ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ევროპა უსაფრთხოების კუთხით რთულ სიტუაციაშია და რუსეთი მზად არის უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
მის ამ განცხადებას დასავლეთის მხრიდან ძალიან სერიოზულ გაფრთხილებად აფასებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც ამბობს, რომ აგრესიის რეალური საფრთხეები დიდია და უფრო მეტიც, პროგნოზირებს, რომ ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან საქართველოს სრული ოკუპაციაც მოხდეს.
"დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო პოტენციალი და სწორედ ამიტომ, ნატომ, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ჯარების განლაგებით, ცივი ომის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების უპრეცედენტო ზომები მიიღო. "ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ნატოს სწრაფი რეაგირების ჯარების რაოდენობა 40 000 სამხედრომდე და შევქმენით გაერთიანებული ოპერატიული ძალები", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო მზად არის, ჯარების გადასროლა უმოკლეს ვადებში მოახდინოს. მისი თქმით, ევროპა უსაფრთხოების კუთხით ახლა რთულ სიტუაციაშია, თუმცა არსებული ვითარება "ცივი ომი" არ არის.
"ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე მოკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მზად არის, საკუთარი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვახტანგ მაისაიას თქმით, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დათბობის პოლიტიკა აქვს გამოცხადებული, ეს რუსეთის მხრიდან საფრთხეებს მცირედითაც არ ასუსტებს, რადგან სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია, ნატო-რუსეთს შორის გამოუცხადებელი ომია და საქართველოს ორი ალტერნატივა აქვს - ან ნატოს მიემხროს ბოლომდე, ან რუსეთს. შუალედური პოზიცია არ გამოვა.
"დღეს ნატოსა და რუსეთს შორის გამალებული ცივი ომია. კიბერსივრცეში კი ცხელი ომი უკვე დაწყებულია. ასევე სანქციებით შემდგარი ფაქტია ეკონომიკური ომიც. პოლიტიკური კონფრონტაციაც უკვე პიკზეა და მხოლოდ სამხედრო კომპონენტია დარჩენილი, რომელიც სრულმასშტაბიანი ომისგან აცილებს ერთმანეთს მონაწილე მხარეებს.
"დღეს სამხედრო კომპონენტის მიმართულებით ორივე მხარე მუსკულების დემონსტრირებას ახორციელებს და მხარეები სამხედრო ომსაც აღარ გამორიცხავენ. რუსეთმა განაცხადა უკვე, რომ მზად არის აშშ-სთან სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს. ჟირინოვსკიმ ბირთვული სცენარიც კი მოხაზა. იმის გათვალისწინებით კი, რომ ჩვენ ფორმალურად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომხრე ქვეყანა ვართ და ნატოსკენ მივემართებით, ეს რუსეთისთვის აღქმულია როგორც მტრული მიდგომა.
"ჩვენი დათბობის პოლიტიკა რუსეთს ინტერესებს არ შეცვლის, ეს უკვე გასულია ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს მიღმა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაგრძელდება რუსეთ-ნატოს ურთიერთობები. თუ შენელდა კონფრონტაცია, დაცულები ვართ, თუ პირიქით გამწვავდა, მაშინ რუსეთი პრევენციული დარტყმის უფლებას გამოიყენებს, რაც მათ სამხედრო დოქტრინაში აქვთ ჩადებული", - აცხადებს მაისაია.
ის ნატო-რუსეთის სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში არც საქართველოს მთლიან ოკუპაციას გამორიცხავს.
"ეს აღიარა სწორედ სტოლტენბერგმა თავის განცხადებაში. ნატოს გენმდივნის განცხადება, ეს უკვე სერიოზულია", - მიიჩნევს მაისაია.
ის აცხადებს, რომ იმდენად სერიოზულადაა საქმე, ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპს აბრუნებს, რომელიც მე-5 მუხლითაა გათვალისწინებული და რომლის მიხედვითაც, თავდასხმა რომელიმე ერთ მოკავშირეზე, ითვლება თავდასხმად ყველა მოკავშირეზე და მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგის თქმით, ნატოს მოკავშირეებზე თავდასხმის საფრთხე არ არის, მაისაია თვლის, რომ ნატოს შერეული, ბრიტანულ-ამერიკულ-კანადური სამხედრო კონტიგენტების გაზრდა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში სწორედ საფრთხის არსებობის გამო ხდება.
"ნატო იძულებული გახდა აემოქმედებინა მე-5 მუხლი, იმის გამო, რომ რუსული შესაძლო აგრესიისგან, რუსული ოკუპაციის მცდელობისგან თავი დაიცვას. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი პირდაპირ შემოსულია და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის აგრესია და ასევე დონბასში რუსული რეგულარული არმიის მიერ სეპარატისტების დახმარება ჰიბრიდული ომის უცილობელი მაგალითებია.
