სჭირდება თუ არა საქართველოს ფლოტი და საზღვაო სამხედრო ძალები? ამ კითხვაზე თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო სფეროს სპეციალისტებს განსხვავებული პასუხები აქვთ. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის "ძვირი სიამოვნებაა", ექსპერტები კი აცხადებენ, რომ თუკი საზღვაო მიმართულებით ქვეყანას ფული "ენანება", მაშინ შეიარაღებული ძალებისათვის ფინანსების გამოყოფა საერთოდ უნდა შევწყვიტოთ.
მათი თქმით, გასაგებია, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება, მაგრამ სახელმწიფოს ხედვა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გეგმა მაინც უნდა გააჩნდეს, რომლითაც იხელმძღვანელებს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს გადაჭრის.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში ჩართვას აპირებს, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს საზღვაო ძალების არარსებობის პირობებში.
ამ ყველაფერს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო ფლოტის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ეს კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, მილიარდობით დოლართან და პრიორიტეტები ქვეყანამ რესურსებიდან გამომდინარე უნდა დასახოს.
"ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს. ასე რომ, ახლის შექმნას ჯობია არსებულის განვითარება, მაგრამ არა ფლოტის დონეზე, რადგან ეს უბრალოდ მოტყუებაა საზოგადოებისჰ. "ასევე არამიზნობრივი ხარჯები, როდესაც შეიძლება ფლოტის შესაქმნელად 2 მილიარდი დოლარიც არ იყოს საკმარისი, რადგან ერთი გემი, თურქული გემი, როდესაც გონიოში შემოვიდა, მისი ღირებულება 150 მილიონი დოლარია. წარმოიდგინეთ ფლოტი, რომელსაც უნდა ჰყავდეს გემები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა რა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული", - განაცხადა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოებაში, იზორია ამბობს, რომ უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ დისკუსიაში საქართველო აქტიურად არის ჩართული.
"ოქტომბერში ნაკის ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, მე მქონდა მდივანთან ორმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა და ერთ-ერთი თემა გახლდათ სწორედ საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით.
"გახლდათ სტუმრად ასევე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც სხვათა შორის ბრძანა, რომ ის ჩვენთან ჩამოსვლამდე გახლდათ რუმინეთში, შეხვდა კოლეგას და მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ნატო-ს ფარგლებში, თუ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყნებს შორის, ისე ამ ქვეყნების ნატო-სთან მიმართებაში რაზე იქნება საუბარი.
"მეტსაც გეტყვით, ჩვენ კონკრეტული განაცხადი გვაქვს შეტანილი, რომ თებერვალში, როდესაც ამ საკითხს ზოგადად მეტი კონკრეტიკა მიეცემა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა შედგეს, სადაც კოლეგების წინაშე ჩვენი ინიციატივებით წარვსდგებით", - განაცხადა იზორიამ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მინისტრის მხრიდან ამგვარ მიდგომას ნაკლებადსერიოზულს უწოდებს. ამბობს, რომ ფლოტის შექმნას არც არავინ ითხოვს, რადგან მგავსი პრივილეგიით საქართველოსნაირი ქვეყნები ვერ სარგებლობენ, ეს მხოლოდ დიდი ქვეყნების ფუფუნების საგანია.
თუმცა, სამხედრო საზღვაო ძალების ყოლა, მაისაიას თქმით, აუცილებელია და ეს სრულიად შესაძლებელიცაა. ამბობს, რომ იგი სომხეთსა და უნგრეთსაც კი ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამდინარო მიმოსვლის უნარი აქვს.
საქართველოს კი, მაისაიას თქმით, ზღვაზე გასასვლელი გააჩნია, ზღვის სახელმწიფოს სტატუსი გვაქვს და სამხედრო საზღვაო ძალების არსებობა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმავალი კონტრაბანდული ტვირთების კონტროლი მოვახერხოთ.
"გარდა ამისა, ჩვენი სანაპირო ზოლი ხომ უნდა დავიცვათ, რომ რუსეთმა დასავლეთ საქართველოს ოკუპირება ასე ადვილად ვეღარ შეძლოს? საზღვაო მხრიდან შეტევის მოგერიება ხომ უნდა შეგვეძლოს?
"როცა ეს რესურსი გვექნება, მოწინააღმდეგე მოერიდება ისეთი ცინიკური ტიპის ოკუპაციის განხორციელებას, როგორიც რუსებმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელეს - ზღვიდან შემოიჭრნენ და დასავლეთი საქართველო ფაქტობრივად 24 საათში დაიკავეს. ამან ჩვენი ომში დამარცხება კიდევ უფრო დააჩქარა.
"თუ მინისტრი ამბობს, რომ ამას დიდი თანხები სჭირდება, მაშინ საერთოდ შეიარაღებულ ძალებზე თანხების გამოყოფა რა საჭიროა? პირველკურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ შეიარაღებულ ძალებს სამი სახეობა გააჩნია - სახმელეთო არმია, საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო საზღვაო.
"ეს სამივე კომპონენტი აუცილებელია იმისათვის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა თავისი მისია ეფექტურად შეასრულოს. მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის წყალობით ეს ყველაფერი ფაქტობრივად ერთ სახეობამდე დავიყვანეთ - მხოლოდ სახმელეთო ჯარებიღა გვყავს. მხოლოდ ამის ამარა კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მინიმუმამდეა დასული", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.
მოსაზრებას თადარიგის გენერალი, საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძეც იზიარებს. ფიქრობს, რომ მინისტრი მოკლევადიან პერსპექტივაზე საუბრობდა და იმას გულისხმობდა, რომ ფლოტის შექმნა დღესაა შეუძლებელი.
ზოგადად კი, მისი თქმით, საზღვაო ძალები აუცილებლად უნდა გააჩნდეს ქვეყანას, რომელსაც 300 კილომეტრამდე საზღვაო სანაპირო ზოლი აქვს და ვერ გავექცევით იმას, რომ ქვეყანამ ამ კუთხით თავდაცვითი სამხედრო ამოცანები უნდა გადაწყვიტოს.
იგი ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი თავის დასაცავად გვჭირდება და არა ვინმეზე თავდასხმისათვის. თვითმიზანი, მისივე განმარტებით, ის არაა, რომ რუსეთს ზღვაში ომი მოვუგოთ, მაგრამ თუკი საზღვაო ძალებზე ფულს არ დავხარჯავთ, მაშინ საერთოდ ჯარიც არ უნდა გვყავდეს, რადგან ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. დასძენს, რომ არ შეიძლება, ქვეყანა მხოლოდ ხმელეთიდან ან მხოლოდ ჰაერიდან დაიცვა.
"თუ გენერალურ შტაბში ეს საკითხი ხარისხიანად არაა დამუშავებული, ბუნებრივია, სამინისტროს დღევანდელი ბიუჯეტიდან გამომდინარე, სწრაფი შედეგის მიღება შეუძლებელია. მინისტრმა 100 დღის შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნა კიდეც, რომ თანხების 66% სოციალურ ხარჯებზე მოდის და არსებული ტექენიკის შესანარჩუნებლად კი ბიუჯეტში ძალიან მწირი თანხებია გამოყოფილი. სამხედრო ხომალდების, ავიაციის და სხვა ტექნიკის შეძენაზე საუბარიც ზედმეტია", - აცხადებს იგი.
სალუქვაძის თქმით, პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ, გვჭირდება თუ არა ამ ამოცანის გადაწყვეტა და თუკი დავასკვნით, რომ სახელმწიფოს ფლოტი სჭირდება, მაშინ გზების ძებნაც უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, რაციონალური გზების და ამაში უკეთესი შედეგის ნაკლები დანახარჯით მიღება იგულისხმება.
"ზოგიერთი ხარჯი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან იქნება გასაწევი, თუმცა ჩვენი პარტნიორებისაგანაც ძალიან ბევრი დახმარების მიღება შეგვიძლია. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს ჯერ მცდელობა არ ჰქონია და თავის პარტნიორებთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.
"თუკი იმ წლებში, როცა ნატოს-თან ურთიერთობას ვიწყებდით, ჩვენისთანა ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ კარგი ფლოტი გვქონდა - თურქეთმა 2000-იანი წლების დასაწყისში გვაჩუქა სამხედრო ხომალდები, ასევე საბერძნეთმა და ბულგარეთმა, დღეს რატომ არ დაგვეხმარებიან?
"ახლა გაცილებით წინ ვართ ნატო-სთან ურთიერთობის მხრივ, ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს და ეს ყველაფერი ჩვენ არა მხოლოდ ამერიკასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც გვიხნის გზას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისათვის", - აღნიშნავს სალუქვაძე.
ასე რომ, სპეციალისტის თქმით, მოსაძიებელია რესურსები - რა შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისაგან და რა ხარჯი იქნება გასაწევი ჩვენგან საჩუქრად გადმოცემული საზღვაო ტექნიკის შესანარჩუნებლად.
აქვე იმასაც გვახსენებს, რომ სანაპირო დაცვას სულ ახლახან ამერიკამ ორი ხომალდი გადმოსცა საჩუქრად, რომლებიც სრულიად თანამედროვე ტექნიკა არაა, მაგრამ არც ისე მოძველებულია, რომ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულოს. სალუქვაძე მიიჩნევს, რომ სანაპირო დაცვას თავისი ამოცანების შესასრულებლად კარგა ხანს ეყოფა.
"შესაბამისად, არაა გამორიცხული, ფლოტსაც დაეხმარონ და ამით ჩვენ მეტი ამოცანისა და ფუნქციის შესრულება შევძლოთ შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში, რასაც ნატო-ს ინიციატივა ითვალისწინებს", - დასძენს იგი.
აქვე სპეციალისტი იმასაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ ყველაფრის გადაწყვეტას სახელმწიფოს დღესვე არავინ სთხოვს, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში ფიქრი და გეგმების დასახვა უნდა დაიწყოს. შედეგად კი არ გამორიცხავს, რომ 5-10 წელიწადში შავ ზღვაზე საკმაოდ სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი.