მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შიმშილობს. საქართველოში, დაუბალანსებელი კვების გამო, ადამიანები ე.წ. "ფარულ შიმშილს" განიცდიან, ეძალებიან პურს და ამ დროს სხვა პროდუქტებიდან სიცოცხლისთვის აუცილებელ კალორიებს ვერ იღებენ. შედეგიც არ აყოვნებს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საქართველოს აქვს.
ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, პროფესორი შოთა ჩხეიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარს მის მიერ ჩატარებული კვლევით იწყებს. ის ამბობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის კვების რაციონი და ცხოვრების დონე ვერ გაუმჯობესდა. კერძოდ, დღიურად ნორმირებული 200 გრამი ხორცისა და ხორცპროდუქტების ნაცვლად, საქართველოში მცხოვრები ერთი სული მოსახლე 2012 წელს დღიურად 71 გრამ ხორცს იღებდა, 2013 წელს 74 გრამს, 2014 - 79 გრამს, 2015 - 81 გრამს; რაც შეეხება რძესა და რძის პროდუქტებს, აქაც ჩავარდნა გვაქვს და ნორმირებული 960 გრამის ნაცვლად, 2012 წელს 379 გრამს მივირთმევდით, 2013-ში - 395 გრამს, 2014 წელს - 428 გრამს, 2015-ში - 432 გრამს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ საქართველოში ნორმირებული 370 გრამის ნაცვლად, ჩვენი მოქალაქეები 2012 წელს დღიურად იღებდნენ 150 გრამ ბოსტნეულს, 2013 წელს - 153 გრამს, 2014-ში - 162 გრ-ს, 2015-ში - 158 გრამს, ხოლო ნორმირებული 210 გრამი ხილის ნაცვლად, 2012 წელს - 95 გრამი, 2013 წელს - 101გრ, 2014-ში - 105 გრ, 2015 - 102 გრამი.
ზემოთ ნახსენები შეუსაბამობა მიუთითებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ შორსაა სრულფასოვანი კვებისგან. "მოსახლეობის საკვები რაციონი და ცხოვრების დონე არ გაუმჯობდა. ვერ ვიტყვით, რომ ხალხი დღეს გაღარიბდა, უბრალოდ, გაჭირვებულ მდგომარეობაში დარჩა წინა ხელისუფლების დროს ბანკისა და მევახშეებისგან აღებული ვალების გამო.
ადამიანმა უნდა მიიღოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით სავსე საკვები, რაც მის ორგანიზმს ენერგიას მიაწოდებს. ეს ენერგია ადამიანს მარტო ფიზიკური აქტივობისთვის კი არ სჭირდება, არამედ ძილის დროსაც მნიშვნელოვანი ენერგია იხარჯება, სადღაც 1700 კილოკალორიის ფარგლებში. ძილის დროს უჯრედების ცვლა ხდება, ძველი უჯრედები იშლება, ორგანიზმიდან გამოდის და მის ადგილს ახალი უჯრედები იკავებს. ახალი უჯრედები რომ შეიქმნას, ამისთვის საჭიროა ცილოვანი პროდუქციის მიღება.
ჩვენი მოსახლეობა ვერ იღებს ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქციას, როგორიცაა ხორცი, თევზი, კვერცხი. ამის გარდა, ვერ იღებს ვიტამინებით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს, ასევე მიკროელემენტებს. ძალზე დაბალია ცილოვანი პროდუქციის მოხმარება - ხორცს 2,5-ჯერ ნაკლებს მოვიხმართ, რძის პროდუქტებს - 2-ჯერ ნაკლებს, თევზს - 4,5-ჯერ, ხოლო ბოსტნეულსა და ხილს - 2-2,5-ჯერ ნაკლებს", - აღნიშნა შოთა ჩხეიძემ და განმარტა, რომ ჩვენი მოქალაქეები საკვებზე მოთხოვნილებას ყველაზე იაფიანი, მაგრამ ყუათანი საკვებით - პურით - იკმაყოფილებენ.
ამ დროს კი ყველა ნორმალურ ქვეყანაში პური რაციონის 15%-ია, ხოლო საქართველოში პურზე აქცენტი იმიტომაც კეთდება, რომ ეს პროდუქტი იაფია ხორცთან და თევზთან შედარებით. მაგალითად, 100 გრამი პური იძლევა 220 კილოკალორიას მაშინ, როცა 100 გრამი ხორცი იძლევა 110 კილოკალორიას. ამიტომაც, რადგან ერთი კილოგრამი პურის ფასი 15-ჯერ უფრო იაფია, დაბალი სოციალური პირობების გამო, ჩვენი მოსახლეობა პურს ამჯობინებს. ადამიანს ჰგონია, რომ პური რადგან მიიღო, უკვე დაიკმაყოფილა შიმშილი. ამ დროს კი ადამიანი ე.წ. ფარულ შიმშილს განიცდის.
