მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრზე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს. დავით უსუფაშვილის "რესპუბლიკელებიდან" წასვლისა და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გაკეთებული მისი განცხადების შემდეგ, პოლიტოლოგები უკვე პროგნოზებს აკეთებენ იმაზე, რომ ახლო მომავალში ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის პერსპექტივა არსებობს და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის სიახლე სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ახალ პოლიტიკურ ძალაში კი ყველა ანალიტიკოსი სრულიად ახალი სახეების გამოჩენას გულისხმობს და არამც და არამც-ძველი სახეებისა თუ პარტიებისგან ხელახალ შექმნილ ერთობას.
მართალია, რომ, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაუგებრობაა და ორი წამყვანი პარტიის - "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" ჩამოშლაც დაიწყო და პოლიტოლოგების ნაწილი ამ ჩამოშლას, ერთის მხრივ ნეგატიურად აფასებს, თუმცა იქვე საუბრობენ იმაზეც, რომ ძველმა პარტიებმა საკუთარი რესურსი პოლიტიკაში უკვე ამოწურეს და ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა ახალ სიცოცხლესა და შანსებს გააჩენს ქართულ პოლიტიკაში.
ჩამოშლილი პარტიები
"თავისუფალი დემოკრატების" ჩამოშლა არჩევნების პირველი ტურის მეორე დღესვე გახდა ცნობილი. პარტია დატოვა როგორც თავმჯდომარემ, ასევე სხვა 6-მა ლიდერმა. როგორც გაცხადდა, ლიდერთა ნაწილი ოპოზიციაში თავს კომფორტულად არ გრძნობდა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მიილტვოდა, ამიტომაც დატოვეს პარტია. თავად პარტიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, დამარცხების გამო ქართული პოლიტიკისგან უნდა დავისვენოო, მისი თქმით, დროებით და არსებული ინფორმაციით, ის გაეროში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას.
"რესპუბლიკელებიდან" წამოსვლაზე განცხადება კი დავით უსუფაშვილმა მაჟორიტარების მეორე ტურის წინ, 29 ოქტომბერს გააკეთა და მიზეზად დაასახელა ის, რომ პარტიის თავმჯდომარესა და დამფუძნებლებს განსხვავებული პოლიტიკური და ტაქტიკური ხედვები ჰქონდა, რაც, მისთვის მიუღებელი იყო.
პარტია ლიდერებიდან ასევე დატოვეს: პაატა ზაქარეიშვილმა, ტარიელ ლონდარიძემ. დიდი ალბათობით ასევე წავა თინა ხიდაშელი და ვარაუდია იმაზეც, რომ ვახტანგ ხმალაძეც შესაძლოა, აღმოჩნდეს უსუფაშვილის გვერდით.
ჯერჯერობით, პროცესი არ დასრულებულა. კონკრეტულად რა ხედვებში იყო განსხვავება, ეს არ გასაჯაროებულა. თუმცა ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, უახლოეს დღეებში იქნება ეროვნული კომიტეტის შეკრება, სადაც ყველაფერს გააანალიზებენ და საზოგადოებაც გაიგებს ყველაფერს.
დავით უსუფაშვილმა, ალასანიასგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ბრძოლა დააანონსა.
"ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით - მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც დაადასტურა, რომ "რესპუბლიკური" პარტია დატოვა.
მისი თქმით, 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიულობის აუცილებლობა და არა მისი მიუღებლობა.
უსუფაშვილმა განცხადებაში, რომ მას ინტენსიური დიალოგი ექნება ყველასთან, ვინც ბრძოლისთვისაა მზად, კონკრეტულად რა იგულისხმა, სხვადასხვა პარტიებთან დიალოგი კოალიციისთვის თუ პიროვნებებთან მოლაპარაკება ახალი პარტიის შესაქმნელად, ეს არ დაკონკრეტებულა.
პოლიტოლოგების დიდი ნაწილი კი თვლის, რომ უმჯობესია უსუფაშვილმა ახალი პარტიის შექმნაზე დაიწყოს მოლაპარაკებები პიროვნებებთან, რადგან ძველ პარტიებს ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურული აქვთ და მათი გაერთიანება წარმატების მისაღწევად დიდად არ წაადგება.
უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ელიტა
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ლიდერების წასვლა პარტიებს შიგნით არსებული ორგანიზაციულ და სხვა ტიპის პრობლემებს უკავშირდება და ეს ძალიან ცუდი მაგალითია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამომავლოდ პოლიტიკაში ინტეგრაციას ფიქრობენ.
