მმართველი პარტია პირველი ტურის შედეგებით 46 ოლქში ლიდერობს, მთავარი ოპოზიციური პარტია კი - მხოლოდ 2-ში
თიკო ოსმანოვა
29.10.2016

 ხვალ 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან მმართველ პარტიას 49 ოლქში ჰყავს კანდიდატი, 50-ე კი მთაწმინდის ოლქია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს "დაუთმო".

50-დან 45-ში ჰყავს თავისი კანდიდატი ნაციონალურ მოძრაობას. გარდა ამისა, 2 ოლქში მმართველ პარტიას "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი უპირისპირდება, ერთ ოლქში - "მრეწველების" და 2 ოლქში კი - დამოუკიდებელი კანდიდატები.

"ოცნება"-"ნაცმოძრაობის" დაპირისპირება 44 ოლქში იქნება. აქედან პირველ ტურში "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა 2 ოლქი მოიგო, "ოცნების" კანდიდატმა კი - 42.

მეორე ტურის მთავარი ინტრიგა ისაა, შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში 67 ადგილი უკვე აქვს და 3/4-ის მისაღებად (113 ადგილი) 46 ოლქის მოგება სჭირდება.

უმეტეს ოლქებში პოლიტოლოგები სახელისუფლებო ძალის მოგებას პროგნოზირებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ არჩევნებზე, შესაძლოა, მოსახლეობის დაბალი აქტივობა დაფიქსირდეს, რაც, მათი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს კი "ოცნებისთვის" საფრთხის შემცველი განსაკუთრებით იმ რეგიონებში იქნება, სადაც კანდიდატებს შორის პირველი ტურის შედეგად მიღებულ ხმებში განსხვავება შედარებით მცირეა.პირველ ტურის შედეგებით, ამ ოლქების დიდ ნაწილში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მეორე ტურში გასულ კანდიდატებზე საშუალოდ 10%-20%-ით მეტი ხმა მიიღეს, თუმცა ვერ შეძლეს 50%-იანი ბარიერის გადალახვა. არის რამდენიმე ისეთი ოლქიც, სადაც პირველ ტურის შედეგებით "ქართული ოცნების" კანდიდატმა მეორე ტურში გასულ კანდიდატს სულ რამდენიმე პროცენტიანი უპირატესობით აჯობა. ესენია: ქუთაისის, ზუგდიდი, ახალციხე და მცხეთა-მთიანეთი.

თბილისში

დედაქალაქის 22 ოლქიდან არჩევნების მეორე ტური 18 ოლქში გაიმართება. მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

უფრო კონკრეტულად, თბილისში, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა - 44,42% დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, რომელსაც მმართველი პარტია საჯაროდ უჭერს მხარს და აქედან გამომდინარე, ეს ოლქი "დაუთმო". მეორე ადგილზე გავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა რურუა 26,92%-ით.

ვაკის მე-2 მაჟორიტარული ოლქი: ბიძინა გეგიძე ("ოცნება") - 48,95%; ელენე ხოშტარია ("ნაცმოძრაობა") 22,25%.

საბურთალოს მე-6 ოლქი: ლევან გოგიჩაიშვილი ("ოცნება") - 46,89%, სევდია უგრეხელიძე ("ნაცმოძრაობა") - 17,2%.

კრწანისის მე-7 ოლქი: ბექა ოდიშარია ("ოცნება") - 48,23%, ირაკლი აბესაძე ("ნაცმოძრაობა") - 28,92%.

ისნის მე-8 ოლქი: ირაკლი აბუსერიძე ("ოცნება") - 42,74 %, გიორგი ონიანი ("ნაცმოძრაობა") - 24,12 %.

ისნის მე-9 ოლქი: დავით ჭიჭინაძე ("ოცნება") - 48,13%, ბესიკ კვიციანი ("ნაცმოძრაობა") - 27,37%.

ისნის მე-10 ოლქი: ბექა ნაცვლიშვილი ("ოცნება") - 45,07%, ზაზა კედელაშვილი ("ნაცმოძრაობა") - 26,61%.

სამგორის მე-11 ოლქი: გიორგი მოსიძე ("ოცნება") - 47,45%, ირაკლი ნადირაძე ("ნაცმოძრაობა") - 24,11%. დაუჭირა.

სამგორის მე-12 ოლქი: მარიამ ჯაში ("ოცნება") - 42,58%; დავით ჟღენტი ("ნაცმოძრაობა") - 27,79%.

სამგორის მე-13 ოლქი: შოთა ხაბარელი ("ოცნება") - 45,28%, გიორგი ხახნელიძე ("ნაცმოძრაობა") - 25,52%.

დიდუბის მე-15 ოლქი: ზაზა პაპუაშვილი ("ოცნება") - 46,95%, დავით ნაფეტვარიძე ("ნაცმოძრაობა") - 19,81%.

დიდუბის მე-16 ოლქი: ივლიანე წულაია ("ოცნება") - 47,03%, ირაკლი დვალი ("ნაცმოძრაობა") - 20,89%.

ნაძალადევის მე-17 ოლქი: სოფიო კილაძე ("ოცნება") - 44,83%, მურმან თხელიძე ("ნაცმოძრაობა) - 19,84%.

ნაძალადევის მე-18 ოლქი: მიხეილ ყაველაშვილი ("ოცნება) - 47,13%, მამუკა გუგეშაშვილი ("ნაცმოძრაობა") - 25,39%.

ნაძალადევის მე-19 ოლქი: ზაზა გაბუნიას ("ოცნება") - 45,98%, მეორე ადგილზე გასულ, ლერი დემეტრაშვილი ("ნაცმოძრაობა) - 26,21 %-მა.

გლდანის მე-20 ოლქი: კობა კობალაძე ("ოცნება") - 40,31%, ალექსანდრე ჩაფიჩაძე ("ნაცმოძრაობა") - 24,56%.

გლდანის 21-ე ოლქი: ლევან კობიაშვილი ("ოცნება") - 49,22%, სერგო რატიანი ("ნაცმოძრაობა") - 30,42%.

გლდანი 22-ე ოლქი: ლევან კობერიძე ("ოცნება") - 44,75%, გიორგი ბარამიძე ("ნაცმრაობა") - 25,61 %.

პოლიტოლოგების აზრით, დედაქალაქის თითქმის ყველა ოლქში არჩევნებს "ქართული ოცნება" მოგებს, რადგან "ნაცმოძრაობას" თბილისი დიდი ხანია არ სწყალობს.

"ოცნება" აცხადებს, რომ 50 ოლქიდან 49-ში გაიმარჯვებს ერთში იმიტომ არა, რომ მანდ სალომე ზურაბიშვილი იყრის კენჭს. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - "ოცნებამ" შესაძლოა ოფიციალურად არც აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, დააკლდეს 1-2 ხმა, თუმცა თანამშრომლობის რეჟიმში სალომე ზურაბიშვილთან და "ალიანსთან" შეძლებს ამა თუ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას.

რაც შეეხება ზოგადად გამარჯვების პერსპექტივას, წესით, თითქმის ყველა ოლქში გამარჯვებას შეძლებს, თუმცა, პირველ ტურში მოლოდინი არსებობდა, რომ პარლამენტი მრავალპარტიული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ რა სურათი მივიღეთ, ყველა ხედავს.

"თბილისში ყველა ოლქის მონაცემებს არ ვიცნობ, მაგრამ დედაქალქში "ნაციონალურ მოძრაობას" ისედაც დაბალი შანსი აქვს. გვახსოვს, რომ 2012-ში "ნაციონალებმა" ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ დედაქალაქში აიღეს. ამიტომ რაოდენობრივად ვერ ვიტყვი, "ოცნება" რამდენ მანდატს მოიპოვებს, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით "ნაციონალური მოძრაობა" წარმატებული არ უნდა იყოს. ასე რომ, "ოცნება" ან ყველა ან თითქმის ყველა ოლქში გაიმარჯვებს", - უთხრა "რეზონანსს" საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეცილისტმა არჩილ გამზარდიამ.

თბილისის ოლქებში "ოცნების" გამარჯვებას პროგნოზირებს პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძეც.

"თბილისთვის, მე მგონი, "ნაციონალები" იმდენად მიუღებელია, რომ მეჭვება აქ ოპოზიციამ რომელიმე ოლქში მოიგოს. მაგრამ ზოგადად სხვა პრობლემაა - რეალური საფრთხე არსებობს, რომ ზარმაცი ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. ხელისუფლების ამომრჩეველი კი, როგორც ყოველთვის, უფრო ზარმაცია", - გვითხრა საყვარელიძემ.

კახეთი

არჩევნების მეორე ტური კახეთის 5 ოლქში, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები შეერკინებიან.

საგარეჯოს 23-ე ოლქი, რომან მუჩიაშვილი ("ოცნება") - 46,79%, ზურაბ ჭიაბერაშვილი ("ნაცმოძრაობა") - 24,8%.

გურჯაანის 24-ე ოლქი: დავით სონღულაშვილი ("ოცნება") - 43,46%, გიორგი ღვინიაშვილი ("ნაცმოძრაობა") - 25%.

ლაგოდეხის 26-ე ოლქი: გურამ მაჭარაშვილი ("ოცნება") 37,8%, გურამ კაკალაშვილი ("ნაცმოძრაობა") - 23,58%.

თელავის 27-ე ოლქი: ირაკლი სესიაშვილი ("ოცნება") - 41,62%, გიორგი ბოტკოველი ("ნაცმოძრაობა") - 35,39%.

ახმეტის 28-ე ოლქი: გელა სამხარაული ("ოცნება") - 47,23%, შაქრო ტერტერაშვილი ("ნაცმოძრაობა") - 32,32%.

ჩამოთვლილი 5 ოლქიდან, არჩილ გამზარდიას აზრით, "ოცნება შესაძლოა მხოლოდ ერთ ოლქში - თელავში დამარცხდეს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლების ამომრჩეველი არ გააქტიურდება.

"ოლქებში, სადაც კანდიდატებს შორის პროცენტული განსხავება მინიმალურია - 4-5-% - იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის აქტივობას. თუ ხალხი არ მივიდა, განსხვავება იქნება დიდი და იქ შეიძლება ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ გადაწყდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ "ოცნება" ასე გულხელდაკრეფილი არ უნდა იყოს", - გვითხრა გამზარდიამ.

ქართლი და ჯავახეთი

არჩევნების მეორე ტური ასევე გაიმართება ქვემო და შიდა ქართლის 8 ოლქში. აქედან 5-ში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

რუსთავში 29-ე ოლქი: პაატა მხეიძე ("ოცნება) - 44,88%, მამუკა ჩიქოვანი ("ნაცმოძრაობა") - 31,84%.

რუსთავის 30-ე ოლქი: გიორგი ბეგაძე ("ოცნება") - 46,97%, დავით კირკიტაძე ("ნაცმოძრაობა") - 33,94%.

მარნეულის 36-ე ოლქი: აკმამედ იმამკულიევი ("ნაცმოძრაობა") - 47,62%, თამაზ ნავერიანი ("ოცნება") - 43,66%.

მცხეთის 37-ე ოლქი: დიმიტრი ხუნდაძე ("ოცნება") - 41,23%, ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 39,75%.

გორის 41-ე ოლქი: იოსებ მაკრახიძე ("ოცნება") - 33,69%, ირაკლი ალასანია ("თავისუფალი დემოკრატები") - 19,38%.

ცნობისათვის, ირაკლი ალასანიამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ფორმალურად ის მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენში მაინცაა და შესაბამისად, შეიძლება მოიგოს კიდეც.

გორის 42-ე ოლქი: თენგიზ ხუბულური ("ოცნება") - 41,77%, ბადრი ბასიშვილი ("ნაცმოძრაობა") - 24,88%.

ხაშურის 43-ე ოლქი: სიმონ ნოზაძე ("მრეწველები") - 31,96%, ვალერი გელაშვილი ("ოცნება") - 20,11%.

ახალციხე-ადიგენის 44-ე ოლქი: ვაჟა ჩიტაშვილი ("ნაცმოძრაობა") - 44,32%, გიორგი კოპაძე ("ოცნება") - 39,52%.

არსებული შედეგებიდან გამომდინარე, არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს, რომ ხაშურში "ოცნება" მეორე ტურშიც დამარცხდეს. ასევე სათუოდ მიაჩნია მას მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვება მარნეულშიც.

"ვალერი გელაშვილმა ბოლო პერიოდში გარკვეულ ეპიზოდებში საკმაოდ ნეგატიურად იმუშავა და სწორედ ამის გამო პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. შესაძლოა, ამომრჩეველმა ეს მეორე ტურშიც გაითვალისწინოს. აქ ის შემთხვეაა, როდესაც ბიზნესის ფაქტორი არასაკმარისად მუშაობს. მას დაბალი მონაცემები აქვს და არ არის გამორიცხული, "მრწველთა" პარტიის წარმომადგენელმა მოიპოვოს უპირატესობა

"მარნეულში კი არის მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, თუმცა იმდენად მცირედით უსწრებს "ოცნებას", რომ არსებობს თეორიული შანსი, "ოცნება" დაეწიოს. გაჩნია როგორ იმუშავებს რეგიონში ნავერიანი. იმიტომ, რომ ფაქტია ზუგდიდში "ოცნებამ" ძალიან მაგრად იმუშავა და ასე კარგად მარნეულშიც თუ იმუშავა, არ არის გამორიცხული, მანდაც გაიმარჯვოს", - გვითხრა გამზარდიამ.

მის აზრს, იზიარებს რამაზ საყვარელიძეც.

"მარნეულში ტიპური სიტუაცია არ არის, თავის სპეციფიკა აქვს, კერძოდ ის, რომ მთელ ამ ბატალიებში ოდნავ მეტი ხმა ყოველთვის ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას". ახლა კი "ოცნება" თუ მოახერხებს სრულ მიბილიზაციას, 3-4%-ის გადაფარვა არ არის დიდი პრობლემა. თუმცა, სავარაუდოა, რომ "ნაციონალებიც" ეცდებიან მობილიზებას.

"ვიმეორებ - თითოეულ რეგიონში "ოცნების" გამარჯვება მობილიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული. ასევე გაჩნია რამდენად ენერგიულია ის კანდიდატი, ვინც ადგილზე იბრძვის. მეორე ტურებში პარტიაზე მეტად კანდიდატის რეიტინგი იზომება", - უთხრა "რეზონანსს" საყვარელიძემ.

იმერეთი და გურია

არჩევნების მეორე ტური ასევე იმერეთის 7 ოლქში გაიმართება. აქაც ძირითადად ერთმანეთს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" დაუპირისპირდება. პირველ ტურის შედეგად შვიდივე ოლქში "ქართული ოცნება" ლიდერობს.

ქუთაისის 47-ე ოლქი: გენადი მარგველაშვილი ("ოცნება") - 40,73%, გიორგი თევდორაძე ("ნაცმოძრაობა") - 29,34%.

ქუთაისის 48-ე ოლქი: დიმიტრი მხეიძე ("ოცნება") - 45,89%, აკაკი ბობოხიძე ("ნაცმოძრაობა") - 27,41%.

ქუთაისის 49-ე ოლქი: კობა ნარჩემაშვილი ("ოცნება") - 40,18%; გიორგი წერეთელი ("ნაცმოძრაობა") - 37,46%.

ბაღდათის 51-ე ოლქი, კობა ლურსმანაშვილი ("ოცნება") - 47,07% გიორგი რობაქიძე ("ნაცმოძრაობა") - 26,4%.

ზესტაფონის 52-ე ოლქი: შალვა კიკნაველიძე ("ოცნება") - 43,34%; ბეჟან ბუცხრიკიძე ("ნაცმოძრაობა") - 27,92%.

ჭიათურის 56-ე ოლქი: სულხან მახათაძე ("ოცნება") - 34,35%, თეიმურაზ გაფრინდაშვილი ("თავისუფალი დემოკრატები") - 19,11%.

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მე-60 ოლქი: ნინო წილოსანი ("ოცნება") - 47,06%, აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 27,43%.

რამაზ საყვარელიძე დამოუკიდებელი კანდიდატების ეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"დამოუკიდებელი კანდიდატების გამოცდილება გვაქვს მეორე ტურამდე მოსვლა მათ ეფექტურობაზე მეტყველებს ასე რომ, მათი გამარჯვება გამორიცხული არ არის", - გვითხრა საყვარელიძემ.