ვალებში ჩაფლული ხალხი მუდმივად შიმშილობს
"თითქოს ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, ამდენად, კვების რაციონიც უნდა გაუმჯობესებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და ამან ბევრ ცნობილ ექსპერტსაც კითხვები გაუჩინა. ისინი ინტერესდებიან, რატომ არ გაუმჯობესდა ცხოვრების პირობები?
ამის მიზეზი ისაა, რომ 500 ათას ოჯახს წინა ხელისუფლებისგან გადმოჰყვა ბანკისა და მევახშეების ვალები. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანობაში ერთი მილიონი ოჯახია საქართველოში, გამოდის, ამ რაოდენობის ნახევარს ბანკის ვალი ჰქონია. ათიათასობით ოჯახებს ჩამოართვეს ბინები ბანკებმა და უბინაოდ დატოვეს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ვალებს ვერ იხდიდა", - აცხადებს შოთა ჩხეიძე.
ამითაც ხსნის, თუ რატომ ვერ ისარგებლა მოსახლეობამ ხელისუფლებისგან გაცემული სიკეთით. არადა, უფასო დახმარებებს ჩვენი სახელმწიფოს ბიჯეტის მესამედი ხმარდება. სავარაუდოდ, 3-4 წელი და მეტიც დასჭირდება მოსახლეობის ვალების გასტუმრებას. ამდენად, ეს შეღავათები მომავალშიც არ გამოჩნდება და ცხოვრების დონე ვერ აიწევს. ზემოაღნიშნულის გამო ექსპერტი ითხოვს, რომ სახელმწიფომ რამენაირად გამონახოს საერთო ენა ბანკებთან, შუაში ჩადგეს და შეღავათები დაუწესოს ხალხს.
"ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ამ ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამები რომ არ განხორციელებულიყო, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი მოსახლეობა? ყველა მათგანი უბინაოდ დარჩებოდა, კვების რაციონიც კიდევ უფრო შეუმცირდებოდათ და საშინელი მდგომარეობა იქნებოდა. ამიტომ წუწუნი იმაზე, რომ არაფერი შეცვლილა, უსამართლობაა.
მისივე თქმით, წლევანდელი და შარშანდელი მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი სწორედ არასრულფასოვანი კვებით იღუპებოდა და არა - ინფექციური დაავადებებით. მათ შორის, 400 ბავში იღუპებოდა დაბადებიდან ერთ კვირაში, ხოლო 300 ბავშვი - წლის განმავლობაში. ამის გამოხატულება იყო წონაში ჩამორჩენა, გონებრივი ჩამორჩენა, ჩვენი ბავშვების 22% ანემიით გახლდათ დაავადებული და 30-35%-მდე იოდდეფიციტს განიცდიდა. ცხადია, ამ შემთხვევში, ჩვილის დედა არ იკვებებოდა სრულყოფილად, რაც ჯანსაღი ბავშვის დაბადების საწინდარი ვერ იქნებოდა.
შოთა ჩხეიძე კვებასთან დაკავშირებულ მეორე პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ჩვენს მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს სრულფასოვანი კვება და რით არის საშიში არასრულფასოვანი საკვები რაციონი. გაჭირვებულ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი რიგზეა, თუკი პურით იკმაყოფილებენ მოთხოვნილებას. სინამდვილეში, იმდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება (ცილოვანი საკვები, ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება), რომ, პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს ადამიანმა თავისი შვილებისთვის და რომელიღაც ბრენდული ფირმის ფეხსაცმლის ყიდვას არ უნდა გადაყვეს. საქართველო უღარიბესი ქვეყნების ხუთეულშია და სირიის, ავღანეთის, ჰაიტის, უგანდას გვერდით სავალალო ადგილი უჭირავს.
"შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ადამიანს უმოქმედობის პერიოდში 1700-1800 კილოკალორია, ხოლო საჭმლის გადამუშავების პროცესში კიდევ 200-300 კილოკალორია სჭირდება. მთლიანობაში, ეს გახლავთ 2000-ზე მეტი კილოკალორია. საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანს 2300 კკალორია სჭირდება (მაგალითად, როდესაც საომარი მდგომარეობისას საკვებს თვითმფრინავიდან უყრიან. ამ დროს მაშველებს მოეთხოვებათ, რომ ასეთ პირობებში ჩავარდნილ ადამიანს 2300 კკალორია მიაწოდონ). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მოსახლეობის უღატაკესი 35% დღეში იღებდა მხოლოდ 1600 კკალორიას.
კარგია, რომ დღესდღეობით ღატაკთა ფენას გამოაკლდა 500 ათასი ადამიანი, გაუმჯობესების ტენდენცია არის, მაგრამ ცხოვრების დონის საგრძნობი ამაღლება არ მომხდარა. პირადად მე პრინციპულად არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, სიმართლე ვთქვა, რომ ხალხი წინა ხელისუფლების დროს გაღარიბდა", - ამბობს შოთა ჩხეიძე.
ზაფხულშიც კი ხილს ყოველი მეორე ვერ იღებს
დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ თოთაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ბევრად უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარს პურს, ვიდრე ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეები. ამ მხრივ ანზორ თოთაძეს შუა საუკუნეების ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საინტერესო ეპიზოდი ახსენდება. კერძოდ, ევროპაში მცხოვრები დაბალი ფენის წარმომადგენლები, რომელთაც არ შეეძლოთ კალორიული საკვების მიღება, პურს ეტანებოდნენ. ისინი ყოველდღიურად 1,8 კილოგრამ პურს იღებდნენ.
"მართალია, საქართველოში ასეთი მდგომარეობა არ არის, 1,8 კოლო პური მიიღონ, მაგრამ ჩვენთან მაინც სჭარბობს პურეული და პურის პროდუქტები. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს აკლია აუცილებელი ნივთიერებები. გახშირდა სხვადასხვა ავადმყოფობა, ამას ემატება ის პროდუქტები, რომლებიც მოყვანილია პესტიციდებით. არაორგანული სასუქებით მოყვანილი პროდუქტის მიღება კი ავადმყოფობის წინაპირობაა, რაც შემდგომ წლებში იჩენს თავს და ოჯახსაც და სახელმწიფოსაც ძვირი უჯდება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულება დაბალია. ეს კარგი არ არის საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, ახალი პარლამენტის ამოქმედების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება", - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% უსახსრობის გამო არასრულყოფილად იკვებება. ეს მაშინ, როცა ხარისხიანი საკვების დაბალანსებულად მიღების ჩვევა (ნუტრიცია) თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის (10-17 წლის) ნუტრიცია. თუ ამ ასაკის მოზარდის ორგანიზმი სწორად არ გამოიკვება, შეფერხდება მისი განვითარება, რაც მოზარდის გონებრივ შესაძლებლობაზე, ათვისების უნარსა და მომავალზე იმოქმედებს.
"საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონი საგანგაშოა. სოფლად თუ ქალაქად ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი სრულფასოვნად ვერ იკვებება. პროდუქციის შეძენისას ძირითადი კრიტერიუმი ხარისხი და ფასია. ხშირია ხორცის მიუღებლობის შემთხვევა, ზოგიერთი ოჯახი მთელი წლის განმავლობაში ყველა სახის სურსათის ნაკლებობას განიცდის. ამ მხრივ ყველაზე მძიმე თვეებად მიიჩნევა თებერვალი, მარტი და აპრილი.
სურსათის დეფიციტის მთავარი მიზეზი ფინანსური სიხუდჭირეა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზაფხულშიც კი, გამოკითხული ოჯახებიდან, ხილს მხოლოდ 46% იღებდა. ამის მიზეზი ეკონომიკური ფაქტორი გახლდათ - ხორცი და ხილი ძვირი იყო. შესაბამისად, ამ პროდუქტებს სისტემატურად მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახები ყიდულობდნენ. ჩვენი მოქალაქეები ნაკლებად იღებენ რკინით მდიდარ პროდუქტებს, რის დეფიციტსაც განსაკუთრებით მარტოხელა პენსიონერები განიცდიან", - აცხადებს კოღუაშვილი.
ამასთან, განმარტავს, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ძირითადად იკვებება შემწვარი კარტოფილით, ლობიოთი, აჯაფსანდალით, იშვიათად ხორციანი კერძით.
მთლიანობაში კი, დედამიწის 7-მილიარდიანი მოსახლეობის სადღეღამისო რაციონი 6,3 მილიონ ტონა საკვებს შეადგენს. კაცობრიობის დიდი ნაწილი დღემდე განიცდის ზოგიერთი სახეობის საკვების დეფიციტს. დღეს მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანი შიმშილობს, ხოლო 2,2 მილიარდი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის.
ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, საქართველოში საკვები პური უნდა შეადგენდეს დღეში 350 გრამს, ხორცი-200 გრამს, რძე და რძის პროდუქტები - 960 გრამს, კარტოფილი - 170 გრამს, ბოსტნეული - 370 გრამს, ხილი-210 გრამს, თევზი - 50 გრამს და ა.შ. საყურადღებოა ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცნება "საარსებო მინიმუმი" არ არსებობს. იქ არის "რაციონალური სამომხმარებლო კალათა", განსხვავებით, საქართველოსგან, სადაც ბოლო 25 წელია, დაბალია სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილოვანი საკვების მოხმარება. ხორცის, თევზის, რძის მიღება მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხოლო პურისა და პურპროდუქტების წილი ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით გაზრდილია, რის გამოც საკვები პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების თითქმის 61% პურ-პროდუქტებზე მოდის.