"ეკონომიკის მინისტრი ახალი იქნება - ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრი უნდა გახდეს, ეკონომიკის მინისტრად კი გახარია დაინიშნება"
თაკო მათეშვილი
04.11.2016

 ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე სპეციალისტები ხელისუფლებას ეკონომიკის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეცვლას ურჩევენ და ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში ისინი აშკარად მოიკოჭლებდნენ. მიიჩნევენ, რომ მათი გადაყენება საზოგადოების თვალშიც დადებითად აღიქმება და ეს მომგებიან ნაბიჯად შეიძლება იქცეს.

პოლიტოლოგები სამინისტროების შერწყმაზეც საუბრობენ. ფიქრობენ, რომ ქვეყანაში საკმარისზე მეტი უწყებაა, რომელთა შეერთებითაც არა მხოლოდ მილიონობით ლარის დაზოგვა გახდება შესაძლებელი, არამედ გარკვეული საქმიანობაც უფრო ეფექტურად და მოქნილად შესრულდება.

სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაციის მომხრეა პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი სამინისტროა და ბევრი სახელმწიფო მინისტრი გვყავს. მიიჩნევს, რომ ამდენი საჭირო არაა და გარკვეული უწყებების გაერთიანება შეიძლება. მაგალითად, რელიგიის სააგენტო, შერიგებისა და დიასპორის სახელმწიფო მინისტრების აპარატები ერთ უწყებად შეიძლება ჩამოყალიბდეს.

არეშიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება რელიგიისა და ეროვნული უმცირესობების საკითხები სხვადასხვა უწყებაში განიხილებოდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ეთნოსი საკუთარ თავს რელიგიურ კონტექსტში განიხილავს და არასწორად მიაჩნია, რომ ამ საქმისთვის ორი სხვადასხვა უწყება მუშაობდეს.გარდა ამისა, არეშიძის თქმით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქართული დიასპორები, რომლებიც ჩვენი საზღვრის პერიმეტრს მიღმა ცხოვრებენ - ირანში, თურქეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ.

"თუ სწორ რეგიონალურ პოლიტიკას წარვმართავთ, ეს ყველაფერი ერთ უწყებაში უნდა იყოს. დიასპორებს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ, კონფლიქტურ ზონაში მიმდინარე პროცესებზე გავლენა აქვთ და ასევე საქართველოში მცხოვრებ ჩდილო კავკასიურ დიასპორებსაც აქვთ კონფლიქტურ რეგიონებზე გავლენა. ამიტომ, იმისათვის, რომ კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიული გეგმა შევქმნათ, ეს თემები ერთად უნდა იყოს", - აცხადებს არეშიძე.

მისივე აზრით, ოპტიმიზაციის საშუალება სხვა სამინისტროებშიც კიდევ არის. მაგალითად, მიაჩნია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს.

მინისტრების ცვლილებებს რაც შეეხება, არეშიძე ამბობს, რომ ეკონომიკური მიმართულების მინისტრების ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს.

"თუმცა, ვიცი, რომ ეკონომიკის მინისტრი ახალი იქნება. ამჟამინდელი მინისტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრი უნდა გახსეს, ეკონომიკის მინისტრად კი გახარია დაინიშნება. არ ვიცი, რა ამოცანა აქვს დასახული ხელისუფლებას, ამიტომ საფინანსო-ეკონომიკური ჯგუფის ცვლილებაზე ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

პირველ რიგში, ეკონომიკური პროფილის მინისტრების შეცვლას მიიჩნევს აუცილებლად პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაქვეითებულია და 2016 წლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.8% შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

იგი საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის შემცირებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რომ ამან ლარის კურსზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა. სწორედ ამ საკითხების ვერმოგვარების გამო მიიჩნევს იგი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების შეცვლას აუცილებლად.

