"ქართული ოცნება" მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმას არ აპირებს. პარტიის წევრთა ერთი ნაწილი წინააღმდეგია, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და, შესაძლოა, ეს საკითხი უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას საერთოდ არც დააყენონ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო კოალიცია "ქართული ოცნების" დაპირება და 2015 წელს, ოპოზიციის დიდი ბრძოლის შედეგად, "ოცნების" 81 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტიც შევიდა იმ დათქმით, რომ ახლა 2016 წელს არა, მაგრამ 2020 წლისთვის მზად ვართ ეს ცვლილება განვახორციელოთო.
"ქართული ოცნების" ის წევრები, რომელიც არჩევნების მეორე დღიდან კონსტიტუციაში შესატან კონკრეტულ საკითხებზე განცხადებებს აკეთებენ, ეს იქნება ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა, პარლამენტის თბილისში გადმოტანა, თუ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ხმას საერთოდ არ იღებენ.
უფრო მეტიც, "ოცნების" რამდენიმე დეპუტატი ღიად აცხადებს იმას, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ. მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ იმ ხელმომწერი 81 დეპუტატიდან ახალ პარლამენტში ნახევარიც არ არის და ახლების აზრი მათთვის უცნობია. გადაწყვეტილების მიღებას კი ვერავის აიძულებენ, ამას თითოეული დეპუტატი საკუთარი ნებით წყვეტს.
პოლიტოლოგების თქმით, "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება რომ სასიცოცხლოდ სჭირდება, ეს 8 ოქტომბრის არჩევნებმაც აჩვენა, რადგან პროპორციული სიით "ოცნებამ" მხოლოდ 48% მიიღო. შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობა, სავარაუდოდ, სწორედ მაჟორიტარების წყალობით ექნებათ და ამიტომაც ახალი პარლამენტი ამ სისტემის გაუქმებაზე საკითხს საერთოდ ან არ დააყენებს, ან თუ დიდი წნეხი იქნება გარედან, განიხილავენ, მაგრამ საჭირო 113 ხმას არ შეაგროვებენ და ყველაფერს რადენიმე მაჟორიტარის თავისუფალ ნებას გადააბრალებენ.
რატომ დუმს "ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პირველი იყო, ვინც არჩევნების მეორე დღესვე აუწყა საზოგადოებას, რომ პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდოდა და კონსტიტუციაში ცვლილებებიც მოხდებოდა, ხოლო ერთ-ერთ პრიორიტეტად ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა დაასახელა. თანაც, გადაჭრითაც განაცხადა, რომ "ოცნება" ამ ცვლილებას აუცილებლად მიიღებს.
"ერთადერთ საკითხზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს აუცილებლად იქნება ინიცირებული ჩვენი მხრიდან და მხარდაჭერილი ჩვენი მხრიდან, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მხრიდან, ეს არის ჩანაწერი ქორწინების თაობაზე, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის თაობაზე", - განაცხადა კობახიძემ და ამ ცვლილების აუცილებლად მიღების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ამ ჩანაწერის მიღებაზე განცხადება გააკეთა პრემიერმა და თან ეს იყო პარტიის ინიციატივა.
საუბარია იმაზე, რომ ქორწინების დეფინიციაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი არჩევნებამდე "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა პარლამენტში, რომელიც არ განხილულა.
თუმცა, საგულისხმოა ის, რომ "ქართული ოცნებას" 2015 წლის სექტემბერში 81 დეპუტატის ხელმოწერით შეტანილი აქვს კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და 150 მანდატის პროპორციული წესით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით განაწილებას ითვალისწინებს. პლუს, საარჩევნო ბარიერის 5%-იდან 4%-მდე დაწევაცაა გათვალისწინებული.
ეს პროექტი 2016 წელს პირველი მოსმენით კენჭისყრაზეც დადგა, თუმცა, მაშინ "ოცნება" წინააღმდეგი იყო ეს ცვლილება 2016 წლის არჩევნებისთვის მომხდარიყო და პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის ამ ცვლილებას აუცილებლად მიიღებდნენ.
არგუმენტი იყო ის, რომ 2016 წლის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და ამხელა ცვლილების გათავისება რთული იქნებოდა. მეორე მიზეზად კი დასახელდა ის, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირი 113 ხმა არ ჰქონდათ.
ახლა, როდესაც უკვე დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნებას" 113 დეპუტატი ეყოლებათ, ირაკლი კობახიძეს პარტიის ეს ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაწყებული პოლემიკის დროს არც უხსენებია.
