარმოჩენა.

"იგივე არგუმენტია ალასანიასთან მიმართებაშიც. ისეთი პოლიტიკური პოტენციალის მქონე ადამიანი, როგორიც ალასანიაა, რა თქმა უნდა, სასურველია, არ დარჩეს პოლიტიკის გარეთ და თუ გიორგი მარგველაშვილმა მას თავის აპარატში ადგილი მიუჩინა, ეს ალასანიას პოლიტიკის გარეთ არდატოვების ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. მომავალი რაიმე ტიპის არჩევნებისთვის კი, როგორც ფიქრია ჩიხრაძე არ არის რეიტინგული, ისე ალასანიაც და ეს ამ არჩევნებმაც აჩვენა. ამიტომაც ხმების მოსატანად დიდად სასურველ პარტნიორს ალასანია არ წარმოადგენს," - აღნიშნავს საყვარელიძე.

თუმცა, მისივე თქმით, საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის ინტერესი დიდია და თუ პრეზიდენტს ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა აქვს გეგმაში, მაშინ ალასანია რომ უნდოდეს გვერდით, ესეც არ არის საკვირველი.

"ახალი გუნდის შექმნაში ალასანია რომ უნდოდეს თავის გვერდით ნებისმიერს, ეს გასაკვირი არ არის. აგერ, ბიძინა ივანიშვილმაც დაინანა, ალასანიამ რომ ვერ მოახერხა გადაებიჯებინა 5%-იანი ბარიერისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ალასანია მთლად მშვიდობიანად არ არის დაშორებული ივანიშვილის გუნდს. ალასანია ნამდვილად არის ის ფიგურა, რომლის მიახლოება, არდაკარგვა ყველასთვის იყოს მისაღები," - მიიჩნევს საყვარელიძე.

მისი თქმით, ძველი სახეების მიმართ ინტერესი ნაკლებია და საზოგადოება ელის ახალს. ეს იკითხება იმაშიც, რომ შთამბეჭდავი ხმები მიიღო "პატრიოტთა ალიანსმა" და არსებითად იმიტომ, რომ ახალი ძალაა.

"თუმცა, სანამ ახალ ძალას გააკეთებს ვინმე, ბევრი ფიქრია საჭირო - რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს სიახლე და რა უნდა ამ ამომრჩეველს. ამ ფიქრის გარეშე ნებისმიერ ახალ ძალასა და გაერთიანებას აზრი არ აქვს.

"მთავარი ის კი არ არის, ვინ იდგება მარგველაშვილის გვერდით, არამედ ის, თუ რა სიგნალი წამოვა მისგან. თუ მარგველაშვილმა განაგრძო პოლიტიკისთვის ბრძოლა, ის ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება, ამისთვის შემოიკრებს სამუშაო ჯგუფს. ბევრისთვის, როგორც პრეზიდენტი, ის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდა, ამიტომაც შესაძლოა, მას ამ ბრძოლაში პერსპექტივაც ჰქონდეს.

"ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება მარგველაშვილის პოლიტიკური გუნდის შექმნაზე საუბარი, რაც დღეს ნაადრევია," - დასძენს საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასული პოლიტიკოსები პროფესიონალები არიან, მათ დასავლეთში კარგად იცნობენ და ამ გუნდის გამოყენებას რომ "ქართული ოცნება" შეეცდება, ეს სრულიად ბუნებრივია.

ამბობს იმასაც, რომ ისე სწრაფად მოხდა ამ ლიდერების კოლექტიურად პოლიტიკიდან გასვლა, რამაც ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო თავად პარტია "თავისუფალი დემოკრატები" და ამ დროს თუ ისინი ახლა ხელისუფლებაში თანამდებობებზე აღმოჩნდებიან, ეს მათ იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედებს.

"ამასთან მინდა ვთქვა, რომ თუ ამის შემდეგ ისინი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდებიან და თანაც, ოპოზიციურ ფლანგზე დგომა მოუწევთ, მათ აუცილებლად შეახსენებენ, რომ ოპოზიციიდან მეორე დღესვე როგორ მოხვდნენ ხელისუფლების გუნდში. არა ხელისუფლებაში, არამედ ხელისუფლების გუნდში და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება.

"თუმცა, ეს არ ეხება ალასანიას. ალასანია თუ უშიშროების საბჭოში მოხვდება, ეს ცოტა განსხვავებული რამეა, რადგან პრეზიდენტი დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციად აღიქმება," - მიიჩნევს ძაბირაძე.

მისი თქმით, სწორი იქნება, თუ პრეზიდენტის ირგვლივ პროდასავლური ძალები გაერთიანდებიან და ახალ პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად.

ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე პროგნოზები ადრეც გაკეთდა და თავად მასაც გაუჩნდა ეს მოლოდინი, თუმცა, აღნიშნავს, რომ სანამ ყველაფერი სერიოზულად არ გამოიკვეთება, საუბარი რთულია.

"თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა "ოცნების" საპირისპირო რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, ამაში პრეზიდენტის სასახლეში გადასვლას არ ვგულისხმობ, მაშინ გამიჩნდა კითხვა - პრეზიდენტს ხომ არ აქვს პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია. ჩემი აზრით, მაშინ მარტივი იყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება და ამიტომაც მისი ქმედება იყო ან პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის გამო გამოთქმულ კრიტიკაზე რეაქცია, ან მართლაც აქვს ამბიცია, პოლიტიკაში ჩაერთოს.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა კაცია და რატომ არ უნდა უნდოდეს სახელმწიფოს მართვაში აქტიური მონაწილეობა და ამისთვის დაიწყოს პოლიტიკოსების გვერდით შემოკრება?! მაგრამ აქ მთავარია, რამდენად სწორად გადადგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს," - ამბობს ძაბირაძე, რომელიც თვლის, რომ თუ მარგველაშვილს განზრახვა აქვს პოლიტიკაში აქტიურად შემოვიდეს, მაშინ მას პოლიტიკური ორგანიზაცია სჭირდება და არა რამდენიმე ლიდერი და მარტო ალასანიას წაყვანით შეცდომას უშვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×