აფხაზეთში სამღვდელობის წარმომიადგენელთა ორ ჯგუფს შორის ვითარება ახლო მომავალში შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს. ამასზე მიუთითებს ახალი ათონის მონასტერში გუშინ მომხდარი ინციდენტი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ გართულებების გარეშე დასრულდა, მრავალი კითხვა გააჩინა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აფხაზეთში ორი რელიგიური დაჯგუფება მოქმედებს - ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია დოროთე დბარის მეთაურობით.აპლიას დაჯგუფებას მოსკოვის საპატრიარქოსთან აქვს ახლო კონტაქტი და სოხუმის საკათედრო ტაძარს სწორედ ეს დაჯგუფება აკონტროლებს. დბარის მომხრეებში კი ძირითადად ის სასულიერო პირები არიან გაერთიანებული, რომელთაც საბერძნეთში აქვთ სასულიერო განათლება მიღებული. მათი ბაზირების მთავარი ადგილი ახალი ათონის მონასტერია.
გუშინ კი "აფხაზეთის ეკლესიის" მეთაურ ბესარიონ აპლიას რამდენიმე საათით ჰქონდა დაკავებული კონკურენტი დაჯგუფების კონტროლის ქვეშ მყოფი ახალი ათონის მონასტერი. როგორც აფხაზური გამოცემა "აბხაზ-აუტო" იტყობინება, იგი იქ 7 სასულიერო პირთან ერთად მივიდა, თუმცა დამსწრეებისათვის თავისი ვიზიტის მიზანზე არაფერი უთქვამს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს ეკლესიაში მყოფთა შორის იყვნენ გუდაუთის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ლადარია და ქალაქ ახალი ათონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფელიქს დაუთია. მათი კითხვების საპასუხოდ ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ საეკლესიო საქმეების გამო იყო მისული, რომელშიც საერო პირები არ უნდა ჩარეულიყვნენ.
მოგვიანებით ახალ ათონში თავად მიტროპოლიის ხელმძღვანელი დოროთე დბარი მივიდა, თუმცა მასსა და აპლიას შორის არანაირი კონტაქტი არ მომხდარა.
მოგვიანებით მონასტერში დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლეონიდ ძიაპშბა და დაურ არშბა მივიდნენ, რომლებმაც აპლია მანქანით წაიყვანეს. "აბხაზ-აუტოს" ვარაუდით, ამის შემდეგ აპლია სავარაუდოდ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ბესარიონ აპლია ისევ დაბრუნდა ახალ ათონში და ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, თავის მომხრეებთან ერთად დატოვა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია.
აფხაზი ჟურნალისტებისათვის აპლიას მომედების მიზანი და მოტივები გაუგებარი დარჩა. მას არავითარი მოთხოვნები არ წამოუყენებია და არც მიტროპოლიის წარმომადგენლებს დალაპარაკებია. თუმცა ვითარება რამდენიმე საათის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული იყო.
კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ აპლიას ახალ ათონში ვიზიტი იმ პროცესების განვითარებას უკავშირდება, რაც იქ ამ დრომდე ორად გაყოფილ სასულიერო ბანაკებს შორის ჩამოყალიბდა. მისი თქმით, საეკლესიო წრეებში სერიოზული განხეთქილება ახლაც გრძელდება.
არეშიძე ჩვენთან საუბრისას აფხაზ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზებს იხსენებს და ამბობს, რომ დიდი ალბათობით აპლიას ვიზიტიც ამ პროცესის გაგრძელებას უკავშირდება.
"საქმე ისაა, რომ დოროთე დბარი ერთ-ერთი ბერძნული ეკლესიის მიერაა ნაკურთხი. იგი უაღრესად ენერგიული, ახალგაზრდა კაცია, რომელმაც რუსეთის ეკლესიასთან გაერთიანების ნაცვლად, მსოფლიო პატრიარქთან - ბართლომეოსთან ურთიერთობა აირჩია.
"2014 წელს დოროთე დბარი მის გუნდთან ერთად, მსოფლიო პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკება შედგა. აფხაზური მხარის თხოვნა იყო მსოფლიო პატრიარქს აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, რაზეც ბართლომემ პირობა მისცა კიდეც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევში თუკი აფხაზეთის ეკლესიის ეს კონკრეტული ხელმძღვანელობა - დბარის ხელმძღვანელობით - სამ ამოცანას შეასრულებდა.
