ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4861 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. გუშინდელი კურსი 2.4926 ლარს შეადგენდა.
ლარის კურსის ცვლილება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაა. ხელისუფლება კი კონკრეტულ სამოქმედო გეგმას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ლარის გაუფასურებაზე გავლენა მეზობელ სავაჭრო ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა დევალვაციამ იქონია.
მათივე განცხადებით, ლარის გაუფასურება ასევე ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტისათვის სავალუტო გადინებებით არის განპირობებული, რომელიც საექსპორტო ბაზარზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა.
რაც შეეხება გამოსავალს, მთავრობა აცხადებს, რომ 2017 წლისათვის აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ზრდაზე და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული ხარჯები გაიზდება. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯი.
ექსპერტების შეფასებით, დოლარიზაცია მართლაც სერიოზული პრობლემაა. თუმცა მასთან ბრძოლას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ. რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ისინი მთავრობას ურჩევენ, მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების არა შემცირება, არამედ განახევრება, რისი რესურსიც დღეისათვის არსებობს.
გაქვთ თუ არა ლარის დასტაბილურების იმედი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "სამწუხაროდ, არანაირი იმედი არ მაქვს და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. როგორც ამ საქმეში გამოცდილი ხალხისგან მოვისმინე, კიდევ უფრო გაუფასურდება ამ წლის ბოლოსო და მერე რა იქნება, არ ვიცი."
იგორ კვესელვა (პოლიტოლოგი): ლარის სტაბილურობის იმედი მაქვს იმიტომ, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური განვითრება ლარის ასე არასაიმედოობის ფონზე რომ ხდებოდეს, წარმოუდგენელია. ის ხელს შეუშლის არა მარტო ეკონომიურ, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს.
"როგორც ჩვენ ვართ ინფორმირებული, სახელმწიფომ ბიუჯეტში 2.30-ზე გააკეთა გათვლა. მე ვფიქრობ, სწორედ ამის ფარგლებში უნდა ხდებოდეს ლარის გამყარება. ის არასდროს დაუბრუნდება თავის ადრინდელ სახეს, რადგან ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ საშინაო პროცესებთან. ეს დამოკიდებულია მთელ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე. პერიოდული გამყარება შეიძლება იყოს, მაგალითად, ტურისტების სეზონზე, მაგრამ მთვარი ის არის, რომ ლარი სტაბილურად ერთსა და იმავე ნიშნულზე დადგეს."
ანა რატიანი (ჟურნალისტი): "ამ წელიწადში ნადვილად არ მაქვს ამის იმედი. მომავალ წელს შეიძლება. ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ საერთოდ, უკვე მივეჩვიეთ, რომ თუ ლარის აღმასვლა ხდება, დოლართან მიმართებით, მერე ის ისე ადვილად აღარ ჩამოდის ხოლმე. ამისთვის ახალმა მთავრობამ, რაც მთავარია, ეკონომიკურმა გუნდმა, ძალიან ჭკვიანიური ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ ხალხს საახალწლოდ შეუმსუბუქონ მდგომარება. თუმცა ესეც ასე მარტივად არ ხდება, ამიტომ მჯერა, რომ ახალ წლამდე არაფერი უკეთესობა არ იქნება."
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): სამწუხაროდ, არანაირი იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ ვინც ამ საკითხებს სათავეში უდგანან, არაკომპეტენტურებად მიმაჩნია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე