თაკო მათეშვილი
28.10.2016

 პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა მეორე ტურში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წარმატებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ 51 ოლქიდან მათი გამარჯვება 47-48 ოლქში გარდაუვალია.

მისი აზრით, საქმე მეორე ტურამდე შეიძლება არც მისულიყო წინასაარჩევნო პერიოდში ლარის კურსი რომ არ დაცემულიყო და სხვა სოციალური პრობლემები არ გამწვავებულიყო. ამან, კვესელავას შეფასებით, ხელისუფლებას ბევრი მხარდამჭერი დააკარგვინა და ძალიან ბევრს არჩევნებზე წასვლის სურვილიც გაუქრო.

"რეზონანსთან" ინტერვიუში პროფესორი აცხადებს, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების მთავარი ამოცანა იმ ნდობის გამართლება იქნება, რაც მას ხალხმა გამოუცხადა.

იგორ კვესელავა: 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოლქში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ოპოზიციური კანდიდატებიდან გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს "მრეწველების" წარმომადგენელი დგას. მას აქვს შანსი, მეორე ტური მოიგოს და ხაშურის რაიონშის მაჟორიტარი დეპუტატი გახდეს. მე ხაშურელების განწყობაც ვიცი და ამას აქედან გამომდინარე ვამბობ.

სხვებს რაც შეეხება, "ნაცმოძრაობამ" მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი შეიძლება გაიყვანოს.

"რეონანსი": რომელ ოლქში ვარაუდობთ "ნაცმოძრაობის" კანდიდატის გამარჯვებას?

ი.კ: მარნეულში, ან ახალციხეში. სხვაგან შეუძლებელია, სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ.

"რ": თქვენი აზრით, ზუგდიდში სანდრა რულოვსმა იმის გამო მოხსნა კანდიდატურა, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონდა?

ი.გ: ბუნებრივია. რულოვსს ზუგდიდში არავითარი შანსი არ ჰქონდა. მაქვს ინფორმაცია, რომ მისმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა, რომელიც სანდრას ზუგდიდში ჰყავდა ჩაყვანილი, კვლევა ჩაატარა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ნახეს, რომ ის მეორე ტურში ხმების სათანადო რაოდენობას ვერ მოაგროვებდა, "ოცნების" კანდიდატს საგრძნობლად ჩამორჩებოდა.

მით უმეტეს, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ, რომლებიც არჩევნებს გამოეთიშნენ, "ოცნების" კანდიდატის მხარდაჭერა დაიწყეს. მათ ეს ყველაფერი კარგად დაინახეს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა გადამწყვეტი როლი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის მითითებამ ითამაშა. სადრა რომ ამბობს, არავითარი მითითება არ გვქონიაო, ტყუილია. სანდრას საქართველოში ჩამოსვლაცა და პოლიტიკაში მოსვლაც მიხეილ სააკაშვილის სურვილთანაა დაკავშირებული. ასევეა პოლიტიკდან გასვლაც. სიმართლე ესაა.

"რ": რაში დასჭირდა, თქვენი აზრით, ეს სააკაშვილს?

ი.კ: იმისთვის, რომ მას სანდო პიროვნება სჭირდებოდა, რომელსაც პარლამენტში და თუნდაც "ნაცმოძრაობაში" შეაგზავნიდა. "ნაცმოძრაობაში" სანდრა მიხეილ სააკაშვილის მიერ შეგზავნილია, რადგან პარტიის სერიოზული ბირთვი მის გვერდით აღარ დგას. მათ უკვე სხვა შეხედულებები აქვთ. სააკაშვილი მათთვის შორეული წერტილია, რომელთანაც ისინი ახლოს ვერ მივლენ.

არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკელებმა მიატოვეს. უკრაინაში მას ურთულესი სიტუაცია აქვს შექმნილი და მალე მოერყევა ტახტი, რომელზეც ოდესაში ზის. ეს თვეების და შეიძლება დღეების ამბავია.

ამიტომაც გადაწყვიტა აქ, "ნაცმოძრაობაში" თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა და სანდრას მშვეობით გაეგო რიგი საიდუმლოებები, რომელსაც მას აღარ აგებინებენ. თუმცა რულოვსი დამარცხდა და ვფიქრობ, პარლამენტში მის ყოფნას აზრი საერთოდ აღარ აქვს. რა უნდა აკეთოს იქ?!

"რ": მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატების წარმატებას პროგნოზირებთ იმის მიუხედავად, რომ ლარი ისევ უფასურდება და საზოგადოებაში ამის გამო საკმაოდ დიდი პროტესტია?

ი.გ: რა თქმა უნდა, სოციალური რყევა არის, ისევე როგორც პოლიტიკური რყევა. მაგალითად, არჩევნების წინ ქვეყანაში პოლიტიკური რყევები იყო, რამაც სოციალური რყევაც გამოიწვია. სხვანაირად შეუძლებელია.

წინასაარჩევნო პერიოდი ის დროა, როცა ასეთი რამ გარდაუვალია. "ქართული ოცნება" რამდენიმე ფრონტზე წარმატებით ვერ იმუშავებდა. საარჩევნო ფრონტზე წარმატებით იმუშავა, არჩევნები მოიგო და ხელისუფლებაში დარჩა. ახლა კი უკვე ვალდებულია, ეკონომიკური მიმართულებით გააძლიეროს მუშაობა და მთელი რიგი ღონისძიებები გატაროს, რათა ლარის კურსი დაასტაბილუროს.

"რ": ელით, რომ ამას მოახერხებს?

