საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შემდგომ, პარლამენტმა ნდობა განახლებულ მთავრობას უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საზოგადოება ახალ მინისტრთა კაბინეტზე დაზუსტებულ ინფორმაციას ხვალ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შეიტყობს. მანამდე კი პოლიტოლოგები "მთელ კვირასთან" საუბრისას შეცვლილი მინისტრების განვლილ საქმიანობას აფასებენ და განახლებით მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე მედიაში უკანასკნელი თვის განმავლობაში არაერთი დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა. მათ შორის, ძალოვანი უწყებების მინისტრთა შესაძლო ცვლილებაზე, თუმცა კი, კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ეს ვარაუდი კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე ცვლილება უფრო ეკონომიკურ გუნდში მოხდება და ძალოვან უწყებებს არ შეეხება.
განახლებული მინისტრთა კაბინეტი
უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის ძველი შემადგენლობიდან თანამდებობის დატოვება ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მოუწევს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს. თავად ხადურის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია.
რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, ამ უწყებას დიდი ალბათობით ეკონომიკური საბჭოს წევრი და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
გახარიას მთავრობაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განახლებული პარლამენტის პირველ სხდომაზე დაადასტურა, თუმცა კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე ინიშნება გახარია ეს არ უთქვამს. მისი თქმით, უნდა ველოდოთ, რომ "ქართული ოცნების" სიის ათეულში მოხვედრილი გიორგი გახარია მინისტრი გახდება.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, კობახიძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, თუმცა ამას პრემიერი განაცხადებს.
გარდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების ცვლილებისა, სავარაუდოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეცვლის შესახებაც მოვისმენთ. ვინ დაიკავებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს, ამას საზოგადოება გიორგი კვირიკაშვილისგან შეიტყობს. თავად მინისტრი კი ამ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ვარაუდის დონეზე ითქვა ისიც, რომ შეიცვლება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც, ხოლო მის შემცვლელად მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ია მაქაცარია მოიაზრება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე დარჩება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრი, გიორგაძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფრომაციას მხოლოდ პრემიერისგან შევიტყობთ. თავად მაქაცარიამ კი აღნიშნული კატეგორიულად უარყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსაზრების დონეზე აქტიურად საუბრობენ ევროინტეგრაციის მინისტრად "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის ვიქტორ დოლიძის დანიშვნაზე, თუმცა, ამ ვარაუდის მედიაში განხილვის შემდგომ ითქვა ისიც, რომ სახელმწიფო მინისტრთა აპარატები შესაძლოა მომიჯნავე სამინისტროებს შეუერთდეს.
აქ კი ევროინტეგრაციისა და დიასპორის სამინისტროების საგარეო უწყებასთან შერწყმა იგულისხმება. ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს - დევნილთა სამინისტროსთან შეერთება. დიასპორის სამინისტროს გაუქმება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია და ეს მინისტრმა გელა დუმბაძემაც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ სამინისტროების შერწყმის შემთხვევაში იგი საგარეოში არ გადაინაცვლებს.
"განხორციელდება შერწყმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს, რომ ეს თემა განიხილოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, იმიტომ, რომ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ჩვენი სამსახურის კედლებში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მუშაობას უფრო მაღალ გემბანზე გააგრძელებს," - განაცხადა დუმბაძემ და იქვე დაუმატა, რომ თავად კვლავ დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება და სავარაუდოდ, ელჩი იქნება.
ცვლილება იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც, სადაც მინისტრ ლევან დავითაშვილს სავარაუდოდ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე შეცვლის. ენერგეტიკის მინისტრად კი დიდი ალბათობით კვლავ კახი კალაძე მოგვევლინება. პრინციპში, ეს მან თავადაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ საკუთარ თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავს.
საბოლოოდ ვინ რომელ თანამდებობას დაიკავებს და როგორ გადანაწლდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრთა პორტფელები, ამას საზოგადოება ხვალ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პარასკევს გაკეთდა განცხადება, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ახალი მთავრობის შემადგენლობას 21 ნოემბერს დაასახელებდა, თუმცა, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ მინისტრების დასახელება სამშაბათს მოხდება. რა გახდა ვადის გადაწევის მიზეზი, უცნობია.
რატომ იცვლებიან მინისტრები
პოლიტოლოგებს მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელ ცვლილებებსა და სამომავლო სიახლეებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ამბობენ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ზოგიერთი მინისტრის მუშაობა ნაკლებად ნაყოფიერი იყო და სავარაუდოდ, მათი ცვლილებაც ამ მოტივით აიხსნება.
ზოგიერთი კი იმასაც ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არც სასიკეთოდ შეუცვლია რაიმე და არც უარესობით, შესაბამისად, უკეთეს შედეგს არც ახალი მინისტრების ცვლილებით ელიან.
პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის რამაზ საყვარელიძის თქმით, მიუხედავად მისი პოლიტიკისადმი დიდი ინტერესისა, მისთვის მაინც რთულია შეაფასოს ამა თუ იმ მინისტრის განვლილი საქმიანობა, ვინაიდან მინისტრის წარმატებას სხვა ისეთი პარამეტრებიც აქვს, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის დაფარულია.
მისი აზრით, პასიურობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ნამდვილად იგრძნობოდა, ვინაიდან, მიუხედავად დიდი მოლოდინისა, კულტურულ ცხოვრებაში პრიორიტეტი ეროვნული კულტურის მოვლა არ ყოფილა.
