გვანცა ღვედაშვილი
19.11.2016

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, რომელმაც დეპუტატებს სიტყვით მიმართა და მმართველ პარტიას ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და არაორდინალური ნაბიჯებისაკენ მოუწოდა, აქვე აღნიშნა, რომ ვერ შეეგუება სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი.

ახალი პარლამენტის თავჯდომარე 118 ხმით ირაკლი კობახიძე გახდა, ასევე ცნობილია ვიცე-სპიკერების ვინაობაც, რომლებიც ფარული კენჭისყრით აირჩეიეს. სპიკერებს შორისაა: გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური, ილია ნაკაშიძე, ირმა ინაშვილი და სერგი კაპანაძე. რაც შეეხება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კი 120 ხმით თამარ ჩუგოშვილმა გახდა.

როგორც მე-9 მოწვევის პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, მისი მთავარი მიზანი იქნება ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში.

"ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამდენად ეფექტური იქნება ახალი პარლამენტი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა

 გიგა ნასარიძე  (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ ადამიანს აქვს, რომელსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, არ მგონია, ამ ოთხი წლის განმავლობაშიც ეფექტური იყოს. ჯერჯერობით ასე ვხედავ და ვნახოთ. მადლობას ვეტყვი, თუ შევცდები. "ვფიქრობ, ეს ხელისუფლება უფრო და უფრო ჩაეფლობა ჭაობში და ამ ქვეყანასაც ჩაითრევს, თუ რამდენიმე წელიწადში რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა."

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  "მოლოდინის რა გითხრათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეფექტური იქნება, რადგან ბევრი საინტერესო ადამიანი და ახალი სახეა. არ დაგიმალავთ და, ჩემი სიძეც არის ახალ პარლამენტში და ძალიან მეიმედება.

"გეტყვით, რომ არიან ახალგაზრდები, რომლებიც პატიოსნები და პროფესიონალები არიან, პერიოდულად კი ორივეს დეფიციტი გვაქვს ხოლმე. ამჟამად კი ვინაიდან ბევრზე შემიძლია ვთქვა, რომ პატიოსანიც არის და პროფესიონალიც რატომ არ უნდა მქონდეს მათი ეფექტური მუშაობის იმედი?!"

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  "ვფიქრობ, ძალიან ეფექტური იქნება, რადგან ვერავინ შეუშლის მათ ხელს. გამოჩნდა, რომ "ნაციონალები" მხოლოდ დესტრუქციისთვის არიან მისულები და ძალიან კარგია, რომ ისინი ხელს ვერაფერში შეუშლიან.

"ამას გარდა, მგონია, რომ "ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კამათს თავი უნდა დაანებოს და თავისი საქმე აკეთოს. ჩვენ ყველაფერს ძალიან კარგად დავინახავთ. თუმცა აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ყველა უსინდისო ინსინუაციაზე, მათ პასუხი უნდა გაეცეთ, მაგრამ თან საქმე უნდა გააკეთონ."

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი):  "ვფიქრობ, მათი მუშაობა კი არა, ქვეყანაში ეფექტური არაფერი არ იქნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×