"ოცნების" საარჩევნო სიის მე-6 ნომერი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ რადგანაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ინიციატივა ჰქონდა "ქართულ ოცნებას", თან ამ სისტემის გამო ბევრი უკმაყოფილოა, ამიტომაც პირადად მისი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პირველ რიგში სწორედ ეს ინიციატივა უნდა შესრულდეს.
"ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო კომისიამ თუ სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ამ თემაზე შეიკრიბება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც კი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება," - აღნიშნავს ზოიძე.
მისი თქმით, ის, რომ "ქართული ოცნება" საერთოდ არაფერს საუბრობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკონსტიტუციო ცვლილებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ მის განხორციელებას არ აპირებენ. უბრალოდ მედია არ დაინტერესებულა ამ თემით და არ უკითხავს ეს.
"რამდენადაც მე ვიცი, კონკრეტული კითხვები იყო დასმული ქორწინებაზე, პარლამენტის გადმოტანასა თუ პრეზიდენტის არჩევის წესზე - აი, ამას შეცვლით თუ არაო და ამაზე იყო კონკრეტული პასუხები.
"არჩევნებამდე ჩვენი ლიდერის მიერ მართლაც იყო გაჟღერებული, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით "ოცნება" ყველა პროცედურის დაცვით შეიტანდა საკონსტიტუციო ინიციატივას. ამიტომ იყო კითხვა - "ამ ინიციატივასთან დაკავშირებით რას იზამთ". მაგრამ კითხვა არ ყოფილა - "პირველ რიგში რას გააკეთებდით".
"რადგან ჩვენ დავპირდით, ჩვენთვის ამას ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ყველა დაპირებას შევასრულებთ. ანალოგიური წარმატებით შევასრულებთ ყველა დაპირებას, რაც ადამიანის ცხოვრების ხარისხს ეხება," - ამბობს ზოიძე, რომელიც თვლის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ერთპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე კონსტიტუცია ძალიან დაზარალდა და ყველა ღონეს იხმარენ, რომ "4 წლის განმავლობაში შეძლონ კონსტიტუციის წესრიგში მოყვანა".
ეს საკონსტიტუციო ინიციატივა რომ განსახილველად ისევ უნდა დადგეს, ამაზე საუბრობს ასევე გია ჟორჟოლიანიც და ამბობს, რომ თუ ასეთი ცვლილება განხილული იქნება, ის მხარს დაუჭერს. მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ რა დამოკიდებულება ექნება ამ კანონპროექტზე მომავალ უმრავლესობას, ამაზე მსჯელობა რთულია.
"ვინც დღეს უმრავლესობაში იქნებიან, პარლამენტში საერთოდ არ იყვნენ იმ დროს, როდესაც ჩვენ ეს საკონსტიტუციო კანონპროექტი შევიტანეთ. ნამდვილად არ შემიძლია გითხრათ, როგორია 113 კაცის განწყობა ამ საკითხზე," - ამბობს ჟორჟოლიანი.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოწინააღმდეგეები "ოცნებაში"
"ქართულ ოცნებაში" უკვე გამოკვეთილია ის ნაწილი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგაა და ეს თავად მაჟორიტარების დიდი უმეტესობაა, რომელთა ნაწილი ღიად აცხადებს საკუთარ მიუღებლობას სისტემის გაუქმებაზე, ნაწილი დუმს, თუმცა მათზე მინიშნებებს აკეთებენ მათივე თანაპარტიელები.
ამ სისტემის გაუქმების წინააღმდეგია კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2012 წელს "ნაციონალების", ახლა, 2016 წელს კი - "ოცნების" სახელით იყრიდა კენჭს მაჟორიტარად და ის საკუთარ დამოკიდებულებას არც მალავს.
ასევე თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი ღიად აცხადებს, რომ ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არც ადრე უჭერდა და არც მომავალში დაუჭერს.
მისი განმარტებით, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება დაახლოებით იგივეა, ბიზნესის კეთების უფლება რიგით მოქალაქეს წაართვა და ამის მონოპოლიზება ფირმების ხელში მოახდინო.
"მე ვარ თავისუფლების მომხრე. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ინდივიდებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. თუკი არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ პარტიებს ექნებათ, ინდივიდი ჩაკვდება," - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ქუცნაშვილი.
ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის წინააღმდეგია მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე 81 დეპუტატს შორის მისი ხელმოწერაცაა. როგორც თავად ხსნის, ეს გუნდური თამაშის პრინციპების გამო მოხდა.
