2 ნოემბერს, რუსეთის დუმამ, აფხაზეთის პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული კანონის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი, რომელიც რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას შეეხება, ქართული მხარის, ასევე აფხაზური ოპოზიციის მწვავე განხილვისა და რუსეთთან დაპირისპირების ახალი ტალღის გამომწვევი გახდა.
ამ დოკუმენტის მიხდვით, რუსულ-აფხაზური დანაყოფები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ადეკვატური რეაგირება მესამე ძალის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში და აღკვეთონ აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სამხედრო აგრესია. დოკუმენტი 10 წლის ვადითაა მიღებული და საჭიროების შემთხვევაში მისი ავტომატურად გაგრძელებაა შესაძლებელი.
ამ დოკუმენტში საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ერთობლივ დაჯუფებაში შევა რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები. არასაომარი მდგომარეობის დროს მათ ერთობლივი რუსულ-აფხაზური ოპერატიული ჯგუფი უხელმძღვანელებს, ხოლო უშუალოდ შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში, ერთობლივი დანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
დოკუმენტის მთავარი პუნქტის თანახმად, გაერთიანებაში მყოფი მხარეებიდან ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა აღქმული იქნება, როგორც მეორე მხარის მიმართაც წარმოებული აგრესია.
მოცემული დოკუმენტის თანახმად, გაერთიანებული დანაყოფის ხელმძღვანელი დაინიშნება რუსული მხარის მიერ, ხოლო მოადგილეს აფხაზური მხარე დანიშნავს, საომარი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას ორივე მხარე ერთობლივად მიიღებს.
"რუსი სამხედროების მონაწილეობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ქართული ხელისუფლების რევანშისტული ზრახვების აღსაკვეთად, რუსული ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე, არის რეგიონის სტაბილურობის გარანტი, რუსეთთან წარმოებული თანამშრომლობით, მიღწეული იქნა ჩვენი ქვეყნის გარანტირებული უსაფრთხოება", - აღნიშნა ამ "შეთანხმებაზე" საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ
რატიფიცირებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს რუსულ-აფხაზური შეხვედრები. 4 ნოემბერს, არაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც განიხილეს ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები.
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი აპირებს გააგრძელოს აფხაზეთის მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე:
"ამ ეტაპზე ჩვენ 30 ახალ ერთობლივ დოკუმენტზე ვმუშაობთ. ჩვენ შორის უკვე არსებობს 90 ერთობლივი დოკუმენტი, ახლა ჩვენთვის პრიორიტეტს სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და აფხაზეთისთვის საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერა წარმოადგენს".
აფხაზური და რუსული მედია აქტიურად განიხილავს 15 ნოემბერს სოხუმში რუსულ-აფხაზური საქმიანი ფორუმის ჩატარებას, რომელსაც "სტრატეგიიდან მიღწევების ისტორიამდე" უწოდეს, ფორუმის ორგანიზატორები რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო და ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრო არიან.
ოპოზიციის პროტესტი
აფხაზური ოპოზიციური გაერთიანებების ბლოკის ლიდერ ბჟანიას განცხადებით, რაულ ხაჯიმბამ და მისმა გარემოცვამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და 2-3 კვირაში დაგეგმილია შეხვედრები მოსახლეობასთან, რის შემდეგაც ჩატარდება საპროტესტო აქციები პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების, სახალხო მოძრაობების ლიდერების და არასამთავრობო სექტორის მიერ, რომლებიც არ ეთანხმებიან ხაჯიმბას მიერ არჩეულ კურსს:
"ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პოზიტიურ ცვლილებებს არც ეკონომიკაში და არც სოციალურ სფეროში. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლო ხელისუფლების მხრივ. ოპოზიციური ძალები ვაპირებთ, მივმართოთ პრეზიდენტს, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან".
ოპოზიციურ პარტია "ამცახარას" ლიდერების ახრა გიბისკირის და დაურ ჭითანავს განცადებით, ამ ხელშეკრულებით აფხაზეთი კარგავს თავის სუვერენიტეტს და რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდება:
"რაულ ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა არაკვალიფიციური და არაპროფესიონალური საქმიანობით, ქვეყანა ნაციონალურ საფრთხეებამდე მიიყვანეს".
