მოსაზრება
11.11.2016

ანზორ საკანდელიძე, საქართველოს რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე

ქვეყანაში 300 მოქმედი სახელმწიფო შპს-დან წარმატებულია მხოლოდ 2 და, სავარაუდოდ, ესეც იმიტომ, რომ აღნიშნული 2 სახელმწიფო შპს, ალბათ, იმყოფება რა სახელისუფლებო რომელიღაც კლანის მფარველობის ქვეშ, თავს არიდებს გადასახადების სრულად გადახდას. თუკი სრულად გადაიხდის გადასახადებს, დანარჩენი 298 შპს-ის მსგავსად, ისინიც მოქმედი საგადასახადო კოდექსის "დამსახურებით" აუცილებლად გაკოტრდებიან ან გადავლენ ჩრდილში.

რა არის ამის მიზეზი? 1997 წელს მიღებული და დღემდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი, რომელსაც 19 წელიწადია ხელისუფლებაში მოსული ყველა ხელისუფალი, დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით, აძლევს უმაღლეს შეფასებას. არადა, როგორ უნდა მისცე დადებითი შეფასება ამ კრიმინალურ (კრიმინალურია იმიტომ, რომ აიძულებს მეწარმეებს დამალონ გადასახადები და გახდნენ დამნაშავეები!) საგადასახადო კოდექსს, რომელიც მცირე და მსხვილი მეწარმეების საგადასახადო ტვირთების გათანაბრების გამო, ეკონომიკურად ანადგურებს მცირე მეწარმეობას.

უფრო მეტიც, ოპტიმალურთან შედარებით საგადასახადო ტვირთის 2-ჯერ გაზრდის გამო, ეს საგადასახადო კოდექსი, მცირესთან ერთად, მსხვილ მეწარმეებსაც მასიურად მიერეკება ჩრდილოვანი ეკონომიკისაკენ, რომლის 72%-იანი ნიშნული დააფიქსირა მსოფლიო ბანკმა საქართველოში 2012 წელს. ეს კატასტროფული ნიშნული დღესაც ძალაშია.

წლების განმავლობაში ამის მიზეზი იყო ნოღაიდელის მიერ შემოღებული მაღალი საგადასახადო ტვირთი, რომელიც გაკოტრებისაგან თავის დასაღწევად აიძულებდა მეწარმეებს ან ემუშავათ წამგებიან რეჟიმში, ან შეეწყვიტათ მუშაობა, ანდა დაემალათ გადასახადები და გამხდარიყვნენ კრიმინალები.

ამ რისკზე, ძირითადად, მიდიოდნენ კერძო მეწარმეები და წლების განმავლობაში აგროვებდნენ დღევანდელ 72%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას. გავიხსენოთ ცნობილი მეწარმის გოგი თოფაძის მიერ საჯაროდ მრავალჯერ გაჟღერებული პასუხი ჟურნალისტთა შეკითხვებზე, მალავდა თუ არა ის გადასახადებს: ვმალავ, აბა, რა ვქნა. ამხელა გადასახადებს ვინ გადაიხდის?

დიახ, კერძო საწარმოთა ხელმძღვანელები წლების განმავლობაში მალავდნენ და დღესაც მალავენ გადასახადებს. ასეთ რისკზე კი არც გასული საუკუნის ბოლოს და არც დღეს არ მიდიან სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები და ამისათვის მათ ვერც გაამტყუნებ. გასამტყუნებელია სახელმწიფო, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია პრინციპულად არ ცვლის თავის კრიმინალურ საგადასახადო კოდექსი.

აი, ამდენი წელია დღემდე წარმოუდგენელ აბსურდში ვცხოვრობთ: სახელმწიფო საწარმომ როგორმე მოგებაზე რომ იმუშაოს, სახელმწიფოს უნდა დაუმალოს გადასახადები. ასეთი რამ არ ხდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მე 18 წელიწადი ვიმუშავე რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად, არასდროს არ დამიმალავს გადასახადები და ნოღაიდელის მიერ 1997 წელს მიღებულმა კრიმინალურმა საგადასახადო კოდექსმა 1 წელიწადში გამაკოტრა, რადგან არ გავხდი კრიმინალი. კიდევ რამდენი წელი უნდა ვიცხოვროთ ამ კრიმინალური საგადასახადო კოდექსით?

მივმართავთ ხელისუფლებას: ჩვენი თუ არ გჯერათ, უცხოელი ცნობილი ავტორიტეტული ეკონომისტების რჩევებს მაინც დაუჯერეთ. 2000 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ფიშერი გვირჩევდა: თქვენნაირი სუსტი ეკონომიკის ქვეყანაში ჯამური საგადასახადო ტვირთი უნდა იყოს მაქსიმუმ 15%. 2-ჯერ შეამცირეთ ჯამური საგადასახადო ტვირთი და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლები!

როცა ნოღაიდელმა ეს კრიმინალური საგადასახადო კოდექსი მიიღო, მეწარმეებს გვარწმუნებდა, რომ ჯამური საგადასახადო ტვირთი იქნებოდა 30%, ანუ 2-ჯერ უფრო მეტი, რასაც ფიშერი გვირჩევდა. პრაქტიკულად კი 60%, ანუ ფიშერის მიერ რეკომენდირებულზე 4-ჯერ მეტი გამოდიოდა. პირადად მე, როცა გავკოტრდი და ქარხანა გაჩერდა, ჯამური საგადასახადო ტვირთი გამომივიდა 63%. შემომესივნენ როგორც რაიონული, ისე საქალაქო და რესპუბლიკური საგადასახადო სამსახურები, რომლებიც 5 თვე იქექებოდნენ ბუღალტრულ საბუთებში და, მათთა გასაოცრად, ისინიც დარწმუნდნენ, რომ ქარხანა მართლაც გააკოტრა წარმოუდგენელმა, ფანტასტიკურმა 63%-იანმა საგადასახადო ტვირთმა!

სამწუხაროდ, ნოღაიდელის გადამკიდე, არ მივიღეთ ფიშერის რჩევები და დავკარგეთ შანსი დღეს გვეცხოვრა ეკონომიკურად წელში გამართულ საქართველოში. 2006 წელს ეს შანსი ისევ მოგვეცა, როცა სააკაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა, მთელ მსოფლიოში გახმაურებული ესტონური ეკონომიკური რეფორმების მამამთავარმა მარტ ლაარმა იგი დაითანხმა გადასახადების ფიშერისეულ 2-ჯერ შემცირებაზე, მაგრამ კვლავ იძალა ნოღაიდელმა, გადაარწმუნა სააკაშვილი და საქართველოს მეორედ დაუკარგა შანსი ეკონომიკურად წელში გამართულიყო.

2015 წელს საქართველოს მესამედ გაჩნდა ეკონომიკურად წელში გამართვის შანსი, როცა პრემიერ-მინისტრის კანცელარიასა და პარლამენტში განსახილველად შევიტანეთ ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #6333), აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული, 57-გვერდიანი სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა". იგი 2016 წლის 25 თებერვალს განიხილა ფინანსთა სამინისტროს უაღრესად კომპეტენტური 9 წევრისაგან შემდგარმა კომისიამ მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა საბჭო და ეკონომიკის სამინისტრო დღემდე პრინციპულად არ განიხილავენ ჩვენს კონცეფცია-პროგრამას. ეს კი თითქმის ერთი წელიწადია აფერხებს პარლამენტში მის განხილვას, სადაც პირველ თავში წარმოდგენილ საგადასახადო რეფორმების პროგრამასთან ერთად, განხილულია საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული ემისიური დაკრედიტების თეორიით ახალი მონეტარული რეფორმებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების ახალი კომპლექსური რეფორმების უნიკალური პროგრამები.

რაც მთავარია, ამ კონცეფცია-პროგრამის პირველ თავში განხილული ახალი საგადასახადო რეფორმების პროგრამაში ჩადებულია ფიშერისა და მარტ ლაარის რჩევების პრაქტიკული ამოქმედება. მისი მეშვეობით დღეს მოქმედი საგადასახადო ტვირთი შემცირდება მაქსიმალურ საგადასახადო შემოსავლებზე ორიენტირებულ ოპტიმალურ ზღვრამდე 10-15%-ის ფარგლებში. ამის შედეგედა საქართველოში 5 სამეურნეო წელიწადში ჩრდილოვანი ეკონომიკა შემცირდება დაახლოებით 50%-ით და მშპ გაიზრდება 100-150%-ით. ეს იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის 20-30-წლიანი გიგანტური ეკონომიკური ნახტომის ტოლფასი, ისე ხელისუფლებაში მეორედ მოსული "ქართული ოცნების" ძირითადი დაპირების - სწრაფი ეკონომიკური ზრდის - რეალური რეალიზაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×