გიუმრის სამხედრო ბაზაზე განლაგებული "ისკანდერები" მთელ საქართველოს ფარავს
ეკატერინე ბასილაია
18.11.2016

 რუსული ულტრა თანამედროვე სარაკეტო სისტემა "ისკანდერები", რომლის რაკეტები 500 კილომეტრს ფარავს და რომელიც მოსკოვმა ახლა უკვე მეზობელ სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად განათავსა, უკვე ფასდება, როგორც ერთგვარი მუშტის მოღერება საქართველოს წინააღმდეგ სომხეთის ტერიტორიიდან.

ცნობისათვის, რუსებმა ეს სარაკეტო კომპლექსები პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სწორედ ჩვენ წინააღმდეგ გამოსცადეს, რასაც რამდენიმე ადამიანის სისოცხლეც ემსხვერპლა და ანალიტიკოსები ამ ტრაგიკული ცდის განმეორებას არც მომავალში გამორიცხავენ.გეოსტრატეგიული კვლევების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ "ისკანდერების" რაკეტები 500 კმ-ზე მიფრინავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს დედაქალაქს მარტივად ფარავს და ემუქრება. მეორეც, მას ასევე შეუძლია ბირთვულ-ტაქტიკური ქობინების გადატანა, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ საშიშროებას, ეს ყველაფერი კი მუშტის ღიად მოღერებაა.

"რუსული "ისკანდერების" გიუმრის ბაზაზე განთავსება ეს არის ერთგვარი მუშტის მოღერება ჩვენი მიმართულებით იმიტომ, რომ "ისკანდერი" 500 კმ-დე მიფრინავს, რაც ნიშნავს, რომ ის ემუქრება სუფსა-ბაქოს ნავთობსადენსაც, გორსაც, როგორც ეს იყო 2008 წელს და მთელ საქართველოსაც. "ისკანდერების" განთავსება ნიშნავს, რომ თბილისსაც დაემუქრნენ, ისევე როგორც კალინინგრადის ოლქში მათი განთავსებით რუსეთი დაემუქრა ლიტვას და პოლონეთს," - ამბობს მაისაია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველო რუსეთის ერთგვარ ალყაში იმყოფება.

"რუსეთი თანამედროვე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებით ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და თუ სომხეთის გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას ბრძანება ექნება, მათაც შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება. გარდა ამისა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ადვილად ხდება საქართველოს მთელი ტერიტორიის გაკონტროლება. ასე რომ, ერთგვარ ალყაში ვართ," - აცხადებს ალადაშვილი.

ის ამბობს, რომ სომხეთი და რუსეთი ერთ ძალად აღიქმება, რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიის ძირითად კორპუსს სწორედ სომხეთი წარმოადგენს და აქიდან ბევრი რამ ჩანს. თვლის, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან ისევ ეცდება სახმელეთო გზა გაჭრას სომხეთისკენ, რათა ამით სომხეთში თავისი სიძლიერე განამტკიცოს და ამიტომაც რუსეთიდან სამხედრო ოპერაციის შესაძლო საფრთხეზეც საუბრობს.

"რუსეთს სომხეთთან მხოლოდ საჰაერო გზა აქვს, სახმელეთო გზა კი საქართველოზე გადის. ამდენად, სამხედრო ოპერაციების დაწყების ხიფათი ყოველთვის არსებობს. 2008 წლის შემდეგ ეს საფრთხე არსებობს სულ," - აღნიშნავს ალადაშვილი და ამბობს იმასაც, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, მთელ მსოფლიოში სიტუაცია როგორ წარიმართება: "რა მოხდება ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში და პირველ რიგში აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რას მოიმოქმედებს".

აზერბაიჯანის რეაქცია

რუსული "ისკანდერების" თემა გუშინ აზერბაიჯანულ მედიაში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუსულ მედიასთან თქვა, რომ რუსეთის მიერ სარაკეტო კომპლექსების "ისკანდერების" სომხეთის ტერიტორიაზე განთავსება იყო საჭირო ღონისძიება, რომელიც რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

"საიდუმლო არ არის, რომ აზერბაიჯანმა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში უახლოესი შეიარაღება შეიძინა. ჩვენ იმგვარი შესაძლებლობა არ გვაქვს, როგორც აზერბაიჯანს, ფინანსურ რესურსებს ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სიტუაციის დასაბალანსებლად საპირწონე მოვიძიოთ. ამ შემთხვევაში, "ისკანდერი" არის ასეთი საპირწონე", - განაცხადა სარგსიანმა მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ "ისკანდერები" ერევანში ოფიციალურად 21 სექტემბერს, სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა და მაშინ სომხური მედია წერდა, რომ ეს თანამედროვე სარაკეტო სისტემები ერევანს რუსეთმა გადასცა და ამ ფაქტმა ბაქოში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თუმცა სარგსიანის ამ უკანასკნელი ინტერვიუს შემდეგ აზერბაიჯანული მედია ერთგვარი შვებით წერს, რომ გიუმრიში რუსეთის საკუთრებაში არსებული "ისკანდერი" გავლენას ვერ ახდენს რეგიონში ძალთა ბალანსზე. ერევანს მისი განკარგვა არაფრით არ შეუძლია და სომხეთს კარგად ესმის, რომ თუკი აზერბაიჯანი ყარაბაღში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთის სამხედრო ძალები თითსაც არ გაანძრევენ, რომ ეს ოპერაცია შეაჩერონ.

აზერბაიჯანული მედიის აზრით, რუსული "ისკანდერები" სომხებისთვის ერთგვარ დამამშვიდებელ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ის იძლევა ილუზიას, რომ დაცულები არიან, მაგრამ ეს ტყუილია.

სადამდე წვდებიან "ისკანდერები"

ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ "ისკანდერები" ერევანში აღლუმზე სომხეთის არმიის კამუფლიაჟის ფერებში შეღებილი გამოჩნდა და ამან გააჩინა მოსაზრება, რომ რუსეთმა ის სომხეთს ან მიჰყიდა, ან აჩუქა. თუმცა თავად მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ დიდი ალბათობით რუსეთის არმიის კუთვნილება იყო და სომხეთში მის გამოჩენას აზერბაიჯანის აქტიური მილიტარიზაციის საპირწონე დატვირთვა ჰქონდა.

მისი თქმით, რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის ძირითადი მოდიფიკაციის - "ისკანდერ-ემ"-ის რაკეტა მაქსიმალურ 500 კმ სიშორეზე მიფრინავს, ხოლო აშშ-ისა და რუსეთის მოქმედი ხელშეკრულება კრძალავს 300 კმ-ზე შორს მფრენი სახმელეთო ბაზირების სარაკეტო სისტემების გაყიდვას და შესაბამისად, ერევნისთვის ამ "ისკანდერების" გადაცემა ისედაც საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა იქნებოდა.

ალადაშვილი იხსენებს იმასაც, რომ სამწუხაროდ "ისკანდერები" რუსებმა პირველად საქართველოზე გამოსცადეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ჩრდილო კავკასიიდან "ისკანდერის" ორი რაკეტა გამოუშვა, რომელთაგან ერთი ვაზიანთან, სუფსა-ბაქოს ნავთობსადენის მილის სიახლოვეს აფეთქდა, მეორის კასეტური ქობინი კი გორის ცენტრის თავზე გაიშალა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტიც და ეს იყო რუსული "ისკანდერების" პირველი საბრძოლო ნათლობა.

მისივე თქმით, "სომხეთში არსებული რუსული 102-ე სამხედრო ბაზის, გიუმრის ბაზის გაძლიერების აზრი ისაა, რომ რუსეთი თავის პოზიციებს აძლიერებს სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, რადგან "ისკანდერების" 500 კმ-იანი რადიუსი ფარავს არა მარტო მთლიანად სამხრეთ კავკასიას, მათ შორის მთელ საქართველოს, არამედ გადადის ახლო აღმოსავლეთზეც, თურქეთის ტერიტორიაზეც და ირანზეც.

რისთვის ემზადება რუსეთი

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ასეთი შეიარაღების არსებობა იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი აპირებს როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით განათავსოს დამრტყმელი ტაქტიკურ-ბირთვული შეიარაღება და ამით პოტენციურ მოწინააღმდეგეს დაემუქროს.

მისი თქმით, რუსეთი ამ შეიარაღებას საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად იყენებს, საქართველო კი მის გეოსტრატეგიულ ინტერესებშია.

"ჩვენ ასეთი ტიპის სერიოზულ საფრთხეებს ყოველთვის ნაკლებად სერიოზულად ვეკიდებით. რა ხდება ჩვენ ირგვლივ, რა ტენდენციებია და რა საფრთხეები, ამას ჩვენთან არავინ არ აანალიზებს. სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ჩავიყენოთ თავი და იმაზე საუბრით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან კონფრონტაციული ურთიერთობა არ აქვს და ამიტომ საფრთხე არ არსებობს.

"ჩვენ ნატო-ზე უარი არ ვთქვით და ვაგრძელებთ ალიანსში წევრობისა და პროდასავლურ კურსს, რომელიც რუსეთთან გეოსტრატეგიულ წინააღმდეგობაში მოდის და ასეთ ვითარებაში მოსკოვი იმას შეხედავს, კარასინი და აბაშიძე როდის შეხვდება და თბილისი რა რევერანსს გაუკეთებს?! ასეთი არასერიოზული მიდგომა რომ გვაქვს, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე.

"რუსეთი ჩვენ არაფერს გვეკითხება და არც შეგვეკითხება. როგორც სტალინი უყურებდა ბალტიის სახელმწიფოებს 1939 წელს, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შემდეგ, ისე ვართ რუსეთისთვის ახლა. რუსეთი თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევს საქართველოს და ნატო-სკენ ჩვენს სწრაფვას ყოველთვის ხელს შეუშლის," - აღნიშნავს მაისაია.

ის არ გამორიცხავს, რომ როგორც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით გაიყო აღმოსავლეთ ევროპა, ამგვარი რამ მოხდეს ახლაც და რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებისთვის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად გააქტიურება დაიწყოს, რომლებიც ნატო-სა და ევროკავშირში არ არიან. ასეთი ქვეყნები კი უკრაინა, საქართველო და მოლდოვაა.

მაისაიას თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, ლიტვის ხელისუფლება სიტუაციას აანალიზებს, უახლოეს მომავალში რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს და ამისათვის საგანგებოდ ემზადება კიდეც.

"ახლა პოლონეთში დახურულ კონფერენციაზე ვიმყოფები და მინდა გითხრათ, რომ ლიტვაში სერიოზულადაა რუსულ საფრთხეზე საუბარი და ისინი რუსეთის პირდაპირ ინტერვენციასაც კი არ გამორიცხავენ. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტრომ ლიტვის მოსახლეობაში დაარიგა სპეციალური ბროშურები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა სამხედრო ოპერაციების შემთხვევაში.

"კალინინგრადში ასეთი ტიპის შეიარაღების განთავსებამ მათ ეს შიში უფრო გაუმყარა, ჩვენს სიახლოვეს სომხეთში გამოჩენილ ანალოგიურ შეიარაღებაზე კი თბილისში არაფერს ფიქრობენ და რატომ ხდება ასე, ამაზე კომენტარი არ მაქვს," - მიიჩნევს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×