15 კომიტეტიდან 9-ს ახალი სახე უხელმძღვანელებს, 2 კომიტეტის თავმჯდომარე კი ჯერ შერჩეული არაა
თიკო ოსმანოვა
07.11.2016

 სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და შესაბამისად, "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების პროცესიც დასასრულს მიუახლოვდა. გუშინ გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს პარლამენტში. თუმცა, ამ ეტაპზე 2 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ისევ ვაკანტური რჩება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ კი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც საპარლამენტო თანამედებობებზე იმსჯელეს.

რაც შეეხება კონკრეტულად თანამდებობებს, სია ასე გამოიყურება:

პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე;

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე;

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრი სამხარაძე.

13 საპარლამენტო კომიტეტი

რაც შეეხება კომიტეტებს, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში სულ 15 კომიტეტი არსებობს და ამ ეტაპზე ვაკანტურია 2 კომიტეტი, რომელთა დაკავშირებითაც მმართველი პარტია მსჯელობას აგრძელებს.რაც შეეხება დანარჩენ 13 კომიტეტს, მათთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია იქნება, მისი პირველი მოადგილე - გელა სამხარაული, მოადგილე კი - ირაკლი შიოლაშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ჯაში იქნა წარდგენილი, პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს წინა მოწვევის პარლამენტის წევრი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე უხელმძღვანელებს. მისი პირველი მოადგილე დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე - ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს კი ისევ ირაკლი სესიაშვილი უხელმძღვანელებს, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა კობალაძე;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი წინა მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ინიშნება, პირველი მოადგილე - ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ კი ისევ გიორგი კახიანია წარდგენილი, პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იქნება, მისი პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე.

ამასთან, როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

პირველი შეფასებები

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური და გამოცდილი კადრები არიან დასახელებული. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის ეს პოზიცია უდიდესი პასუხისმგებლობაა.

"ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფერი. თქვენ ნახეთ, რომ ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე კვალიფიციური, მათ შორის გამოცდილი კადრები არიან დასახელებული.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დაამტკიცებს, აირჩევს დასახელებულ პირებს და ჩვენი საქმიანობაც ასევე ერთობლივად, ამ გუნდთან ერთად იქნება ნაყოფიერი საპარლამენტო საქმიანობის პირობებში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ დასახელებული კანდიდატურებიდან გამომდინარე, რამდენად ნაყოფიერი იქნება მე-9 მოწვევის პარლამენტის 4 - წლიანი მუშაობა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ პოლიტოლოგებს, თუმცა არც სკეპტიკურად უყურებენ წარმოდგენილ კანდიდატებს.

გია ხუხაშვილისთვის საპარლამენტო თანამდებობებს მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, მთავარია, როგორ მოხდება ახალი და ძველი სახეების შერწყმა.

"საპარლამენტო თანამდებობები არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული განხილვის საგანი იყოს. ეს მათი გადასაწყვეტია, ვის სად დანიშნავენ. არ მგონია, ამ თანამდებობებს ამ შეთხვევაში რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს. თუ მოხდა ახალი სისხლისა და ყოფილი პოლიტიკური ელიტის სწორი შეხამება, მაშინ შეიძლება რაღაც იმედი გვქონდეს, თუმცა, წინასწარ ძნელია რაღაცის თქმა.

"ზოგადად პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანების რაოდენობამ დაიკლო. სამაგიეროდ ახალი ადამიანები გაჩნდნენ და შესაძლოა, ცოტა გამოაცოცხლონ სიტუაცია. ასე რომ, წინასწარ რაღაცის თქმა არასწორია. ზედმეტი სკეპტიციზმიც ცუდია. ასე რომ, დაველოდოთ და გამოჩნდება", - უთხრა "მთელ კვირას" ხუხაშვილმა.

სოსო ცისკარიშვილი კი იმედოვნებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი შეხლა-შემოხლით არ გაითქვამს სახელს ამის საფუძველს კი ახალი სახეები აძლევენ, რომლითაც პარლამენტი დაკომპლექტდა.

"პირველ ყოვლისა, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა პარალმენტარს. დიდი მოლოდინი მექნება, რომ 4 წლის განმავლობაში ამომრჩევლები იქნებიან უკეთეს მდგომარეობაში. არ ეშიებათ და არ იქნებიან მიჭირხვნილი.

"ძირითადად საფრთხეს ვხედავთ ადგილზე გაყინულ ურთიერთობაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობას" შორის. სურვილი იმისა, რომ კიდევ 4 წელი ვისმინოთ მათი არცთუ აკადემიური ფრაზეოლოგია და ვუყუროთ შეხლა-შემოხლას ნაკლებად აქვს საზოგადეობას და რასაკვირველია ძნელად მოსათმენი იქნება.

შესაბამისად, საპარლამენტო პარტიებმა პირველ ყოვლისა უნდა შეძლონ წინ გახედვა და იფიქრონ საკუთარი თანამდებობის შენარჩუნებაზე და არ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ბილწისტყვაობაში.

"ცნობიერება უნდა ავუმაღლოთ ამომრჩევლებმა პარლამენტს, რომ ისინი წარმოადგენენ საკუთარ ამომრჩევლებს და არა რომელიმე კერძო პირს.

"ჩემი იმედი ახალ სახეებს ეყრდნობა და ვიმედოვნებ, ისინი არ აჰყვებიან კოლეგებს, რომლებმაც საზოგადოებას თავი 4 წლის განმავლობაში ცემა-ტყეპით დაამასხსოვრეს და პარლამენტს აკადემიურ სივრცედ აქცევენ პირველ ყოვლისა, "ქართული ოცნება" დაემთხვეს საქართველოს მოსახლეობის ოცნებებს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×