ეკატერინე ბასილაია
12.11.2016

 არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ სპექტრში დიდი გაურკვევლობა გრძელდება. პარტიებიდან მიდიან ლიდერები და პარალელურად კეთდება განცხადებები ერთ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე, თუმცა, პოლიტოლოგების პროგნოზითაც, ჩვენ ვხედავთ დევალვირებული პოლიტიკოსების სასაფლაოს, "წყალწაღებულების ხავსზე მოჭიდების" პროცესს და როგორი დიდი გაერთიანებაც უნდა შეიქმნას და როგორადაც უნდა გადაჯგუფდნენ პოლიტიკოსები თუ პარტიები, შედეგი არაფერი იქნება.

საგულისხმოა, რომ ლამის მთელ ოპოზიციურ ფლანგზე კრიზისი და გაუგებარი პროცესები არჩევნების მეორე დღესვე დაიწყო. დაშლის კასკადში პირველები "თავისუფალი დემოკრატები" იყვნენ. არჩევნებიდან ორ დღეში პარტიიდან წამოვიდა თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და პოლიტიკიდან ცოტა ხნით დასვენება გამოაცხადა. ორ დღეში კი მისი პარტია ლამის მთელმა ლიდერობამ დატოვა და თითქმის ყველამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოაცხადა.

შემდეგ, იმავე დღეებში, "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახა შარტავა გამოვიდა და მთელ არასაპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, პარტიები გავაუქმოთ და ერთი ახალი დიდი გაერთიანება შევქმნათ პროდასავლურ ფლანგზეო. მართალია, მის ამ მოწოდებას დიდი ენთუზიაზმით არც არავინ გამოხმაურებია, თუმცა "ფორუმი" ამ შეთავაზებას ძალაში ტოვებს და დიდი გაერთიანების იმედი ჯერ არ დაუკარგავს.კრიზისი შეეხო "რესპუბლიკურ პარტიასაც". არჩევნების მეორე ტურის წინადღით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა პარტიის დატოვების შესახებ. მას რამდენიმე დღეში რამდენიმე ლიდერიც მიჰყვა. უსუფაშვილმა გაზაფხულისთვის ახალი პარტიის შექმნის სურვილი დააანონსა და თქვა, რომ მომავალ 2-3 თვის განმავლობაში ის კონსულტაციებს გამართავს არა პარტიებთან, არამედ იმ ადამიანებთან, ვისაც აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა სურს. მათ შორის, არ გამორიცხა, რომ ექს-"რესპუბლიკელებიც" იქნებოდნენ მის ახალ გაერთიანებაში.

პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" კი, ფაქტობრივად, არჩევნებამდეც უკვე დაშლილი იყო, თუმცა ბლოკი ერთი კვირის წინ "ახალმა მემარჯვენეებმაც" დატოვეს და თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ, სამომავლოდ ისევ რომელიმე ბლოკში გაერთიანება არ გამორიცხა.

ასევე დიდი დაპირისპირებაა "ნაციონალურ მოძრაობაშიც", თუმცა ამ გაერთიანებიდან არც ლიდერები გამოქცეულან ჯერჯერობით და არც ახალი პარტიის ჩამოყალიბებაზე უსაუბრია ვინმეს.

ახალი ოპოზიციური გაერთიანების ორი იდეა

ამ დაშლილი პარტიებიდან თუ ბლოკებიდან ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის სურვილი ჯერჯერობით ორს აქვს გამოცხადებული, უსუფაშვილს ახალი პარტია და "ეროვნულ ფორუმს" - ნებისმიერი ერთობა, ერთი დიდი ოპოზიციური პარტია იქნება ეს თუ ერთი დიდი ოპოზიციური კოალიცია და "ფორუმმა" ამ მიმართულებით აქტიურობის მერე ფაზაც დაიწყო.

