პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოსთან 4-წლიანი ურთიერთობის ნორმალიზების შედეგით კმაყოფილია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია განაგრძოს და გააღრმავოს თანამშრომლობა.
რუსეთის კმაყოფილებაზე და დათბობაზე საუბარს სიფრთხილით და ეჭვის თვალით ხვდებიან თბილისში - ოპოზიციაც, ხელისუფლების ნაწილიც და ექსპერტთა დიდი უმეტესობაც.
"მთავარია, ეს დათბობა არ ხდებოდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოს ხარჯზე. მე ძალიან სიფრთხილით ვუყურებ იმას, რომ რუსეთს რაღაც უხარია და დაველოდები როგორი პასუხი ექნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას. ეს ძალიან საფრთხილო პროცესია," - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე.
"როგორც ჩანს რუსეთის ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია არჩევნების შედეგებით იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩა პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც დასავლური ორიენტაცია არის დეკლარაცია და რეალურად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ქვეყნის ეკონომიკური და სხვა სახის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით კი რუსეთი საქართველოსთვის "დასაყრდენი" ძალა არ არის და არც იქნება.
"ყველა საფრთხეები არის გაზომილი. რუსეთის ბაზარი მთავარი და არსებითი არ არის ჩვენთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ექსპორტი გაიზრდება, ეს გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამაზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ და არც ვართ," - მიიჩნევს კობახიძე.
მოსკოვის გზავნილები თბილისს
რუსეთის საგარეო უწყებამ 20 ოქტომბერს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც 19 ოქტომბერს პრაღაში მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შედეგებია შეჯამებული. მოსკოვი წერს უკვე მიღწეულ პროგრესზე, 4-წლიანი ურთიერთობით კმაყოფილებაზე, არჩევნების შემდეგ ურთიერთობის გაღრმავების სურვილზე და მომავალში მათ მიერ შემოთავაზებულ სიკეთეებზე. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ გაიზრდება ვაჭრობა რუსეთში, ტურისტების რიცხვი საქართველოში და გასტროლები ხელოვანთა წრეებისთვის.
საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ 2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17% შეადგინა. მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36%-ით გაიზარდა და რუსეთი საქართველოსთვის კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად და ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნოემბერში თბილისში ქართველი და რუსი ბიზნესმენების შეხვედრა შედგება, რაც მოსკოვის აზრით, ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.
მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა "სტაბილურად მაღალი" რჩება, მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა და ამ ფონზე მოსკოვი თბილისს ვიზების გამარტივების დაპირებას აძლევს.
ასევე მოხდა შეთანხმება საჰაერო და საავტომობილი გადაზიდვის გაზრდაზე და იმაზე, რომ წელს საქართველო რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას - ერთ მილიონზე მეტ ადამიანს - მიიღებს.
რუსეთი აცხადებს იმასაც, რომ ურთიერთობა ვითარდება კულტურის სფეროშიც. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო კინოფონდმა ქართული კინოსტუდიის მიერ გადაღებული ფილმების ორიგინალების ქართული მხარისთვის გადაცემა უკვე დაიწყო; ასევე შემოთავაზებაა ქართველი კინემატოგრაფისტების ფესტივალებში მონაწილეობასა და თეატრალური კოლექტივების რუსეთში გასტროლებზე.
კარასინ-აბაშიძის შეხვედრაზე განცხადება პრემიერ კვირიკაშვილის ადმინისტრაციამაც გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ სავაჭრო, ტურისტული და კულტურული თემების გარდა ზურაბ აბაშიძემ უპირველესად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა ამ დარღვევებზე რა პასუხი მიიღო რუსი დიპლომატისგან, ამაზე არაფერია ნათქვამი.
რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან
პოლიტოლოგების განცხადებით, რუსეთში 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით კმაყოფილებას არ მალავენ. პოლიტიკურ ელიტასა და ექსპერტულ წრეებში თვლიან, რომ საქართველომ პროდასავლურ პარტიებს უარი უთხრა და ამიტომაც მოლოდინი აქვთ, თბილისი მოსკოვთან ურთიერთობის კორექტირებას მოახდენს რუსული ინტერესების სასარგებლოდ.
თუმცა რუსების ეიფორიას ქართველი ანალიტიკოსები უსაფუძვლოს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამ მხრივ ბევრ არაფერს შეცვლის. კორნელი კაკაჩიას აზრით, სწორედ ამ ეიფორიის და მოლოდინის გამო მოსკოვიდან ჩვენი გულის მოსაგებად რაღაც ნაბიჯები გადაიდგმევა და თვლის, რომ ეს ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა.
"ამ ეიფორიიდან გამომდინარე იყო რუსეთის დუმის დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებაც, რომ რუსი დეპუტატები შეეცდებიან, საქართველოსთან საპარლამენტო კავშირები აღადგინონ. მოლოდინი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს შანსი საქართველოსთან ურთიერთობები მოაგვარონ და საერთო პროექტებზე, მათ შორის საერთო უსაფრთხოებაზეც ილაპარაკონ. აქიდან გამომდინარე, ეს საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი გამოწვევაა. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა რუსეთმა ჩვენი გულის მოსაგებად გადმოდგას, კარგად გააზრებული იყოს და ჩვენ მიერ გაცხადებულ საგარეო კურსთან - ევროინტეგრაციასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდესს," - აღნიშნავს კაკაჩია.
მისი თქმით, რუსეთის ამოცანაა საქართველომ ნატო-ზე თქვას უარი, ან ეს პროცესი დაამუხრუჭოს და მიგვანიშნოს, თუ ამას იზამთ, აგერ აფხაზეთთან და ოსეთთან შეგვიწყობს ხელსო.
"მოსკოვის მიზანია საქართველოში დაიწყოს აქტიური საუბარი იმაზე, რომ იქნებ რუსეთი უფრო უკეთესს გვთავაზობს, რომ საზოგადოებაში აზრი ორად გაყონ," - აღნიშნავს კაკაჩია, რომელიც დასძენს, რომ როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა გვექნება, ხელისუფლებამ შესაძლოა უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას და ამ მხრივ პოტენციური რისკიც არსებობს, თუმცა საგარეო კურსის შეცვლას არ ელოდება.
სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთიდან შესაძლოა რაღაც დაპირებები მივიღოთ, მაგრამ მათ არანაირი ძალა არ ექნება და მოსკოვი მას საჭიროების მიხედვით ისევ უკან წაიღებს.
"რუსეთმა ძალიან მარტივად აღიქვა საპარლამენტო არჩევნების შედეგი და კმაყოფილებას არ მალავს. ამბობენ, რომ საქართველომ უარი თქვა ევროპული განვითარების გეზზე. პარალელურად ცდილობენ რაიმე ტკბილეულის გადაცემას საქართველოსთვის. ჩვენ ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში უკვე გვქონდა რუსეთთან უვიზო რეჟიმის მოლოდინი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის დაპირება. ერთი კვირის შემდეგ მან უბრალოდ უარი თქვა ამ თემის გაგრძელებაზე," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ რუსეთში ალასანიასა და "რესპუბლიკელების" დამარცხების გამო კმაყოფილებაა, თუმცა დიდ დაპირებებს მაინც არ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ჩვენი გულის მოგებას რუსეთი რაღაც პატარ-პატარა კეთილი შეთავაზებებით შეეცდება. ეს იქნება ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და რაღაც კულტურული ურთიერთობები. არ გამორიცხავს, რომ კარასინმა აბაშიძესთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ილაპარაკოს, ჯარების გაყვანაზე რა თქმა უნდა არა, მაგრამ მაგალითად იქნება დაყვედრება იმაზე, რომ, აი, ცხინვალს რეფერენდუმის გამართვაზე უარი უთხრეს და ეს თბილისმა უნდა გაითვალისწინოს, თუმცა დასძენს იმას, რომ ამ თემებზე რა ითქმევა და რა პასუხი ექნება თბილისს, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. ცინცაძე მიიჩნევს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი მოძველდა და ახლა უფრო მაღალ დონეზე შეხვედრებია საჭირო.
"დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს წლები გრძელდებოდეს სამ თვეში ერთხელ ერთსაათიანი არაფრის მომცემი შეხვედრები. ეს დიპლომატია არ არის," - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების აქტუალობა იზრდება, მაგრამ დღეს საკითხი არ დგას დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე თუ ევრაზიულ კავშირში შესვლაზე და ეს საკითხი არც ახლო მომავალში დადგება.
"ამ ეიფორიის მიუხედავად რუსეთიდან ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ, რადგან რუსეთი პრინციპულად აყენებს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, რისთვისაც საზოგადოებრივი აზრი მზად არ არის და ამაზე ხელისუფლება ვერ წავა. ერთადერთი, რაც შეიძლება რუსეთისგან მივიღოთ, ვიზების გამარტივებაა, სხვა დიდი არაფერი. იქნება წვრილ-წვრილი დაპირებები, კულტურული ნაბიჯები, მწერლების, მომღერლების და მსახიობების შეხვედრები.
"მე ვერ ვხედავ იმას, რომ რუსეთმა ჯარის გაყვანაზე დაიწყოს საუბარი. ერთი ის იყო, რომ ცხინვალში რეფერენდუმი არ დაუშვა. ეჭვიც არ მეპარება, რომ კარასინი ამას აბაშიძეს რამდენჯერმე წააყვედრებდა. ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება არ დაუშვა, იმიტომ, რომ მოსკოვს ეს არაფერში არ სჭირდება," - აღნიშნავს ცინცაძე.
მისი თქმით, რუსეთისთვის მთავარი იყო, ნატო არ შემოსულიყო საქართველოში და აქ ბაზები არ განეთავსებინა.
"არჩევნების წინ დავით უსუფაშვილმა რომ განაცხადა, ამერიკის ჯარი შემოვიყვანოთო, რუსები მაშინ ყურებზე დადგნენ. მოსკოვმა იფიქრა, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა შეთანხმებულია უკვე ამაზე, თუმცა ნახეს, რომ ამ პარტიამ 1% მიიღო და დამშვიდნენ. რუსეთი ახლა დიდი ყურადღებით აკვირდება და სწავლობს რა ხდება ბათუმში. ელოდება, როდის დავდგებით გამოუვალ მდგომარეობაში, რომ როგორც გასულ საუკუნეში იყო, საქართველო არჩევანის წინაშე დადგეს - ისლამიზაცია თუ რუსეთი. ისლამიზაცია მთელი ევროპის საფრთხეა და რუსეთი საქართველოშიც ამას ელოდება," - დასძენს ცინცაძე.