ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო საქმის არსებით განხილვას 21 ნოემბრიდან დაიწყებს. თუმცა პროცესს მხარების წარმომადგენლები არ დაესწრებიან, რადგან უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესებს უკვე სკეპტიკურად უყურებენ და ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია (60% - ქიბარ ხალვაშის, 40% - თავისი კუთვნილი კომპანიის), თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო ტელევიზიის მართვას ვერ ახერხებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. რის შემდეგადაც, გამარჯვების შემთხვევაში, არხზე სადავეების აღებას შეძლებს.
თუმცა სანამ უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2"-ის საკასაციო საჩივარზე იმსჯელებს, ტელეკომპანიის დაცვის მხარეს ერთ შუამდგომლობაზე უკვე უარი ეთქვა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" მოითხოვდა, რომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს," - აცხადებენ ტელეკომპანიაში.
ადვოკატებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამის ბოლო ვადა კი 25 იანვარია.
"რუსთავი 2"-ის იურისტის თამთა მურადაშვილის თქმით, ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პატიოსნებისა და პროფესიული ღირსების იმედად არიან დარჩენილი:
"ეს დავა არაა სუფთა სამართლებრივი, რადგან ამ შემთხვევაში პირველივე ინსტანციაში სულ სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
ამ ლოგიკიდან და გასული პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაწყვეტილება არ იყოს სამართლიანი და დადგეს სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო განაჩენი.
თუმცა გარკვეული იმედი მაინც არის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც ამხელა ტვირთი აწევთ და პასუხისმგებლობა აქვთ, მიიღებენ კანონიერ გადაწყვეტილებას. მათი პატიოსნებისა და პროფესიული ღირსების იმედად ვართ დარჩენილი," - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე უკან, სააპელაციოში დააბრუნოს. თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ინსტანციაში საქმე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდება.
"არ ველოდები, რომ სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე განხილვა ერთ დღეშივე დასრულდება, ალბათ, რამდენიმე პროცესის ჩატარება დასჭირდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სარჩელი საბოლოოდ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება და უცვლელი დარჩება წინა ინსტანციების გადაწყვეტილება.
მაგრამ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოხდეს საქმის უკან, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. ვიმედოვნებ, ყველა შემთხვევაში დავა ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დერექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი კი ამ პროცესებს აქედანვე სკეპტიკურად უყურებს და ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.
"პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაივლის, რადგან არ მოხდა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება. ვნახოთ, რა მოხდება.
ალბათ ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი საჩივრები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რა პროცესებიც მიმდინარეობდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ალბათ, საქმეს ჩვენ სასარგებლოდ არ გამოიტანენ.
"არ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ საქმე ეხება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია "რუსთავი 2"-თან. ტელეკომპანიაში ნებისმიერი ჩარევა და მისი მფლობელის შეცვლა იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიის საბოლოოდ დასასრული. ასე რომ, არ ვაპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების დამორჩილებას," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზაალ უდუმაშვილი.
მისივე თქმით, თუ რას იზამენ, ეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამასთან დაკავშირებით მასობრივი გამოსვლები დაიწყოს.
"რას ვიზამთ და რას მოვიმოქმედებთ, ეს მერე გამოჩნდება. გააჩნია, სამოქალაქო საზოგადოებას ამ ყველაფერზე რა რეაქცია ექნება. აქციები ალბათ ჩვენდა უნებურად იქნება, მიუხედავად იმისა, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-ის დახურვაზე სამოქალაქო საზოგადოებას რეაქცია ექნება, თუმცა მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საქმე აქამდე არ მივა," - გვითხრა უდუმაშვილმა.