დოლარზე მზარდი მოთხოვნა რამდენიმე თვე კიდევ შენარჩუნდება
მარი ჩიტაია
18.10.2016

 ლარის გამყარების მოლოდინი საშუალოვადიან პერიოდშიც არ იკვეთება. იმაზე, რომ ეროვნულ ვალუტას ახალ წლამდე არაფერი არ ეშველება და გამყარება წარმოუდგენელია, ეკონომიკურ წრეებში არავინ დავობს. ის კი არა, მინიმუმ მომავალი წლის მარტამდე ეროვნული ვალუტის კურსს გაუმჯობესების პერსპექტივა არ აქვს. წინ იმდენად რთული პერიოდია, რომ არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

ამჟამად ლარის გაუფასურებას ერთჯერად მხვილ ტრანზაქციას უკავშირებენ, რომელშიც "თიბისი ბანკის" მიერ ბანკ "რესპუბლიკის" შესყიდვა და უცხოეთში თანხის გადარიცხვა მოიაზრება. სავარაუდოდ, ეს პროცესი 3-4 კვირა გაგრძელდება და სრულად წლის ბოლომდე დასრულდება. ასე რომ, დოლარზე მზარდი მოთხოვნა კიდევ შენარჩუნდება.

გარდა ამისა, უკვე ნოემბრის შუა რიცხვებიდან იმპორტიორები დაიწყებენ დიდ გადარიცხვებს, რომ პროდუქტები საახალწლოდ მოიმარაგონ, ცხადია, ესეც ლარის კურსს შეუქმნის პრობლემას. წლის ბოლო ახლოვდება და შესაბამისად, საგარეო ვალების გასტუმრების დრო დგება. ეს ფაქტორიც სავალუტო ბაზარზე თავის კვალს დაამჩნევს.

საკმაოდ რთული გრაფიკი იკვეთება ბიუჯეტის თვალსაზრისით. გადასახდებელის ნაწილში ბიუჯეტის შესრულებას დიდი პრობლემა აქვს, ტრადიციულად, წლის ბოლოს მოსალოდნელია დეფიციტური ხარჯვა, რაც ბაზარზე ჭარბი ლარის გამოსვლას შეუწყობს ხელს და სავალუტო რყევაზეც იმოქმედებს.

იანვარ-თებერვალში კი დაბალი ეკონომიკური აქტივობისა და უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირების გამო, კურსი ისედაც ქვემოთ ეშვება. ასე რომ, მომავალი რამდენიმე თვე ლარისთვის უმძიმესი იქნება. ფუნდამენტური ფაქტორების მხრივ, რაც ამ პროცესებს დააბალანსებს (ინვესტიციების შემოსვლა და ექსპორტის ზრდა) სასიკეთო ტენდენცია მაინც და მაინც არ იკვეთება.

ამდენად, ზოგადი ფაქტორები, რომელიც ლარის გაუფასურებას ხელს უწყობენ ზედაპირზეა და მათი დანახვა საფინანსო წრეებისთვის რთული არ არის. ყველა წინაპირობა ლარის საზიანოდაა. მთავრობას და ეროვნულ ბანკს არნახული ძალისხმევა მოუწევს, რათა ვითარება საბოლოოდ ხელიდან არ გაექცეთ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი დავით ასლანიშვილი ლარის გამყარების ალბათობას გრძელვადიან პერსპქტივაშიც კი საეჭვოდ მიიჩნევს.

"საუბარი არ არის დროის ფაქტორზე, ლარის კურსი დამოკიდებულია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კარდინალურ ცვლილებაზე საქართველოში. მთავარი არის, რომ ბოლოს და ბოლოს მან შეიძინოს, აღიდგინოს ან დაიბრუნოს ნდობა, რასაც ჰქვია ფულის ეროვნულ ვალუტაში შენახვის ფუნქცია. სამწუხაროდ, არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც ეროვნული ბანკი არ დგამს არანაირ ნაბიჯს, რომ ლარმა დაგროვების ფუნქცია დაიბრუნოს. ხალხი იმის ნაცვლად, რომ დეპოზიტებს ათავსებდეს ეროვნულ ვალუტაში, როგორც კი მიიღებს ლარს, გარბის დოლარზე გადასაცვლელად. არაფერი გვეშველება, სანამ ეს პროცესი არ შეწყდება. ხალხმა მასობრივად უნდა დაიწყოს ლარის დეპოზიტებზე განთავსება, გრძელვადიანი აქტივების შეძენა. ამისთვის კი ერვნული ვალუტის არეალი უნდა გაფართოვდეს.

დღესდღეობით ლარის მიმოქცევის არეალი ეკონომიკის 10-15%-ს არ აჭარბებს, რაც კურსზეც აისახება. საჭირო და აუცილებელია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გახსნა ფართო წრისთვის, რასაც ეწინააღმდეგებიან კომერციული ბანკები, ასევე სებ-ი და ფინანსთა სამინისტრო. საუბარია საფონდო ბაზარზეც, რომელიც მხოლოდ კომერციული ბანკების ხელშია. ლარიზაციის გამოცხადებული გეგმის შემდეგ არ ხდება არანაირი რეალური ნაბიჯის გადადგმა, მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის შერბილება-გამკაცრებით კი პრობლემა არ გადაწყდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დავით ასლანიშვილმა.

მას ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესი კაზინოში თამაშის პრინციპს აგონებს, სადაც ხალხი, როგორც წესი, წაგებული რჩება.

"ლარის მასის ზრდა არითმეტიკული პროგრესით ხდება. ყველა საკვანძო პოზიციაშია კომერციული ბანკების "რვაფეხის" ელემენტები, რომლებიც სრულად აკონტროლებენ ფინანსურ სისტემას და როგორც მტვერსასრუტი, ისე ისრუტავენ ფულად სახსრებს და გააქვთ უცხოეთში. საქართველოში კი ვრჩებით გაუბედურებულ მდგომარეობაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის ბოლომდე გაღარიბებული.

ფინანსური ინსტიტუტები განვითარების არანაირ შანსს არ გვიტოვებენ. ეს პრობლემა კაზინოს თამაშს დაემსგავსა - ცოტა ხნით გაამყარებენ ლარს, შემდეგ "ფსონს გაზრდიან" და ხელახლა ამოქმედდებიან. ნაცვლად იმისა, რომ სტაბილური ვალუტა და ეკონომიკურის განვითარება გვქონდეს, სათამაშო არენად გვაქციეს. ასეთ სიტუაციაში ლართან დაკავშირებით არანაირ პროგნოზს არ აქვს აზრი", - დასძენს დავით ასლანიშვილი.

ცოტათი განსხვავებული მოსაზრებისაა საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე. მართალია, ისიც იზიარებს მოსაზრებას, რომ წლის ბოლომდე კურსი სასიკეთოდ არ შეიცველბა, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივაში პროცესების წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს. საბანკო სფეროს ექსპერტი იმედოვნებს, რომ შეიცვლება ფუნდამენტური ფაქტორები, რაც საბოლოოდ ლარის კურსს გამყარებისკენ შემოაბრუნებს, თუმცა როდის შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს, მას ვარაუდი უჭირს.

"ლარის კურსის პროგნოზი გრძელვადიან პერსპექტივაში ღრმა ანალიზზე უნდა იყოს გათვლილი. უცნობია, მასზე რა ფუნდამენტური ფაქტორები მოახდენს გავლენას. როგორც წესი, ეკონომიკაში ორი რამ არ ექვემდებარება პროგნოზს: ლარის კურსი და საპროცენტო განაკვეთები. არავინ იცის, როგორც საითკენ დაიძვრებიან ისინი კონკრეტულ პერიოდში.

მაგალითად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ ფაქტორს, რაც ლარის სერიოზულ გაუფასურებას გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში. ყველაზე უკეთესად შეუძლია პროგნოზი ეროვნულ ბანკს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვლევის ინსტრუმენტები. სამწუხაროდ, სებ-ი ამას არ აკეთებს. შეიძლება რაღაც მოლოდინის შექმნა არ უნდათ, მაგრამ უნდა გააკეთონ ანალიზი, დადონ პროგნოზი იმისთვის, რომ ბაზარი შედარებით დასტაბილურდეს. როდესაც ეს არ ხდება, ჩნდება გაუფასურების მოლოდინი, შემდეგ იგი აჟიოტაჟურ მოლოდინში გადადის, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის ცუდი ნიშანია", - განმარტავს თუთბერიძე.

ფაქტია, რომ ეროვნულ ვალუტა ისევ ავად არის. ლარის საგრძნობი გაუფასურება არჩევნებიდან 2-3 დღეში დაიწყო და უკვე ნახტომისებური ეფექტი აქვს. უახლოეს თვეებში გაუფასურების შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს და ქვეყანა უმართავი სავალუტო პროცესის ზღვარზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×