"მედიის დაცვის საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა გარკვეული სახის წინააღმდეგობა"
ელზა პაპოშვილი
28.10.2016

 "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ პარტიაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი ნამდვილად არსებობდა. წასულ წევრებსა და მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამ ადამიანების მიმართ ეჭვი გაჩენილიყო და ისინი "ქართულ ოცნებასთან" შესაძლო გარიგებაში ყოფილიყვნენ.

შავგულიძის განცხადებით, მოვა დრო და როგორც ირაკლი ალასანია, ასევე პარტიის ყოფილი წევრები სიმართლეს იტყვიან, რა გახდა პარტიიდან და პოლიტიკიდან მათი წასვლის რეალური მიზეზი.

"რეზონანსი": 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, როგორია "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია და თავის ამომრჩეველს რომელი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს?

შალვა შავგულიძე: მეორე ტურში ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მხოლოდ ჩვენს კანიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს დაუჭირონ მხარი, რომლიც ჭიათურის მაჟორიტარულ არჩევნებში, მეორ ტურში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენი პარტია ვერც "ნაციონალების" და ვერც "ოცნების" პოლიტიკურ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და მოსახლეობას რომელიმე მათგანის მხარდაჭერისკენ ვერ მოუწოდებს.

სამწუხაროდ, ჩვენმა პარტიამ ამ არჩევნებში სათანადო ნდობის მოპოვება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დიდწილად გაყალბებულია და არსებული ციფრები ამომრჩევლის რეალურ განწყობას არ ასახავს. მიუხედავად ამისა ჩვენს მარცხს მაინც თვითკრიტიკულად ვუდგებით და ვნახეთ, რომ ჩვენი თანაპარტიელების ნაწილმა ამ მარცხს ვერ გაუძლო. თუმცა ჩვენ გავძლიერდებით და საქართველოს მოსახლეობას მესამე ალტერნატიულ ძალას შევთავაზებთ, რადგანაც არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" მაღალი ლეგიტიმაცია არა აქვს.

"რ": თქვენგან განსხვავებით, თქვენი პარტიის ყოფილი წევრები ასე არ ფიქრობენ და მათ ამომრჩეველს მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. თქვენთვის ეს რამდენად მოულოდნელი იყო და როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებმა ასე რადიკალურად პოზიცია არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ რატომ შეიცვალეს?

შ.შ: ამიტომაც გაიყარა ჩვენი გზები და ისინი დღეს "თავისუფალ დემოკრატებს" აღარ წარმოადგენენ. ეს ადამიანები თავისუფლები არიან, მხარი ვისაც უნდათ, იმათ დაუჭირონ. პარტიაში ყოფნის დროს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები რომ ყოფილიყვნენ, ისინი ჩვენი წევრები ვერ იქნებოდნენ, მაგრამ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ამ ადამიანებსა და ჩვენ შორის აზრთა სხვაობა ყოველთვის იყო.

პარტიის ყოფილი წევრები ხშირად მომხრეები იყვნენ, რომ რაღაც თემებზე, რაც "ოცნების" არასწორ პოლიტიკას ამხელდა, აქცენტი არ გაგვეკეთებინა. ასეთი იყო, მაგალითად, საბანკო ზედამხედველობის კანონი, რომლიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ "ოცნებამ" ეს კანონი მაინც მიიღო. ასევე ეს კანონი კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგებოდა.

პარტიიდან წასული ყოფილი წევრები ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ჩვენს განცხადებებს ეწინააღმდეგებოდნენ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აზრთან თანხვედრაში იყო.

რა მნიშვნელობა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წარსულს, როდესაც საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და ეს ხალხი მაშინ ზუსტად ამას ამბობდა, რომ ეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო კანონი იყო. მხოლოდ იმ მოტივით, რომ ამას "ნაციონალები" იზიარებენ და ცუდ კანონზე, მოდი, ხმა არ ამოვიღოთ, სწორად არ მიმაჩნდა.

ასეთ თემატურ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენსა და ამ ადამიანებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად ჩნდებოდა. თუმცა ეს არ აღწევდა იმ დონის დაპირისპირებას, რომ ამას პარტიის დაშლა გამოეწვია. მედიის დაცვის საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა გარკვეული სახის წინააღმდეგობა.

"რ": პარტიიდან მათი წასვლის შემდეგ და იმ განცხადებების ფონზე, რაც მათ "ქართული ოცნების" მიმართ დადებით კონტექსტში გააკეთეს, ხომ არ გაგჩენიათ ეჭვი, რომ ეს ადამიანები ოპოზიციაში ყოფნის დროს, "ოცნებასთან" ფარულად გარიგდნენ?

შ.შ: რაზეც კონკრეტული ფაქტები არ გვაქვს, ამაზე ვარაუდის დონეზე საუბარი ძალიან რთულია. ამ საკითხს ცოტა სხვა კუთხით დავაყენებდი.

ორი შესაძლო ვარიანტი არსებობს - ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების პარტიაში ყოფნის დროს, "ქართული ოცნების" პოლიტიკა უკვე მისაღები იყო და "თავისუფალ დემოკრატებში" ფომალურად მაინც რჩებოდნენ. ხოლო მეორე შემთხვევაში, ეს მისაღები არ იყო და პარტიის მარცხის შედეგად, პოზიცია ასე რადიკალურად შეიცვალეს. არც ერთი ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის.

"რ": შესაძლოა, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი მხოლოდ არჩევნებში დამარცხება არ იყო და მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისმა თანაგუნდელებმა პარტიიდან წასვლა გადაწყვიტეს და მან მოვლენებს დაასწრო?

შ.შ: გულახდილად გეტყვით, რომ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგანაც ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს. ამის შესახებ დროთა განმავლობაში ან ირაკლი ალასანია, ან პარტიიდან წასული ეს ხუთი ადამიანი იტყვის, სინამდვილეში რა მოხდა. ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ალბათ არც უნდა მქონოდა.

"რ": თქვენმა პარტიამ არჩევნებიდან 380-მდე დამკვირვებელი უკან გამოიწვია, ამის მიზეზად კი მათი ქმედება დასახელდა, რომ ისინი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედებდნენ. იმ ფონზე, როდესაც არჩევნების შემდეგ პარტია ასევე მისმა წევრებმა დატოვეს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ "თავისუფალ დაემოკრატებზე" მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა?

შ.შ: ეს ხელისუფლების გეგმაზომიერი მოქმედება იყო, სადაც უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა. მათ პარტიაში ისეთი ხალხის შემოშვება შეძლეს, რომლებსაც სერიოზული პოზიციები ჩაბარდათ და მივიღეთ ის შედეგი, რომ ჩვენი კომისიის უდიდესი ნაწილი "ოცნებასთან" თანამშრომლობდა. ჩვენს პოზიციას არ იცავდნენ, რაც, როგორც ჩანს, არჩევნებამდე იყო დაწყებული და ჩვენ ეს გამოგვეპარა.

"რ": გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია ამერიკაში მიდის. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ალასანიას ახლა რა გეგმები აქვს?

შ.შ: სიმართლე გითხრათ, მისი სამომავლო გეგმების შესახებ არაფერი არ ვიცი. ჩვენ ამის შესახებ არ გვისაუბრია. ამიტომაც დარწმუნებით არც უარყოფა და არც დადასტურება სწორი არ იქნება.

"რ": არჩევნების შემდეგ, ქართული პოლიტიკა დიდი დეპრესიის პროცესში იმყოფება. რას აპირებს სამომავლოდ "თავისუფალი დემოკრატები" და როგორ ფიქრობთ, ამ მოცემულობით რაშიც ახლა პარტია იმყოფება, რისი გაკეთება შეგიძლიათ?

შ.შ: პირველ რიგში, დავიწყებ იქიდან, რომ "ქართული ოცნება" დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. თავად საკონსტიტუციო უმრავლესობა განყენებულად ტრაგედიას არ წარმოადგენს. თუმცა გააჩნია, ასეთი იარაღი როგორ პოლიტიკურ ძალას უკავია.

სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ისეთ ძალად ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების სრულ უზურპაციაზეა გადასული და განვლილი 4 წლის განმავლობაში სხვა არც არაფერი უკეთებია. პროკურატურას აკონტროლებენ, სასამართლოში იმ ადამიანებს ნიშნავენ, რომლებიც ხელისუფლების ერთგულებას უკვე მიჩვეულები არიან.

საფინანსო სექტორზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ხოლო ამ ახალი კანონის ამოქმედება ჩვენი სარჩელის შემდეგ დროებით შეჩერდა. ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლების უზურპაციისკენ არის მიდრეკილი.

ფაქტობრივად მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტია კონტროლის გარეშე დარჩენილი და მასაც მალე მოუვლიან. ჩვენი პარტია ახლა თავისი რესურსების ოპტიმიზაციას ახდენს. რეალურად რა რესურსები გვაქვს და მოქმედების სტარტეგიას განვსაზღვრავთ. შევეცდებით, რომ ქვეყნის სამართლებლივ და განვითარების გზაზე, ჩვენი წვლილი და როლი შევასრულოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×