"მთავარი ამოცანაა, საქართველოს ორი სტრატეგიული მიმართულების - ფოთისა და ბათუმის პორტების ჩაკეტვა"
ეკატერინე ბასილაია
18.10.2016

 რუსეთი მთელი შავი ზღვისპირეთის და მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პოტენციალს უფრო და უფრო აძლიერებს და უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ მოსკოვი ვაშინგტონთან დაპირისპირებისთვის ღიად ემზადება, ხოლო თუკი ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბება, საქართველოც აღმოჩნდება დაპირისპირების ერთ-ერთი პლაცდარმი.

ის, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიასა და საზღვრების ახლობლად მილიტარიზაციას ზრდის, ამაზე ყველა სამხედრო ექსპერტი თანხმდება.

რამდენიმე დღის წინ, 13 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

ამ საარმიო დაჯგუფებაში შევა აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, ასევე ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, ასევე სპეცდანიშნულების ცალკეული ქვედანაყოფი და ყველა ამ დაჯგუფებას რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

14 ოქტომბერს კი რუსეთის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების სამიტი გაიმართა, სადაც გაცხადდა, რომ რუსეთი საკუთარ კრიზისულ ცენტრს ქმნის. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, აფხაზეთში საარმიო დაჯგუფების შექმნა გულისხმობს აფხაზეთში რუსი სამხედროების 15 ათასამდე გაზრდას და დამატებით შეიარაღებას. ერევანის შეხვედრაზე შექმნილი კრიზისული ცენტრი კი ნატოს სწრაფი რეაგირების სარდლობაზე კონტრპასუხია და მოსკოვის მიერ ეს ორი ნაბიჯი ერთდროულად შემთხვევით არ განხორციელებულა.

მისი თქმით, საქართველო რუსული გამალებული შეიარაღების ალყაშია და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ძალიან ცუდი მოვლენები ვითარდება.

ის თვლის, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომის საფრთხე რეალურია და ამ ფონზე, რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის მილიტარიზაციას უფრო და უფრო აძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაც იქნება გამოყენებული.

მაისაიას თვალსაზრისით, ამით რუსეთი ღიად აცხადებს, რომ აშშ-თან დასაპირისპირებლად მზადაა და უკან არ დაიხევს, დაპირისპირების შემთხვევაში კი ერთ-ერთი პლაცდარმი იქნება საქართველოც.

"ფაქტობრივად, უკვე ისეთ დონეზე მივიდა საქმე, რომ სერიოზულად იხილება რუსეთ-ამერიკის ომის პერსპექტივები. უკვე დაიწყო კიბერშეტევები. ამერიკელები რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული კიბერშეტევების განხორციელებას აპირებენ.

"ასევე რუსეთი, ანალოგიურად შეიარაღებული ძალების კუთხით ამზადებს დარტყმებს, ისკანდერის ტიპის შეიარაღება შეიყვანეს კალინინგრადის ტერიტორიაზე, კამჩატკის ტერიტორიაზე მოტომსროლელი დივიზია გადაისროლეს. ეს კი აშშ-ს ალიასკის ტერიტორიაზე პირდაპირი დამუქრებაა.

"ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პუტინის გადაწყვეტილებით იქმნება სამხედრო ბაზები კუბაში, ვიეტნამში. სამი დღის წინ ასევე ერევანში, პუტინის მონაწილეობით, კოლექტიური უსაფრთხოების სამიტი იყო, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიიღეს სამხედრო შემადგენლის გაძლიერებაზე.

"ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებულია და ეს უნდა იყოს ჩვენთან სერიოზული შეშფოთებისა და განხილვის საგანი", - ამბობს მაისაია.

მისი თქმით, ამას ემატება აფხაზეთში შექმნილი საარმიო დაჯგუფება, რომელიც იქნება ერევანში შექმნილი კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრის შემადგენელი. მას დაემორჩილება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რუსული ბაზები. ასევე ამ ორგანიზაციაში შემუშავდა სამხედრო დოქტრინა, 2025 წლამდე ეს ახალი სამხედრო ალიანსი როგორ უნდა განვითარდეს. "რუსეთის მხრიდან უკვე აშკარად იკვეთება იმის მზაობა, რომ აშშ-ს აღუდგეს წინ. როგორც ჩანს, რუსები შეტევაზე გადავიდნენ და ჩათვალეს, რომ ამერიკელებს მათ ქმედებებზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. ამიტომაც გააქტიურეს აგრესიული ქმედება სირიაში. სირიაში რუსებსა და აშშ-ს შორის საერთოდ შეწყვეტილია ყოველგვარი თანამშრომლობა და საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა რუსეთმა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდონ.

"ფაქტობრივად, ჩვენ ვღებულობთ ახალი ტიპის, სერიოზული დაპირისპირების ფონს აშშ-სა და რუსეთს შორის და ბუნებრივია აქ საქართველოს გვერდზე გადგომა არ გამოვა. ჩვენ ამ გეოსტრატეგიულ დაფარვის ზონაში ვართ მოქცეული და ამ დროს ყველა დუმს. ეს პარადოქსული სიტუაციაა. საქართველო კი არაფერზე არ ფიქრობს.

"მე მხოლოდ შემიძლია დავაფიქსირო ის საშიში ტენდენცია, რომელსაც ჩვენი საზოგადოება და ახლად არჩეული ხელისუფლება ვერ ამჩნევს", - აცხადებს მაისაია.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აპრილში რუსებმა დაიწყეს პირველი შეიარაღებული ფორმირების შეყვანა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და ანალოგიური ხდება დღესაც, როდესაც აფხაზეთში იქმნება საარმიო დაჯგუფება, რომელიც უპირველესად სწორედ დასავლეთისკენაა მიმართული.

"რუსეთისთვის აფხაზეთის ტერიტორია მნიშვნელოვანია როგორც საზღვაო ელემენტებით, ასევე მგონია, რომ აფხაზეთში დიდი ხანია შეყვანილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ფავორიტები - ემ-300 და ემ-400, რომელთა რადიოლოკაციური დაფარვის ზონა შეადგენს დაახლოებით 300-500 კმ-ს.

"ეს ნიშნავს, რომ ისინი გააკონტროლებენ მთლიანად ხმელთაშუა ზღვისპირეთის იმ ნაწილს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია და დაფარავენ შავი ზღვის აკვატორიას. აფხაზეთში დამრტყმელი და რადიოლოკაციური სისტემების დანერგვით რუსები აფხაზეთს განიხილავენ პლაცდარმად, საიდანაც შავი და ხმელთაშუა ზღვის პირეთი ნატოს საწინააღმდეგოდ გააკონტროლონ", - დასძენს მაისაია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილის თქმით, ნატოს ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც შავ ზღვაზე გააქტიურება დაიწყო რუსეთმა ჯერ აფხაზეთის ოკუპაციით, შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციით და დღესაც მოსკოვი უფრო და უფრო მეტად აქტიურობს, რომ შავი ზღვა უფრო მეტად გააკონტროლოს.

ხოლო რადგანაც აფხაზეთს შავი ზღვის დიდი ნაწილზე აღმოსავლეთით გასასვლელი აქვს, ამიტომაც არის, რომ აფხაზეთის მილიტარიზაცია აქტიურად გრძელდება და დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ბაზას დიდი მნიშველობა აქვს.

"აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც რუსი სამხედროები განაგებენ ყველაფერს, თუმცა ახლა იქ არსებული სამხედრო ბაზები უკვე ოფიციალურად გადადის რუსეთის მმართველობის ქვეშ.

"დაახლოებით ასეთი პროცესი უკვე შედგა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სადაც მე-4 რუსულმა ბაზამ ჩაყლაპა ადგილობრივი ოსი სეპარატისტების დანაყოფები და ახლა იგივე ხდება აფხაზეთის მიმართებაშიც. აფხაზეთში რუსეთის მე-7 ბაზის, სეპარატისტების ორი ბატალიონის, ასევე სპეცდანიშნულების დანაყოფის ოპერატიული მართვა განხორციელდება რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის მიერ.

"ამ ეტაპზე ცხინვალში 3 ათასი და აფხაზეთში 4 ათასი რუსეთიდან ჩასული სამხედრო მოსამსახურეა. ამას ემატება აფხაზეთში 3-4 ათასი აფხაზიც. აფხაზეთში გამოყენებული იქნება გუდაუთის სამხედრო აეროდრომიც, გარდა ამისა სანაპირო ზოლზე მოხდება ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დამატებით განთავსება. ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებიც", - ამბობს ალადაშვილი.

მისი თქმით, როგორც აფხაზეთი, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ამგვარი მილიტარიზაცია საქართველოსთვის საშიშია, თუმცა ასევე არანაკლები საფრთხეა ის დასავლეთისთვისაც.

"ოკუპირებულ აფხაზეთის მთავარი ამოცანაა, ერთის მხრივ საქართველოს ორი სტრატეგიული მიმართულების - ფოთისა და ბათუმის პორტების ჩაკეტვა და ასევე ის გათვლილია შავი ზღვის უფრო მეტად კონტროლისთვის.

"ცხინვალის რეგიონი კი გათვლილია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის გასაკონტროლებლად. ასევე იმისთვის, რომ საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მაგისტრალები შუაზე გაყოს ძალიან მოკლე დროში და ასევე რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების გადასატანად სამხედრო დერეფანის გაჭრას", - აღნიშნავს ალადაშვილი. ალადაშვილი ახალი ცივი ომის დაწყების საფრთხეებზეც საუბრობს, თუმცა მაისაიასაგან განსხვავებით აღნიშნავს, რომ დღეს ნატო არ არის ისეთი ძლიერი შავ ზღვაზე, რომ უახლოეს ხანში რუსეთთან რამე დიდ ესკალაციაზე წავიდეს.

"ცივი ომის პირველი ნიშნები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს იმის დროს გამოჩნდა, რაც არ ან ვერ დაინახა დასავლეთმა. უკრაინის შემთხვევაში ნატომ გამოღვიძება დაიწყო, სირიის შემთხვევაში კი დასავლეთსა და რუსეთ შორის დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია და უკვე ნათლად ჩანს რაზეა საუბარი.

"მიუხედავად ამისა, ნატომ შავ ზღვაში კლანჭების გამოჩენა ძალიან დააგვიანა და ახლაც ძირითადად მხოლოდ საუბრებია. თან ნატოს სერიოზული პრობლემებიც აქვს. რადგან თურქეთი, მისი სერიოზული წევრია და რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში წამყვანი როლი ეკავა, მას მოსკოვთან უფრო უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ბრიუსელთან. თურქეთის გარეშე კი ნატო თავის სიძლიერეს შავ ზღვაში ვერ გაზრდის.

"შავ ზღვაში დანარჩენი ქვეყნების პოტენციალი ძალიან უმნიშვნელოა, თან იმის ფონზე, რომ რუსეთმა ბოლო ორ წელიწადში შავი ზღვის ფლოტი სერიოზულად გადააიარაღა და მას ძალიან დიდი საბრძოლო შესაძლებლობები გაუჩნდა", - ამბობს ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×