პრემიერ-მინისტრმა მომავალ მთავრობაში გარკვეული ცვლილებები, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაცია, უკვე დააანონსა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კონკრეტულად არაფერი განუცხადებია, სხვადასხვა ვერსია უკვე არსებობს იმაზე, თუ რომელი სამინისტრო გადაიქცევა დეპარტამენტად და ამა თუ იმ სამინისტროს პირველ პირად ვინ შეიძლება, ვიხილოთ.
იმის შესახებ, რომ ეკონომიკურ ბლოკში სამინისტროების შერწყმა არ მოხდება, კვირიკაშვილმა უკვე განაცხადა. ასევე გამორიცხულია ძალოვანი სტრუქტურების ოპტიმიზაციაც, რადგან სწორედ "ქართული ოცნების" ინიციატივით გაიყო შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური. ვარაუდია მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლოა, დეპარტამენტების სახით სხვა სამინისტროებს შეუერთდეს ევროინტეგრაციის, შერიგებისა და ასევე დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატები.
კონკრეტულად მინისტრების ცვლილებაზე არაფერი თქმულა, თუმცა, დიდი ალბათობით, საკუთარ თანამდებობებზე დარჩებიან: დავით სერგეენკო, დიმიტრი ქუმსიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, კახი კახიშვილი, გიგლა აგულაშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, მიხეილ გიორგაძე.
ასევე საუბარია, რომ არ შეიცვლება არც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი. თუმცა, "რუსთავი 2"-ის ცნობით, გამორიცხული არ არის, დევნილთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავდეს და ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედმა თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ ჩაიბაროს.
ვარაუდია, რომ ლევან იზორია დარჩება მინისტრთა კაბინეტში, თუმცა, შესაძლოა გადაინაცვლოს შს მინისტრად. თუმცა, შს მინისტრად ასევე განიხილება კახა კალაძეც და ანზორ ჩუბინიძეც.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ შეიცვლება იუსტიციის მინისტრი და თეა წულუკიანის ნაცვლად იქნება თამარ ჩუგოშვილი.
ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა ნოემბერში მოხდება, მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბრის მაჟორიტარების მეორე ტურის შედეგები გამოცხადდება, შეიკრიბება პარლამენტი და "ქართული ოცნების" უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს აირჩევს, რომელიც ყველა ვერსიითა და მტკიცებით, გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რომელმაც უნდა წარადგინოს ახალი მთავრობა.
პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის თქმით, კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი ახალი კაბინეტი გარკვეული ტესტი იქნება, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენა ისევ ნარჩუნდება, თუ კვირიკაშვილი ხდება რეალური პრემიერი და ლიდერი. თუკი მინისტრებს შორის რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდება, გამოვა, რომ კვირიკაშვილი საკუთარი გუნდით აპირებს ქვეყნის მართვას.
ყველაზე საკვანძო მიმართულებებად სახელდება ძალოვანი სტრუქტურები და ეკონომიკური ბლოკი და ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ თუ კვირიკაშვილი შეძლებს ამ ფლანგზე მასთან აფილირებული მინისტრები წარადგინოს, ეს იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ ის არის რეალური ლიდერი.
ამდენად, ყველაზე დიდ ინტერესს 4 სამინისტრო იწვევს - შსს, თავდაცვის უწყება, ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროები. ამათგან ეკონიმიკის მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი კვირიკაშვილის კადრია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ივანიშვილის კადრად ითვლება და 2-წლიანი ლარის გაუფასურების ფონზე, ეკონიმიკის ექსპერტთა ნაწილისა და ოპოზიციის დიდი კრიტიკის მიუხედავად ის 2012 წლიდან მინისტრის სავარძელს მყარად ინარჩუნებს.
ასევე კვირიკაშვილის კადრი არ არის გიორგი მღებრიშვილი. ის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, 2014 წელს გამოჩნდა. თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ლევან იზორიაც 2012 წლიდან იყო ჯერ ღარიბაშვილის, შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე შს სამინისტროში. თავდაცვის მინისტრად კი ის კვირიკაშვილმა 1-ელ აგვისტოს დანიშნა მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის გამო "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი წავიდა თანამდებობიდან. თუმცა, იზორია ღარიბაშვილის კადრად მაინც არ მიიჩნევა.
ვერსიები
დღეისთვის სულ 19 სამინისტროა, მათ შორისაა 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატიც და კეთდება პროგნოზები, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატები გადაკეთდება დეპარტამენტებად. ევროინტეგრაციის სამინისტრო და დიასპორის სამინისტრო შეურთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო კი - სოზარ სუბარის უწყებას - დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
დანარჩენი 16 სამინისტრო კი ისევ დარჩება. შესაძლოა, მხოლოდ მინისტრების ცვლილება მოხდეს. პროგნოზები კეთდება, რომ მინისტრების უმეტესობა პორტფელებს შეინარჩუნებს.
ცვლილება, დიდი ალბათობით, აუცილებლად შეეხება 3-4 სამინისტროს, მათ შორის კი ახალი მინისტრი ეყოლება იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს.
"ქართული ოცნების" კულუარებიდან "რეზონანსისთვის" რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის ჩანაცვლება იგეგმება "ოცნების" ახალი სახით - თამარ ჩუგოშვილით, რაც გაზეთს უკვე ეწერა კიდეც.
ასევე "რეზონანსისთვის" კულუარებიდან ცნობილია, რომ თანამდებობას გამოემშვიდობება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ამ პოსტზე თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ლევან იზორია შეიძლება ვიხილოთ.
პრაქტიკულად ეჭვიც არავის ეპარება, რომ პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი და სიის მე-2 ნომერი კახა კალაძე მინისტრთა კაბინეტში ისევ დაბრუნდება. შესაძლოა, ისევ ენერგეტიკის მინისტრად. თუმცა, მედიაში ასევე ვრცელდება ცნობა, რომ მას შს მინისტრობაც სურს და ამ პოსტზე შეიძლება ვიხილოთ.
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე "ფეისბუქში" წერს, რომ შს მინისტრის პოსტზე კახა კალაძისა და ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურები განიხილება.
მომავალ სავარაუდო მინისტრებზე განხილვას არ ადასტურებენ "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი არგუმენტი ისაა, რომ ჯერ მაჟორიტარების მეორე ტურები აქვთ მოსაგები.
პრემიერმა კვირიკაშვილმა კი გარკვეული პატარა ცვლილებები დააანონსა, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ერთადერთი, რაც აღნიშნა, ისაა, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება.
"ისე, სჯობს დავიცადოთ, იმიტომ, რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს ალბათ. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა.
"არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ. მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კახა კალაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.
"პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, 30 ოქტომბერს არის მეორე ტური, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. მინდა მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, იაქტიურონ, მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. დარწმუნებული ვარ, იქნება სწორი არჩევანი. როდესაც დასრულდება მეორე ტურები, შესაძლებელი იქნება, ვისაუბროთ როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და რა რეფორმები არის დაგეგმილი," - განაცხადა კალაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ტიპის საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პარლამენტი დაამტკიცებს.
"მთავრობაში ცვლილებების წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მე კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
კითხვაზე, დარჩება თუ არა პირადად ის მინისტრად, სერგეენკომ განაცხადა, რომ "არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება დარგი".
საკვანძო მინისტრები
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელ გია ხუხაშვილის განცხადებით, მთავრობაში შესაძლო საკადრო გადაადგილებასა და მთავრობის ოპტიმიზაციაზე საუბარი ნაადრევია და ეს მხოლოდ ჭორაობას ჰგავს.
"ბევრად უფრო ფუნდამენტური საკითხია საერთოდ ვინ არის პრემიერ-მინისტრი, სად დევს ძალაუფლება, რადგან დღეს არავის სჯერა, რომ რაიმე გადაწყვეტილებებს იღებს კვირიკაშვილი," - ამბობს ხუხაშვილი, რომელიც თვლის, რომ ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, არის თუ არა კვირიკაშვილი რეალური პრემიერი.
