სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს.
18 ნოემბერს, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.
გარდამავალ პერიოდში, სანამ ახალი მთავრობის დაკომპლექტება მოხდება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას.
პრემიერ-მინისტრს გასაშვები მინისტრების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ძალოვან მინისტრებს ცვლილება არ შეეხება.
ამასთანავე, რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმ სავარაუდო მინისტრების შესახებ, რომლებიც დაკავებულ თანამდებობას დატოვებენ. საუბარია, კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრ მიხეილ გიორგაძეზე, ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილსა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურზე.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეფექტური მთავრობის შესაქმნელად მინისტრთა კაბინეტი მთლიანად გასაახლებელია, ნაწილი კი თვლის, რომ ცვლილება მხოლოდ ცალკეულ სამინისტროებს უნდა შეეხოს.
რა მოლოდინი გაქვთ ახალი მთავრობისგან? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "პოეტურად რომ ვთქვა, მე ვხედავ საქართველოს ნათელ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიარეთ დიქტატურის საფეხური, ახლა კი დემოკრატიული სტრუქტურები უნდა გავაძლიეროთ და ბიზნესმა გაილაღოს.
"ვისაც არ აქვს ფული, ის ხალხი არ უნდა იყოს დავიწყებული. ზოგადად, კურსი სწორია, უბრალოდ უკეთ უნდა გავიაზროთ, როგორი ქვეყანა გვინდა ეკონომიკური კუთხით. მე ძალიან მინდა, რომ ჩვენმა მთვარობამ ამ კუთხით ქვეყნის განვითარების კონცეფცია დადოს, რომელიც რეკომენედაციების სახით მიეწოდება ბიზნესს. ჩვენ გავიზარდეთ და მივედით იმ დონემდე, რომ აღარ გვინდა ერთი კაცის ხელში ყოფნა, რომელიც კანონის ზემოთ დადგება.
"გასაგებია, რომ 4 მილიონიან ქვეყანაში ყველა დარგის განვითარება შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლებამ ისეთი კონცეფცია უნდა შეიმუშაოს, რომ რამდენიმე დარგი განვითარდეს, უპირველესად სამრეწველო დარგები. ამ ყველაფრის გაკეთება კი კარგი განათლების სისტემის გარეშე შეუძლებელია.
"დანარჩენი უკვე, თუ როგორ "გავაკონტროლებთ" მთავრობას, ჩვენზეა დამოკიდებული."
ნატო გელაშვილი (მომღერალი): "დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ რაღაც გადაადგილებები რომ მოხდება, ფაქტია. რამდენად პოზიტიური ცვლილებები იქნება, არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. როცა დაინიშნებიან, მოლოდინებზე მერე უფრო ზუსტად შემეძლება საუბარი."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "როგორც ყველაფერი ახალი, რაღაც იმედის მომასწავებელია. ახალი ცოცხი კარგად გვისო, ამბობენ. მთავარია, რომ ეს ახლებური შემართება მომდევნო წლების განმავლობაში არ დაკარგონ. ძალიან მნიშვნელივანია, რომ შეავსონ ის ხარვეზები, რაც ჰქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, განვლილი 4 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქვეყნის სივრცითი მოწყობა, რომლის კონცეფციაც არსებობს და ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით სერიოზული გარღვევაა მოსალოდნელი. ასე რომ, ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, რადგან ხელისუფლებაში დარჩა "ქართული ოცნება" და მინისტრებიც ძირითადად მათი დანიშნულები არიან. თუმცა, ძირეული რეფორმაა გასატარებელი, სამინისტროებია შესამცირებელი, მაგრამ იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე