სალომე სარიშვილი
19.11.2016

 ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პოლიტოლოგები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გამართული გუშინდელი სხდომა უფრო საზეიმო ხასიათის იყო, ვიდრე სამუშაო პრინიციპებზე აგებული. ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველი სხდომა თავისი გზავნილებითა და ახალი სახეებით, საერთო ჯამში, პოზიტიურ მოლოდინსა და ნაკლები აყალმაყალის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

მათი თქმით, პირველი სხდომის მთავარი და ყველაზე საინტერესო ნაწილი პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლა იყო, რასაც უმრავლესობის წევრთა ნაწილის კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

საკადრო გადანაწილება და ძირითადი გზავნილები

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გუშინ დღის 12 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდა. სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსა და ინიციატივაზე გაამახვილა.

მათ შორის, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხსა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა. თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემთხვევაში სასურველია, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბაზაზე არსებობდეს.

ხოლო თავმჯდომარე, პრეზიდენტის ინიციატივით, იგი თავად უნდა გახდეს, რომელსაც თანათავმჯდომარეობას პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევენ. პრეზიდენტის ამ ინიციატივას გუშინვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ - ზოგიც სკეპტიკურად, ზოგიც ნაკლები ნეგატივით.

სხდომის მსვლელობისას კი ამავე თემაზე საკუთარი აზრი "ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ადგილი მხოლოდ პარლამენტია, რადგანაც ცვლილებებისა და ინიციტივების უფლება საკანონმდებლო ორგანოს აქვს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება უმრავლესობისთვის პირველი რიგის ამოცანა არაა და ამას დაახლოებით ერთი წელი მაინც დასჭირდება. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ამ პროცესში პრეზიდენტი მარგველაშვილიც იქნება ჩართული. მან ისიც დაამატა, რომ უმრავლესობა პრეზიდენტთან არსებული კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას შეეცდება, რაზეც გუშინ უმრავლესობის სხვა ლიდერებიც აქტიურად საუბრობდნენ.

გუშინვე პარლამენტის პირველივე სხდომაზე შემადგენლობამ მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო. აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, კომიტეტების თავმჯდომარეები.

პარლამენტის თავმჯდომარე 118 ხმით ირაკლი კობახიძე გახდა. მისი პირველი მოადგილე "ოცნების" ახალი სახე თამარ ჩუგოშვილი. ვიცე-სპიკერებში "ნაციონალური მოძრაობიდან" სერგი კაპანაძე აირჩიეს. აჭარის კვოტით ილია ნაკაშიძე, ხოლო "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი.

უმრავლესობამ კი ვიცე-სპიკერებად ზვიად ძიძიგური და გიორგი ვოლსკი წარადგინა, რომელთაც პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა. თავად კობახიძემ კი განაცხადა, რომ იგი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას ხელი შეუწყოს.

პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც გამოეხმაურნენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თვმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ირაკლი კობახიძე გუნდის მთავარ დეფექტს ყველაზე კარგად აჩვენებს. მელიას თქმით, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ზიზღისა და სიძულვილის ენით გამოირჩევა და მას არ შესწევს უნარი იყოს კონსტრუქციული. გარდა ამისა, უმცირესობის შეფასებით, კობახიძეს ამ თანამდებობის დასაკავებლად არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.

რაც შეეხება, "პარტიოტთა ალიანსაა" და მის წარმომადგენლებს პარლამენტში, პარტიის ლიდერებსა და ახლა უკვე ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს, გუშინდელ დებატებში მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიზეზად ინაშვილმა ის სამართლებრივი პროცესი დაასახელა, რომელიც სააპრლამენტო მანდატებს ეხება და რომლის შესახებაც, ვიცე-სპიკერის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" დავას სასამამრთლოში ახლაც აგრძელებს.

გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძის თავმჯდომარედ არჩევის საკითხზე ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ იგი ამ მოვალეობას თავს სათანადოდ გაართმევს, ვინაიდან მას საამისოდ საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია. მისი განცხადებით, უმრავლესობა მაქსიმალურად შეეცდება მუშაობა კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს, რაშიც მისი თქმით, ხელი ოპოზიციამაც უნდა შეუწყოს.

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების სია კი ასე გამოიყურება:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე;

სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი.

პარლამენტის პირველი სხდომა გუშინ სხვადასხვა საკითხზე დებატებითაც გამოირჩეოდა, რომელშიც ძირითად შემთხვევაში მონაწილეობას "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობას" დეპუტატები იღებდნენ.

პირველი შეფასებები

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის დებიუტი პოზიტიური მოლოდინის საფუძველს ნამდვილად იძლევა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის საკმაოდ არასტანდარტული გამოსვლა, რომელიც მრავალფუნქციური იდეების ერთობლიობას წარმოადგენდა და არანაირი დაპირისპირების წინაპირობას არ იძლეოდა.

ცისკარიშვილის თქმით, ხაზგასასმელია ისიც, რომ საკონსტიუციო კომისიის შექმნის საკითხზე გაკეთებული განცხადებები მეტად ლოგიკური და გამართლებული იყო.

"ამ თემაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა ნაცვლად ერთმანეთის ლანძღვისა, საკმაოდ კარგი საპასუხო კომენტარები გააკეთეს," - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას ცისკარიშვილი.