"ჩვენ დაგვრჩება თუ არა განცდა, რომ ეს მისი გუნდია, თუ ეს არის იგივე გუნდი, რაც მაინცდამაინც მასთან შეიძლება არ იყოს აფილირებული. მთავარია, ჩვენ ვიგრძნოთ, რომ ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას, კვირიკაშვილია ნამდვილად ლიდერი, ის იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, ის იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებებზე.
"თუ იგივე კაბინეტი შენარჩუნდება და კვირიკაშვილი ისევ სიყვარულსა და აგუგუნებულ საქართველოზე გველაპარაკა და მეტი არაფერი მოხდა, ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაშავდეს, მთელი პრეტენზიები სხვა მხარეს წავა და კვირიკაშვილზე არავის ექნება ეჭვი, რომ მან დააშავა რამე. ჩვენ უნდა დაგვრჩეს განცდა, რომ ეს არის ვერტიკალი და კვირიკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ლიდერია. არავინ არ უნდა ახსენოს ბიძინა ივანიშვილი. ამას უნდა მივაღწიოთ," - ამბობს "რუსთავი 2"-თან ხუხაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო ძალოვან სისტემასა და ფინანსებზეა დაფუძნებული. თუ ამ ორი მიმართულებით გაგვიჩნდა განცდა, რომ კვირიკაშვილის კადრებია დანიშნული, მაშინ ის გამოჩნდება ნამდვილ პრემიერად და ლიდერად და ივანიშვილიც დაისვენებს ამდენი ბრალდებისგან.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან მთელ ქვეყანაში ყველა მიმართულებით კომპეტენტური კადრების დეფიციტია და ამა თუ იმ მინისტრის ჩანაცვლება ადვილი გადასაწყვეტი არ არის.
კითხვაზე, ვინ შეიძლება ჩაითვალოს წარუმატებელ მინისტრად, ვისი შეცვლაც ახლა "ქართული ოცნებისთვის" დადებითი იქნება, ამბობს, რომ "ოცნება" არც ერთ საკუთარ მინისტრზე არ იტყვის, რომ ცუდია.
საყვარელიძე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ლარის მუდმივი გაუფასურების ფონზე "ოცნებისთვის" სასარგებლო იქნება ახალ კაბინეტში ახალი სახე წარადგინოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
"ოცნება" არც ერთ მინისტრზე არ იტყვის, ცუდიაო. პირიქით, ყველაზე ბევრ პოზიტივს გაიხსენებენ, მათ შორის ხადურზეც, რომლის მხრებზეც ბევრმა მძიმე პერიოდმა გადაიარა.
"მე ხადურის პროფესიონალიზმის მსაჯული ვერ ვიქნები, მაგრამ ეკონომისტებს და მის მასწავლებლებს ვენდობი, რომლებსაც ნათქვამი აქვთ, რომ შესანიშნავი ეკონომისტია.
"პირადად მე მსმენია, რომ კურსის ცვლილებები ფინანსთა სამინისტროსთან დაკავშირებული არ არის და მას ზოგჯერ ეკონომიკას აბრალებდნენ, ზოგჯერ - ეროვნულ ბანკს," - ამბობს საყვარელიძე და დასძენს: "თუ ხადურს ლარის გაუფასურების გამო გადააყენებენ, შესაძლოა, მის ადგილზე მოვიდეს ისეთი, ვინც კომპეტენციით ხადურზე ნაკლებია და მაშინ ხომ შეიძლება კიდევ უფრო დიდ სირთულეებს წავაწყდეთ იმიტომ, რომ საქართველოში ყველა მიმართულებით კადრების დეფიციტია.
"კადრების შეცვლა ადვილი გადასაწყვეტი არ არის. მთელმა ქვეყანამ სამი პარტიის კანდიდატები ვერ წარმოშვა ისეთი, რომ 5%-ანი ბარიერი გადაელახა. მეტი კადრების დეფიციტი რა გვინდა? მინისტრთა კაბინეტები კი ყველა პოლიტიკურ ძალას უჭირს და ყველგან სათუოა, გამოდგება თუ არა ესა თუ ის მინისტრი".