ი.კ: ლარი ქვემოთ ვერ ჩამოვა. იგი სავარაუდოდ 2,25-2,30-ის ფარგლებში იმერყევებს. საქართველოს ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა ახლა ლართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა. ამ მხრივ "ოცნებას" გამოცდა ელის წინ.

"რ": თქვენი აზრით, რომ არა ლართან დაკავშირებული პრობლემები, "ოცნებას" პირველივე ტურში უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო?

ი.კ: რასაკვრველია, უკეთეს შედეგს აჩვენებდა. სოციალურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებზე ასეულობით ათასი ადამიანი არ მოვიდა. ფიქრობენ, მაინც ვერაფერი შეიცვლება, არაფერი გამოვაო. ამ ხალხში რწმენა და იმედი აღარაა.

ასე რომ, ლარის კურსის დაბალანსება, სოციალური პრობლემების მოგვარება ხალხს არჩევნებზე მოიყვანდა. არჩევნებზე რატომ მივა კაცი, რომელსაც უმძიმესი მდგომარეობა აქვს და ხელისუფლება მის დასახმარებლად არაფერს აკეთებს? ვინც მოდის, იმ იმედით მოდის, რომ რამენაირად საქმე წინ წავა, მაგრამ დიდ ნაწილს, როგორც ჩანს, ამის იმედი აღარ აქვს.

ეს "ოცნების" მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაზე მუშაობაც მოუწევს. მან უნდა იცოდეს, რომ ხალხი მის გვერდით დადგა, ნდობა გამოუცხადა, ამიტომ იგი ვალდებულია ეს ნდობა გაამართლოს.

"რ": ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი სამინისტროების შემცირების თაობაზე, ზოგიერთი სამინისტროს გაუქმებაზე, ზოგიერთების შერწყმაზე და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა ეს?

ი.კ: სამინისტროების შემცირება აუცილებელია. ზოგიერთი სამინისტრო სხვებს უნდა შეუერთდეს. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უნდა გაერთიანდეს, შერიგებისა და თანასწორობის სამინისტრო დევნილთა სამინისტროსთან და ა.შ.

არ შეიძლება დღეს შერიგების სამინისტრო ცალკე იყოს. რას აკეთებს ეს სამინისტრო, რა გაუკეთებია, ან მომავალში რა უნდა გააკეთოს? თავისი გეგმა ხომ უნდა გააჩნდეს? არც სტრატეგია აქვთ და არც ტაქტიკა, ყველაფერი გაურკვეველია.

ანდა რა საჭიროა ცალკე ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო? იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს. სწორი იქნება, თუკი ერთ-ერთი დეპარტამენტის სახით იქნება წარმოდგენილი.

საერთოდ, რა საჭიროა ამდენი სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი? უნდა გვყავდეს ვიცე-პრემიერები, რომლებიც მათ მუშაობას კურირებას გაუწევენ. ცალკე აღებული სამინისტრო ხომ ცალკე ბიუჯეტსა და აპარატს ნიშნავს. ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს.

როცა საუბარი ქამრების შემოჭერაზეა, ეს მთავრობიდან, სამინისტროებისა და აპარატების შეკვეცით უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, კვირიკაშვილმა ეს საკითხი სწორად უნდა გადაწყვიტოს ისევე, როგორც საკადრო საკითხები, რაც საქართველოში ასევე დიდი პრობლემაა.

დღეს განათლება და მეცნიერება უმძიმეს მდგომარეობაშია და როცა მეცნიერება უმძიმეს მდგომარეობაშია, მაშინ პოლიტიკაც უმძიმეს მდგომარეობაშია. მეცნიერებს არავინ უსმენს, მათ აზრს არავინ იზიარებს. არადა, ისინი არაფერს ითხოვენ, მათ შორის არც პარლამენტში მოხვედრას. ამას სპორტსმენები და ხელოვანები ითხოვენ.

ამიტომ, ხელისუფლებას ვურჩევ მოუსმინოს მეცნიერებს და გარკვეული რჩევები და წინადადებები ყურად იღოს. იშვიათია ქვეყანა, სადაც მცნიერები მთავრობაში არ ჰყავთ და მათ ჭკუას არ ეკითხებიან. ჩვენთან კი მათ არც ერთი ხელისუფლება არ უსმენს.

"რ": "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრებმა მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატებს გამოუცხადეს მხარდაჭერა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაციაც იმის თაბაზე, რომ შესაძლოა მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეული თანამდებობები დაიკავონ. როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა ამის საჭიროება და როგორ იმოქმედებს ეს, ერთი მხრივ, "ოცნების", მეორე მხრივ კი, თავად ამ ადამიანების იმიჯზე?

ი.კ: "თავისუფალმა დემოკრატებმა", ყოველ შემთხვევაში იმ გუნდმა, რომელსაც ალასანია ხელმძღვანელობდა, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულა. ზოგიერთ წევრს პათეტიკა და დემაგოგიური გამოსვლები ამ მიმართულებით ბევრს ვერაფერს შეცვლის.

ხელისუფლება ჭკვიანურ ნაბიჯს გადადგამს, თუ ამ ინტელექტუალურ ძალას მთავრობაში გამოიყენებს. ეს აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული ნაბიჯია. ხელისუფლებამ იმ ადამიანებს ხელი არ უნდა ჰკრას, რომლებიც მუშაობდნენ და რომელთაც ქვეყნისათვის რაღაც სასიკეთოს გაკეთება შეუძლიათ. "ოცნების" ტაქტიკაც ესაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×