საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სრული კრახით დასრულდა
ეკატერინე ბასილაია
31.10.2016

 "ოცნებამ" დიდი ხნის სურვილი და ქადილი აასრულა და "ნაციონალები" მაჟორიტარულ ფლანგზე სრულად გაანადგურა, ისე რომ ერთი მანდატიც არ არგუნა. მეორე ტური "ოცნების" აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ერთი ოლქის - ხაშურის გარდა, ყველა მოიგო და საკონსტიტუციო უმრავლესობაც გაინაღდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პირველ ტურში მარნეულსა და ახალციხეში უპირატესობა ჰქონდა, მეორე ტურში ამ ოლქებშიც დამარცხდა და პირველად პარლამენტში მაჟორიტარის გარეშე იქნება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" 44 პროპორციული სიით და 72 - მაჟორიტარულით ჯამში 116 დეპუტატი ეყოლება, უფრო მეტი, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იყო საჭირო.

სრულ გამარჯვებაზე პირველი განცხადება "ქართული ოცნებიდან" უბნების დახურვისთანავე, ღამის 8 საათზე გაკეთდა. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაიარა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა "ქართულ ოცნებას".

კალაძის ამ საზეიმო განცხადების პარალელურად კი გაყალბებაზე საუბარი დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ".

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა რურუას თქმით კი, ეს იყო ტერორიზმის გარემო, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი იკადრა და "ასეთი საქციელით შეიძლება, მთელი არჩევნები გამოცხადდეს უკანონოდ".

"ეს არის ძალიან უსინდისო, ძალიან სამარცხვინო და ძალიან უკანონო ბრძოლა, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ ეწევა ხელისუფლება," - განაცხადა რურუამ.

პროტესტის ყველა ფორმის გამოყენება დააანონსა გიგა ბოკერიამ, თუმცა, დიდი ალბათობით, "ნაციონალები" მხოლოდ გაყალბებაზე განცხადებებით შემოიფარგლებიან და აქციები არ იქნება, ისე როგორც ეს იყო პირველი ტურის შემდეგ.

საარჩევნო უბნები ყველგან ღამის 8 საათზე დაიხურა. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურში მივიდა 929 265 ამომრჩეველი, რაც საერთო ამომრჩევლის 37,5%-ია. ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მცხეთის 37-ე საარჩევნო ოლქში, სადაც გამოცხადდა ამომრჩეველთა 62.5%; ყველაზე დაბალი აქტივობა კი დაფიქსირდა გორის 41-ე ოლქსა და ზუგდიდის 65-ე ოლქში, სადაც მივიდა - 21%-ზე ცოტა მეტი. ეს ის ოლქებია, სადაც ოპოზიციიდან მეორე ტურში გასულ წარმომადგენელს საკუთარი კანდიდატურა მოხსნილი ჰქონდა.მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სულ 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამათგან 49 ოლქში წარმოდგენილი იყო "ქართული ოცნების" წევრი და ერთ ოლქში "ოცნებასთან" აფილირებული დამოუკიდებელი კანდიდატი. სახელისუფლებო კანდიდატების მოწინააღმდეგე 44 ოლქში იყო "ნაციონალური მოძრაობა", 2 ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი და თითო-თითო ოლქში "თავისუფალი დემოკრატებისა" და "მრეწველების" წარმომადგენლები.

ორმა მაჟორიტარობის მსურველმა ხელისუფლებასთან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა - ერთმა "ნაციონალებიდან" სანდრა რულოვსმა" ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში და მეორემ, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ირაკლი ალასანიამ გორში.

პირველადი შედეგები გამოცხადდა შუა ღამის 12 საათისთვის, როდესაც დათვლილი იყო მონაცემების 50%-ზე მეტი, სულ 1250 საარჩევნო უბნის მონაცემები. 50 ოლქიდან 48 ოლქში გამარჯვებული იყო "ოცნება", ხაშურში - "მრეწველების" კანდიდატი სიმონ ნოზაძე, მთაწმინდის ოლქში კი - დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც "ოცნება" უჭერდა მხარს.

ცესკოს შეფასებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 131 საჩივარი და ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს "სამართლიანი არჩევნები". მაგალითად, ზუგდიდის ორ უბანზე ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. ერთ კონვერტში ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, მეორეში კი იყო მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს.

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 54 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 35, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 39 საჩივარი.

"ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ურთიერთბრალდებები

აყველაზე დაძაბული საათები უბნების დახურვის შემდეგ, ღამის 8 საათიდან დაიწყო და ამ მხრივ გამორჩეული მარნეული და მთაწმინდა აღმოჩნდა.

"ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა, რომელმაც როგორც ჩანს, გაიგო რომ აგებს, არეულობის მოწყობას გეგმავს.

კობახიძის თქმით, რურუა აპირებს არეულობისთვის გამოიყენოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ოლმედია", რომლის ათასობით წარმომადგენელი დარეგისტრირებულია ცესკოში დამკვირვებლად და ეს ადამიანები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ საარჩევნო კომისიების მუშაობა მთაწმინდის ოლქებში.

მან ასევე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარნეულშიც გეგმავს ახალგაზრდების მობილიზებას და რამდენიმე უბანზე არჩევნების ჩაშლას.

ნიკა რურუამ ბრალდებას სიცრუე უწოდა და ბრალდებითვე უპასუხა. თქვა, რომ უბნების დარბევა სწორედ რომ "ოცნების" გეგმაა.

"ქართული ოცნების" სპიკერის, ირაკლი კობახიძის ცრუ განცხადება, ვითომდა ჩვენ მიერ ე.წ. არეულობის დაგეგმვის შესახებ, შეიძლება ემსახურებოდეს ერთ მიზანს: კერძოდ, იმას, რომ იმ უბნებზე, სადაც "ქართული ოცნების" მარიონეტი პირწმინდად წააგებს არჩევნებს, თვითონ მოაწყონ უბნის დარბევა მართული ბრბოების ხელით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სამეგრელოს რამდენიმე უბანსა და მარნეულში.

"ამით მმართველი პარტია მთელი არჩევნების ლეგიტიმურობას ჩააგდებს სერიოზულ საფრთხეში, რადგან ის ხელისუფლება, რომელიც თვითონვე არღვევს კანონს, საკუთარ გარდაუვალ აღსასრულს ეპატიჟება", - განაცხადა რურუამ.

პირველი ტურის მსგავსად დაძაბულობის ეპიცენტრი ისევ იყო მარნეულში. ჯერ დღის განმავლობაში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა "ოცნების" კანდიდატ თამაზ ნავერიანსა და "ნაციონალ" გიგა ბოკერიას შორის.

საღამოს კი გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ "ოცნების" წარმომადგენლის, ზაზა ბაირამოვის საუბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი მარნეულის 86-ე უბანზე და თუ აქ შედეგები არ გაუქმდება, პროტესტის ყველა ზომას მიმართავენ.

მისი თქმით, ივანიშვილი გაყალბებისა და დაშინების ბინძურ მეთოდებს იყენებს.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა არა მარტო ერთი უბნის, არამედ მთლიანად მარნეულის 36-ე ოლქის შედეგების გაუქმება მოითხოვა. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებმა არ ასახა მარნეულის ამომრჩევლის ნება.

400 ბიულეტენის ჩაყრას მტკნარი სიცრუე უწოდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ.

"წინასწარი მონაცემებით, 86-ე უბანზე სულ ხმა მისცა 380-მა ამომრჩეველმა. შესაბამისად, მტკნარი სიცრუეა ის, რომ ვიღაცამ 400 ბიულეტენი ჩაუშვა ყუთში. უბანზე კენჭისყრა მიმდინარეობდა სამართლიანად და გამჭვირვალედ. ექსცესებსა და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა მარნეულის საოქლოს თავმჯდომარემ.

დარღვევებს გამორიცხავს მარნეულში მყოფი სოზარ სუბარიც.

"ვიდეო არ მინახავს და ვერ გეტყვით ვერაფერს. აბსოლუტურად ყველა უბანზე იყვნენ დამკვირვებლები. რამე დარღვევას გამოვრიცხავ. თუ ერთ უბანზე მოხდა სერიოზული დარღვევა შეისწავლონ და გაუქმდეს", - განაცხადა სუბარმა.

მან თქვა, რომ "ქართულ ოცნების" კანდიდატს დამაჯერებელი უპირატესობა აქვს.

შუაღამის 12 საათისთვის კი, როდესაც ცესკომ პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ერთი ოლქის გარდა ყველგან "ქართული ოცნება" იგებდა, მარნეულში "ოცნებამ" ფეირვერკებით ზეიმიც დაიწყო.

რეაქციები ორ დაპირისპირებულ ბანაკში

"ქართული ოცნების" ოფისში გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული და მშვიდი და მოსახლეობამ თქვა, რომ ის კიდევ 4 წელი ენდობა "ქართულ ოცნებას".

"ამჟამად უკვე დათვლილია უბნების უდიდესი ნაწილი და, შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა", - განაცხადა კობახიძემ და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი პირიქით, საუბარი იყო, რომ არჩევნებმა ჩაიარა შიშის, დაშინების და წნეხის ფონზე და ის ბევრგან გაყალბდა.

"ეს არის არჩევნები, სადაც ვერ ვისაუბრებთ ადამიანების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაზე," - ამბობს ელენე ხოშტარია.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ადამიანების დაშინება ხდებოდა.

"არქაული მეთოდი - კარუსელი გაიხსენეს, ამის აღიარება ცესკოსაც მოუწია. მარნეულში გაყალბების დიდ მასშტაბზეა საუბარი. შუქის ჩაქრობა - ასევე არქაული მეთოდის გამოყენება, ეს არის არჩევნები, სადაც ვერ ვისაუბრებთ ადამიანების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაზე," - მიიჩნევს ხოშტარია.

დამარცხებული აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ მარნეულში ასეთი უღირსი არჩევნები შევარდნაძის მერე არ ყოფილა და "ქართული ოცნების" გამარჯვება იყო უღირსი.

"ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რადგან ეს იყო უღირსი გამარჯვება", - განაცხადა იმამკულიევმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა, რომ მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილს გაემარჯვა.

"ეს არჩევნები 2002 წლის არჩევნებს მაგონებს. ასეთი უსინდისოდ გაყალბებული არჩევნები იყო შევარდნაძის დროს და ესეც აუცილებლად ცუდად დამთავრდება," - განაცხადა სამადაშვილმა.

ნიკა რურუას შეფასებით, მთაწმინდაზე ყველა უბანთან ზონდერჯგუფები იყვნენ მობილიზებულები და აშინებდნენ ჩვეულებრივ დაუცველ ადამიანებს, ან არ მისულიყვნენ ან მისთვის ხმა არ მიეცათ.

პირველადი შედეგების და მათი სრული მარცხის გამოცხადების შემდეგ რატომღაც "ნაციონალების" არცერთ ლიდერს არ განუცხადებია, რომ ისინი მათი ხმების გაყალბებას აქციით გააპროტესტებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×