"ქართულ ოცნებაში" სამინიტროების ოპტიმიზაციაზე ალაპარაკდნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არ გამორიცხავს, რომ სამინისტროების რაოდენობა შემცირდეს.
"ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ჩვენზე მეტი სამინისტროც არის და ქვეყნები, სადაც ჩვენზე ნაკლები სამინისტროა, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არის ამ მხრივ საჭირო. ვფიქრობ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ოპტიმიზაცია, თუმცა - მუშაობის ტემპების დარღვევის გარეშე", - განაცხადა ჯეჯელავამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის აზრითაც, სამინისტროების გარკვეული ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი, რადგან დღევანდელი სტრუქტურა თითქმის 15 წლისაა. კვაჭანტირაძე სამინისტროების ოპტიმიზაციის თემას "სამთავრობო საკითხად" აფასებს, თუმცა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ოპტიმიზაციაზე ზრუნვა ყოველთვის საჭიროა.
"რთული თემაა, ეს უფრო სამთავრობო საკითხია. ჩემი აზრით, ოპტიმიზაციაზე ზრუნვა ყოველთვის საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრი რა წინადადებით წარსდგება. თუ იქნება კონკრეტული წინადადება, ამის განხილვისთვის პარლამენტი მზად იქნება და ვალდებულიც.
"მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად რაღაც ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი იმიტომ, რომ დღევანდელი სტრუქტურა არის თითქმის 15 წლის, თუ მეტის არა", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
უნდა შემცირდეს თუ არა სამინისტროების რაოდენობა? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ქვეყანა, ალბათ, არ დაინგრევა ზოგიერთი სამინისტრო რომ გაერთიანდეს ან შემცირდეს. შეიძლება თვითონ სამინისტროებშიც მოხდეს რაღაც ოპტიმიზაცია, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ამხელა ბიუკრატიული მანქანა საჭირო იყოს ასეთი პატარა ქვეყნისთვის.
არსებული ძალიან დიდი ხელფასების სხვანაირად გადამისამართების და ბევრი ადამიანის დასაქმების მომხრე ვარ და მე მგონი კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით იმუშავებს.
გია მურღულია (ფილოლოგი): არ ვარ კომპეტენტური და ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ისე, ზოგადად, პატარა ქვეყნისთვის ამდენი სამინისტრო მებევრება, მაგრამ გადაწყვეტით ვერ ვამბობ.
ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტი): მარტო გაუქმებაზე არ არის საუბარი, უნდა იყოს რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია. მე მგონი, საგარეო მიმართულების რამდენიმე სამინისტრო ერთად უნდა გაერთიანდეს - ევროპასთან, ინტეგრაციისა და დიასპორის სამინისტროები საგარეოს უნდა შეუერთდეს.
მაგრამ ასევე აუცილებელია, არქიტექტურა და ურბანისტობა ეკონიმიკური სამინისიტროდან გადავიდეს რეგიონალური განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროში, როგორც მსოფლიო მაგალითები გვკარნახობს.
ეკონომიკის სამინისტროს კი ჩამოეჭრას მდგრადი განვითარების კუდი - მესვეურებს შევახსენებ, რომ მდგარდი განვითარება გულისხმობს არა მარტო ეკონომიკას, არამედ ეკოლოგიასაც და საზოგადოების სოციალურ ჩართულობას.
შეიკვეცოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელწოდება, ასე რომ, საჭიროა რეორგანიზაცია აღმასრულებელი ცენტრალური ხელისუფლების და არა უბრალოდ გაუქმება.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): არ ვიცი. რამდენად წევენ თავის ჭაპანს, იმისდა მიხედვით უნდა მოხდეს მისი რეორგანიზაცია, თუმცა 19 სამინისტრო ბევრია, რა თქმა უნდა. მაგრამ, ახლა მექანიკური შემცირებით, თუ მექნიკური გადიდებით, საქმე თუ არ გააკეთეს, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, შიგნით როგორ მუშაობენ და რას აკეთებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე