ელზა პაპოშვილი
29.10.2016

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში ძირითადად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება. მთავარი კითხვა, რომელზეც კვირას გაეცემა პასუხი, ისაა - შეძლებს თუ არა უკვე გამარჯვებული "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას.

ამაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა განცხადება. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაჯანსაღი, ხელოვნურად წარმოქმნილი სპეკულაციები წარიმართა. პრემიერმა ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მაღალი აქტივობით მიიღონ.

"ატყდა არაჯანსაღი სპეკულაციები საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მაღალი აქტივობაა საჭირო. აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა პარტია "ქართულმა ოცნებამ". რაც ჩვენთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე.

"ამიტომ ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დღეს ქვეყანა დაიღუპა, "ქართული ოცნება" იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური. ჩვენ წარსულში გვქონდა პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

"ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრვალესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ის ძალიან დინამიური და ამბიციური გეგმა განვითარების, რომელზეც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და მისი განხორციელებაც დავიწყეთ, მივიყვანოთ ბოლომდე", - ამბობს პრემიერი.

მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი პუბლიცისტი): "ვფიქრობ, "ქართული ოცნება" მეორე ტურებშიც გაიმარჯვებს და ის საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. არ ვიცი ჩვენმა საზოგადოებამ ასე რატომ გადაწყვიტა, რომ ამ ერთი პარტიის ხელში ამხელა ძალაუფლება მოხვედრილიყო.

უბრალოდ საქმე ისაა, რომ ნებისმიერი კარგი ხელისუფლება ცდუნებას ვერასდროს უძლებს, როდესაც მას ხელში ასეთი ძლიერი იარაღი - საკონსტიტუციო უმრავლესობა უვარდება. წარმოუდგენელია, რომ ისინი არ გათამამდნენ და ამ საშიშროებას ჩვენი მოსახლეობა უნდა ხედავდეს."

 

 ვასილ მაღლაფერიძე პუბლიცისტი): "რა თქმა უნდა, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია. ვფიქრობ, რომ დიდი უპირატესობით მოიგებს. ასეთია ჩვენი მოსახლეობის ნება და ისე იქნება, როგორც ეს მათ სურთ.

"დემოკრატია ის არის, რომ რასაც უმარაველესობა გადაწყვეტს, ყველაფერი ისე უნდა იყოს. ვხედავთ, რომ საზოგადეობაში ძალაუფლების უზურპაციის ირგვლივ დისკუსია მიდის. თუმცა, პარლამენტის მხრიდან ძალაუფლების უზურპაცია საზოგადოებაში განათლების დეფიციტის ბრალი მგონია.

ასეთი რამ მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ხდება და არა პარლამენტის მიერ. ამიტომ პარლამენტის დიქტატურაზე საუბარი სრული აბსურდია."

 იგორ კვესელავა ისტორის მეცნიერებათა დოქტორი):  "ოცნებას" თეორიულად საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღებული აქვს. პრაქტიკულად კვირას ამას უკვე ოფიციალურად გააფორმებენ. პოსტსაბჭოთა საქართველოს ამ ეტაპზე სწორედ პარლამენტში ასეთი უმრავლესობა სჭირდება, რომ საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო კანონები მიიღონ. მოხდეს მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღებაზე.

ამაში კი "ქართულ ოცნებას" ხელი არ უნდა შეეშალოს. ჩვენი საზოგადოება ამას ხვდება და მეორე ტურებშიც "ოცნებაც" დიდი შედეგით მოიგებს."

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ოცნება" მეორე ტურში საკონსტიტუციო უმრავლეოსბას მიიღებს და ვფიქრობ, რომ ამაში ხელი არც არავინ და არაფერმა არ უნდა შეუშალოს. ვფიქრობ საზოგადოებას 4 წელი ექნება, რათა სინამდვილეში გავიგოთ ეს ხალხი რას წარმოადგენს და რისი გაკეთება შუძლიათ. მერე ხომ აღარავის დააბრალებენ და იტყვიან, რომ ხელი კონკრეტული სამქის გაკეთებაში შეგვეშალაო. ვფიქრობ, შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა გამოვა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×