"რეზონანსთან" ინტერვიუში ჩიტაძე ყველაზე წარმატებულ მინისტრებზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ ასეთად, პირველ რიგში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე მიაჩნია და დასძენს, რომ მისი მუშაობის პერიოდში საქართველოს ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით გარკვეული წარმატებები ჰოქნდა.

"მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნა. თუმცა, ამ კუთხით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც ძალიან აქტიურობდა. ვარშავის სამიტის ფარგლებშიც ნატომ გამოთქვა მზადყოფნა შავი ზღვის რეგიონში თავისი აქტიურობა გააძლიეროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მგონია, რომ ამ მიმართულებით წარმატებები იყო.

"ეს ყველაფერი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, თუმცა, მეორეს მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში საქართველოს საგარეო უწყების მუშაობა ეფექტური იყო, რადგან საერთაშორისო დღის წესრიგში ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხი მეორე პლანზეა გადაწეული უკრაინის საკითხის შემდეგ.

"ამ დროს, ყირიმისა და ოსეთ-აფხაზეთის პრობლემა დღის წესრიგში ერთ დონეზე უნდა იყოს, რადგან ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პრობლემასთან - რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებშიც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან და ოკუპაციასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ამ კუთხით ქართულ დიპლომატიას მეტი აქტიურობა მართებდა", - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.

ცალკეული მინისტრების შეცვლას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფუჭ ქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა მთლიანობაში უნდა განიხილებოდეს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც, მისი აზრით, კაბინეტი მთლიანადაა პასუხისმგებელი.

"ვერ ვიტყვი, რომ უსაქმური მინისტრები გვყავს, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან აქტიურები იყვნენ. ჯანდაცვაში, სოციალურ სფეროში, სოფლის მეურნეობაში რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ქვეყანამ სოციალურად, ან ეკონომიკურად წინ მნიშვნელოვანად ვერ წაიწია.

"პრობლემა სწორედ ისაა, რომ ჩვენ ისევ კონკრეტულ მინისტრებს განვიხილავთ და არა მთლიან კაბინეტს. კაბინეტის დამსახურებაა ისიც, თუ რამე გაკეთდა და ისიც, თუ არ გაკეთდა", - აცხადებს ძაბირაძე.

შესაბამისად, მისი აზრით, ძირეული რეფორმებია საჭირო და არა რომელიმე მინისტრის შეცვლა. ამბობს, რომ კაბინეტს ყველა მიმართულებით მკვეთრად ჩამოყალიბებული გეგმა უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ პრიორიტეტებით უნდა დგებოდეს ბიუჯეტი და ის დარგები ფინანსდებოდეს, რომელიც მთავრობოს აზრით ამას განსაკუთრებით საჭიროებს.

სპეციალისტის თქმით, სამინისტროები დღესდღეისობით იმით არიან დაინტერესებულები, რომ ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი თანხა წაიღონ. ეს კი, მისი აზრით, მოძველებული მიდგომააა, როცა სამინისტროები თავის გამოჩენას ცდილობდნენ. ამ დროს, ძაბირაძის თქმით, ცალკეული სამინისტროები ამინდს ვერსად ქმნიან.

"გარდა ამისა, უზარმაზარი ბიუროკრატიის პრობლემაა და ა.შ. ჯერჯერობით კი ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად მზადაა. მინისტრებს ალბათ შეცვლიან, მაგრამ მთლიანად მთავრობის სტრატეგია თუ არ ჩამოყალიბდა, დიდად არაფერი შეიცვლება.

"აქამდეც ხომ იყო გარკვეული ცვლილებები, მაგრამ როგორი მთავრობაც 2012 წელს გვყავდა, ახლაც ისეთი გვყავს. შეიძლება ზოგიერთი უფრო ხისტ განცხადებას აკეთებდა, ზოგიერთი - ნაკლებად, მაგრამ მთავრობის პოლიტიკა არც ადრე შეცვლილა და არც ახლა", - დასძენს პოლიტოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×