"შეიძლება გამომრჩა, მაგრამ თვალსაჩინო სიახლეები ამ სფეროში არ მახსენდება, რადგან კულტურის პრიორიტეტი მხოლოდ თანამედროვე სიახლეების საზოგადოებისთვის შეთავაზება არაა. აქვე მახსენდება საყდრისის ძეგლი, რომლის ირგვლივაც განვითარებული მოვლენები საზოგადოების უარყოფით მუხტზე ნამდვილად აისახა.
"ცხადია, თუ კულტურის მინისტრი შეიცვლება, მას არავინ დაუკარგავს იმ მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მსოფლიო ვარსკვლავები ესტუმრნენ და ქართველი მსმენელები გაანებივრეს," - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, საყვარელიძის თქმით, მისი მინისტრობა ყველაზე რთული განსახილველია იმდენად, რამდენადაც ეკონომიკასა და ფინანსებში ნაკლები კომპეტენციის გამო, რთულია გავიგოთ სად იყო მისი ბრალეულობა იგივე ლარის გაუფასურების საკითხებში.
"რადგან ამ სფეროში ვერ ვერკვევი, არ ვიცი სად იყო ჭეშმარიტება. თანაც ფინანსები ისეთი საკითხია, რომლის შედეგიც ჩვენამდე გვიან აღწევს. ასე რომ, ხადურის მინისტრობის შეფასება ასე თუ ისე ეკონომიკის ცოდნის გარეშე ძნელია, სხვას კი ნამდვილად ვერ დავეყრდნობი," - აღნიშნავს საყვარელიძე და იქვე უმატებს, რომ მისთვის მოულოდნელი იქნება, თუ ინფრასტრუქტურის მინისტრს შეცვლიან.
"ნოდარ ჯავახიშვილის შეცვლის გადაწყვეტილება არ მესმის, რადგან მას ჯერ კიდევ ეროვნული ბანკის დირექტორობის დროიდან ვიცნობ და ვიცი, რომ საქმის ერთგული პიროვნებაა. შეიძლება უფრო საჭირო ადგილას გადაჰყავთ, მაგრამ თუკი ეს გადაწყვეტილება იმითაა ნაკარნახევი, რომ მან საქმე ვერ გააკეთა, მაშინ ეს არ მესმის," - ამბობს პოლიტოლოგი და იქვე უმატებს, რომ "კარგი იქნება, თუ საკადრო ცვლილებების მოტივაციასაც გვეტყვიან-ხოლმე".
მისი შეფასებით, გაუგებარია რატომ გაუშვეს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია დეპუტატად, როცა იგი საკმაოდ მოტივირებული ახალგაზრდა მინისტრი იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, არც მისი შესაძლო შემცვლელი - დავით კირვალიძეა ცუდი კანდიდატურა.
რაც შეეხება სამინისტროების შერწყმას, პოლიტოლოგის აზრით, სახელმწიფო მინისტრის აპარატებთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა მართლაც არის.
"არა იმიტომ, რომ საქართველოს დიასპორა ან ევროინტეგრაცია არ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ უმჯობესია ეს გადაწყვეტილებები ერთ სტრუქტურაში გადაწყდეს. რაც შეეხება უშუალოდ ახალ მინისტრებს და მათ შესაძლო მუშაობას, ამას მომავალი გვიჩვენებს," - უთხრა "მთელ კვირას" რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" და შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყნისთვის არც სასიკეთოდ შეუცვლია რაიმე და არც პირიქით - უარესობისკენ. ამიტომ, მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები დიდად არც ახლა შეცვლის რამეს.
"მართალი გითხრათ ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მინისტრების საქმიანობა ნაკლებად ვიცი და შესაბამისად, მათი შეფასება გამიჭირდება. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, არ მინდა მას ლარის დაცემა დავაკისრო, ისევე როგორც ეროვნულ ბანკს, ეს ალბათ უფრო მთლიანად ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების ბრალია, თუმცა მის ხსენებაზე ყველას გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ახსენდება," - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.
მისი თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილს ფინანსთა სამინისტროში გადასვლა გასაკვირი არაა, რადგან ფინანსთა სამინისტრო უფრო წამყვანი სამინისტროა, ვიდრე ეკონომიკის, ხოლო მისი წამყვანი, პოლიტოლოგის აზრით, ივანიშვილის კადრი უნდა იყოს.
"საერთოდ, "ქართული ოცნება" იმით გამოირჩევა, რომ არც მიღწევები აქვს და არც კატასტროფები. საბოლოო ჯამში, ყველა თქვენ მიერ ჩამოთვლილი მინისტრის წარსული საქმიანობაც "ოცნების" პოლიტიკის ნაწილია. ამ ადამიანების ცვლილებით არც უკეთესობას ველოდები და არც უარესობას," - აცხადებს პოლიტოლოგი და უმატებს, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ცვლილებების განხორციელება, მომავალი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარიაა.
"ერთადერთი გახარიამ შეიძლება რაღაც მოახდინოს, რადგან მას ივანიშვილთან უშუალო კავშირი აქვს. ხოლო როცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ივანიშვილთან უშუალო კავშირზე არიან გასულნი, ეს კარგია, რადგან ყველა ინვესტიცია მისი გავლით ხდება.
"რაც შეეხება სამინისტროების შეერთებას, ვფიქრობ, სახელმწიფო მინისტრის აპარატების უმრავლესობა ხელოვნურია, ამიტომ გამორიცხული არაა დიასპორას მალე ევროინტეგრაციაც მიჰყვეს და ეს აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება", - განუცხადა "მთელ კვირას" თორნიკე შარაშენიძემ.