"დაშლის პროცესი მალე დაიწყება - რულოვსის გადაწყვეტილება ამის ნიშანია"
თაკო მათეშვილი
25.10.2016

 "ნაციონალურ მოძრაბაში" ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სპეციალისტების ნაწილი პარტიის დაშლას ან ორად - სააკაშვილის გუნდად და მის მოწინააღმდეგეებად გახლეჩას არ გამორიცხავს. ისინი ამბობენ, რომ ფაქტი პარტიაში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების არსებობის თაობაზე, ნათელია.

ისინი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, ბუნებრივს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში ეს მისთვის ყველაზე მომგებიანი ნაბიჯი იყო, თუმცა არა- პარტიისათვის. პარტია, მათი აზრით, ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილებების გამო სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც დაზარალდება.

მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მისი თქმით, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისა და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვე, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში მონაწილეობას ამ უსამართლო ე.წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე.

"მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი, მთელ ზუგდიდში ძალიან ცუდი - ქურდული, კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი და არ მინდა, ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ. "მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში - ეს ჩემი ვალდებულებაა", - განაცხადა რულოვსმა.

მის ნაბიჯს მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არა რულოვსის გადაწყვეტილება იყო, არამედ მისი მეუღლის - მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც ცოლის მეორე ტურში მონაწილეობა საჭიროდ აღარ ჩათვალა. ვერსია ცოლ-ქმარმა კატეგორიულად უარყო და ამ მოსაზრებას სანდრა რულოვსმა შეურაცხმყოფელიც კი უწოდა.

რულოვსის გადაწყეტილებას უარყოფითად შეხვდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში". თუ გავითვალისწინებთ, რომ ესაა პარტია, რომელსაც შიდა დაპირისპირებები სააშკარაოზე არასოდეს გამოჰქონდა და რომლის წევრებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებას არასდროს გამოთქვამდნენ, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ მოექცა მათი ნეგატიური განცხადებები საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

"ნაცმოძაობის" ზოგიერთი წევრი შედარებით თავშეკავებული აღმოჩნდა და ისიც კი აღნიშნა, რომ რულოვსის გადაწყვეტილება არასასიამოვნო იყო, თუმცა არა - მოულოდნელი.

მაგალითად, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო, სააკაშვილის პრეზიდენტობისასაც კი. უბრალოდ, ბობოხიძის თქმით, ეს საჯაროდ არ გამოჰქონდათ. "მივესალმები, რომ მომავალში ნელ-ნელა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შიდა პარტიული დისკუსიები საჯარო გახადოს", - დასძინა მან.

შედარებით ხისტი განცხადებები გააკეთეს გივი თარგამაძემ და სერგო რატიანმა. თარგამაძემ რულოვსის ნათქვამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა. როგორც ჟურნალისტებს თარგამაძემ განუცხადა, ეს აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. მისივე თქმით, პარტია არ იზიარებს სანდრა რულოვსის პოზიციას და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედებს.

"პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურებში მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე, ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი", - განაცხადა მან.

დამაზიანებელი უწოდა ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეილებას სერგო რატიანმაც. რაც შეეხება იმას, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში პროპორციული სიით (მოგეხსენებათ, იგი "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნომერია), გუნდის წევრები ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ უჩვეულო სიტუაციაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა. პროფესორი იგორ კვესელავა დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი მალე დაიწყება. რულოვსის განცხადება, მისი აზრით, სწორედ ამის დასაწყისია.

"მე ამ პროცესის დაწყებას 2-3 თვეში ვვარაუდობდი, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო ადრე დაიწყო. ეს გადაწყვეტილება სანდრას რომ არ მიუღია, ცხადია, მიშამ მიიღო და ვფიქრობ, რომ სწორადაც მოიქცა. ასეთ ვითარებაში სანდრა ზუგდიდში აუცილებლად დამარცხდებოდა. ის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა. სწორედ ამიტომ იყო მიხეილ სააკაშვილის გათვლა სწორი. მისი დამარცხება უფრო სერიოზული დარტყმა იქნეობდა "ნაციონალური მოძრაობისათვის".