სამეგრელო

პოლიტოლოგების პროგნოზის მიუხედავად "ოცნების" კანდიდატებმა სამეგრელოში გამარჯვება მოახერხეს, თუმცა საპარლამენტო მანდატისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ არჩევნების მეორე ტური სამეგრელოს 7 ოლქშიც გაიმართება და ყველგან "ქართული ოცნება" ლიდერობს.

ფოთის 61-ე ოლქი: ირაკლი ხახუბია ("ოცნება") - 47,86%, ბექა ბასილაია ("ნაცმოძრაობა") - 26%,

სენაკის 63-ე ოლქი: ირაკლი ბერაია ("ოცნება") - 45,64%, კობა ნაყოფია ("ნაცმოძრაობა") - 30,66%.

ხობის 64-ე ოლქი: ირაკლი ბერაია ("ოცნება") - 39,24%, მამუკა ჭოხონელიძე ("ნაცმოძრაობა") - 31,17%.

ზუგდიდის 65-ე ოლქი: მერაბ ქვარაია ("ოცნება") - 39,09%, ლევან კონჯარია ("ნაცმოძრაობა") - 31,21%.

ზუგდიდის 66-ე ოლქი: ედიშერ თოლორაია ("ოცნება") - 46,75%; სანდრა რულოვსი ("ნაცმოძრაობა") - 46,18%.

აღსანიშნავია, რომ სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და პარლამენტში პროპორციული სიით შევა, თუმცა მისი სახელი ოფიციალურად მაინც რჩება მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენებში.

წალნეჯიხის 67-ე ოლქი - გოგა გულორდავა ("ოცნება") - 43,26%; ლევან ქარდავა ("ნაცმოძრაობა") - 32,87%.

გამზარდის აზრით, "ოცნების" გამარჯვება სამეგრელოში მათ კარგ მუშაობაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, მეორე ტურშიც მმართველი პარტიის გამარჯვებას პროგნოზირებს.

აჭარაში

სხვა რეგიონების მსგვავსად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება აჭარის 5 ოლქშიც. აქ ყველა უბანს პირველი ტურის შედეგად "ოცნება" იგებს, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა.

ბათუმის 68-ე ოლქი: ფატი ხალვაში ("ოცნება") - 41,2%, მირდატ ქამადაძე ("ნაცმოძრაობა") - 32,81%.

ბათუმის 69-ე ოლქი: ლევან ბეჟანიძე ("ოცნება") - 39,15%, გიორგი კირთაძე ("ნაცმოძრაობა") - 27,63%.

ბათუმის 70-ე ოლქი: მუხრან ვახტანგაძე ("ოცნება") - 42,08%, თეიმურაზ დუმბაძე ("ნაცმოძრაობა") 28,69%.

ქობულეთის 71-ე ოლქი: კობა ნაკაიძე ("ოცნება") - 40,46%, ჯანსუღ ჯინჭარაძემ ("ნაცმოძრაობა") - 24,35%.

ხელვაჩაურის 72-ე ოლქი: ილია ნაკაშიძე ("ოცნება") - 42,5%; მიშა ბოლქვაძე ("ნაცმოძრაობა") - 28,9%.

მეორე ტურის შედეგად თუ როგორ გადანაწილდება აჭარაში ხმები, პროგნოზის გაკეთება უჭირს არჩილ გამზარდიას.

მისი თქმით, ოლქებში, სადაც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ოცნების" მაჩვენებლები ახლოსაა, მმართველი პარტიის გამარჯვება დამოკიდებული იქნება მოსახლეობის აქტივობაზე და დანარჩენი პარტიების მხარდამჭერებზე.

"რეგიონებში, სადაც 10%-ზე მეტია განსხვავებაა, იქ საშუალო აქტივების რეჟიმში "ქართული ოცნების" პერსპექტივა ბევრად მეტია. სადაც უფრო ახლოსა მაჩვენებელი, იქ ასევე გასათვალისწინებელი იქნება სხვა პარტიების მსუყე ხმები ვისკენ წავა.

"მაგალითად, "პატრიოტთა ალიანსის" ან ბურჯანაძის ამომრჩევლების შანსია, რომ აჭარაში "ოცნებას" მისცემს ხმა, "რესპუბლიკელების" კი - ალბათ "ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომ საინტერესოა, რეგიონში დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მაჩვენებელი როგორ გამოიყურება და ვისკენ წავა ის ხმები", - გვითხრა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×