მისი აზრით, პირველ სხდომაზე ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა გაჟღერდა, რაც დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო. ეს ფრაზა კი, პოლიტოლოგის თქმით, ისევ პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკუთვნის, როდესაც მან ბოროტი ზრახვები ახსენა.

"ამით მან სწორედაც ის ადამიანები შეამკო, რომელთაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება და მისი არჩევის წესის შეცვლა სურთ. მარგველაშვილმა, მისი განცხადებით, ამ ბოროტი ზრახვების დეზინფექცია მოახდინა. რაც შეეხება არჩეულ კადრებს, დავიწყებ ირაკლი კობახიძით, რომელსაც საკმაოდ მძიმე გვირგვინი დაადგეს, იმედია, შეძლებს მისი მოვალეობის შესრულებას.

"თუმცა, რა თქმა უნდა, 4 წელიწადში იგი მისი წინამორბედის მსგავსი თავმჯდომარე ვერ გახდება. მაინც ვფიქრობ, რომ პირველი სხდომა მრავალმოქმედებიანი წარმოდგენის დასაწყისად უნდა შევაფასოთ, რადგან ერთ დღეში ახალი პარლამენტის შეფასება უადგილოა," - აღნიშნავს პოლიტოლოგი და იქვე უმატებს, რომ კმაყოფილება იწვევდა "ნაცმოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენლის კომენტარიც, როცა აღნიშნეს, რომ ეს ძალა პარლამენტში საჩხუბრად არაა მისული.

"გარდა ამისა, ინტერესი გამოიწვია ირმა ინაშვილის გამოსვლამაც, რამაც პრაქტიკულად სულაც არ დატოვა იმის შთაბეჭდილება, რომ ეს სექსტეტი რაიმე არეულობას შეიტანს საკანონმდებო ორგანოსა და გადაწყვეტილებების მიღებაში. საერთო ჯამში, პირველი სხდომა მეტად აკადემიური და საინტერესო იყო.

"ძალიან კარგია, რომ უმრავლესობის ახალი სახეები დებიუტისთანავე საქმის კეთებით არიან მოტივირებულნი. თუმცა გამიკვირდება, თუ ახალ შემადგენლობაში მეჭიაურის როლის შემსრულებელი არ გამოჩნდება და ქვეყნის კადრებთუხუცესის რუპორის მოვალეობას არ შეასრულებს. ამაზე ალბათ დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ," - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ პირველი სხდომა მაინც საზეიმო ხასიათის იყო. მისი თქმით, უმრავლესობის წევრთა მხრიდან პრეზიდენტის განცხადებებზე გაღიზიანება სწორი რეაქცია არ იყო. არც ის განცხდებები, რაც მოგვიანებით მისი მისამართით გაკეთდა.

"რაც უნდა მიუღებელი იყოს, პრეზიდენტის კრიტიკა პარლამენტში უნდა მოისმინონ, სხვა შემთხვევაში დასავლეთში მიღებული განათლება არავის არაფერში არგია," - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი მეტ დროს საკანონმდებლო საქმიანობას დაუთმობს და კონფლიქტური ვითარება ნაკლებად შეიქმნება. თუმცა, მისივე აზრით, პარლამენტის პარტიულ სტრუქტურას თუ გავითვალისწინებთ, რადიკალური ცვლილება არ მომხდარა და მმართველი ძალა ისევ "ქართული ოცნებაა," ხოლო საპარლამენტო უმცირესობა ისევ "ნაციონალური მოძრაობა."

"განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ "ოცნება" დღეს საკონტიტუციო უმრავლესობას ფლობს, რაც დადებითი მოვლენა არაა. რა თქმა უნდა, კარგია და მისასალებელია, რომ ახალ შემადგენლობაში შედარებით უკეთესი წარმომადგენლობაა და, იმედია, ისინი ზოგიერთი მათი წინამორბედის მსგავს სისულელეებს პარლამენტში არ იტყვიან. ალბათ გახსოვთ, რომ ამ სისულელეების გამო ბევრი დეპუტატი უწინ კონფლიქტს იწვევდა. თუმცა რამდენად მიეცემათ საშუალება ამ ადამიანებს საკანონმდებლო საქმიანობა ნაყოფიერად შეასრულონ, ეს ჯერ არ ვიცით," - უთხრა "რეზონანსს" ჩიტაძემ და იქვე დაუმატა, რომ თუკი ქვეყანაში ისევ არაფორმალური მმართველობა და ყოფილი პრემიერის გავლენა იქნება, რა თქმა უნდა, ეს საკანონმდებლო ორგანოზე ცუდად აისახება.

"ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, როდესაც პირველ საკითხად პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება განიხილება, ცხადია, დემოკატიულ გარემოს საფრთხე ექმნება. სჯობს, ქვეყნის ეონომიკური განვითარების ახალი ხედვა გაჩნდეს, ვიდრე ამ საკითხზე დაპირისპირებას დაახარჯონ დრო.

"რაც შეეხება უშუალოდ საკადრო გადაწყვეტილებებსა და გახმოვანებულ გზავნილებს, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. იმედია, პარლამენტის თავმჯდომარე ძალადობრივი ხასიათის გზავნილებს საკანონმდებლო ორგანოში არ გაახმოვანებს. ძალიან კარგია, რომ მან განათლება დასავლეთში მიიღო, ამას არავინ დაუკარგავს, მაგრამ მთავარია, ეს საქმეს მოახმაროს და ოპონენტების მისამართით შავი პიარის აგორებისთვის არ გამოიყენოს," - დასძენს პოლიტოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×