"გარდა ამისა, თავად მიხეილ სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობის" გარკვეულ წევრებს შორისაც სერიოზული უთანხმოებაა. მაგალითად სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას ან ნიკა მელიას შორის. სხვა გვარების დასახელებაც შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

"პარტიის ლიდერის ფუნქციას ახლა თავის თავზე ეს ორი ადამიანი იღებს, რადგან მიშა აქ არ არის. პარტიაში კი, რომელსაც ხელისუფლებაში მობრუნების პრეტენზია აქვს, ორი ლიდერი ვერ იქნება. არ შეიძლება, იქ ორსახოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს", - აღნიშნავს კვესელავა.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, კვესელავა მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლით იგი შეცდომას დაუშვებს.

"თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ვიყავი და ახლა სანდრას მრჩეველი რომ ვიყო, ვურჩევდი, პარლამენტში არ შესულიყო, რადგან ამ აჭრილ სიტუაციაში მის პარლამენტში შესვლას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისი პოლიტიკური მადის დაკმაყოფილებისათვის პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს. თუკი ამას გადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებიც დიდი სიამოვნებით მიესალმებიან, რადგან მის ადგილს სხვა დაიკავებს. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ესეც აუცილებლად მიშასთან იქნება დაკავშირებული", - აღნიშნავს პროფესორი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ აზრთა ჭიდილზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძეც. მისი თქმით, ახლა იქ მიდის მსჯელობა, პოზიციების შეჯერება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩიონ შემდგომში, ერთი მხრივ, მათ ფაქტობრივ ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან და, მეორე მხრივ, "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში.

სანდრა რულოვსის უარს რაც შეეხება, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მისი პოზიცია შესაძლებელია გასაგებიც კი იყოს იმ კუთხით, რომ მის პოლიტიკაში შემოყვანას და მაჟორიტარ კანდიდატად დანიშვნას თავიდანვე დიდი პოლიტიკური და სიბოლური დანიშნულება ჰქონდა.

ანჯაფარიძის აზრით, რულოვსის ტრიუმფალური გამარჯვება პირველივე ტურში იყო დაგეგმილი და შემდეგ ამ გამარჯვებაზე დაყრდნობით პროპაგანდისტული და პოლიტიკური ეფექტით სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერის მობილიზება და უკეთესი შედეგის მიღწევა.

რადგან ეს შედეგი მიღწეული ვერ იქნა, მისი აზრით, რულოვსის ფიგურას აქტუალობა დაეკარგა, "პოლიტიკური აქციები დაეცა". მისმა გადაწყვეტილებამ კი, მეორე ტურში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით, სპეციალისტის თქმით, "ნაცმოძრაობისათვის" ბუმერანგის როლი შეასრულა - პარტიის პოზიციები სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც დააზარალა.

ამიტომ, იგი ბუნებრივს უწოდებს "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების რეაქციას და ნეგატიურ შეფასებებს. თუმცა, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უახლოეს მომავალში "ნაცმოძრაობა" შეიძლება დაიშალოს ან ორ ნაწილად გაიყოს.

"არ მგონია, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. შეიძლება პარტიიდან ცალკეული წევრები წავიდნენ, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ პარტიაში მათი საკადრისი ადგილი და პოზიცია ვერ მიიღეს, მაგრამ დაშლას თვალსაწიერ მომავალში არ ვპროგნოზირებ.

"თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, სააკაშვილმა ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს. ოღონდ, ეს შორეული პერსპექტივა მგონია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა გათამაშებული სპექტაკლიც იყოს იმის გამო, რომ სახე შეინარჩუნონ და საზოგადოებას დაანახვონ, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს", - დასძენს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×