"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრების სახელისუფლებო თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნას სპეციალისტთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი ამაში უჩვეულოსა და გასაკვირს ვერაფერს ხედავს ნაწილისთვის კი ეს მიუღებელია.
პოლიტოლოგები იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენად სჭირდება მმართველ გუნდს კადრების გარეთ ძებნა და მიუთითებს თუ არა ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებაში" საკადრო რესურსის დეფიციტზე.
ზოგიერთი მათგანის მტკიცებით კი, ბუნებრივია, რომ "ოცნებას" ინტელექტუალური რესურსის ძებნა პარტიის მიღმა უწევს, რადგან ქართულ პოლიტიკაში საკადრო შიმშილია.
"გაერთიანებული დემოკრატების" ტრანსფორმაცია
"ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები სახელისუფლებო თანამდებობებზე ვიხილოთ, მაშინვე გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ ისინი ამ პარტიას ტოვებდნენ. ეჭვი იმან გაამძაფრა, რომ ხელისუფლებას და ყოფილი "დემოკრატებისგანაც" არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდებოდა. ზოგიერთი მათგანი ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, ზოგი კი არაფერს გამორიცხავდა. მაგალითად, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. არჩევნების შემდეგ ვაკანტური გახდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაც და გავრცელდა ხმები, რომ მას "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი, ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. თავად დოლიძე ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მმართველ გუნდთან ითანამშრომლებს.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებას არ გამორიცხავს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძეც, თუმცა, ერთადერთი, რასაც გამორიცხავს, ეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდში ასევე შესაძლოა ვიხილოთ იარაკლი ჩიქოვანი, რომელმაც, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, სამეგრელოს გუბერნატორის თანამდებობა დაიკავოს. მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გუშინ, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, მეორე ტურში მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატებს დაუჭირონ.
ამის შესახებ ერთობლივი განცხადება პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა გააკეთეს.
"რამდენიმე დღეში მეორე ტური იქნება. პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატი: კოალიცია "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის". აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებ, მხარი დაუჭიროთ "ქართული ოცნების" კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს "ქართულ ოცნებას", როდესაც ჩვენ ყველამ 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ უნდა წასულიყო, მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
თავად პარტიის ლიდერმა კი, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ყოფილი თანაგუნდელების სახელისუფლებო თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნაზე, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ირაკლი ალასანიას თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელები პოლიტიკური ვალდებულებებისგან გათავისუფლებული არიან, შესაბამისად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
რაც შეეხება აღნიშნულ თემაზე თავად სახელისუფლებო გუნდის მოსაზრებას, აქაც გაურკვევლობაა, რადგან, მაგალითად გიორგი ვოლსკიმ რამდენიმე დღის წინ "თავისუფალი დემოკრატებისათვის" რამე თანამდებობის შეთავაზება კატეგორიულად გამორიცხა, თუმცა გუშინ "ქართული ოცნების" მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ ამ პარტიაში ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია და მათთვის თანამშრომლობის შეთავაზება გასაკვირი არაა.
"არავის უნდა გაუკვირდეს ურთიერთობა, მით უმეტეს საქართველოში და მით უმეტეს, როცა 2012 წლის შემდეგ კოალიციაში შემავალ პარტიებთან, მათ შორის "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც საზოგადოებასთან ერთად მივიღეთ.
"ვფიქრობ, რომ დაუვიწყარია ჩვენი პოლიტიკური თანაცხოვრება, არცთუ ისე მცირე პერიოდით. იქ ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ასე რომ, ურთიერთობა არ უნდა უკვირდეთ, თუნდაც ეს იყოს პირადული ან თანამშრომლობა, თუნდაც შორეული პერსპექტივა.
"ვფიქრობ, "თავისუფალ დემოკრატებში" ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანია და თუკი ჩვენი თანამშრომლობა საქმიანი იქნება, ეს არავის უნდა გაუკვირდეს", - განაცხადა ხუნდაძემ.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკისა და "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა. გია ვოლსკისთან შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი იმყოფებოდნენ.
დაბრუნება
"თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობებზე დანიშვნა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გასაკვირად სულად არ მიაჩნია. მისი აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებაში" საკადრო რესურსის დეფიციტია და ოპონენტ პარტიებში პროფესიონალების ძებნა სწორედ ამიტომ უწევთ.
ამბობს, რომ ამა თუ იმ აღმასრულებელ თანამდებობაზე პარტიული კადრები არც უნდა ინიშნებოდნენ და პროფესიონალებს პარტიულობის ნიშნით არ უნდა არჩევდნენ. საყვარელიძის თქმით, ასეთი რამ კომუნისტურ პარტიას ახასიათებდა და არც თუ ისე სასურველია მათ ამაში "ქართულმა ოცნებამაც" მიბაძოს.
აქვე არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლებელია კონკრეტული მიმართულებით, სადაც მათ კადრი სჭირდებათ, გუნდში სპეციალისტი არც ეგულებოდეთ და მათი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყოს განპირობებული.
"ნუთუ წაგებული პარტია ისეთი ძვირფასია, რომ მისი გაცვლა არაფერზე შეიძლებოდეს? იქნებ ადამიანი საერთოდ აღარ აპირებს პოლიტიკაში ყოფნას? ასეთი მაგალითიც ხომ არაერთი გვინახავს. "გაცვალეს, გაყიდეს," - მაინცდამიანც ჭუჭყის სროლა რატომაა საქართველოში მოდაში? ეს გულდასაწყვეტია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება", - აცხადებს საყვარელიძე.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არ ესმის "რაში სჭირდება" "ქართულ ოცნებას" ყოფილი "დემოკრატები". მისი აზრით, ახლა ისინი თავიდან ბოლომდე "ოცნების" მესვეურთა კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი.
"როგორც ჩანს, ესაა ხალხი, რომელსაც თანამდებობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღო. არ მგონია ამ სამი ადამიანით "ქართული ოცნება" აშენდეს. "დემოკრატებს" პოლიტიკურ პარტიაზე თუ ჰქონდათ პრეტენზია, ერთი წაგების გამო არ უნდა დაეშალათ", - აცხადებს შარაშენიძე.
"რეზონანსთან" ინტერვიუში იგი "ოცნების" ყოფილი სახეების შესაძლო დაბრუნებასაც ეხება და ამბობს, რომ მათ (მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს) პარტიაში მობრუნება ყოველთვის შეუძლიათ. "თავისუფალი დემოკრატების" იგივე გადაწყვეტილება კი მისთვის მიუღებელი იმის გამო იქნება, რომ მათ დამოუკიდებელ პარტიაზე ჰქონდათ პრეტენზია.
"გარდა ამისა, სერიოზული სამეგობრო იყო და როგორც ვატყობ, სამეგობროც დაიშალა, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტია. ეს მათთვის ალბათ ყველაზე უფრო კატასტროფულია. როცა ალასანია მინისტრობიდან გადადგა და მას მთელი გუნდი უკან გაჰყვა, ეს საგარეო კურსის ცვლილებას დააბრალეს. მერე თქვეს, რომ არ იცვლებოდა.
"ახლა კი, პარტიაც დაიშალა, ლიდერიც წავიდა და წევრები ისევ თანამდებობებს უბრუნდებიან, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. არც ის ვიცი, რამდენად სერიოზული იქნება "ოცნების" მხრიდან იმ ადამიანების აყვანა, რომელთაც საკუთარი პარტია მიატოვეს, რამდენად სჭირდებათ მათ ასეთი ადამიანები.
"თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ ადამიანებს ნებისმიერ დროს ადვილად მოიშორებ. მათთან არანაირი ვალდებულება არ გექნება, თავიდან ბოლომდე შენზე იქნებიან დამოკიდებულები და ნებისმიერ დროს მოიცილებ. ამ მხრივ შეიძლება მომგებიანიც იყოს", - დასძენს პოლიტოლოგი.