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ფონდის ხელმძღვანელის ასლან ბჟანიას განცხადებით, "საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში კრიტიკული და საშიშია".
ყველაზე მწვავეა აფხაზი ოპოზიციონერის, პარტია "აინარის" ლიდერის, იურისტ თენგიზ ჯოპუას განცხადებები:
"საერთო პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს 18 პარტიასა და 3 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გაფორმდა, დღემდე შესრულებული არ არის, ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ხალხს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთს მიეყიდა.
"აფხაზეთში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, რომლის ნდობაც საზოგადოებას ექნება. ჩვენ გვაქვს ოფიციალური, ფორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა ნდობაც არ გაგვაჩნია, ქვეყანაში არის სისტემური კრიზისი, ინსტიტუტები გახდნენ ანგაჟირებულები.
"არსებობენ არაფორმალური ინსტიტუტებიც - უხუცესთა საბჭო, ეკლესია, რომელიც არის პოლიტიზირებული. გამოსავალი ერთია - პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემის შეცვლა. არ შეიძლება ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრირება, როგორც დღეს ხდება", - აცხადებს თენგიზ ჯოპუა.
ოფიციალური თბილისის რეაქცია
2 ნოემბერს რუსეთის დუმაში ხელმოწერილ დოკუმენტს წინ უძღოდა რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნის რაშიდ ნურგალიევის შეხვედრა სოხუმში.
რაც შეეხება 2 ნოემბერს რუსეთის დუმაში ხელმოწერილ დოკუმენტს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამას თითქმის არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ჯო ბაიდენისა და გიორგი კვირიკაშვილის სატელეფონო საუბარს, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის დუმაში ხელმოწერილი რატიფიკაციის დოკუმენტი და განაცხადა, რომ ამერიკა "მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში".
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია დიპლომატიური სტრატეგიული გზა, რომლის მიზანია, გადავწყვიტოთ ჩვენთვის მძიმე პრობლემები დიპლომატიური გზით, საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით.
"თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნა ბოლო პერიოდში რუსეთსა და აფხაზეთს შორის მიღწეული რატიფიკაციით, რაც კიდევ ერთი დასტურია მცოცავი ოკუპაციისა და დაფარული ანექსიისა, რომელსაც ატარებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტარციის განცხადებაში.
ამავე ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "აფხაზეთში ე.წ. "შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ მდგომარეობას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.
"სამხედრო ძალაუფლება რუსების ხელში გადადის"
ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც რუსეთის დუმამ 2 ნოემბერს მიიღო, მთელი სამხედრო ძალაუფლება რუსეთის ხელში გადადის.
"უნდა ითქვას, რომ დოკუმენტის შინაარსის მიხედვით, აფხაზური მხარე კარგავს სამხედრო ძალაუფლებას საკუთარ ტერიტორიაზე და მთელი ძალაუფლება რუსეთის ხელში გადადის. აფხაზებს ფორმალურად რჩებათ 2000 სამხედრო.
"უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად დოკუმენტში ასახული გარემოებისა, რომ რუსები მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩაიბარებენ ერთპიროვნულ მმართველობას, ეს მუდმივ სახეს მიიღებს. რუსეთმა დიდი ხანია დაიწყო სამხედრო ხელმძღვანელობის ხელში აღების პროცესი, თუმცა, დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც საუბარია აფხაზური მხარის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვასა და ფსოუსთან საზღვრის გახსნაზე, ჯერ არ ამოქმედებულა.
"თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ვითარება საკმაოდ რთულია. არ ვიცით, რა შედეგით დამთავრდება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები და რა კურსს აირჩევს ამერიკის ახალი ხელმძღვანელობა რუსეთთან მიმართებაში, მით უმეტეს მაშინ, როცა რუსეთი აქტიურად ცდილობს საკუთარი ჯარების განლაგებას ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან. ამ სივრცეში პატარა აფხაზეთი თითქოს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ესაა სივრცე, საიდანაც რუსეთი მთელ ამიერკავკასიას აკონტროლებს.
"რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ის ამ ვითარებაში ძალიან ცუდ პოზიციაში იმყოფება. დღეს არავის სცალია აფხაზეთის თემისთვის. როცა დასავლეთი დაკავებულია უკრაინის პრობლემით, სირიაში მიმდინარე საომარი სიტუაციით, საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნებით, ხელისუფლებას თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე ვართ დარჩენილი.
"საომარი მოქმედებების განახლებას არ ველოდები, ვინაიდან რუსული ჯარი აქამდეც იდგა აფხაზეთის ტერიტორიაზე და სურვილის შემთხვევაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.
"რაც შეეხება პატრიარქის ვიზიტს მოსკოვში, განსაკუთრებით ერთმნიშვნელოვანია ასეთი აქტივობა. ესაა პატარა აგური, რომელიც საერთო საქმეს ადგება.
"პატრიარქი აკეთებს თავის საქმეს. კარგი იქნება, იყოს საერთო, კონსოლიდირებული მოქმედებები ყველა ძალის მიერ", - ამბობს მამუკა არეშიძე.
"მთელი კვირა" "აფხაზთა კრების" ლიდერ მალხაზ პატარაიასაც გაესაუბრა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობასა და რუსეთთან მაამებლური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.
"რაც 2 ნოემბერს რუსეთის დუმაში მოხდა, არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ანექსიის დაკანონება. საქართველოს ხელისუფლება თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს ამ ყველაფერს.
"რუსულმა მხარემ გაავრცელა ჭორი, თითქოს ქართული მხარე აპირებდა უკრაინიდან 2000 - კაციანი სამხედრო დანაყოფის შემოყვანას და მათი მონაწილეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებას, თითქოს ამის საწინააღმდეგოდ მოახდინა რუსეთმა აფხაზურ-რუსული არმიის გაერთიანება და ამ დოკუმენტის რატიფიცირება. ასე ატყუებენ აფხაზ ხალხს.
"რუსეთი გვეუბნება, რომ უნდა შევეგუოთ ახალ რეალობას, რომელსაც ის გვთავაზობს, ხელისუფლება კი აკეთებს ყველაფერს, რათა შეგვაჩვიოს ამ რეალობას.
"საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ბევრი ბერკეტი, რომ შეეწინააღმდეგოს რუსეთის ქმედებებს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოს, გადასულია მწვანილისა და მინერალური წყლის გაყიდვაზე და საზოგადოებაც თითქოს არ რეაგირებს ამ მეტად მწვავე და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უფრო რეზონანსულია ქართული საზოგადოებისთვის.
"ქართულმა ოცნებამ" შექმნა ის რეალობა, რომ ღირებულებათა სკალასთან გაგვიჩნდა პრობლემა. ხელისუფლების ძალაუფლების წყარო არის კრემლი, მაგრამ გასაკვირია, რატომ არ იწვევს საზოგადოების მაღალ ინტერესს ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი.
"რუსეთი დარწმუნებულია, რომ არავინ დასჯის. ჩვენ კი ჩვენი ლოიალური პოზიციით ქვეყნის საზიანო საქმიანობას ვეწევით.
"რაც შეეხება საქართველოს პატრიარქის ვიზიტს მოსკოვში, მე ყოველთვის ვერიდები ასეთ სენსიტიურ თემებზე საუბარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, ამბროსი ხელაია ასე არ მოიქცეოდა", - განაცხადა "აფხაზთა კრების" ლიდერმა.
ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას სავარაუდოდ არც არაფერი მოჰყვება
"ეს საკითხი ერთი წლის წინ განიხილა ე.წ. აფხაზეთის პარლამენტმა. არც მეგონა, რომ ამდენი ხნის მერე რუსეთისთვის ისევ აქტუალური გახდებოდა ამ კანონის მიღება და რატიფიცირება. სამწუხაროდ, სხვა არაფერი შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ", - განაცხადა გიორგი ანჩაბაძემ.