მათ პარტია ჯერ არ გაუუქმებიათ, თუმცა ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მიდის, რადგან არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდ გაერთიანებას შეუწყოს ხელი, მინუს "ნაციონალური მოძრაობით" და ამ საკითხზე რამდენიმე პოლიტიკოსთან შეხვედრებიც ჰქონდა. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ის თანაპარტიელებმა მეგობრულადაც გააცილეს და პარტიის ლიდერმა კახა შარტავამაც დაადასტურა, რომ სანიკიძის პარტიიდან წასვლა იმ იდეის გაგრძელებაა, რომელიც მის მიერ გაცხადებული ახალი პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას გულისხმობს.

"ვთვლი, რომ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული დავალებები. ამ საქმიანობაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანების და ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას", - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, შესაძლოა თუ არა ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან ან ნინო ბურჯანაძესთან, სანიკიძის თქმით, ამ დროისთვის კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, "თუმცა ქართულ პოლიტიკაში არიან გამორჩეული პიროვნებები, მათ შორის განსაკუთრებით ბურჯანაძე და უსუფაშვილი".

ამ განცხადებების გამო გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა ის იმ პოლიტიკურ ძალას შეუერთდეს, რომლის შექმნაც დავით უსუფაშვილმა დააანონსა, თუმცა ეს ვარაუდი თავად უსუფაშვილმა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ის და გუბაზ სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გააგრძელებენ ქვეყნის სამსახურს.

სამაგიეროდ სანიკიძესთან კონსულტაციები და თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც თქვა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს დიდი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ.

რაც უნდა უცნაური იყოს, ბურჯანაძემ უსუფაშვილთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზეც კი ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები, სადაც მათ პოზიციების თანხვედრა აქვთ და რა გამოვა, დრო გვაჩვენებს.

მართალია, უკვე ოპოზიციური ერთიანობის აუცილებლობაზე ბურჯანაძეც საუბრობს, თუმცა აქ ერთი დიდი პრობლემაა. ამ შემთხვევაში დიდი გაერთიანება არ გამოვა, რადგან არც ერთი ის პოლიტიკური პარტია არ ისურვებს ბურჯანაძერთან ერთად ბლოკში ყოფნას, რომელთაც საგარეო კურსი პროდასავლური აქვთ. ამდენად, "ფორუმისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" ერთიანობა შესაძლებელია, მათ დაახლოებით ერთნაირი საგარეო ხედვა აქვთ, მაგრამ მათი ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე არაფერს ცვლის. ბარიერის გადასალახად მიახლოებული რეიტინგიც კი არც ერთ მათგანს არ გააჩნია.

"ორი ან მეტი მკვდრისგან ერთი ცოცხალი გაკეთდება?"

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ეს კანონზომიერი პროცესია, რადგან ერთი მხრივ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე "ნაციონალური მოძრაობისთვის" მაქსიმალური კომფორტი შეექმნა და ორპოლუსიანი აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის გამო მესამე არჩევანის საშუალება არ დატოვა, მეორეს მხრივ კი, თავად ოპოზიციაში არის ღრმა კრიზისი, რადგან ნორმალური ჯანსაღი არჩევანი ვერ შესთავაზა, რის გამოც თამაშგარე დარჩა.

მისი თქმით, სჯობს გზა გაიხსნას და პოლიტიკაში ახალგაზრდა თაობა წამოვიდეს.

"თუ ეს პოლიტიკური ელიტა ცოტა ხნით თავს გაგვანებებს, კარგი იქნება. წავიდნენ, მემუარები დაწერონ, თუ რამე იციან, ახალგაზრდებს გაუზიარონ. სხვა საქმით დაკავდნენ, რომ სივრცე გათავისუფლდეს. რაც უნდა გაერთიანებები შექმნან, ახლა ორი ან მეტი მკვდრისგან ერთი ცოცხალი გაკეთდება? უბრალოდ, ერთი დიდი სასაფლაო იქნება. აღარ გვინდა პოლიტიკაში სასაფლაოები, ჯობია გზა გაიხსნას და ახალგაზრდები წამოვიდნენ. დღეს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვთ მესამე არჩევანის მოსურნე ადამიანებს," - აცხადებს ხუხაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორის, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიას თქმით, ბურჯანაძის პარტია და "ეროვნული ფორუმი" სადაც უნდა გაერთიანდეს, შედეგი არაფერი იქნება. მათთან უსუფაშვილის გაერთიანება კი წარმოუდგენლად მიაჩნია, რადგან არა მარტო საგარეო მიმართულებაში, პოლიტიკურ ფასეულობებში აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები და ასეთი აღრევით უსუფაშვილი იმ მომხრეებსაც დაკარგავს, ვინც ჰყავს.

