"ქართული ოცნების" მაჟორიტარული და პროპორციული სიის მიღმა დარჩნილი პოლიტიკოსები, დიდი ალბათობით, სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმდებიან. როგორც "რეზონანსს" პარლამენტის გარეთ დარჩენილმა დეპუტატების ნაწილმა განუცხადა, ამ საკითხზე კითხვები გუნდის ლიდერების მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნებამდე, "ოცნების" პროპორციული სიის ფორმირებისას დაისვა. კერძოდ კი კითხვა იმის შესახებ, თუ ვის რომელ უწყებაში წარმოედგინა საკუთარი მომავალი. თუმცა, საბოლოოდ როგორ გადანაწილდება კადრები საჯარო უწყებებში, ეს ჯერ კიდევ უცნობია.
თანაგუნდელების საჯარო უწყებაში დასაქმებას არც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ და ამბობენ, რომ ბევრი მათგანის გამოცდილება და კვალიფიკაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "ქართული ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ, დასაქმებას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეჰპირდა. როგორც ექპრემიერმა განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკოსები საჯარო უწყებებში, სსიპებ-სა და, დაინტერესების შემთხვევაში, მასთან, ბიზნესში დასაქმდებიან. ახლა კი მათ დასაქმებაზე უკვე "ქართულ ოცნებაშიც" საუბრობენ.
ვინ დარჩა პარლამენტს მიღმა
ცნობისთვის, პარლამენტს მიღმა დარჩენილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, სოსო ჯაჭვლიანის მომავალი უკვე გარკვეული - იგი კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს.
სხვებს რაც შეეხება, მათგან ზოგიერთი უკვე აანონსებს, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ, ზოგიერთმა კი თანამდებობაზე უარი სხვადასხვა მიზეზით საკუთარი ნებით თქვა.
მაგალითად, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, შესაძლოა იგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ დეპუტატმა გუშინ თავად ისაუბრა.
"ჯერ ერთი, რომ ვარ დოქტორი, პროფესორი, ლექციებს ვკითხულობ, დასაქმებული ვარ, მაგრამ გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება არ არის დასაკარგი "ქართული ოცნებისთვის."
"ალბათ დავსაქმდები. არ ვაპირებ პოლიტიდან ჯერ წასვლას. ჯერ მაქვს რესურსი. ამიტომაც შეიძლება პარტიული თანამდებობა ან შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობა მივიღო. ვერ დავიწყებ იმას - აქ დამნიშნეთ, ან იქ დამნიშნეთ-მეთქი.
"დაველოდოთ. რიგითი ჯარისკაცი რომ ვიყო, ამითაც არაფერი დაშავდება, არც იმით, სამოქალაქო სექტორში რომ ვიყო. მთავარია, რომ არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას. ვრჩები პროფესორი და ვკითხულობ ლექციებს, შეთავსებაც შემიძლია, როგორც ვაკეთებდი. ვფიქრობ, რაღაც ადგილს დავიჭერ", - აღნიშნა ნიშნიანიძემ.
თანამდებობის დაკავების მოლოდინშია დეპუტატი დავით ლორთქიფანიძეც, რომლის აზრითაც, მას საამისოდ საკმარისი დამსახურება აქვს. როგორც იგი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, პოსტების გადანაწილება პრემიერისა და გუნდის ლიდერების გადასაწყვეტია და შესაბამისად, ისიც სხვების მსგავსად მათთან კონსლუტაციას ელოდება.
"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება პოლიტიკასა და საჯარო სამსახურში ვარ. მთელი კამპანია ჩემს გუნდდთან ერთად წინასაარჩევნო ბატალიებში ვიყავი ჩართული და გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ილუზია რომ არავის გაუჩნდეს, აქვე ყველას შევახსენებ 4-წლიან მუშაობასა და და ჩემი გუნდის გვერდით დგომას. აქედან გამომდინარე, ახლა როცა საუბარი საპარლამენტო თანამდებობებსა და მთავრობის დაკომპლექტებაზეა, დროა კონსულტაციები ჩვენთანაც დაიწყოს," - ამბობს ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, ბევრ ღირსეულ კოლეგასთან ერთად, საკუთარი თავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმოუდგენია. ამბობს, რომ ჯერჯერობით წინადადება არ მიუღია, თუმცა გუნდში ამაზე საუბარი არჩევნებამდე, სიის ფორმირებისას იყო.