თუმცა, ასევე აცხადებს იმას, რომ თავად დავით უსუფაშვილის წასვლა, უფრო საინტერესო თემაა, რადგან ალასანიასგან განსხვავებით, ის პოლიტიკიდან არ მიდის. ამბობს, რომ უსუფაშვილის წასვლა, ეს არის ახალი და საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური სტარტის აღების მცდელობა მისი მხრიდან.
თან, თვლის, რომ "რესპუბლიკური პარტია" დიდი ხანია მისი იმ პოლიტიკური კაპიტალის შესაბამისი არ არის, რაც მან ამ პერიოდში დააგროვა და ამიტომ უსუფაშვილის წასვლა კანონზომიერი სვლა იყო.
მისი თქმით, უსუფაშვილს ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის შექმნაში მონაწილეობის მიღება ნამდვილად შეუძლია. თუმცა, მას აქვს გარკვეული ხარვეზები და ის ამ ხარვეზების შევსებას საჭიროებს.
"მას დასჭირდება პარტნიორები. მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პოლიტიკური კომპეტენციით, პოლიტიკური წონით და ავტორიტეტით ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, ის მოკლებულია გარკვეულ ქარიზმას, რაც კონსოლიდაციას და სერიოზული ელექტორალური ბაზის შექმნას სჭირდება.
"შესაბამისად მას სჭირდება ქარიზმატული პარტნიორი, რომელთან ერთადაც ტანდემში ის შეიძლება ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ველზე ვიხილოთ. ვინ შეიძლება იყოს ეს, გამიჭირდება ამის თქმა. ძველ სახეებთან დაკავშირებით ზოგადად პრობლემები გვაქვს. ისინი მარცხთან და წარსულ შეცდომებთან ასოცირდებიან", - აღნიშნავს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის განცხადებით, ჩვენ სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტა გვჭირდება და არა ძველი პარტიების კონსოლიდირება და მათგან კოალიციის შექმნა.
"არსებული პოლიტიკური ელიტა საზოგადოების თვალში ღრმა კრიზისშია და ვერანაირად ვერ პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნებს. ის დისკრედიტირებულია. შესაბამისად მოთხოვნილება არის სრულიად ახალ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ან სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ ან ძალიან კარგად დაასაბუთებენ წარსულის წარუმატებლობას", - ამბობს ხუხაშვილი.
ის გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე მაინც შედგეს ალასანიასა და უსუფაშვილს შორის პარტნიორობა. ასევე უახლოეს მომავალში არც პრეზიდენტის ირგვლივ ახალი პოლიტიკური ცენტრის და უსუფაშვილის იქ გამოჩენას პროგნოზირებს.
"პრეზიდენტი უფრთხილდება თავის კონსტიტუციურ მოვალეობას, რაც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან რამე პოლიტიკურ მოძრაობას გამოვრიცხავ. გარკვეულ მომენტში, ვადის ამოწურვისას მას არჩევანი ექნება გასაკეთებელი და მერე შესაძლოა ბევრ რამეზე იყოს საუბარი, თუმცა პოლიტიკაში ჩვენ არასოდეს უნდა ვთქვათ - არასოდეს. ოდესღაც ეს შესაძლებელია", - დასძენს ხუხაშვილი.
მხოლოდ ოპოზიციური კოალიცია შეძლებს წარმატების მიღწევას
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები ცდილობდნენ დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე მოეპოვებინათ გამარჯვება, რადგან საკუთარი პოლიტიკური ძალა მიაჩნდათ მარტო ღირსეულ კონკურენტად ყოფილი და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ამბიციების გამო აღმოჩნდნენ ისინი გარეთ და სანამ ოპოზიცია არ გაერთიანდება, მათ გამარჯვების შანსი არასდროს ექნებათ.
ის ამბობს, რომ ცალკე აღებული ერთი პოლიტიკური პარტია ვერაფერს მიიღებს, თუმცა სწორედ ლიდერების ამბიციების გამო კოალიციის ჩამოყალიბებასა და ერთი ლიდერის აღიარებას ეჭვის თვალით უყურებს.
ცისკარიშვილის ამ ეტაპზე იმედის თვალით უსუფაშვილის მიერ დაანონსებულ ახალ ოპოზიციურ ძალას ელოდება, სადაც მისი თქმით, უმეტესად ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ.
"ახალ ძალას უნდა ველოდოთ. ამის კონტურები უკვე არსებობს. უსუფაშვილი მოუმზადებელ ფრაზებს არასდროს გვთავაზობს. მიკვირს, რომ ასე მალე გაამჟღავნა ახალი ოპოზიციური ძალის შექმნის სურვილი.
"თუ ახალ პარტიაში ხალხის მიღება დაიწყო, იმდენად დიდია სიახლის წყურვილი და იმდენად ბევრია უკმაყოფილო ადამიანი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაწევრიანდება. სახეები რასაკვირველია უნდა იყოს ახალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერიც ახალი უნდა იყოს.
