ახალი მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში მთავრობას ხელახლა დააკომპლექტებს. ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ კონსულტაციები უკვე დაიწყო. "რეზონანსის" ინფორმაციით, "ოცნება" რადიკალური სამთავრობო კარუსელის განხორციელებას არ აპირებს და მხოლოდ რამდენიმე მინისტრი შეიცვლება.
ცხადია, პრემიერი ისევ გიორგი კვირიკაშვილი იქნება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძველ თანამდებობას დაუბრუნდება "ქართული ოცნების" სიის მეორე ნომერი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახი კალაძე, რომელიც მანამდე ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტებს იკავებდა. სავარძელს შეინარჩუნებენ, ასევე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
"2030"-ის ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნება გიორგი გახარია, რომელიც ამ დროისთვის ეკონომიკური საბჭოს მდივანია.
განიხილება შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის შეცვლის საკითხიც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" მისი შემცვლელის კანდიდატურაზე შეთანხმება მიღწეული არ არის.
ცვლილებები ასევე შეეხება სოფლის მეურნების მინისტრ ოთარ დანელიას, რომელიც მოპოვებული მანდატით პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. მის პოსტს ლევან დავითაშვილი იკავებს, რომელიც მუშაობას უკვე შეუდგა. ევროინტეგრაციის მინისტრ დავით ბაქრაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, "თავისუფალი დემოკატებიდან" ცოტა ხნის წინ წასული ვიქტორ დოლიძე შეცვლის.მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი უკვე სკეპტიკურად უყურებს. მეორე ნაწილი კი პირიქით - უკეთესის მოლოდინშია. ვახტანგ ძაბირაძემ არ იცის, სავარძელს ვინ შეინარჩუნებს და ვინ ვერა, თუმცა ფიქრობს, რომ მოსალოდნელი სამთავრობო გადაადგილებით რეალურად არაფერი შეიცვლება.
"რა პარამეტრებით ახორციელებს "ოცნება" სამთვარობო ცვლილებებს, ვერაფრით გავარკვიე. შესაბამისად, ახლაც ვერ გეტყვით, რას გეგმავს მმართველი გუნდი - ვის გაუშვებს ან ვის დატოვებს. მედიაში რაღაც ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა ვერ გეტყვით, მმართველი ძალა ამათ რატომ უშვებს და ვერც იმას ვერ ვიტყვი, რატომ უნდა დარჩნენ.
"არ ვიცი, როგორ და რის მიხედვით არჩევენ მინისტრებს. ვერ ვნახე პარამეტრები, რის მიხედვით ხორციელდება ამ გუნდში ცვლილებები.
"მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არ შეიცვლება მთავრობა, ვფიქრობ, მუშაობის ის სტილი, რაც 4 წლის განმავლობაში იყო, არა მგონია, რომ შეიცვალოს და უფრო დინამიკური გახდეს. ვისურვებდი, მაგრამ მეეჭვება. დარწმუნებული ვარ ასე იქნება და მალე გამოჩდება - ახალი მთავრობის დამტკიცებიდან 3-4 თვეში. არჩევნების ციებ-ცხელება ჩამთავრდება და ყველაფერი დაუბრუნდება ძველ კალაპოტს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე.
რამაზ საყვარელიძემაც არ იცის, თუ ვინ შეინარჩუნებს მინისტრის სავარძელს და ვინ - ვერა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელ ცვლილელებს პოზიტიურად უყურებს. იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ახალ მთავრობას უნიათოს აღარ უწოდებს.
"იმედი მაქვს, მოხვდება ისეთი ცვლილებები, რომ "ოცნება" ოპოზიციას არ მისცემს საშუალებას, უნიათო მთავრობა უწოდოს და მოსახლეობაც არ დაეთანხმოს ამის შეფასებაში. წინა პერიოდში სიტყვა უნიათო იმიტომ აიტაცა "ნაციონალურმა მოძრაობა", რომ "ოცნება" ვერ დგამდა ნაბიჯებს ენერგიულად, საქმიანად და პროდუქტიულად.
"მაგალითად, პირველი უნიათობა, რაც საპარალამენტო საქმიანობასაც ეხება, იყო ის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2013 წელს, ვერ მოახერხეს 3%-იანი ბარიერის დაწესება. თავი ვერ მოაბეს და ანალოგიურად ბევრ რამეს ვერ მოაბეს თავი.
"აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბევრი მინისტრი არ იყო საკმარისად ეფექტური. დიდი ხნის მერე ვიღაცები შეიცვალნენ, მაგრამ ამას არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი დრო.
"მომავალი 4 წელიწადი ძალიან მძიმე იქნება მათთვის იმიტომ, რომ ახლა მთელი ძალაუფლება ერთ პარტიას აქვს და შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება," - უთხრა "რეზონანსს" საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ეს არჩევნები ყველასთვის გაკვეთილი იყო, მათ შორის - მმართველი ძალისთვისაც, ამიტომ იგი ფიქრობს, რომ "ოცნებას" ბევრი რამის გადახედვა მოუწევს.
"ეს არჩევნები ყველასთვის იყო გაკვეთილი, მათ შორის - "ქართული ოცნებისთვის", როგორც მმართველი პარტიისთვის. რეიტინგის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე დასაწყისი ჰქონდათ, რომ არა ძალიან დიდი შეცდომები ბევრი პარტიის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, შეიძლება "ქართულ ოცნებას" იმ წარმატებისთვის არ მიეღწია, რასაც ახლა მიაღწია. ამიტომ, მე მგონი, ბევრი რამის გადახედვა მოუწევთ და ამას რომ აპირებენ, ჩანს კიდეც.
"არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ შთაბეჭდილებს ტოვებს. თანაც პარალელურად ბევრი სიახლეა საპარლამენტო და პარტიულ გუნდში. დაკომპლექტებულია განათლებული და ახალი სახეებით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება. მით უმეტეს, მაჟორიტარად ახალი სახების გაშვებისას მმართველმა ძალამ გარკვიულწილად გარისკა კიდეც. ასე რომ, ამ ცვლილებებმა შედეგი უკვე მოუტანა "ქართულ ოცნებას" და სავარაუდოა, რომ ამ ცვლილებას გააგრძელებენ სამომავლოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისეთი პასიური, მოდუნებული მთვარობა აღარ იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.