ამბობს, რომ ბოლო 20 წელია, პოლიტიკაში სულ ერთი და იგივე სახეები დომინირებენ და ამომრჩევლებს ეს ძველი სახეები უკვე ძალიან მობეზრდათ და რაც უნდა გადაჯგუფდნენ ისინი, ამ "ძველი სახეების გაყიდვა ძალიან გაჭირდება".

"ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლებს ზოგადად პოლიტიკური კლასისადმი აპათია აქვთ და ისინი ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოითხოვენ, რომელსაც არსებული პარტიები ვერ სთავაზობენ. ამიტომაც პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც გარკვეული ახალი გადაჯგუფება უნდა მოხდეს, ახალი პარტიების თუ გაერთიანებების კუთხით, მაგრამ ისე, რომ ის ამომრჩევლისთვის მისაღები იყოს.

"უმთავრესი აქ არის ახალი ნარატივის და ახალი იდეის მიწოდება ახალი ადამიანების მიერ და არა მხოლოდ ისეთი გაერთიანება, როგორიც ადრეც არაერთი გვინახავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველი ლიდერები ყველა მიუღებელია, მაგრამ ახალი იდეები და ახალი ადამიანები აუცილებელია.

"თუმცა, როგორ მოხდება ეს, არ ვიცით. პროცესი ახლა დაიწყო და ყველა ძიების პროცესშია. ვხედავთ, რომ პარტიებიდან წამოსულ ადამიანებში, ზოგადად ოპოზიციაში თანამშრომლობის და ახალი მოძრაობის შექმნისთვის მზაობა არის, მაგრამ ახალი იდეა არ ჩანს. ახალი იდეა, ახალი ხალხი და ძლიერი დაფინანსება - ამის გარეშე წარმატება არ იქნება," - აღნიშნავს კაკაჩია.

მისი თქმით, გარკვეული შანსი აქვს დავით უსუფაშვილს, თუ მან მოახერხა პოლიტიკაში აქამდე ჩაურთველი ნაწილი მიიზიდოს რაღაც ახალი იდეის გარშემო. თუმცა, ამბობს იმასაც, რომ შეიძლება მისი იდეა იქვე ჩაკვდეს, თუ მან ისევ ძველ პარტიებთან და ძველ პოლიტიკურ კლასთან გაერთიანება გადაწყვიტა.

"უსუფაშვილს ერთი ნაკლი აქვს - მის უკან ფინანსები არ დგას, ამის გარეშე კი მიზიდულობის ცენტრის შექმნა შეუძლებელია. თუმცა საუბარი იმაზე, რომ მოდით და ყველა გავერთიანდეთ, ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როგორც ძალების ერთგვარი მოსინჯვა, რაღაც კოალიციები იქნება, მაგრამ თუკი ისევ არსებული პარტიებიდან სპონტანური ბლოკები შეიკვრება, პირიქით, შესაძლოა უარესიც იყოს. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეთი რამ არ უნდა გამოვიდეს,"- აღნიშნავს კაკაჩია.

პოლიტოლოგი ამბობს იმასაც, რომ ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "ნაციონალურ მოძრაობაში". თუ ეს პარტია გაიყო, შეიძლება გამოჩნდეს გარკვეული რესურსი და აბსოლუტურად სულ სხვა დაჯგუფებებს შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი.

"პროცესი მხოლოდ დაწყებულია. როგორც კი დამთავრდება, შემდეგ გამოჩნდება საბოლოო სურათი. ოპოზიციას ხელს აძლევს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა, რადგან ამ პარტიაში საკმაოდ დიდი დაჯგუფებები, რომლის უკან გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა დგას და ასევე მათ იციან, როგორ იმუშაონ ორგანიზაციული წარმატებისთვის," - დასძენს კაკაჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×