"ჩემი აზრით, პირიქით, მთელ ქვეყანაში მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები უნდა ტარდებოდეს და პროპორციული გაუქმდეს," - აღნიშნავს ჯაფარიძე და დასძენს, რომ 2015 წელს იძულებულები იყვნენ ამ კანონპროექტის ინიცირება მომხდარიყო: "მაშინ სხვა რეალობა იყო, ახლა სხვა რეალობაა".
"2003 წელ ოპოზიციაში ვიყავი და მოვიგე მაჟორიტარული არჩევნები მესტიაში. 2012 წელსაც ოპოზიციიდან მოვიგე. რა შუაშია ხელისუფლებას აწყობს ეს სისტემა?!" - აცხადებს ჯაფარიძე იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომ მაჟორიტარული სისტემას ხელისუფლებს იმიტომ ვერ ელევა, რომ ამ სისტემით, როგორ წესი უმეტესად სახელისუფლებო კანდიდატები იმარჯვებენ.
რატომ არ სურს "ოცნებას" მაჟორიტარული სისტემის გაუქმება
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "თავის დროზე უსუფაშვილი ოპოზიციას სწორ გზას სთავაზობდა - მოდით, გადაწყვეტილება მივიღოთ და 2020 წლისთვის დავთანხმდეთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზეო, მაგრამ ოპოზიციამ არ დაიჯერა და სასწრაფოდ გვინდა ყველაფერიო. ახლა კი, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება ერთ პარტიას, არავინ აიტკივებს თავს და არ იტყვის, რომ ეს სისტემა შევცვალოთო".
"ეს არის სისტემა, რომელიც ხელისუფლება მეტად აძლევს ხელს, ვიდრე ოპოზიციას და ხელისუფლება მას არ შეელევა. თუ რევოლუციური სიტუაცია არ იქნა და ოპოზიცია ქუჩაში არ გამოვა, ამ სისტემის შემცვლელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ არის," - აღნიშნავს ძაბირაძე.
ის ამბობს იმასაც, რომ მაშინაც, როდესაც ეს ინიციატივა სულ ძალის-ძალით წარადგენინეს "ოცნებას", მაჟორიტარების გარკვეული ნაწილი წინააღმდეგი იყო.
"ოცნებაში" დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ინიციატივა არ გავიდოდა, მაგრამ პროცესი დაიწყეს და თუ საკითხი კენჭისყრამდე მივიდოდა, ხელმომწერებიდანაც კი დიდი ნაწილი უარს იტყოდა მხარდაჭერაზე. ახლა კი პროცესის დაწყებაც საერთოდ არ სჭირდებათ და არც დაიწყებენ. იტყვიან, რომ ჩვენ მაშინ ოპოზიციას შევთავაზეთ და უარი თქვეს და ყოველ წუთას ასეთი შეთავაზების ხასიათზე არ ვართო; ან განიხილავენ და იტყვიან, რომ გადავწყვიტეთ, სწორი არ იქნებაო და დასრულდება ეს ამბავი," - მიიჩნევს ძაბირაძე.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველას ავიწყდება როგორ უნდოდა დემოკრატიის გაუმჯობესება და მათი საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ საკუთარი სავარძლის შენარჩუნება ხდება.
"მათ წინასწარ ლამის ფიცი დადეს, რომ 2020 წელს აღარ იქნებოდა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ახლა, როდესაც იღლიაში აქვთ ამოდებული საქართველოს კონსტიტუცია, ამ თემაზე აღარ საუბრობენ.
"სულ მალე ახალი პარლამენტის შემადგენლობა ახალ შეჯიბრს დაიწყებს იმაზე, თუ ვინ უფრო სხარტი გამონათქვამებით შეაყვარებს თავს ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს, რომელსაც აქამდე პრივატიზებული ჰქონდა მხოლოდ მთავრობა და პარლამენტის ნაწილი, ახლა კი კონსტიტუციის პრივატიზაციისთვისაც ემზადება," - აცხადებს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი უშვებს იმის ალბათობასაც, რომ შესაძლოა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივა განიხილონ, მაგრამ 113 ხმა არ შეგროვდეს და მაჟორიტარების თავისუფალ ნებას გადააბრალონ ყველაფერი.
"როგორი სხარტი მოძრაობის უნარი გააჩნიათ ბიზნესმენ მაჟორიტარებს, ჩვენთვის ცნობილია. ერთ ღამეში 12-მა მათგანმა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ოცნებაში" ისკუპა. თუ რაიმე საფრთხის შემცველი ინფორმაცია გაჟღერდება, ისინი უკუხტომას უმტკივნეულოდ შეძლებენ," - მიიჩნევს ცისკარიშვილი.