მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი. მინისტრობის კანდიდატებს გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. პრემიერის თქმით, მთავრობის რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ და თანამდებობებს მხოლოდ 2-3 მინისტრი დატოვებს. ახალ მთავრობას კი ნდობას პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გამოუცხადებს.
"კონსულტაციები უმრავლესობასთან გაიმართა, ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, სამინისტროების შერწყმა და გაერთიანებები მინდა რომ არ გავაკეთოთ, მაგრამ სამინისტროების სტრუქტურაში, შიგნით იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ ძალიან კონსერვატიული მიდგომა იქნება.
"დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ შეურთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და თვითონ სამინისტროებში რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ. ყველა მინისტრთან ეს კონსულტაციები უკვე გამართულია, მათ შორის ახალი მინისტრობის კანდიდატებთანაც უკვე გამართული გვქონდა წინასწარი საუბარი", - ამბობს კვირიკაშვილი.
ახალი მთავრობისგან პირველ რიგში რა პრობლემების გადაწყვეტას ელით? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): პირველ რიგში მთავრობამ, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს. "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ საზოგადოებას ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების პროგრამა წარუდგინა.
ქვეყანამ ეკონომიკური განვითარება უნდა დაიწყოს, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, დემოკრატიის განვითარება სწორედაც, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზეა დამოკიდებული.
ეს ხალხმა და მთავრობამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ამის გარეშე ქვეყანაში სიმშვიდე და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება ვერ მოხდება.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): სამწუხაროდ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია. ხალხი საკამოდ დუხჭირად ცხოვრობს. ახალმა მთავრობამ ამ პრობლემების მოგვარება სასწრაფოდ თუ არ დაიწყო და სამუშაო ადგილები არ შექმნა, არ მგონია, რომ ქვეყანაში სიტუაცია კარგად განვითარდეს.
ვფქირობ, ამ მთავრობამაც იგივე კურსი რომ განაგრძოს, რაც 4 წლის განმავლობაში ხდებოდა, საზოგადოება ბევრს აღარ მოითმენს და პასუხს უფრო მკაცრად მოსთხოვს. რაც ქვეყანას კარგისკენ არ წაიყვანს.
გია ბუღაძე (ფერმწერი): გამოდინარე იქიდან, რომ მთავრობის წევრების რადიკალური ცვლილება არ მოხდება, კარგს არაფერს ველოდები. რასაც 4 წლის მანძილზე აკეთებდნენ, ისევ იგივეს გააკეთებენ. უსაქმურები როდის იყო, რომ საქმიანები ხდებოდნენ.
ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირეა, რომ ამის მოგვარებას როგორ შეძლებენ? ლარის გაუფასურება ყოველდღე ხდება და ისეთი უსუსური არგუმენტები აქვთ, რომ ბავშვსაც კი გაეცინება.
გიგი თევზაძე (ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი): ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, რომ რას როგორ მოახერხებენ, ჩემთვის ცოტა რთული აღსაქმელია. პირველ რიგში მაინც ინვესტიციების მოზიდვა უნდა დაიწყონ, რომ ლარის კურსის დასტაბილურება მოხდეს, რაც როგორც სოცილურ, ასევე პოლიტიკურ პრობლემასაც წარმოადგენს.
ასევე ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს, რომ ლარმა ცოტა დაბლა დაწევა დაიწყოს. სხვაგვარად ვერც ეკონომიკური და ვერც სხვა პრობლემები ვერ მოგვარდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე