"ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურის შედეგებით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. პარტიამ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გარკვეული საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დააანონსა, მათ შორის იყო ცვლილება ოჯახის ინსტიტუტთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ასვე საუბარი იყო პარლამენტის თბილისში გადმოტანაზეც.
აღნიშნული ცვლილებების დაანონსებამ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ნაწილი თვლის, რომ ქვეყანაში გაცილებით სერიოზული პრობლემებია, რომელიც პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს. ნაწილი კი აღნიშნულ დაანონსებულ ცვლილებებს ემხრობა.
რა საკითხები უნდა განიხილოს პირველ რიგში პარლამენტმა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): მე აბანოთუბანში ვცხოვრობ და საერთოდ ძველი თბილისის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საკმაოდ ბევრნი ვართ, ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ხმაურია.
მუსიკა-რესტორნების კანონი, რომელიც წინა პარლამენტმა ჩააგდო. იმედი მაქვს, ეს პარლამენტი მათ არ დაემსგავსება და შეწყვეტენ მათ ლობირებას. დილის ექვს საათამდე მუსიკა აღარ შეგვაწუხებს და ხალხს მშვიდად დაძინების საშუალებას მისცემენ. აი, ეს გვაწუხებს ყველას.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): პარლამენტმა მკაფიოდ უნდა განაცალკევოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და საპრეზიდენტო ხელისუფლება. ჩვენს ქვეყანაში წინა პარლამენტის დროს ეს არ იგრძნობოდა. ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ არის შიგნით და გარეთ. ვის რა კონკრეტული მისია აკისრია ქვეყნის წინაშე.
მეორე - მიიღოს ისეთი საკანონმდებლო დოკუმენტები, რომლებიც მკვდრადშობილი არ იქნება და რეალურად განხორციელდება.
ოჯახის ინსტიტუტის შესახებ გადაწყვეტილება წინასაარჩევნო დაპირება იყო მათი გუნდის მიერ, რომ მსგავსი ჩანაწერი გაჩნდებოდა კონსტიტუციაში და ეს დაპირება მათ აუცილებლად უნდა შეასრულონ. მაგრამ ამის გარდა უამრავი საკითხია, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.
ეს პარლამენტი ქმედუნარიანი იქნება, თუ მის შიგნით მოხვედრილი პარლამენტარები იგრძნობენ, რომ მათ ყველაფერი არ იციან და თავიანთ გარშემო შექმნიან ისეთ ინტელექტუალურ ჯგუფებს, რომლებიც პრობლემური საკითხების გადაჭრაში დაეხმარებიან.
ვგულისხმობ არა იმ სახეებს, რომლებიც საზოგადოებაში უკვე მომაბეზრებლად ჩანან და ყოველდღე არიან, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებენ და სწორედ ასეთი ადამიანები უნდა დაიყენონ გვერდში.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): ჩემთვის პრიორიტეტული ოჯახის შესახებ არსებული ცვლილებების შეტანაა. რაც შეეხება პრეზიდენტსა და პარლამენტის გადმოტანას, ეს 50-50-ზეა.
დანარჩენი, ყველაზე მეტად ალბათ დასაქმების საკითხია მოსაგვარებელი. არ ვიცი, ვინ უნდა დასვას ეს საკითხი, ალბათ ჯანდაცვამ და სოციალურმა.
ამასთან, რა თქმა უნდა, ისევ ჯანდაცვის საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული, ოღონდ უფრო მეტად. მე მწამს, ბატონი სერგეენკოსი და მგონია, რომ ის, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ საკითხებს.
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): მე მჯერა "ქართული ოცნების" და იმის, რომ ის, ყველა იმ დანაპირებს აასრულებს, რომელიც საზოგადოებას წინასაარჩევნოდ მისცა. ხალხს სჯერა მათი და რასაც დაგვპირდნენ, ყველაფერი იქნება.
ნატო გელაშვილი (მუსიკოსი): ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, რა ცვლილებებით უნდა დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა. ბოლო პერიოდში თვალი არ მიმიდევნებია პროცესებისთვის და ასე გადაჭრით პასუხის გაცემა ალბათ გამიჭირდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე