სოხუმში ტერორისტულ აქტში თანამონაწილე სავარაუდო პირი დააკავეს. იგი 17 ოქტომბერს "აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიაში" მომხდარი აფეთქების თანამონაწილედ მიიჩნევა. საქმეს, რომელიც ტერორისტულ დანაშაულადაა კვალიფიცირებული, დე ფაქტო საქალაქო სასამართლო განიხილავს. დანაშაულის მოტივად ერთ-ერთ აფხაზ "დეპუტატზე" არშემდგარი თავდასხმა სახელდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციები რუსულ წყაროებზე ვრცელდება. ექსპერტების ნაწილი კი ტერორისტული დანაშაულის შესაძლო მოტივებზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა აფხაზეთში კლანური დაპირისპირებაა.
საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, იმ სავარაუდო ტერორისტის თანამონაწილე, რომელიც ოქტომბერში "აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიასთან" მისივე ასაფეთქებელი მოწყობილობის შემთხვევით აფეთქებას შეეწირა, დაკავებულია.
"სოხუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა - ეჭვმიტანილ ადგურ კორსანტიას დაკავების თაობაზე. დაკავებული ეჭვმიტანილია აფხაზეთის სახალხო მოძრაობის დეპუტატის - კანა კვარჩიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში," - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც "რია ნოვოსტი" წერს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორსანტია სისხლის სამართლის დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც 17 ოქტობერს "აფხაზეთის სახელწიფო ტელე-რადიოს" აფეთქებას უკავშირება, საქმე კი კვალიფიციებულია როგორც ტერორისტული დანაშაული.
ქართველი ექსპერტების ნაწილს 17 ოქტომბერს, სოხუმში მომხდარ ტერორისტულ აქტზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ისინი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.
კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ბუნდოვანი ინფორმაციები გააჩნია. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გარემოებაა თავად ის ფაქტი, რომ ამფეთქებლის ამოცანა ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
"ჩვენ არ ვიცით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ კი ის, თუ რა ამოცანა ჰქონდა დონეცკიდან ჩასულ პიროვნებას, რომელმაც სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში თავი აიფეთქა. ისიც არ ვიცით ზუსტად, აიფეთქა თუ აუფეთქდა. მგონია, რომ აუფეთქდა და ამით კვალიც დაიკარგა, რადგან არავინ იცის, შემდეგ რას აპირებდა.
"რაც შეეხება უშუალოდ დაკავებულს, ახლა კორსანტიას ჩვენებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან გასარკვევია, რა ტიპის გეგმა იყო," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ვერსიის დონეზე არსებობს მოსაზრება, რომ პიროვნება, რომელმაც თავი ტელევიზიის შენობაში აიფეთქა, იმ დღეებშივე ლიკვიდირებულ დონეცკელ ცნობილ "ბოევიკთან" - "მოტოროლასთან" იყო დაახლოებული.
"აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეს "მოტოროლას" მკვლელობასთან ჰქონოდა რაიმე კავშირი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც ყველაზე სარწმუნოდ მივიჩნევ," - დასძენს კავკასიოლოგი.
მისი ვარაუდით, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გარკვეული დაჯგუფება იბრძვის, რომელსაც ეროვნებით აფხაზი და ამავე მეტსახელის მქონე პირი ხელმძღვანელობს. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ სოხუმში ვითარების დაძაბვის მიზნით, მან დავალება რუსული სტრუქტურული ერთეულებიდან მიიღო.
"ამ პიროვნებას ასეთივე მეტსახელი აქვს - "აფხაზი". არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანმა შესაბამისი რუსული სტრუქტული ერთეულებისაგან დავალებაც მიიღო, რათა აფხაზეთში სიტუაცია აერია და შესაბამისად, თავის ასაფეთქებლად თავისიანი სწორედ ამ მიზნით გაგზავნა.
"ვის წინააღმდეგ იყო ეს ტერაქტი, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მიზნად სიტუაციის არევას ისახავდა," - აღნიშნავს არეშიძე და იქვე უმატებს, რომ დღევანდელ აფხაზურ საზოგადოებაში რთული მდგომარეობაა, რადგან დე ფაქტო ხელისუფლებას ხალხი მხარს არ უჭერს, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლება კი თავის მხრივ ვერ ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მოსკოვს მისცა.
"აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ტერაქტი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით მზადდებოდა. რადგან ტერაქტი არ შედგა, მას იქით მხარეს შესაძლოა "მოტოროლაც" შესწირვოდა, ხოლო აქ - დანარჩენები, რომლებიც აფხაზეთში არიან დაპატიმრებული. ყველა შემთხვევაში კვალი მოსკოვთან მიდის, თუმცა, ოფიციალური მოსკოვია ეს, პოლიტიკური თუ სამხედრო, ამის თქმა გამიჭრდება," - გვითხრა მამუკა არეშიძემ.
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია კი განხორციელებულ ტერორისტულ აქტს აფხაზეთში შექმნილ ვითარებას უკავშირებს და ამბობს, რომ ახლა იქ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დაპირისპირებაა. მისი თქმით, გამორიცხული არაა, აფეთქება საზოგადობის ყურადღების მიქცევის მიზნით განხორციელებულიყო და ამასაც აქვს მისი ახსნა.
"აქ საქმე ძალიან მარტივადაა - ვინ ვინ ააფეთქა და ვინ რა გააკეთა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ფაქტი ერთია - აფხაზეთში დღეს მიმდინარეობს ბრძოლა ძალუფლებისთვის, ვინაიდან აზრი იქ ორადა გაყოფილი. ერთი ნაწილის აზრი რაულ ხაჯიმბას უკავშირდება, რომელიც რუსეთის ინტერესების უშუალო გამტარებლადაა აღქმული და არა აფხაზურისა. მეორე მხარის უკან კი ალექსანდრე ანქვაბი დგას, რომელიც წინა პლანზე არაა და აფხაზურ ინტერსებს ატარებს. ახლა ამ ორ ძალას შორის ბრძოლა მიდის.
"ამ დღეებში მოვისმინეთ ისიც, რომ ერთობლივი ჯარები უნდა შეიქმნას, რაც აფხაზური მხარისთვის პრობლემატურია. ვნახეთ ისიც, რომ აფხაზური მხარე აყენებს საკითხს იმის თაობაზე, რომ რუსულმა ჯარებმა ბაზების გადანაწილებაზე იჯარაც კი გადაიხადონ, რაც მათთვის მიუღებელია. რეალურად ასეთ საკითხებს მოჰყვება ბრძოლა მხარეთა შორის. ყველა ხვდება, რომ ხაჯინბას მთავრობა "სამართლებრივ კვალიფიკაციას" ყველაფერს მისცემს.
"ვნახეთ, რომ რამდენიმე რეფერენდუმიც კი ჩაუვარდათ, ახლა კი ოპოზიცია ერთი ძალიან სეროზული საკითხისთვის ემზადება, რასაც ვადამდელი საპრეზიდენტო აჩევნების დაყენება ჰქვია," - ამბობს დავითაია.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაციის დაძაბვა განპირობებულია იმით, რომ ხვალ და ზეგ ოპოზოციის მხრიდან სერიოზული ძვრები დაიწყოს.
"ვფიქრობ, მომხდარი ფაქტიც მომავალში ასეთი ძვრებისათვის იქნება გამოყენებული და ეს გახლავთ ჩვეულებრივი კლანური ბრძოლა," - უთხრა "მთელ კვირას" პაატა დავითაიამ.