დღევანდელ განმეორებით არჩევნებს, რომელიც 8 ოქტომბერს რიგ უბნებზე მომხდარი არეულობის შედეგად, ამ უბნების შედეგების გაუქმების გამო გახდა საჭირო, სპეციალისტები მშვიდ ვითარებაში ჩავლას უწინასწარმეტყველებენ და ამბობენ, რომ დომინანტი პარტიების კანდიდატებს და მით უმეტეს ხელისუფლებას, არანაირად არ აძლევს ხელს დღევანდელმა დღემაც დაძაბულად ჩაიაროს.
განმეორებითი არჩევნები ზუგდიდსა და მარნეულში გაიმართება. მთავარი ბრძოლა ორივეგან "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კანდიდატებს შორისაა. აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს მიღებული შედეგების მიხედვით, სახელისუფლებო კანდიდატს მარნეულში პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აღარ აქვს, ასე რომ, აქ ან "ნაცმოძრაობის" კანდიდატი იმარჯვებს, ან მეორე ტური ინიშნება. ზუგდიდში კი ყველაფერი მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ #36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) პროცესი მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის ტარდება, ხოლო #66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #38, #79 და #108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
რა მოხდა ზუგდიდში
ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში გაუქმებული სამი უბნიდან ორში (ჯიხაშკარის 108-ე და 79-ე უბნებზე) განმეორებითი არჩევნები დარბევის გამო დაინიშნა. 8 ოქტომბერს ხმების დათვლისას იქ 10-მდე ადამიანი შეიჭრა. დარბევის შედეგად ორი საერთაშორისო დამკვირვებელი დაშავდა.
79-ე უბნის დარბევის ფაქტზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გია მხეიძეს, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე კი პოლიციამ 12 ოქტომბერს დააკავა 59 წლის კაკო ტიბუა, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორი დღის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა.
რაც შეეხება 38-ე უბანს განმუხურში, იქ დარბევას ადგილი არ ჰქონია. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზანდა ხუფენიამ უბანი ხმების დათვლის დროს (პროცესი თითქმის დასრულებული იყო) დატოვა და საოლქო კომისიაში განაცხადა, რომ "საარჩევნო ყუთი დაიკარგა".
თუმცა მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად უბანზე დაბრუნდა, ხმების დათვლა გაგრძელდა. საბოლოოდ, იმის გამო, რომ ბალანსის დადგენა ვერ მოხერხდა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ უბნის შედეგები 12 ოქტომბერს ბათილად ცნო....
რა მოხდა მარნეულში
რაც შეეხება მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანს, მოგეხსენებათ, არჩევნების დღეს ეს ადგილი მოვნელების ეპიცენტრად იქცა. შუადღისთვის უბანთან რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა, რომლებიც შიგნით შეჭრას ცდილობდნენ. ცოტა ხანში მათი რიცხვი გაიზარდა. ისინი უბანზე ამომრჩევლებს არ უშვებდნენ.
მას შემდეგ, რაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა და პოლიციამ მათთან გამკლავება ვეღარ შეძლო, საღამოს საათებში სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. უბანთან შეკრებილი უცნობი ადამიანები შენობას ქვებს ესროდნენ, ჩაიმსხვრა ფანჯრები და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.
მოგვიანებით, 13 ოქტომბერს შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რამდენი ხმა სჭირდებათ კანდიდატებს გამარჯვებისთვის
"რეზონანსი" შეეცადა გამოეთვალა, თუ რამდენი ხმა სჭირდებათ მოწინავე პოზიციებზე მყოფ კანდიდატებს ზუგდიდსა და მარნეულში იმისათვის, რომ გაიმარჯვონ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზუგდიდში სამივე უბანი, სადაც არჩევნები განმეორებით ტარდება, 66-ე საარჩევნო ოლქს ეკუთვნის. განმუხურის 38-ე უბანზე სულ 1145 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ჯიხაშკარის 79-ეზე - 925, 108-ე უბანზე კი - 774 ადამიანი. ჯამში 2844 ამომრჩეველი.
ამ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 6 კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს. ცესკოს მონაცემებით, ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს სანდრა ელისაბედ რულოვსმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და ედიშერ თოლორაიამ, ზუგდიდის გამგებელმა, რომელიც "ქართული ოცნების" კანდიდატია. ამ ოლქის ყველა სხვა უბნის საერთო მონაცემებით, სანდრა რულოვსს ხმათა 45.71% აქვს (10 254 ხმა), ედიშერ თოლორაიას კი - 47.37% (10 626).
პირველ ტურში 66-ე ოლქში სულ 22 432 ამომრჩეველი მივიდა. ამას გაბათილებულ უბანზე რეგისტრირებული 2 844 ამომრჩეველიც ემატება. შესაბამისად, თუკი ამ უბნებზე ყველა რეგისტრირებული ამომრჩეველი მივა, გამოდის, რომ კანდიდატებს გასამარჯვებლად, ანუ 50 %-იანი ბარიერის გადასალახად ჯამში 12 639 ხმა სჭირდებათ. ანუ, რულოვსს ამ ნიშნულამდე მისაღწევად 2 385 ხმა აკლია, ხოლო თოლორაიას - 2013. უფრო ნაკლების მიღების შემთხვევაში აქაც მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო.
რაც შეეხება მარნეულს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ განმეორებითი არჩევნები მხოლოდ ერთ - სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბნზე იმართება, რომელიც 36-ე საარჩევნო ოლქს ეკუთვნის. აქ ერთმანეთს რვა პარტიის წარმომადგენელი უპირისპირდება.
საერთო მონაცემებით, აქაც "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. ახმედ იმამკულიევმა ("ნაცმოძრაობა") ხმათა 47.91 % (9 645 ხმა) მიიღო, ხოლო სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელმა თამაზ ნავერიანმა - 43.41 % (8 738 ხმა). 48-ე უბანზე სულ 1436 ადამიანია რეგისტრირებული.
36-ე ოლქში 8 ოქტომბერს სულ 20 130 ამომრჩეველი მივიდა. ამას გაბათილებულ უბანზე 1436 რეგისიტრირებული ამომრჩეველიც ემატება. ანუ, თუკი დღეს 48-ე უბანზე ყველა რეგისტრირებული ამომრჩეველი მივიდა, 50 %-იანი ბარიერის გადასალახად კანდიდატებს საერთო ჯამში 10 784 ხმა სჭირდებათ. შესაბამისად, გამოდის, რომ დღეს იმამკულიევმა არჩევნების პირველივე ტურში მოსაგებად მინიმუმ 1139 ხმა უნდა მიიღოს.
რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატს, თამაზ ნავერიანს, როგორც აღვნიშნეთ, მას 8738 ხმა აქვს. ნავერიანს 50%-ის გადალახვამდე, ანუ 10 783 ხმის მიღებამდე 2 046 ამომრჩევლის ხმა აკლია. ვინაიდან ამ უბანზე სულ 1436 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გამოდის, რომ ნავერიანი 2045 ხმას ვერანაირად ვერ მიიღებს. ანუ, მისთვის უკეთეს შემთხვევაში მარნეულშიც მეორე ტური გახდება საჭირო, უარეს შემთხვევაში კი - "ნაცმოძრაობის" კანდიდატი გაიმარჯვებს.
"დაპირისპირება არავის აწყობს"
სპეციალისტები დღევანდელ არჩევნებზე 8 ოქტომბრის მოვლენების გამეორებას აღარ ელიან და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამით ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან, წესით, აღარ უნდა აწყობდეს კრიტიკა დაიმსახუროს.
შესაბამისად, იგი ვარაუდობს, რომ ხელისუიფლება სტაბილურობას უზრუნველყოფს. თუმცა ის ფაქტი, რომ კორცხელის ინცინდენტის შედეგად არავინ დასჯილა, ჩიტაძის აზრით, შესაძლოა მავანთათვის წამახალისებელი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს, რადგან სხვებმაც იფიქრონ, რომ თუკი დღეს პროვოკაციებს მოაწყობენ, ისინიც დაუსჯელები დარჩებიან.
"ხელისუფლებას არა, მაგრამ შესაძლოა არეულობა ვიღაცას მაინც აწყობდეს. თუნდაც იმ მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომლებიც დამარცხებას ვერ შეეგუებიან. შესაძლოა ვა-ბანკზეც წავიდნენ," - აცხადებს ჩიტაძე.
არეულობას პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავაც გამორიცხავს. ამბობს, რომ 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების მომწყობები დაკავებულები არიან და სხვებმაც ამით სათანადო გაკვეთილი მიიღეს.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ პოლიციის წინააღმდეგ გამოსვლა ყველა ქვეყანაში დასჯადია. ასე რომ, ვფიქრობ, მარნეულშიც და ზუგდიდშიც არეულობით დაინტერესებულმა ხალხმა ჭკუა ისწავლა," - აღნიშნავს კვესელავა.
ისიც დარწმუნებულია, რომ არეულობა და შეხლა-შემოხლა ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ აწყობს და შესაბამისად, ყოველგვარ ღონეს იხმარს, რომ პროვოკაციებს, არსებობის შემთხვევაში, სათანადოდ გაუმკლავდეს.