ნინო ქეთელაური
18.10.2016

"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დააანონსა. როგორც მმართველ ძალაში აცხადებენ, ახალი მოწვევის პარლამენტისთვის პირველი და მთავარი განსახილველი საკითხები, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა იქნება.

ეს სამი ის საკითხია, რომელზეც ვერც წინა მოწვევის პარლამენტი შეთანხმდა და საზოგადოებაშიც აზრთა სხვაობაა. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და აღნიშნული საკითხების პრიორიტეტებად დასახელება არასწორია.

დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები არის თუ არა ქვეყნისთვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადაოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): "ეს საკითხები უკვე დიდი ხანია მომწიფებულია და ჰაერში იყო გამოკიდებული. ამიტომ, მივესალმები, თუ სამივე გადაწყდება. საქმე იმაშია, რამდენად სწრაფად გაივლიან ამ საკითხებს, რომ შემდეგ ხალხისთვის საჭირბოროტო თემები განიხილონ. თორემ, სავსებით ვეთანხმები, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვიყოთ.

ასევე, ქორწინებასთან დაკავშირებით, რადგან ამდენი "თუ" აქვს კანონს, განმარტება ჩაიწეროს და დაკონკრეტდეს. რაც შეეხება პარლამენტის თბილისში გადმოტანას, ამასაც მივესალმები.

ეს იყო წინა ხელისუფლების ახირება, მე არამგონია რომ ასეთი შესანიშნავი კულტურის ქალაქისთვის პარლამენტის იქ არსებობა მნიშვნელოვანი იყოს. მის ადგილზე გააკეთონ კულტურული დანიშნულების ცენტრები, ამას რა ჯობია."

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ოფიციალურად ეს არავის განუცხადებია, მხოლოდ ცალკეული დეპუტატების ნათვამია. მეორეც, ამას სჭირდება მსჯელობა. რა თქმა უნდა, ეს აქტუალური საკითხებია, მაგრამ ეს რომ პირველი უნდა განიხილონ, ამაში ვერ დავეთანხმები.

უამრავი სოციალური საკითხია მოსაგვარებელი და კანონმდებლობა უნდა შეიქმნას ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს იმ ლოზუნგის რეალიზაციას, რასაც სწრაფი და მდგრადი განვიათღება ჰქვია. საზოგადოებას პირველ რიგში ეს აწუხებს."

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "საინტერესო ის არის, რომ არცერთს არ ვეთანხმები, არც პარლამენტის ქუთაისიდან გამოტანას, არც ქორწინების კონსტიტუციაში ჩაწერას და იმას, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენი მშობლების, ჩვენს დროს არ ეწერა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ქორწინებაში ქალის და მამაკაცის ერთობა იგულისხმებოდა. ამის ხაზგასმა არ იყო, მაგრამ ქართველებმა აქამდე მოიტანეს ოჯახები.

არ მგონია, რომ ამ გაჭირვების ჟამს ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. დიახ, არ ვეთანხმები, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვიდეს ამ ეტაპზე, რადგან ქუთაისი ისედაც ცუდ დღეშია, არ არის ამოქმედებული და პარლამენტით ქალაქი რაღაცანაირად მოძრაობაშია.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, აი ამ ძალაუფლებით, როდესაც ერთმა პარტიამ გადაიბარა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ხალხმა აირჩიოს პრეზიდენტი. მე ველოდი, რომ "ოცნება" გავიდოდა, მაგრამ იმასაც ველოდი, რომ კიდევ რამდენიმე დასავლური ორიენტაციის პარტია შევიდოდა პარლამენტში. ამის ფონზე, ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს."

 ნანა კაკაბაძე  (უფლებათადამცველი): "პრეზიდენტის არჩევის წესზე მე ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. ის უნდა იყოს საყოველთაო არჩვნებით დადგენილი პრეზიდენტი.

რაც შეეხება პარლამენტის გადმოტანას, დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აბსოლუტურად არაადეკვატური თანხები იხარჯება, ისედაც მწირი ბიუჯეტიდან, რომელიც სოციალური თემატიკისკენ უნდა იყის მიმართული.

ის, რომ პარლამენტი ქუთაისს ააღორძინებს, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს დედაქალაქში.

ასევე, ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში უნდა დაკონკრეტდეს ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხიც, ვინაიდან ამას მოჰყვა სერიოზული ვაჭრობა. ადამიანის უფლებებში ჩაუხედავი ადამიანები ფიქრობენ, რომ თურმე, ამის კონსტიტუციით განსაზღვრა ყოფილა ადამიანის უფლებების შელახვა.

არადა ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე-12 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. თუ საზოგადოებას უნდა, რომ ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რატომ არ უნდა მოხდეს ეს?!

მითუმეტეს, კანონი ამბობს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, უბრალოდ კონსტიტუცია ამას არ აკონკრეტებს. ამიტომ, ეს რომ დავის საგანი არ გახდეს, მკაფიო უნდა იყოს ყველაფერი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×