"საქართველოს წინააღმდეგ კი ვხედავთ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ფორმირებები პირდაპირ დაექვემდებარნენ კრემლის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ასევე რუსეთის დუმამ რამდენიმე დღის წინ რატიფიკაცია გაუკეთა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც აფხაზური და რუსული შეიარაღებული ჯარები ერთიანდებიან და ერთიან საარმიო დაჯგუფებას ქმნიან.
"ამით რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ უფრი გაზრდის თავის სამხედრო კონტიგენტს, დაახლოებით 20 ათასამდე და რუსეთი დამრტყმელ შეიარაღების ელემენტებსაც გამოიყენებს. ბუნებრივია, ეს ორი მიმართულება ნატოს წინააღმდეგაა. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა საქართველოს წინააღმდეგაცაა, მაგრამ უფრო მეტად ნატოს გაფართოების კონტრსაპასუხო ქმედებაა.
"ამაში დაინახა სტოლტენბერგმა ის საფრთხეები, რის გამოც თქვა, რომ საქართველო და უკრაინა რუსული სამხედრო დარტყმის საფრთხის ქვეშაა. 2008 წლის აგვისტოს სცენარის განმეორების დიდი საფრთხე არსებობს", - აღნიშნავს მაისაია.
მისი თქმით, ჩვენ ყურადღების მიღმა დაგვრჩა, რა მოხდა რუსეთში, რადგან რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პუტინმა ყველაზე მეტად გაიძლიერა პირადი ხელისუფლება და ქვეყნის აბსოლუტური მილიტარიზაცია დაიწყო. აქიდან გამომდინარე თვლის, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზი, როდის რას მოიმოქმედებს და საქართველოს წინააღმდეგ როდის გადმოვა შეტევაზე.
"ასეთი ძლიერი პუტინი არასდროს არ ყოფილა. სამწუხაროდ ამას საქართველოში ყურადღება არავინ მიაქცია. ამ არჩევნების შემდეგ პუტინმა გაიმყარა პოლიტიკური ვერტიკალი, ფაქტობრივად კიდევ უფრო გაინაღდა პრეზიდენტობის ვადის 6-წლიანი გახანგრძლივება, გააძლიერა სამხედროების კლანი და გაზარდა დანახარჯები შეიარაღებაზე.
"რუსეთში ჩატარდა კვლევა, ბირთვული ომის შემთხვევაში რა დამოკიდებულება ექნება მოსახლეობას. მოსახლეობას უკვე ამისთვისაც ამზადებენ. პუტინმა მთელი რუსეთს მილიტარიზაცია დაიწყო და ანტიამერიკანიზმმა მოსახლეობაში პიკს მიაღწია. ეს სიტუაცია ძალიან გასათვალისწინებელია და მათგან ყველაფერი მოსალოდნელია.
"ამ ახალმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მოახდინა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების რატიფიკაცია კოალიციური დაჯგუფების შესახებ, პარალელურად დეპუტატი კალაშნიკოვის ვითომ "მშვიდობიანი" მესიჯები წამოვიდა ქართველი პარლამენტარების დამეგობრებაზე.
"ეს ყველაფერი გასაანალიზებელია. თან, კალაშნიკოვი სწორედ სამხედროების კლანის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. ჩვენ ახლა დამოკიდებული ვართ იმ გეოსტრატეგიულ ვითარებაზე, რომელიც მსოფლიო დონეზე ვითარდება", - მიიჩნევს მაისაია.
ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთის მიერ დღეს ოკუპირებული ქართული ტერიტორიები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსკოვმა ნატოს შეჩერება მოახდინოს.
"მითუმეტეს, შავი ზღვის აუზში ნატოს იგივე სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექნის ინიციატივა შესაძლოა რუსეთმა გამოაცხადოს მის მიმართ განხორციელებულ პირდაპირ სამხედრო მუქარად. გამორიცხული არ არის რუსული ჯარი თბილისშიც შემოვიდეს, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისგან არაფერი არ არის გამორიცხული. ეს არის პრევენციული ომის პრინციპი, რომელიც დასწრებაზე მოქმედებას ითვალისწინებს", - ამბობს მაისაია, რომლის თქმითაც, რუსეთმა პრევენციული ომი საფრთხე ბალტიისპირეთსაც შეუქმნა.
"უკვე ლიტვაში, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სპეციალური ბიულეტენების გავრცელება, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა რუსული ოკუპაციის შემთხვევაში. ბალტიის სახელმწიფო უკვე ამ დონეზეა მისული", - დასძენს მაისაია.