"მგონია, რომ ეს იქნება გონიერებაზე დამყარებული ახალი ერთობა და ეს იქნება უფრო თავისუფალი პოლიტიკური სივრცე უსუფაშვილისთვის, სადაც ის თავს ნამდვილ მასპინძლად მიიჩნევს", - ამბობს ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილი უსუფაშვილის ახალი ძალის გააქტიურებას ძალიან მალე ელოდება, რადგან თვლის, რომ, წესით, ახალმა ძალამ ადგილობრივ არჩევნებზე უნდა მოსინჯოს ძალები და ეს იქნება გარკვეული პროგნოზი შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ის უშვებს იმის ალბათობასაც, რომ ახალი ძალა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთადაც გაერთიანდეს, ყველასთან - არა, მაგრამ რაღაც მცირე ნაწილთან.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტი პოლიტიკაში აქტიურად არ ჩაერთვება, მაგრამ თუ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, გამორიცხული არ არის, გიორგი მარგველაშვილი გააქტიურდეს და უსუფაშვილი ახალი ძალით მის გვერდით აღმოჩნდეს.
მხოლოდ ახალი მესიჯები
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველს საგარეო კურსზე მეტად ახალი საშინაო მესიჯები აინტერესებს, ასეთი მესიჯები კი ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე არსებულმა პარტიებმა ვერ შექმნეს, რამაც მათი დამარცხება გამოიწვია.
მისი თქმით, როდესაც პარტია არჩევნებში მარცხდება, მისი დაშლა და ლიდერების წასვლა, არ არის უცნაური და მოულოდნელი. თვლის, რომ შესაძლოა, ეს დაშლა ახალი სტრუქტურების შექმნის წინაპირობა იყოს.
მიიჩნევს, რომ რამდენად ანგარიშგასაწევი ახალი ძალა შეიძლება ჩამოყალიბდეს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი კონსტიტუციური ცვლილებები მოხდება და რა საარჩევნო სისტემაზე გადავა ქვეყანა.
"თუ მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებენ, მაშინ ოპოზიციას პარლამენტში გასვლის შანსი აქვს, მაჟორიტარული სისტემის დატოვებისას - არა. ამ სისტემების მიხედვით დალაგდება სტრატეგია.
"ახლა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და მათზე სერიოზული ლაპარაკი ჯერჯერობით ძნელია. ახალ ოპოზიციურ ძალას კი ველოდები, თუმცა დღეს არსებულ საარჩევნო სისტემაში მასაც ძალიან გაუჭირდება", - მიიჩნევს საყვარელიძე.
ამბობს, რომ უსუფაშვილისთვის ძველი პარტიების გაერთიანებით ახლის შექმნა მომგებიანი არ იქნება. მან სრულიად ახალი ძალა უნდა შექმნას.
"ერთი და იგივე სახეები მოსახლეობისთვის იმ დაღს ატარებს, რომ ის სახე მომგებიანი არ იქნება. ძველების შემოკრება კრილოვის იგავ-არაკი იქნება, როგორც არ უნდა დასხდეთ, თქვენგან მუსიკოსები არ გამოვაო. არსებული ფიგურების გადალაგება, არაფერს მოიტანს.
"თუ უსუფაშვილი რამეს აპირებს, ახალი სახეებით, ახალი სტრატეგიით, ახალი გააზრებით და ახალი მესიჯებით უნდა ააგოს ახალი ძალა. მკაფიოდ უნდა განაცხადოს, სად დაუშვას შეცდომა, რომ ამით მოსახლეობის ნდობა დაიმსახუროს", - აღნიშნავს საყვარელიძე, რომელიც მარტო ახალ სახეებს არ მიიჩნევს წარმატების საწინდრად. მისი მტკიცებით, თუ ახალი ძალაც მთავარ მესიჯად ისევ გახდის მხოლოდ იმას, რომ დასავლური გზაა ყველაზე მნიშვნელოვანი და სხვა არაფერს შესთავაზებს ამომრჩეველს, მას მხარდამჭერები არ ეყოლება.
"რაღაც ახალია საპოვნელი საიმისოდ, რომ სხვა პოლიტიკურ გუნდებს გამოეყოს. მთავარია ასეთის გააზრება, ახალი სტრატეგია შესთავაზოს საზოგადოებას და ამას თუ ძველი სახეებით მოახერხებს, მაშინ სიძველეში მაინცდამაინც პრობლემა არ იქნება. თუმცა ჯერჯერობით ამ პოტენციალს ვერ ვხედავ", - დასძენს საყვარელძე.