სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოწოდებას არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე სხვადასხვაგვარად აფასებენ. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწოდება არაეთიკურია, თუმცა საჭირო. მეორე ნაწილი კი "ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვებაზე დიდ საფრთხედ პარლამენტში "ნაცმოძრაობის" დიდი დოზით მოსვლას მიიჩნევს.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არჩევნებში მეორე ტური ხდებოდა საჭირო, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ასევე ზოგიერთი მედიასაშუალებაც აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა მეორე ტურში რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციონერმა გაიმარჯვოს, რათა "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლოს.
გუშინ კი სპეციალური მიმართვაც გავრცელდა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად კი სწორედ ოპოზიციის მხადაჭერაა საჭირო.
"არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი.
"თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე.
"საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი.
"პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაჟღერდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვა.
"ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხელმძღვანელოს.
"მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ.
"გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით", - აღნიშნულია მიმართვაში.
წერილის ადრესატები არიან: "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები", ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩი", "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალი მემარჯვენეები", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური პლატფორმა - "ახალი საქართველო", "საქართველოს ლეიბორისტული პარტია".
ხელს აწერენ: თამარ გურჩიანი, ლაშა ბუღაძე, ნატა ფერაძე, ნინია კაკაბაძე, პაატა შამუგია, ბაია პატარაია, გოგი ხოშტარია, გია ეძგვერაძე, ნიკო ცეცხლაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ვახო ბაბუნაშვილი, მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, აჩიკო გულედანი და ა.შ.
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა თემაზე საუბარს იმით იწყებს, რომ ის ადამიანები, რომელთაც ზემოთ აღნიშნული განცხადება გაავრცელეს, არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობენ და საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის ინტერესებს, უფრო ზუსტად კი, ერთი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს გამოხატავენ. შესაბამისად, მათ ინტერესებს ვიწროსა და ლოკალურს უწოდებს.
იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა განსაკუთრებული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს და ამბობს, რომ ეს ქართული რეალობისთვის გასაკვირი არც იქნება, რადგან დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ასეთივე უმრავლესობით ჰყავდა. შემდეგ კი, კვესელავას თქმით, თავად ამ პარტიების შიგნითვე ხელოვნურად იქნებოდა ოპოზიცია, რათა პარლამენტი ერთპარტიული არ ყოფილიყო. აქვე იმასაც დასძენს, რომ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია. მათ შორის ევროპაშიც.
მთავარი, მისი აზრით, ის კი არაა, თუ როგორი უმრავლესობით მოვა ხელისუფლება, არამედ ის, თუ როგორ კურსს აირჩევს, დაიცავს თუ არა ახალი პარლამენტი დემოკრატიის პრინციპებს, გაატარებენ თუ არა ისეთ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რის გამოც ხალხმა მათ ხმა მისცა და ა.შ.
ამ კონკრეტულ შემთხვეაში კი, მისი აზრით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც კი არ დგას იმის საფრთხე, რომ "ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიულ კურსს გადაუხვიოს, ევროპისაკენ სვლა შეანელოს, ან რამე ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ქვეყანას დააზარალებს.
"ეს ხელისუფლება არაა ისეთი, რომ დემოკრატიული პროცესები ძალისმიერი მეთოდებით შეზღუდოს. საქართველოში დემოკრატია მათი მოსვლის დღიდან არ შეზღუდულა. ჩვენ რომ ასე თავისუფლად ვსაუბრობთ, ესეც ამის მაგალითია.
"ოპოზიციური პარტიები უფრო ფლობენ მედიას და აკონტროლებენ მათ, ამ ხელისუფლებას კი არც ერთი ტელევიზია არ ჰყავს, თუკი "ჯი-დი-ეს-ს" არ ჩავთვლით, რომელსაც ჯერჯერობოთ მაღალი რეიტინგი არ აქვს. ამ დროს "ნაცმოძრაობას" ასეთი ძლიერი, კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული არხი აქვს, რომლის გავლენაც საზოგადოებრივ აზრზე ძალიან დიდია. ასე რომ, დემოკრატიული პროცესების შეზღუდვა რომ სდომოდათ, ამას აქამდეც მოახერხებდნენ.
"შესაბამისად, არ ვიზიარებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუკი "ოცნება" პროცესებს თავის ხელში აიღებს, დიქტატურისკენ წავალთ და სახელმწიფო დაზარალდება. ამის საშიშროებას ვერ ვხედავ", - აცხადებს იგი.
პოლიტოლოგი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, ზოგადად რამდენად მართებულია მსგავსი მოწოდებების გაკეთება და აცხადებს, რომ ჩამოყალიბებული საზოგადოების პირობებში ეს საჭირო არ გახდებოდა.
ქართული საზოგადოება კი, მისი თქმით, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, პოლიტიკური კულტურა დაბალია და სწორედ ამიტომ პროცესების "ხელოვნურად მართვის" საჭიროებაც დგას.
"სხვა მხრივ, მსგავსი მიმართვები ამომრჩეველზე ზემოქმედებაა და მიუღებელია. ამ შემთხვევაში კი ეს პრინციპულია, რათა ერთპარტიული მმართველობა არ მივიღოთ.
"სწორედ ამიტომ შეიძლება ეს მიმართვა გამართლებულად მივიჩნიოთ. სრულყოფილი საზოგადოების პირობებში ასეთი მიმართვები არ უნდა კეთდებოდეს", - აცხადებს კიკიანი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომაა ცუდი პარლამენტში ერთი პარტიის აბსოლუტურ დომინანტად ყოფნა, კიკიანი აცხადებს, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა არ არსებობს და წარსული გამოცდილებაც გვასწავლის, რომ ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში მოქცევა ქვეყნისთვის წამგებიანია.
მათ კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაც უპრობლემოდ შეეძლებათ, რაც, კიკიანის აზრით, არავის და არაფერს წაადგება, განსაკუთრებით იმ "მყიფე" დემოკრატიის პირობებში, რაც საქართველოშია.
"ამომრჩევლის ნებას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა, კიდევ ვუსვამ ხაზს, ეს ხელოვნური ჩარევა, რაც ახლა ხდება, იმიტომაა საჭირო, რომ, მძიმე წარსულიდან გამომდინარე, ისევ ერთპარტიული მმართველობა არ მივიღოთ. თუკი "ნაცმოძრაობის" კანდიდატები ბევრგან გაიმარჯვებენ, მართალია მრავალპარტიული პარლამენტი მაინც არ გვექნება, მაგრამ ორპარტიულიც კი სჯობს ერთპარტიულს. ამ ეტაპზე საქართველოსთვის ესეც პოზიტიურია", - დასძენს კიკიანი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 51 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. 45 მათგანში კი ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.