"პირველი - ავტოკეფალია ყველა აფხაზეთის სასულიერო პირის მოთხოვნა უნდა ყოფილიყო. მეორე - ამავე აზრზე მრევლის უმრავლესობა უნდა ყოფილიყო, ხოლო მესამე და მთავარი კი გახლდათ ის, რომ ამ აზრზე პოლიტიკური ხელმძღვანელობაც უნდა ყოფილიყო.
"როდესაც დბარმა ამ ამოცანების შესრულება დაიწყო, წინააღმდეგობას პირველ რიგში სწორედ აპლიასგან წააწყდა, რადგან მან ინიციატივა არ მოუწონა," - ამბობს არეშიძე და იქვე უმატებს, რომ აპლიას მხრიდან წინააღმდეგობის მიზეზი რუსულ ეკლესიასთან მისი თანამშრომლობა იყო.
ექსპერტის თქმით, სწორედ ამის შემდეგ დბარმა მრევლის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რაც ხაჯინბას კაბინეტში მოლაპარაკების წარმოებით გაგრძელდა. არეშიძე აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულზე სწორედ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა მიეღო. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდებოდა, რომ 2012 წლის ივლისის საეკლესიო კრებაზე აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი გაეტანათ.
"ხაჯინბამ პირობა არ შეასრულა და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. როგორც ჩანს, აქ მოსკოვის ჩარევა მოხდა, რომელსაც ბუნებრივია ამ დოკუმენტის მიღება არ აწყობდა და შესაბამისად, არც ის, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული ეს ინიციატივა მსოფლიო პატრიარქის ხელთ აღმოჩენილიყო.
"საბოლოო ჯამში ეს დასრულდა იმით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრების დღის წესრიგში ეს საკითხი საერთოდ არ შევიდა. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ამ მიზეზით არ მომხდარა, რადგან მაშინ ძალიან კარგად გამოჩნდა საქართველოს ეკლესიის პოზიციაც - საპარტიარქომ ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადადგა საიმისოდ, რომ ასეთი რამ ფიქრადაც კი არ ყოფილიყო. ეს ამბავი ასეც დასრულდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამის შემდეგ აპლიამ გადაწყვიტა ბერძნული ეკლესიის მიმართულებით ყოფილიყო აქტიური და ჩემი აზრით, ახლა ათონში მისი ვიზიტი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული," - აღნიშნავს კავკასიოლოგი.
მისი თქმით, დღეს სიტუაცია მკვეთრადაა შეცვლილი და გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებას ხუთი ეკლესია არ დაესწრო (მათ შორის ქართულიც), კრების ლეგიტიმაციის საკითხი საკმაოდ დაბლა დავარდა. არეშიძის განცხადებით, ახლა ბესარიონ აპლია ბერძნულ ეკლესიასთან აქტიურობას ცდილობს.
"უნდა აღინიშნოს, რომ ბართლომეოსის ამ ინიციატივას (აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა) მაინცდამაინც ბერძენი მღვდელმთავრები არ იწონებდნენ. არც იმას, რომ ბართლომეოსი რომელიმე ეპარქიაზე მმართველობის ხელში ჩაგდებას ცდილობს. როგორც ჩანს, ახლა აპლიამ მოინდომა ბერძნული ეკლესიებისთვის და სასულიერო პირებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, ვიდრე დბარია.
"სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ამის გამო ხდება და მისი ვიზიტი ათონის მონასტერში ამაზე მიუთითებს. ჯერ ერთი, რომ ამ ვიზიტით ხაზი აპლიას წონასაც გაესვა, რადგან სწორედ ის გახლავთ აფხაზური ეკლესიის ხელმძღვანელი. პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და მისი ერთობლივი ვიზიტი კი სწორედ ამის მანიშნებელია," - ამბობს არეშიძე და დასძენს, რომ ახალ განხელთქილებას სასულიერო ბანაკებს შორის არ ვარაუდობს.
მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, ბესარიონ აპლიას უკან ირიბად მაინც რუსული ეკლესია დგას და არა მხოლოდ ამ კონფლიქტში, არამედ მსოფლიო პარტიარქთან დაპირისპირების ნაწილშიც.
"მოგეხსენებათ, რუსული ეკლესია აფხაზეთის ეკლესიის არსებობას არ ცნობს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს აფხაზეთში ფეხი მოიკიდოს. სხვათა შორის, აპლიას მთავარი კოზირიც ეს გახლავთ," - უთხრა "რეზონანსს" მამუკა არეშიძემ.