ნინო ქეთელაური
28.10.2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. ალიანსი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მათ ცესკომ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა. პარტიას მიაჩნია, რომ მეტი ეკუთვნით.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს მანდატების დათმობა, თუმცა პარტია სამართლებრივ დავას გააგრძელებს და მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, კახა ნარეკლიშვილის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო; მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა არგუმენტები, თუ რის გამო უნდა გაეუქმებინა ცესკოს მიერ მიღებული აქტი.

"სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ ოქმის შედგენის დროს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, თითქოს საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა მანდატების გადანაწილებას, ასევე საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი, ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. სრულიად სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება," - აღნიშნა კომისიის წარმომადგენელმა.

ეკუთვნის თუ არა "პატრიოტთა ალიანსს" 6 მანდატზე მეტი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 არჩილ გამზარდია (ანალიტიკოსი): ცოტა გამიჭირდება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო. ეს ალბათ, შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა დაადგინო, კონსტიტუციონალისტებმა თუ სამართლის სპეციალისტებმა.

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): არა, და იცით რატომ?! თუ "პატრიოტთა ალიანსი" იტყვის, რომ მათ ეკუთნის 6 მანდატზე მეტი, მაშინ ყველა პარტია იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. გამოცხადდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და კარგად ჩატარდა, როგორც ექსპერტებმა გვითხრეს და როგორც ყველა პარტიამ შეირგო. ახლა კიდევ ან ის თქვან, რომ გაყალბდა არჩევნები და არ შედიან, ან არ გაყალბებულა და შედიან.

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): როგორც მე მახსოვს, თავიდანვე ასე იყო, რომ თუ პარტია 5%-ან ბარიერს გადალახავს, 6 მანდატი ეკუთვნის. მაგრამ ეს დიდი ხნის წინაც ასე იყო და არავის არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ამასთან დაავშირებით. მერე აღმოჩნდა, რომ რაღაც არასწორად გადანაწილდა. მე ჩემი პროფესია მაქვს და ვერ ვერკვევი ამ საკითხში, მანდატების გადათვლა ძალიან გამიჭირდება. თუ ეკუთვნით, შესაბამისი რაონდენობის მანდატები უნდა მიიღოს.

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  ეს არის ცენტრალური საარჩენო კომისიის გადასაწყვეტი. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ "პატრიოტთა ალიანსი" თვაიდან დათანხმდა 6 მადატს და თქვა, პარლამენტში შევდივარო, ახლა კი აცხადებს, რომ მეტი მეკუთვნისო, ეს ქმედება მის ავტორიტეტს დააზიანებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×