"თუ სად და როგორ გადანაწილდება თანამდებობები, ეს პრემიერ-მინისტრისა და გუნდის ლიდერების გადასაწყვეტია და შესაბამისად, კონსულტაციებს მათთან ველით. თავის დროზე, სიის ფორმირებისას ამ საკითხზე კითხვები დაისვა და ჩემი პოზიცია მაშინაც დავაფიქსირე. ახლა კი, როცა არჩევნები 3 დღის დასრულებულია, კონსულტაციების მოთხოვნა არამართებული მგონია. თუმცა, ვფიქრობ, ამის დრო მალე მოვა," - გვითხრა დავით ლორთქიფანიძემ.
პარტიის ლიდერებისგან საჯარო უწყებებში შესაძლო თანამდებობების დაკავების საკითხზე საუბარს ადასტურებს გოგლა ჟვანიაც, რომლის თქმითაც, მას არჩვნებამდე ჰკითხეს, თუ სად წარმოედგინა საკუთარი მომავალი.
"ამაზე საუბარი მაშინ იყო, როცა სიებს ადგენდნენ. სწორედ მაშინ მკითხეს, ხომ არ ვისურვებდი მუშაობას სახელმწიფო სამსახურში ან სხვა ალტერნატიულ მიმართულებაზე, თუმცა, მას შემდეგ ამ საკითხზე არანაირი კონსულტაცია არ გამართულა.
"ეს შეკითხვა მაშინ პარტიის ხელმძღვანელობიდან წამოვიდა. თუმცა, ეს იყო კითხვა და არა შემოთავაზება, რაზეც პრინციპში უარი განვაცხადე, რადგან საჯარო სამსახურში მუშაობას გამოვრიცხავ და ბუნებრივია, მას შემდეგ არავითარი მსჯელობა ამ საკითხზე პარტიასთან არ მქონია," - განუცხადა "რეზონანსს" გოგლა ჟვანიამ.
კონსულტაციები "ოცნებაში"
"ქართული ოცნების" წევრის ზარაქია ქუცნაშვილის თქმით, თანამდებობების გადანაწილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ რა წინადადებას მიიღებს. მისი განცხადებით, ამჟამად პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაბამისად, კონკრეტულ ინფორმაციაზე საუბარი დეპუტატს არამართებულად მიაჩნია.
"ეს დაპირება ნამდვილად იყო და შემიძლია მეც დავადასტურო. თუმცა, ვის რა თანამდებობას შესთავაზებენ და როგორ გადანაწილდება კადრები, ეს თავად წინადადებებსა და შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება.
"თანაც, მოგეხსენებათ, რომ პარტიული კონსულტაციების დასრულებამდე კონკრეტული კანდიდატების დასახელებაზე ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ. ასე რომ, ვიდრე მუშა პროცესი არ დასრულდება, სახელები და გვარები არ იქნება.
"რაც მთავარია, კონსულტაციების შემდგომ იქნება საჯარო განხილვები, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც მთავრობა იქნება ლეგიტიმური და ვერც პარლამენტი ჩამოყალიბდება. ამიტომ დავიცადოთ," - განუცხადა "რეზონანსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუატატის გუგული მაღრაძის თქმით კი, იმ ლიდერების საჯარო სამსახურებში გადანაწილება, რომელთაც გარკვეული პროფესიული გამოცდილება დააგროვეს, მისასალმებელი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონსულტაციებს, მაღრაძის თქმით, პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებას მთავრობის მეთაურები აწარმოებენ და შესაბამის წინადადებებსაც ისინი შესთავაზებენ.
"ცხადია, აქ ყველა კადრი არ მოიაზრება. ზოგიერთს თავისი ბიზნესი აქვს და უკვე დასაქმებულია. აქ საუბარია მათზე, ვისთვისაც საპარლამენტო საქმიანობა ძირითად საქმეს წარმოადგენდა და გარკვეული ნდობის ლიმიტი დაუგროვდათ. ბუნებრივია, კვალიფიციური კადრი ქვეყანას სჭირდება და მათი დასაქმება აუცილებელიცაა.
"რაც შეეხება მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებას, ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც მინისტრობას, შეიძლება ეს იყოს სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა, ან სულაც თვითმმართველობები, რომელსაც ამა თუ იმ კადრის პროფესიული გამოცდილება ესადაგება. ამას ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავენ. "ცხადია, შეთავაზება "ქართული ოცნების" მხრიდან იყო და ამას ჩვენი თანაგუნდელები ნამდვილად იმსახურებენ," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გუგული მაღრაძემ.